მედიკამენტების მასობრივი გაიაფება დაიწყო

მედიკამენტების მასობრივი გაიაფება დაიწყო

წამლების ღირებულებაზე ზედა ზღვარი დაწესდა და დადგენილება ძალაშიც შევიდა. 15 თებერვლიდან რეფერენტული ფასი 800-ზე მეტ მედიკამენტზე გავრცელდა, 15 მარტიდან კი ეს ოდენობა ჯამში 1200-მდე გაიზრდება. მთავრობაში ელოდებიან, რომ მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყანაში წამლის ღირებულებას 40%-ით გააიაფებს.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა რეფერენტული ფასის დაწესებისა და ამოქმედების პროცედურებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, მედიკამენტების ნაწილზე, რომელზეც განსაზღვრული ფასი ფარმაცევტულმა სექტორმა გაასაჩივრა, ცვლილება 15 მარტიდან ამოქმედდება.

„1200-ზე მეტი მედიკამენტიდან, ნაწილი გასაჩივრდა. ზუსტად ამიტომ 800-ზე მეტი წამლის რეფერენტული ფასი შევიდა ძალაში. დარჩენილ 400-ზე ცოტა მეტი წამლის ფასის გადახედვა მოხდა და მათ უკვე ახალი, 1-თვიანი ვადა აქვთ. საერთო ჯამში კი, 15 მარტიდან, 1200 დასახელების მედიკამენტზე ამოქმედდება რეფერენტული ფასი“, - განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მედიკამენტების ფასის დათვლის აღნიშნული მეთოდოლოგია, ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკაა.

„საბითუმო რეფერენტული ფასი და ასევე მარჟები, რაც აფთიაქებს განვუსაზღვრეთ, სხვა ქვეყნების, ანალოგიური მედიკამენტების ფასიდან არის გამოყვანილი. ეს, საერთო ჯამში, არის ის სამართლიანი მარჟა, რაც ამ სეგმენტს და ამ ინდუსტრიას უნდა ჰქონდეს. სხვადასხვა ბევრ და გაცილებით მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, თუ ეს ფასები მისაღებია - სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტია და ეკონომიკურადაც უფრო წინ არიან, მაშინ მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში პრობლემა არ უნდა შეიქმნას.

სექტორს ჩვენ ვუტოვებთ აუცილებელ და სამართლიან მარჟას, რაც როგორც საბითუმო, ისე საცალო კომპანიის ფუნქციონირებისთვის საჭირო და აუცილებელია“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალება.

წამლებზე დადგენილი ფასის ზედა ზღვარი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.

რეფერენტული ფასების ამოქმედებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში საგანგებოდ გამოეხმაურა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ, საშუალოდ, 40%-ით გაიაფდება.

„როგორც საზოგადოებას დავპირდით, მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი, საშუალოდ, 40%-ით გაიაფდება“, - დაწერა პრემიერმა.

რეფორმის მთავარი მიზანია, მაღალი ფასების წნეხი შეუმსუბუქოს მოსახლეობას, ხოლო სტატისკურ მონაცემებში ეს სარგებელი შეიძლება ინფლაციის შემცირებით აისახოს. სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ სწორედ ამ მნიშვნელოვან დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.

„რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით ისეთი პოზიციაა, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ასაკის მოქალაქეებისთვის. მედიკამენტებზე მოთხოვნა, საპენსიო ასაკის ზრდასთან ერთად, მატულობს და ამ ხარჯის წილი პენსიონერების შემოსავლებში გაცილებით მაღალია, ვიდრე ახალგაზრდულ ჯგუფებში, ამიტომ ინფლაციაზე მოსალოდნელი სხვაობის სიდიდე უნდა განისაზღვროს არა საშუალო, არამედ მოქალაქეების კონკრეტული ჯგუფებითაც.

ვინაიდან ცვლილება შეეხება მხოლოდ ნაწილს, არა ყველა მედიკამენტს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ფასების საერთო შემცირება 20-25%-ის ფარგლებში გვექნება. ამასთან, მედიკამენტური წამლების წილი სამომხმარებლო ბიუჯეტში არის დაახლოებით 5%-მდე, შესაბამისად, 1-1,5 %-ით მაინც შეამცირებს ინფლაციის მაჩვენებელს“, - აღნიშნა არჩვაძემ.

რაც შეეხება ოჯახებისთვის შეღავათს, სტატისტიკოსის თქმით, მედიკამენეტების მომხმარებლებს ხარჯი თვეში, საშუალოდ, 12-15 ლარით შეუმცირდებათ, პენსიონერებისთვის კი გაცილებით მეტად, დაახლოებით, 25-30 ლარის ფარგლებში.