თბილისი მარტო შენობები არ არის, არამედ ამ შენობებში მცხოვრები მოსახლეობა, რომელთა რამდენიმე თაობაც ხშირად ერთსა და იმავე სახლში ცხოვრობს, უკვე იმ სახლის ისტორიად იქცა და თავისი კოლორიტით შეერწყა კონკრეტულ უბანსა და კონკრეტულ ნაგებობას. განსაკუთრებით, ეს თბილისის ისტორიულ ნაწილს ეხება, რომელიც, როგორც ელენე ახვლედიანი იტყოდა, რომანტიკულად ინგრევა... ამდენად, ტურისტები და სტუმრები, რომლებიც თბილისის ისტორიულ უბნებს ათვალიერებენ, პარალელურად, იქ მცხოვრები ხალხის ყოფას ეცნობიან და არა უბრალოდ დაკონსერვებულ შენობა- ნაგებობებს, ანუ მკვდარ ქალაქს.
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სრული გაუგებრობა გამოიწვია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამამ, რომელიც ავარიულ ბინებში მცხოვრები ადამიანების სრულიად სხვა მიწის ნაკვეთზე გადაყვანას გულისხმობდა მეპატრონეების სრული თანხმობის გარეშე. ხალხს გაუჩნდა შიში, რომ მთავრობა მათ ნების საწინააღმდეგოდ გაასახლებდა კუთვნილი შენობიდან და სხვა ადგილას გადაასახლებდა.
განსაკუთრებით, შეშინდნენ დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მცხოვრები ადამიანები, მათ იფიქრეს, რომ დედაქალაქის მესვეურებმა მათი აყრა და ტურისტებისთვის ხელსაყრელი ზონის ხელში ჩაგდება განიზრახეს. მით უმეტეს, რომ ძველ უბნებში მცხოვრებ ხალხს ისედაც მოსვენება დაკარგული აქვს პირველ სართულებზე გაუთავებელი რესტორნების გახსნით, რესტორნებიდან გამოსული საჭმლის სუნითა და ხმაურით. მათი აზრით, ყველაფერი ბიზნესზე, ტურისტებსა და ფულის კეთებაზეა გათვლილი და არა უბრალო მოსახლეობაზე.
რაც შეეხება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას, თბილისის ისტორიულ ნაწილში ამის შესანიშნავი მაგალითია ორბელიანის (ყოფილი კოლმეურნეობის) მოედნის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც 30 სახლის რეაბილიტაცია მოხდა, მათ შორის, ავარიული ისტორიული ნაგებობის რეაბილიტაცია ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა. ადგილობრივები ქირით გაიყვანეს და რამდენიმე წელიწადში სრულიად ახალი სახლი ჩააბარეს, რომლის ქვედა ტერიტორიაზეც ინვესტორისთვის საინტერესო სივრცეები მოეწყო.
დღეს კახა კალაძე ამბობს, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლება არ არის გათვალისწინებული ისტორიულ უბნებში, ვინაიდან ამ უბნებში განაშენიანების პარამეტრები მკაცრადაა შეზღუდული და ის მიდგომა, რაც სხვადასხვა უბანშია, ისტორიულ უბნებში არ გამოიყენება. ამიტომ კახა კალაძე ქალაქის მთავრობას ავალებს, დადონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული პროგრამა, რაც კერძო სექტორის გარეშე წარმოუდგენელია.
ექსპერტების აზრით, კახა კალაძემ არ უნდა დაუშვას თბილისის მოსახლეობის დიფერენციაცია, რომ თუ სხვა უბნებში მაცხოვრებლებს არ აყრიან, მაშინ არც თბილისის ისტორიული უბნებიდან არ უნდა აყარონ ხალხი, არ უნდა მოხდეს ადამიანების დასჯა იმის გამო, რომ ისინი ისტორიულ უბნებში ავარიულ შენობებში საკუთარი რისკის ფასად ცხოვრობენ, რომელთა მიმართაც მერკანტილური ინტერესებია.
ზოგადად, თბილისში ათი ათასამდე ავარიული შენობა-ნაგებობაა. ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების ახალი წესი შეეხება ყველა იმ ნაგებობას, რომლის ავარიულობის ხარისხიც მესამე, მეოთხე, მეხუთე კატეგორიას მიეკუთვნება, ანუ ისე დაზიანებულია, რომ იქ ცხოვრება საფრთხილოა. ამგვარ შენობებში მცხოვრებ ხალხს მერია სთავაზობს ახალ შენობაში საცხოვრებლად გადასვლას, რომელიც შესაძლოა იმავე ტერიტორიაზე აშენდეს, სადაც ავარიული სახლი იდგა, ან მის სიახლოვეს. ეს მისაღები შეთავაზებაა, მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი შეთავაზება ისტორიულ უბნებს არ ეხება, მოსახლეობას კითხვა უჩნდება, რას უპირებენ მათ? ცივილიზებულად მოექცევიან, თუ საბჭოური აყრის მეთოდით?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ თუ ჩვენ ცივილიზებული ქვეყანა ვართ, ადამიანის, პიროვნების საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს. ამერიკაში ყოფილა ათასი მაგალითი, რომ კერძო, პატარა ტერიტორიის მფლობელს ცენტრალური ქუჩების გაყვანა შეუჩერებია. სხვა შემთხვევაა, თუ კონკრეტულ ტერიტორიას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, თუ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას სჭირდება. რაც შეეხება თბილისის ცენტრალური უბნებიდან ხალხის აყრას, აქ არავითარი თავდაცვისუნარიანობის საჭიროება არ არის. ამიტომ ხალხის ძალად გაყვანა და „სადაც მერიას უნდა, იქ მოგცემ ბინას“, ამის თქმა დაუშვებელია.
„გასაგებია, ადამიანი ავარიულ სახლში ცხოვრობს ქალაქის ცენტრში, ცხოვრობს უკვე 4-5 თაობა, ეს ავარიული სახლები გუშინ კი არ გახდა ავარიული, რაც თავი მახსოვს, ვერცხლის ქუჩაზე და მის მიმდებარედ ნაგებობები სულ ავარიული იყო, მაგრამ ის სახლები მაინც იდგა. იქ მაცხოვრებელი უკვე მეოთხე- მეხუთე თაობაა, იმ სახლში გარდაიცვალა მამამისი, ბაბუამისი, იმის მამა, სერგო ზაქარიაძის არ იყოს, „ევო ატეც, ევო ატეც“… უცებ იმ ადამიანს ვერ ეტყვი, რომ შენ სადღაც ვაზიანის ბოლოს, ან აეროპორტის მოშიშვლებულ ადგილზე უნდა დაგასახლოო. თანაც ჩვენთან ჯერ სახლი შენდება და მერე გაჰყავთ გზა, წყალი, გაზი, ნორმალურ ქვეყნებში პირიქითაა, ჯერ გზა გაჰყავთ, მერე გაზი და სხვა კომუნიკაციის საშუალებები და ბოლოს სახლს აშენებენ. ამიტომ ხალხის აყრა არ შეიძლება, ამ ხალხმა რომ იჩივლოს ევროპის სასამართლოში, მოიგებენ. გაეროს 1966 წლის ქარტია ადამიანის უფლებებს შეეხება, იქ პირდაპირ წერია, რომ ადამიანის კერძო საკუთრება ხელშეუხებელია“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგის აზრით, კახა კალაძე ევროპულ კანონებს რომ გაეცნობა, საეჭვოა, ცივილიზებული კანონები დაარღვიოს. შეიძლება ახლა თბილისის მერიამ, კარგი გაგებით, ივაჭროს, მოქალაქე წაიყვანონ, აჩვენონ ერთი ადგილი, არ მოეწონება მოქალაქეს, აჩვენონ მეორე და მესამე ადგილი, მაგრამ არ უნდათ თავის შეწუხება, გამოყოფენ სადღაც ქალაქგარეთ ხრიოკ ადგილს და შეეცდებიან, იმ ადგილას გაიყვანონ ადამიანები, კარგი ტერიტორიის დათმობა კი არ უნდათ, რადგან კარგი ტერიტორია მეტი ფული ღირს.
„თბილისში კომუნიკაციებიც არ ვარგა, ჩემი ახლობელი გლდანში ცხოვრობს და თვეები გადის, მისი ოჯახი გლდანიდან ცენტრში მოსვლას ვერ ახერხებს, რადგან 18 კილომეტრის იქითაა და გადატვირთული გზებია. ცხადია, ცენტრში მაცხოვრებელ ადამიანს არ უნდა იმ სიშორეზე გადასვლა, არ შეიძლება ბრძანება, საკუთარი სახლები დატოვეთო, კომუნისტები ხომ არ არიან. კომუნისტები არაფერს გეკითხებოდნენ. დედაქალაქის მესვეურებს უნდათ კომუნისტურად იმოქმედონ? კაპიტალიზმში უნდათ ცხოვრება, მაგრამ მაინც კომუნისტურად მოქმედებენ. ისეთი რამ უნდა შესთავაზო ადამიანს, რომ ისიც კმაყოფილი დარჩეს, რადგან მის საკუთრებას ეხები. შენ ვერ დაუმტკიცებ მოსახლეს, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი სტრატეგიული მიზნით გჭირდება, რადგან დღეს ჩვენთან არავინ სულელი არ არის, ადამიანმა იცის, რომ მათ მიერ ცენტრში გამოთავისუფლებული ადგილები იმისთვის უნდათ, რომ ვიღაცებმა მილიონები იშოვონ, ტურისტული ბიზნესი განავითარონ“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ და განმარტა, რომ ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია. თუ არ უნდა ადამიანს, ვერც გაიყვან თავისი სახლიდან, წავა სასამართლოში და საბოლოოდ დედაქალაქის მესვეურებს თავ- ბედს აწყევლინებენ.
კერძოდ, ადამიანები გაერთიანდებიან, ასოციაციას შექმნიან, ყველა შეიტანს სარჩელს სასამართლოში, მერე სტრასბურგს მიმართავენ, რასაკვირველია, სტრასბურგი უბრალო ადამიანების მხარეს დადგება, მერიაში მოკალათებულთ ვერც კი წარმოუდგენიათ, რა ჯოჯოხეთი ელით. გასაგებია, მიწისძვრები მოხდა და ხის ბოძებშეყენებული სახლები უნდა აიღონ, მაგრამ მთავარია, რას სთავაზობენ ამ ხალხს, რატომ მიიღეს ისეთი კანონი, რომლითაც არ შეეკითხებიან ადამიანს არაფერს, უკვე ეს აღიზიანებს მობინადრეს. ეს კანონია თვითონ არადემოკრატიული, რომ არაფერს შეგეკითხები და სადაც გეტყვი, იქ გადაგიყვან.
ააა, ცენტრში, ვერა-ვაკეზე სწუხხართ? კიიი! დაგიჯერეთ!