ხორბალი გაძვირების გზას დაადგა, რა შეიცვლება საქართველოში?

ხორბალი გაძვირების გზას დაადგა, რა შეიცვლება საქართველოში?

კარგახნიანი სტაბილურობის შემდეგ საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის გაძვირება დაიწყო. მარცვლეულის ფასმა 13 თებერვალს ბოლო 3 თვის მაქსიმუმს მიაღწია. ამის მიზეზად უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის შიში სახელდება.

1 ბუშელი ხორბლის ფასი ჩიკაგოს ბირჯასზე გუშინ 8 დოლარს გადასცდა. ეს არის რეკორდული ღირებულება 23 ნოემბრის შემდეგ. ხორბლის გაძვირება წინა კვირის ბოლოს დაიწყო. ინფრასტრუქტურის დაზიანებამ და კონფლიქტის ესკალაციის პერსპექტივამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უკრაინული ხორბლის მიწოდებაზე გლობალურ ბაზარზე, რომელიც უკვე მესამე წელია იკლებს.

პარალელურად რუსეთმა 15 თებერვლიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული გადასახადი 4.1%-ით გაზარდა. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 4 653.5 რუბლით განისაზღვრება, ნაცვლად არსებული 4 496.6 რუბლისა.

ქერზე არსებული ბაჟი 3 175,2 რუბლიდან 3 209.1 რუბლამდე, სისაექსპორტო გადასახადი საქონლის საინდიკაციო ფასებიდან დგება, რაც ერთ ტონა ხორბალზე 306.2 დოლარს (ნაცვლად არსებული 307.2 დოლარისა), ქერზე 261.1 დოლარს (264 დოლარი), ხოლო სიმინდზე 230 დოლარს (229.8 დოლარი) შეადგენს.

2022 წლის 6 ივლისიდან საექსპორტო ბაჟი რუბლში ანგარიშობენ, რადგან 2022 წლის 30 ივნისს მთავრობამ ბაჟის დოლარიდან რუბლში გადაყვანის განკარგულება გამოსცა.

მიუხედავად გლობალურ ბაზრებზე არსებული დაძაბულობისა, საქართველოში ჯერჯერობით ყველაფერი სტაბილურადაა. პურპროდუქტების გაძვირების მოლოდინი ამ ეტაპზე არ არსებობს. პურია მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის თქმით,

რამდენიმე თვე სტაბილური მდგომარეობა იქნება.

„გასულ წელს თუ შევადარებთ, წელს მდგომარეობა ბევრად უკეთესია, რადგან ხორბლის მომარაგებისა და ადგილზე წარმოების მხრივაც ნორმალური ვირთარებაა.

სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანას 3-4 თვის მარაგი აქვს. წისქვილების უმეტესობა არ მუშაობს, რადგან რუსეთიდან კვლავ შემოდის დაბალი ფასის ფქვილი და მეწარმეები ყოველთვის დაბალფასიან ნედლეულს ეძებენ.

თუ გასული წლის ფასს შევადარებთ, 1 ტომარა ფქვილის დაახლოებით 70.5 ლარი ღირდა, დღევანდელი ფასით ქართული წისქვილის წარმოებული ფქვილის ღირებულება 60 ლარამდეა“, - განაცხადა დოლიძემ.

ასოციაციის ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ პანდემიის შემდეგ მწარმოებლებისთვის პურის წარმოება შეფუთვის ვალდებულების გამო გაზრდილია, მაღაზიებში კი პროდუქტი მაღალი ფასნამატით იყიდება.

„სულ სხვაა ის ფასი, რომლითაც მწარმოებელი მაღაზიას პურს აწვდის და სულ სხვა ფასით ყიდის მაღაზია. წინათ არსებობდა ასეთი წესი, რომ მაღაზიისთვის მიწოდების შემდეგ პურს მხოლოდ ღირებულების 5% ემატებოდა. ახლა ასე არ არის. ვიცი შემთხვევები, როდესაც პურს 30-50 თეთრიც ემატება.

წარმოებიდან 500-გრამიანი პურის საშუალო გასაცემი ფასი 85 თეთრიდან იწყება და მერე 1.20 ლარამდე იზრდება. პური მაღაზიაში, მათ მიერ დამატებული ფასით იყიდება“, - განმარტა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. 2022 წლის მონაცემებით, ამ ბაზარზე დამოკიდებულება 95.1% იყო. გასულ წელს ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკით, იმპორტირებული ხორბლის ღირებულება 2021 წელთან შედარებით, 30.6%-ით, ხოლო მოცულობა 49.8%-ით ნაკლებია. შესაბამისად, გასულ წელს 184 063 ტონა ხორბლის შესაძენად საქართველოდან 65.7 მლნ დოლარი გავიდა.