ზამთრის სეზონი იწურება და სამთო-სათხილამურო კურორტებზე ვითარება ძალიან არასახარბიელოა. თუკი ბაკურიანში კარზე მომდგარმა ჩემპიონატმა ცოტათი გამოაცოცხლა მდგომარეობა, სხვაგან საქმეს სასიკეთო პირი არ უჩანს.
კვირის ბოლოს ბაკურიანი სნოუბორდისა და სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. სამთავრობო გუნდში აცხადებენ, რომ წინა მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით ხორციელდება, რის გამოც საქართველომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან უმაღლესი შეფასება უკვე მიიღო.
მართალია, მსოფლიო ჩემპიონატამდე კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი, მაგრამ სასტუმროების ნაწილი ჯერ კიდევ შევსებული არ არის. ზოგიერთ კომპლექსში აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით, ფასები 40%-ით უკვე გაზრდილია.
„ამ დროისთვის ტურისტების მხრიდან მომატებულია მოთხოვნა, ისევე როგორც ადგილობრივებისგან. მოგეხსენებათ, ბაკურიანი მაინც, ძირითადად, ადგილობრივებით ივსება ხოლმე. კონკრეტულად ჩვენთან, უშუალოდ ჩემპიონატის პერიოდში ჯავშნების რაოდენობა თითქმის 100%-ია. ფასები, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, 40%-ით იქნება მომატებული“, - განაცხადა „ინნ გრუპის“ ხელმძღვანელმა ერეკლე კოკაიამ.
„ჩვენთან მხოლოდ ადგილობრივები არიან და დაახლოებით, 60%-ია მხოლოდ შევსებული. წელს ბევრი ხალხი არ არის, ალბათ, ამინდს უკავშირდებოდა. ახლა უკვე არის თოვლი და სავარაუდოდ, ჯავშნებიც მოიმატებს. რაც შეეხება ფასებს, ჩვენთან გაზრდილი არ არის, ორადგილიანი ნომრები ისევ 200 ლარიდან იწყება“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ „ვილა პალასის“ წარმომადგენელმა.
სასტუმრო „კრისტალში“ კი ადასტურებენ ტარიფების გაზრდას, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს უმნიშვნელო მატებაა.
„ჩვენი სასტუმროს შემთხვევაში, ბევრი მსურველია, მაგრამ მხოლოდ ჩემპიონატის მონაწილეებისთვისაა დაჯავშნილი და სხვა მსურველებისთვის უარის თქმა გვიწევს. ფასებს ზუსტად პროცენტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან მცირედით არის გაზრდილი. ამ პერიოდისთვის, ორადგილიანი ნომრები 80 დოლარიდან იწყება“, - აღნიშნა სასტუმროს მენეჯერმა.
თუკი ჩემპიონატის ჩატარების ადგილზე შედარებით უკეთესი ვითარებაა, პრობლემებია სხვა საკურორტო ზონებში და განსაკუთრებით სვანეთში. ამის მიზეზი ძირითადად ინფრასტრუქტურული და სხვა ტიპის საკითხებია.
მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდება წელსაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა მოხმარების ზრდასთან ერთად გახშირდა.
როგორც მესტიაში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ტურისტების მიერ ჯავშნების გაუქმება, ან სასტუმროების დროზე ადრე დატოვება, უთოვლობასთან ერთად, სწორედ უშუქობამ განაპირობა.
„ეს პრობლემა დღის წესრიგშია მას შემდეგ, რაც ტურისტული სეზონი დაიწყო, ფაქტობრივად, დეკემბრიდან. იმ ტურისტებმა, ვინც ერთი კვირით აპირებდნენ მესტიაში დარჩენას, უშუქობის გამო, აქაურობა ორ დღეში დატოვეს. ძალიან ბევრმა საერთოდ გააუქმა ჯავშანი და აღარ ჩამოვიდა“, - განაცხადა სასტუმრო „შგედის“ დამფუძნებელმა თამუნა ფარჯიანმა.
„ზამთრის სეზონის დაწყებას ყოველთვის გულის ფანცქალით ვხვდებით, რადგან ელექტროენერგიის პრობლემებია. ძალიან სამარცხვინო და უხერხულია, როცა სტუმრებით დატვირთულია სასტუმრო და ამ დროს არ გაქვს შუქი და ცივა. ბევრი ტურისტი ამბობს, რომ ასეთ გაუსაძლის პირობებში ყოფნა არ შეუძლიათ და ტოვებენ სასტუმროს. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს იმისთვის, რომ სვანეთში ზამთრის ტურიზმი განვითარდეს“, - განაცხადა სასტუმრო „ლამიჟის“ დამფუძნებელმა თამარ ნიგურიანმა.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2021 წლის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში 101,5 მლნ კვტ/სთ-ს უტოლდებოდა, 2022 წელს კი, მოხმარებამ 121,7 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია.