აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია ოფიციალური საპასუხო ვიზიტით საქართველოს შსს-ს ეწვია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია ოფიციალური საპასუხო ვიზიტით საქართველოს შსს-ს ეწვია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია საგანგებო სიტუაციების მინისტრ, გენერალ–პოლკოვნიკ ქემალედინ გეიდაროვის ხელმძღვანელობით ოფიციალური, საპასუხო, ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საწვრთნელი ბაზა დაათვალიერეს და საჩვენებელ ღონისძიებას დაესწრნენ. სტუმრები აგრეთვე გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვივნენ, ,,112“-ის ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

დღეს გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ქემალედინ გეიდაროვთან. შეხვედრის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილების, შეზღუდვის და შემსუბუქების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია ბათუმში გაემგზავრება.