მერიის დადგენილებას, რომელიც ავარიული სახლების ჩანაცვლებას გულისხმობს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩანაწერმა, რომლის მიხედვითაც, მერიის შესაბამის ორგანოს მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის მიღებამდე შეუძლია პროექტზე მუშაობის დაწყება, კრიტიკა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს საკუთრების უფლების დარღვევაა.
მერიის ახალი ინიციატივით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდება არა იმავე ტერიტორიაზე, სადაც ავარიული სახლი დგას, არამედ სხვა მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე, მოსახლის გამოყვანა კი ავარიული სახლიდან მათთან შეთანხმების საფუძველზე მოხდება. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი კორპუსის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენება არ საჭიროებს მოსახლეობის თანხმობას, თუმცა იქამდე, ვიდრე მოსახლეობას აშენებულ კორპუსში გადაიყვანენ, აუცილებელია მათი თანხმობა.
„ამ დრომდე არსებობდა გარკვეული წესი: ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებთან. თუ მათთან შეთანხმება მოხდებოდა და ყველა ხელს მოაწერდა, მაშინ ისინი დროებით გაგვყავდა ქირით. პარალელურად, იწყებოდა ავარიული კორპუსის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. კორპუსის აშენების შემდეგ, ადგილობრივებს ვაბრუნებდით ახალ, მოწესრიგებულ სახლებში.
ჩვენ ამ წესში დამატებითი სიახლე შევიტანეთ, რომელიც ასევე ავარიული სახლის ჩანაცვლებას ითვალისწინებს და ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც მუნიციპალიტეტი ავარიული სახლის ჩანაცვლებას ახორციელებს არა იმავე ტერიტორიაზე, რაზეც დგას ავარიული სახლი, არამედ სხვა მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე. მაგალითად, ავაშენოთ მიწის ნაკვეთზე კორპუსი და შემდგომში შევთავაზოთ მოსახლეობას იქ გადასვლა და მათი სახლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა.
ცარიელ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტი კორპუსს ააშენებს მოსახლეობის თანხმობის გარეშე, რადგან ეს არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. როდესაც კორპუსს ავაშენებთ, ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შევთავაზებთ გადასვლას ახალ სივრცეში. ამ მიზნით გავიტანეთ ცვლილებები საკრებულოში და ჩავწერეთ, რომ ცარიელ მიწის ნაკვეთზე ჩვენ შეგვიძლია, ყველას თანხმობის გარეშე, მუნიციპალიტეტის მიწაზე დავიწყოთ კორპუსის მშენებლობა, მაგრამ იმისთვის, რომ შემდგომში მოსახლეობა ავარიული კორპუსიდან ახალაშენებულ კორპუსში გადავიყვანოთ, ცხადია, მათი სრული თანხმობა დაგვჭირდება და თანხმობის გარეშე ვერანაირ გაცვლას ვერ გავაკეთებთ.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი არ იქნება თანახმა, ამ ბინებს სხვა ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებს შევთავაზებთ. ამ ცვლილების მიზანია, რომ ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას რაც შეიძლება მალე გადავცეთ კუთვნილი საცხოვრებელი ფართები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა და დასძინა, რომ აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მუნიციპალიტეტი ხალხის ნების გარეშე ჩაანაცვლებს მათ კუთვნილ ფართებს.
კალაძის შეფასებას ეთანხმებიან ქალაქის საკრებულოშიც. როგორც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ახალი ჩანაწერით, განვითარების ფონდს მიეცა უფლება, რომ სანამ მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა იქნება, ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყოს. თუმცა, თუ საბოლოოდ სრული თანხმობა ვერ მოიპოვა, ჩანაცვლება ვერ განხორციელდება. ამით არავის საკუთრების უფლება არ შეიზღუდება და იძულებით, ახალაშენებულ ბინაში გადაყვანა არ მოხდება.
„აბსოლუტურად არ არის საუბარი, საკუთრების უფლების რამე ფორმით შეზღუდვაზე და ვერც იქნება. იმიტომ, რომ ეს არის კონსტიტუციურად დაცული. საუბარია რაზე, ჩვენ დღეს თბილისში გვაქვს რამდენიმე მისამართი (კონკრეტულ მაგალითებზე მინდა მოვყვეთ, რომ მოსახლობისთვის ეს იყოს უფრო ნათელი), მაგალითად, ვარკეთილში, არსებობს ასეთი ყოფილი 109-ე სკოლა, სადაც მოსახლეობაა შესული, ისინი ბევრი წლის განმავლობაში იქ ცხოვრობდნენ, ამ ადამიანებს უკვე დაკანონებული აქვთ ეს ფართები. სკოლა არის მწვავედ ავარიულ მდგომარეობაში. ვარკეთილის მასივის განვითარების გეგმის მიხედვით, აღნიშნული სკოლის ტერიტორიაზე, სამომავლოდ უნდა განხორციელდეს რეკრეაციული სივრცეები, იმ უბნის განვითარების გეგმამ, რომელიც შემუშავდა, ასე დაადგინა. ანუ, ამ ტერიტორიაზე ვერ განხორციელდება ახალი კორპუსის მშენებლობა, არსებული, ყოფილი სკოლის შენობის ნაცვლად. შესაბამისად, მერიას (ეს მანამდეც ეწერა დადგენილებაში) აქვს უფლება, რომ საკუთარი რესურსი ამ შემთხვევაში, მიწა, გამოიყენოს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების დროს.
ჩვენ ახლა რაც გვაქვს მაგალითები, პირველი პროექტი დაიწყო ასევე ვარკეთილში, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, რადგან 100%-იანი თანხმობის მოპოვება და შეთანხმება მოსახლეობასთან, საკმაოდ რთული პროცესია. ახლა უკვე, მერიის შესაბამის ორგანოს, ეს არის განვითარების ფონდი, მიეცა უფლება, საბოლოოდ, სანამ 100%-იანი თანხმობა იქნება, დაიწყოს უკვე პროექტზე მუშაობა, შეისყიდოს მაგალითად, არქიტექტურული პროექტი (მის გაკეთებას ძალიან დიდი დრო სჭირდება), რომ დრო არ დაიკარგოს და საბოლოო ჯამში, ისევ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პროცესს კი არ დასჭირდეს პირობითად, 3 წელი, არამედ, დასრულდეს, 2 წელში.
ამიტომ, ამ ჩანაწერმა მისცა უფლება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის დაწყების, მერიის შესაბამის ორგანოს.
აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ პროცესი იწყება თავად მოსახლეობიდან წამოსული ინიციატივის საფუძველზე. ამ წესში, სადაც ეს ცვლილება შევიდა, მათ შორის ნათქვამია, რომ 100%-იანი თანხმობის გარეშე, ჩანაცვლება ვერ განხორციელდება. ეს ეხება მათ შორის ამ კონკრეტულ შემთხვევასაც, 109-ე სკოლას, ისევე როგორც ყველა დანარჩენ კორპუსს. თუ არ არსებობს მესაკუთრეების თანხმობა, ვერავის ჩვენ ძალით ახალაშენებულ კორპუსში ვერ შევასახლებთ.
ამ შემთხვევაში რისკს თუ ვინმე წევს, ეს არის მხოლოდ მუნიციპალიტეტი, თუმცა, ეს რისკიც არ გამოდის, ჩვენ უამრავი სხვა ასეთი ავარიული შენობები გვაქვს და მიწის რესურსი მცირე“, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში სოხაძემ.
ავარიული სახლები დედაქალაქში მრავლადაა და ზოგიერთ შენობაში ცხოვრება პრაქტიკულად რისკებთან არის დაკავშირებული. მენაშენეთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ადასტურებს, რომ ავარიული სახლები თბილისისთვის ნომერი პირველი პრობლემაა.
„როდესაც ნებისმერი კონკურსი ცხადდება, პირობებზე ფიქრობენ, თუ რა რესურსი არსებობს და რა როგორ შეიძლება გაკეთდეს. ამ ყველაფერს შესწავლა უნდა და ზეპირად ვერავინ ვერაფერს იტყვის. თუ მოსახლეს არ უნდა ავარიული შენობიდან გამოსვა, მას ძალით ვერავინ გაიყვანს. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს. ხანძრის დროს ადამიანი თუ სახლიდან არ გამოდის, რა უნდა ქნას მეხანძრემ? დატოვოს და დაიწვას? ზუსტად იგივე კითხვა უნდა დავსვათ აქაც.
თუ თანახმანი არ არიან, მაშინ თვითონ უნდა მიხედონ, სხვანაირად არ მესმის. თბილისში ყველაზე სერიოზული პრობლემა არის ავარიული შენობების ფონდი. ეს არის ნომერი პირველი საზრუნავი თბილისის მერიისთვის“, - განაცხადა როსტომაშვილმა.
აბა, რომელი სიახლე არ იყო ვითომ ხალხზე ზრუნვით?
კორპუსებში ფული თეთრდება და მოსწრებაზეა ყველა, სანამ პატრონი გამოჩნდება.
მიდი კალა, მიდი! არ გამაზო!
კარგად მოირგებთ ყველგან მაგ დადგენილებას სათქვენიდ!
ტიტუუუ რამდენი მოგებაა! - ფიქრობს მშენებელ/არქიტექტორ/ მერიის თანამშრომელი.
მისამართის გამოცვლა იქნება იმ დრომდე, ვიდრე ახალი შენობა აშენდება მისსავე ძველი საცხოვრისის ადგილზე.
ანუ, თუნდაც, ვარკეთილში სამუდამოდ კი არ გადავა, არამედ, დროებით.
ვთქვათ, ვცხოვრობ ავარიულ შენობაში მთაწმინდაზე და არ მაქვს ახალი ბინის ყიდვის საშუალება. ინვესტორი მოვიდა, მაგრამ მეზობელი აფიჩინებს ფეხებს, ამ სახლში დავიბადე, აქ დავბერდი და სხვაგან არ გადავალო. რა ვქნა, ველოდო, როდის გადაიფიქრებს და მანამდე ჩემმა ოჯახმა შიშის ქვეშ იცხოვროს ყოველ მიწისძვრაზე?
მერიას საკმარისად აქვს ცოდვები, იქ რომ არ ვეძებოთ, რაშიც არ ტყუან.
კი, თეორიულად ეგრეა .
მარა, ჩვენ მერიაში ქვიდან ვადენთ წვენს. პრაქტიკაში ფულსაც გავაკეთებთ, კანონსაც არ დავარღვევთ და ხალხს ფუკასავით ავაცლით ცენტრში ბინებს. ვერაფერსაც ვერ იზამენ.
ამიტომ არის დადგენილება და არა კანონი.
აახევენ პრესტიჟულ უბნებში გაჭირვებულ უპატრონო ხალხს ბინებს და იტყვიან-არ გაამართლა. და გააუქმებენ დადგენილებას.
ყველა ვარიანტი გათვლილი აქვთ.
აღდგომა და ხვალეო!
მერიას კი არ ვთხოვ კანონის მიღებას!
ფაქტს ვამბობ: მიიღეს დადგენილება და არა -კანონი!
ჩემი მხრიდან აქ ვსვამ წერტილს ამ თემაზე. წარმატებები.
მაგრამ წაკითხულის გააზრება, ქვეყანაში მთავარი პრობლემა მგონია მე.
წაკითხულის გააზრების პრობლემა ნამდვილადაა ქვეყანაში და ბევრი სცოდავს ამ მხრივ, საკუთარი თავი რომ გურუ ჰგონია.
ქვეყანაში უფრო დიდი პრობლემა კი ხალხის ნეგატივზე მომართული აზროვნებაა. როცა, ნებისმირი აზრის, თუ ქმედების უკან, პოზიტივზე კი არ ფიქრობენ, თუ მოსახლეობას რა სიკეთე ექნება. არა, მთავარია, ვიღაცა სხვამ მოგება არ ნახოს.
ინტერესს რაც შეეხება, მერიაც ნაკლებად მადარდებს და მისი ოპონენტებიც.
ისე, საინტერესოა, ის მოსახლეობა რა აზრისაა ამ საკითხზე, ვისაც ეს თემა ეხება. იქნებ ისინი კმაყოფილები არიან.