თურქეთში მიწისძვრისგან გამოწვეული ეკონომიკურ პრობლემებსაც ებრძვიან. ქვეყანაში შეფერხებით მუშაობს პორტები, რეკოდულად გაუფასურდა ადგილობრივი ვალუტა. თურქეთი ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. რა გავლენას მოახდენს მიწისძვირით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე?
თურქეთის საფონდო ბირჟამ აქციების ფასების დაცემის შემდეგ, ვაჭრობა შეაჩერა. ქვეყნის საორიენტაციო აქციების ინდექსი 7%-ით დაეცა, რაც გამოწვეულია დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. როდის განახლდება ვაჭრობა უცნობია. ბირჟების ოპერატორის სპიკერი დამატებით კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით არ აკეთებს.
აღსანიშავია, რომ აქციების ვარდნა მიწისძვრამდეც დაწყებული იყო, რადგან ინვესტორები წუხდნენ მაისის მოახლოებული არჩევნების გამო. ამას ემატება მთავრობის პოლიტიკა, რომ ძალიან მაღალი ინფლაციის მიუხედავად, დაბალი საპროცენტო განაკვეთები შეინარჩუნოს.
პრობლემები აქვს თურქულ ვალუტასაც. იგი 2 დღის წინ რეკორდულად გაუფასურდა და 1 დოლარი თითქმის 19 ლირა ღირდა.
არანაკლები თავსატეხი გაჩნდა პორტებსაც. შეფერხებულია გადაზიდვები. მაგალითად, ჯეიჰანის პორტმა, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრიდან 150 კილომეტრის დაშორებით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, მუშაობა 6 თებერვალს შეაჩერა.
თურქეთი ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. რა გავლენას მოახდენს მიწისძვირით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე? აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით ცირდავა დარწმუნებულია, რომ თურქეთში მიმდინარე პროცესი საქართველოში რამე სახის დეფიციტს არ გამოიწვევს.
„მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ადამიანური დანაკარგის მიმართ, თორემ სხვა რამეს როგორღაც ეშველება. თურქეთმა ამ მიწისძვრის გამო ძალიან დიდი ზარალი განიცადა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზარალი, რასაც აშშ-ს გეოლოგიური სამსახური აქვეყნებს, არის 1 მლრდ, თუმცა იქ ვარაუდობენ 10 მლრდ-მდეა. ეს ნიშნავს, რომ დანაკარგი შესაძლოა, თურქეთის მშპ-ს 2%-მდე იყოს, ეს უკვე მნიშვნელოვანი ზიანია.
პორტებიც დაზარალდა, რაც დიდი პრობლემაა. როგორც ვიცით, უსაფრთხოების მიზნით შეჩერდა ჯეიჰანის საექსპორტო ტერმინალის მუშაობა. თუ არ ვცდები, იანვარში 1 მლრდ ბარელი ნავთობის გატარება მოხდა, ეს ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოს მარაგის 1%-ის ნავთობის ტრანსპორტირების შეჩერება ხდება. ეს საქართველოზე ალბათ ზეგავლენას ვერ მოახდენს.
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის წევრები არიან როგორც ქართული, ასევე თურქული კომპანიები და მათთან მუდმივ კოორდინაციაში ვიმყოფებით. გუშინ საერთო შეკრება გვქონდა, სადაც განვიხილეთ სხვადასხვა პროექტებით როგორაა შესაძლებელი ჩვენი წევრების ჩართვა. საინტერესო მომენტები გამოიკვეთა. საუბარია სამშენებლო კომპანიის, სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიების თურქეთის აღდგენის პროცესში ჩართვაზე“, - განაცხადა დავით ცირდავამ.
თუმცა, ბიზნესი გართულებებს უკვე ელოდება. თურქეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ნედლეულის მოწოდების კუთხით შეფერხებებს ელოდებიან „აჭარა ტექსტილში“. როგორც „კომერსანტს“ სამკერვალო ფაბრიკაში განუცხადეს, „აჭარა ტექსტილი“ პროდუქციის მიწოდებას სტამბოლში ახდენს და ამ დროისათვის მათ მიერ წარმოებული პროდუქცია გზაშია და ავტომობილებით გადაადგილდება.
რაც შეეხება წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის იმპორტს, რაზეც საწარმოს ფუნქციონირება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, „აჭარა ტექსტილში“ აცხადებენ, რომ შესაძლოა ამ მხრივ პრობლემები შეექმნათ, რადგანაც მისი მოწოდება თურქეთის რეგიონებიდან ხდება. „აჭარა ტექსტილში“ ამბობენ, რომ ჯერჯერობით მომწოდებელი საწარმოებიდან საბოლოო ინფორმაციებს ელოდებიან.