ხუდოჰესის პროექტი, რომელიც უკვე 35 წელია გაყინულია, შეიძლება რეალურად განხორციელდეს. დიდი ჰესის აშენების გასაღები პრემიერის ახალ ინიციატივაში დევს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულიად მისაღები უნდა იყოს. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ხუდონჰესის პროექტი ისე უნდა აშენდეს, რომ სოფელი, ეკლესია და საფლავები აღარ დაიტბორება, წყალსაცავის ადგილმდებარეობა კი შეიცვლება.
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. მოგეხსენებათ, ეს ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით, იქ გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ ახალ პროექტზე ვმუშაობთ, ისე უნდა აშენდეს ეს ჰესი, რომ დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს. შესაძლოა სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე დარჩება. თუ ასე მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სასიხარულო.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ხუდონის ახალი პროექტისა და ჰესის მთავრობის თანამონაწილეობით აშენებასთან დაკავშირებით მაშინვე გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა. სპეციალისტების ნაწილი მთავრობის პოზიციას იწუნებს, ხოლო ნაწილი კი, პირიქით, სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი ენერგეტიკაში ინვესტიციებს ემხრობა, მაგრამ ამ პროექტის წარმატებაში ეჭვი ეპარება. მას არც ინვესტიციების იმედი აქვს და არც სახელმწიფოს მიიჩნევს მაინც და მაინც საიმედო მეწილედ და გარანტორად.
„მე ვემხრობი ინვესტიციებს ენერგეტიკაში, მათ შორის ჰესებში, მაგრამ ამ პროექტის წარმატების ძალიან მეეჭვება. გვახსოვს ნამახვანჰესის ჩავარდნილი პროექტი და ხუდონჰესიც. ხალხის მეხსიერებაში ჰესების შესახებ ინფორმაცია ძალიან არასწორადაა აღბეჭდილი. ხუდონჰესის მაგალითზეც ბევრი რისკი იყო, იგივე კორუფციასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ამჯერად ვის უნდა გაუჩნდეს ხუდონში ინვესტიციის სურვილი, თუნდაც სახელმწიფო იყოს მეწილე. სახელმწიფო ნამახვანჰესის შემთხვევაშიც გამოდიოდა გარანტორად, მაგრამ პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა.
მთავრობის ჩართულობით გვინახავს პროექტები, რომლებიც საერთოდ ვერ განხორციელებულა. მაგალითად, სახელმწიფო ჩართულია გზების მშენებლობის პროცესში და ამდენი ხანია ავტობანი ბათუმამდე ვერ ჩავიყვანეთ. ამიტომ, სახელმწიფო როგორც მოთამაშე და აქტორი მაინც და მაინც საიმედო არ არის, თუმცა თეორიულად სახელმწიფოს ჩართულობა შესაძლოა ნდობის ამწევი იყოს“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.
სამაგიეროდ, მთავრობის გადაწყვეტილებით კმაყოფილია ენერგეტიკოსი სიმონ ბახტურიძე. მისი აზრით, ყველაზე სწორი გზა გამოინახა და ხუდონჰესი აშენდება უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით, სადაც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
„ელექტროსადგურის ლოკაცია არ იცვლება, რჩება როგორც იყო, გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე მცირდება, ხოლო წყალსაცავი, რომელიც ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, ახალ სქემაში გადატანილია ზემოთ, იქნება ზომით მცირე, უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივა არის სწორი, თუ როგორ უნდა აშენდეს ხუდონჰესი. ცხადია, სწორი გზა გამოინახა, რომ სოფელი არ დაიტბოროს.
როცა ხუდონჰესი გახდა აქტიური საკითხი, დაიფიცა მოსახლეობამ, რომ არ ააშენებინებდნენ, არ მისცემდნენ საფლავებისა და ეკლესიების დატბორვის საშუალებას. ეს ფაქტორი ახლა გამოირიცხა. გადაწყდა, რომ წყალსაცავი დასახლებისგან შორს განთავსდება, ანუ გადატანილი იქნება სოფელ ხაიშის ზემოთ, აღარ დაიტბორება სოფელი, რაც იყო პროექტის განუხორციელებლობის მიზეზი“, - აღნიშნა სიმონ ბახტურიძემ.
მისი აზრით, ახალი პროექტით კმაყოფილი დარჩება მოსახლეობა, გაჩნდება სამუშაო ადგილები და რეგიონი უფრო გაძლიერდება.
შეგახსენებთ, მთავრობას ხუდონჰესის პროექტის ძველი ინვესტორისგან გამოსყიდვა 13.5 მლნ დოლარი დაუჯდა. პროექტზე ახალი აუქციონის გამოცხადებას კი მთავრობა 2023 წლის დასაწყისშივე გეგმავს.