პრემიერმა ხელოვნურად შენარჩუნებულ მაღალ ფასებთან ბრძოლა გამოაცხადა

პრემიერმა ხელოვნურად შენარჩუნებულ მაღალ ფასებთან ბრძოლა გამოაცხადა

ქვეყანაში შემოტანილი იმპორტირებული პროდუქტის ფასი მცირდება, იკლებს ლოგისტიკის ხარჯიც, მყარდება ეროვნული ვალუტა და ამ დროს სავაჭრო ობიექტებში ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე კვლავინდებურად მაღალი ფასი ნარჩუნდება. გაიაფებაზე უკვე საუბრაიც კი აღარ მიმდინაროებს. ეს სამართლიან გულისწყრომას იწვევს მოსახლეობაში და უკვე მთავრობაშიც.

როგორც ჩანს, მოთმინების ყველა რესური ამოიწურა. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ხელოვნურად შენარჩუნებული მაღალი ფასების პრობლემის მოსაგვარებლად ორი კვირის ვადა მისცა.

„მე რამდენიმე კვირის წინ დავავლე კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა. მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრულია მოგების მარჟები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი და მე მინდა საზოგადოებას წარვუდგინო პირველადი შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე (ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, მარილი, ზეთი) საბითუმო ფასებზე დამატებულია 50-დან 80%-მდე. ამას ემატება საცალო ფასნამატი 25-30% და გამოდის, რომ ჩვენს მოსახლეობას 100%-იანი ფასნამატით უწევს პროდუქტების შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

ამიტომ მე მინდა დავავალო ეკონომიკურ გუნდს, სასწრაფოდ გავაკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დავიბაროთ ყველა ეს მსხვილი იმპორტიორი და მოვახდინოთ საკითხის შესწავლა. მაქსიმუმ 2 კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ფინანსთა სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალება, რომ ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასებზე მუდმივი მონიტორინგი აწარმოონ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ფასების რეგულირების თვალსაზრისით, სამუშაოები დაწყებულია და მთავრობას ორ კვირაში გარკვეული შედეგები უკვე ექნება.

„მოსახლეობისთვის გაზრდილი ფასები მნიშვნელოვანი გამოწვევაა. არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, ზოგიერთ სექტორში კონკურენციის შეზღუდვის საჭიროება არსებობდეს. კონკურენციის სააგენტოს დაევალა, რომ მოიკვლიოს საკითხები. ჩვენ წინასწარი შეზღუდვები განვიხილეთ. ფინანსთა სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებმა პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასებზე მუდმივი მონიტორინგი ვაწარმოოთ. გვინდა, რომ არაკონკურენტული მოქმედების ფაქტები მაქსიმალურად გამოირიცხოს.

ფასები თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის პირობებში უნდა ყალიბდებოდეს. ანალიზი ცხადყოფს, რომ ზოგიერთ სასურსათო პროდუქტზე მარჟები საკმაოდ მაღალია, რაც გარკვეულ ეჭვს ბადებს.

ერთი რამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს ის შედეგი, რაც ყველას სურს - ფასები უნდა იყოს ობიექტური, როგორც ეს მედიკამენტების შემთხვევაში მოხდა. ევროპის ბევრ ქვეყანაში შემზღუდავი პრაქტიკა არსებობს. საქართველოში დაგვჭირდება თუ არა დამატებითი ზომების მიღება, ეს უკვე სამუშაო პროცესში გამოიკვეთება. სამუშაოები უკვე დაწყებულია. ორი კვირის ვადაში, ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, გარკვეული შედეგები უკვე გვექნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სააგენტომ განახორციელა ფაქტობრივი დაარსებული ვითარების შეფასება ფასნამატების შესახებ, რომელიც დღეს არის ბაზარზე სხვადასხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების შემთხვევაში. კერძოდ, სააგენტომ წინასწარ გამოკვლია 10-მდე დასახელების სასურსათო პროდუქცია, რომელიც დიდ წილს იკავებს თითოეული მოქალაქის მოხმარების კალათაში. საუბარია ხორბლის ფქვილზე, შაქარზე, მარილზე, ვერმიშელის პროდუქციაზე, ბრინჯზე, წიწიბურაზე და ა.შ.

„მონიტორინგს კონკურენციის სააგენტო პერიოდულად ახორციელებს. ჩვენ დავითვალეთ ფასნამატების მაჩვენებლები, იმპორტის თვითღირებულებიდან რითეილების ქსელში მიწოდებამდე, ძირითადი იმპორტიორები რა ფასნამატით მუშაობენ ამ საბითუმო ნაწილში. მაჩვენებლები ასეთია - 50-60-70-80%-იანი ფასნამატებია ამ მიმართულებით, რომელიც ფიქსირდება იმპორტის თვითღირებულებიდან მსხვილ რითეილ-ქსელში პროდუქციის მიწოდებამდე.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს მაჩვენებლები გაზრდილია. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კურსის მაჩვენებელმა გამოიწვია გარკვეულწილად იმპორტის გაიაფება, თუმცა საცალო ქსელში პროდუქციის გაიაფების ნაცვლად, ეს ასახულია რიგ ფასნამატებში. თუ ამას დავამატებთ რითეილის ქსელში 20%-დან 35%-მდე ფასნამატს, მივიღებთ იმპორტის თვითღირებულებიდან საკმაოდ გაძვირებულ პროდუქციას“, - განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე ინფორმაციით, უკვე შესწავლილია პირველი ათი პროდუქტი და გრძელდება შესწავლა მომდევნო 10 პროდუქტის. „ბიზნეს მედიას“ კითხვაზე, სახელმწიფოს ფასების კონტროლის რა ბერკეტი აქვს, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ სააგენტომ მხოლოდ არსებული ვითარება შეისწავლა.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია კი არ უარყოფს, რომ ფასნამატი ხშირად მართლაც აღწევს 100%-ს, თუმცა ეს არ არის სადისტრიბუციო კომპანიების ნება. ამიტომ იგი დანამდვილებით ითანამშრომლებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამოსავლის გზების საპოვნელად.

„საბოლოო ფასი რეალურად ნამდვილად არის 100%-იანი ფასნამატით. არაერთხელ მითქვამს და გამიცხადებია მეც ამის შესახებ. ამას აქვს ბევრი მიზეზი, როცა მცირე მაღაზიები არსებობდნენ, მაშინ თუ ყოველი კვირის ბოლოს ან 10 დღეში გვიბრუნდებოდა თანხა, ახლა ეს დრო 60-75 დღეა. ასევე ძალიან მაღალია „ქეშბექი“, რასაც დისტრიბუტორები რითეილერებს უხდიან.

ყველა კომპანიას საბანკო ვალდებულებები აქვს. არის სხვა უამრავი პრობლემა, რის გამოც დისტრიბუტორები იძულებული არიან რითეილერების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნების გამო მაღალი ფასნამატით გაყიდონ პროდუქცია.

მერწმუნეთ, ბაზარზე იმდენად დიდი კონკურენციაა, მონოპოლიაზე საუბარი ვერ იქნება. ვერ იქნება ამხელა ფასნამატი, რომ არა ობიექტური პირობები. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ეკონომიკურ გუნდთან. არაერთი საკითხია მათთან გასავლელი“, - განუცხადა ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსს“.

trampi ხალხის ხეირი იყოს და თუ გინდ დაუჭერიათ სუყველა...
,,ავერსივით,, ყველა ფანდარასტია--ჯერ ცხრაჯერ ატყავებს ადამიანს, მერე წავა ტელევიზიების თანხლებით ერთ ვიღაცას აჩუქებს ბინას და არიქა ქველმოქმედიაო
....იმიტომაც არავინ არ შედის მაგის აფთიაქში, ყველაზე ძვირი მაგათთანაა წამლები
1 წლის უკან