აფხაზეთი ისევ ოცნებობს დამოუკიდებლობაზე საქართველოს დაკარგულ სამოთხეში

აფხაზეთი ისევ ოცნებობს დამოუკიდებლობაზე საქართველოს დაკარგულ სამოთხეში

მას შემდეგ, რაც 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთი საქართველოს გამოეყო, აფხაზი ხალხი ღარიბულად ცხოვრობს და ისეთი განცდა აქვს, რომ დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულია

„ჩვენ ვალდებულნი ვართ, იქ არსებულ სიტუაციაზე გაგაფრთხილოთ“, მითხრა პატარა ჯიხურში მჯდომმა კაცმა ზანტად და ჩემი პასპორტით გზაზე მიმანიშნა. „იქაურობა სტუმრებისთვის უსაფრთხო არაა. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ“, განაგრძო მან ისეთი დაღლილი მონოტონურობით, რომ მისმა გაფრთხილებამ საგანგაშო ინტონაცია დაკარგა.

„ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვართ გაგაფრთხილოთ, ხომ გესმით?“, დასძინა მან მცირეოდენი მობოდიშებით. „ჩვენთვის არ იქნება იოლი, თუ აფხაზეთიდან თქვენი გამოყვანა გახდა საჭირო“. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სხვა ქართველი ოფიცრები ჯიხურში ერთმანეთს პასპორტს გადასცემდნენ და სახეზე უკიდურესი მოწყენილობა აღბეჭდოდათ.

„მე იქ დავიბადე. ძალიან ლამაზია იქაურობა. ჩემი აფხაზი ბებია დღესაც იქ ცხოვრობს“, წარმოთქვა უცებ ერთმა მათგანმა და ამით თითქოს თავისი კოლეგის დუნე გაფრთხილებები გააქარწყლა. „ოცი წელი ვიცხოვრე იქ, მთელი ჩემი ახალგაზრდობა, მაგრამ მერე ომი დაიწყო და წამოსასვლელი გავხდით“.

მან ისე გახედა აფხაზეთისკენ მიმავალ გზას, თითქოს ნანობდა, რომ მდინარის აქეთა ნაპირზე შემორჩა. „ახლა კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მართლა ვეზიზღებით“, თქვა მან და ხმა ჩაუწყდა. „ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ“.

ენგურზე, რომელიც ზანტად მოუყვება გზას კავკასიის მთებიდან და ბოლოს აქ აღწევს შავ ზღვას, ხიდი თითქმის კილომეტრზეა გადაჭიმული. ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს ორ ხასხასა მწავნე ნაპირს, რომელთაგანაც ერთს, აქედან აღმოსავლეთით, 350 კილომეტრის მოშორებით მდებარე თბილისიდან, ქართული მთავრობა აკონტროლებს, ხოლო მეორეს – ჩრდილო-დასავლეთით, 90 კილომეტრში განლაგებული სოხუმიდან, აფხაზეთის მთავრობა.

მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკების მხარდაჭერით, 1992-1993 წლის ომში აფხაზებმა ქართველები დაამარცხეს, აქაურობას ადგილობრივი მთავრობა მართავს ზღვისპირა დედაქალაქიდან. მაგრამ მათ მიერ ომის შემდეგ გამოცხადებული დამოუკიდებლობა არავის უღიარებია. მოგვიანებით, 2008 წელს, როდესაც რუსეთს თბილისთან კიდევ ერთი ქართული სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გამო ხანმოკლე ომი ჰქონდა, მოსკოვმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა ფორმალურად აღიარა, თუმცა რუსეთის მაგალითს მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ტუვალუმ მიბაძეს. რუსეთს ადრე ჰქონდა გაცემული აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესობისთვის (დაახლოებით 240,000 ადამიანი) რუსული პასპორტები, ხოლო ომის შემდეგ მოსკოვმა სოხუმთან სამხედრო ხელშეკრულება დადო და რეგიონში დაახლოებით 5,000 სამხედრო და მესაზღვრე განათავსა; დაახლოებით ამდენივე სამხედროა დისლოცირებული მეორე, ბევრად უფრო მცირე რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, რომელიც კავკასიონთან მდებარეობს, თბილისიდან 100 კილომეტრში.

ვაჭრობა მდინარესთან

ხიდის იმ მხარესთან, რომელსაც აფხაზები აკონტროლებენ, ქართველები რიგში დგანან და რუს და აფხაზ მესაზღვრეებს დოკუმენტებს აჩვენებენ. ისინი მდინარეზე იმისთვის გადადიან, რომ ნათესავები მოინახულონ და ხილ-ბოსტნეული გაყიდონ ქალაქებში, რომლებსაც თბილისი ვერ აკონტროლებს.

რუსმა მესაზღვრემ მკითხა, რატომ შევდიოდი აფხაზეთში აქედან და არა ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან. ის ადგილი ბევრად უფრო ხმაურიანია, რადგან ადგილობრივი ჩინოვნიკების თქმით, ყოველწლიურად 1.5 მილიონი რუსი ტურისტი მოდის მზიანი აფხაზეთისკენ.

„პენსია 7,000 რუბლი მაქვს (€165) და მძღოლად ვმუშაობ, ცოტა ფული კიდევ რომ ვიშოვო“, მითხრა ჩემმა მძღოლმა ზურაბმა, რომელმაც დე ფაქტო საზღვართან თავისი ძველი „მერსედესი“ მაჩვენა.

გზა გალის რაიონზე გადიოდა, ადგილზე, სადაც 50,000 ქართველი ცხოვრობს. ისინი ომის დროს გაიქცნენ, მაგრამ მერე დაბრუნდნენ. აქვეა დიდი რუსული სამხედრო ბაზაც. „ნორმალური შემოსავლის შოვნა აქ რთულია, მაგრამ ყველაფერი შეგვიძლია გვქონდეს“, მითხრა ზურაბმა და მშვენიერ ლანდშაფტზე მიმითითა. ამ დროს გზას ძროხების ფარაში მივიკვლევდით, მათ მზით გამთბარ ასფალტზე ეძინათ. „ჩვენ საუკეთესო ხილი და ბოსტნეული გვაქვს, ყველაზე გემრიელი მანდარინი მთელ მსოფლიოში, ჩაისა და თამბაქოს პლანტაციები, რომლებიც ომმა გაანადგურა. ზღვა, მთები – აქ ყველაფერია, რაც ადამიანს შეიძლება მოუნდეს“.

ქვეყანაში, სადაც მანქანები შემაშინებლად დაჰყავთ, ზურაბი ერთ-ერთი ყველაზე გონიერი მძღოლი აღმოჩნდა მათ შორის, ვინც კი აქამდე შემხვედრია. ეს რომ ვუთხარი, გაიღიმა და თითები მარჯვენა მუხლზე დაირტყა. უცნაური ხმა გაისმა, ყრუ. „მხოლოდ ერთი მაქვს“, მითხრა მან. „მეორე ომში დავკარგე“. კიდევ ერთხელ დაირტყა ხელი პროტეზზე და ჩემი სახის დანახვაზე გაეცინა. „რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ მანქანის ტარება ხელახლა მესწავლა, მაგრამ თუ მანქანა ავტომატურად იმართება, კარგად ვატარებ. თუმცა ახალი მჭირდება უკვე… ფეხს ვგულისხმობ“.

8,000 მოკლული

1992-1993 წლების ომში 8,000 ადამიანი დაიღუპა და 200,000 ქართველი, აფხაზეთის ომამდელი მოსახლეობის თითქმის ნახევარი, აქედან გაიქცა. ორივე მხარე საზარელ სისასტიკეზე ჰყვება, მეზობელი მეზობელს გადაემტერა, ეთნიკურად შერეული ოჯახები დაინგრა.

აფხაზების უმეტესობის თქმით, ომი იმის გამო მოხდა, რომ ქართველები თაობიდან თაობამდე ჩაგრავდნენ აფხაზებს საკუთარ მიწაზე, ხოლო თბილისის პოსტსაბჭოთა მმართველები ნაციონალისტები იყვნენ; საქართველო დაჟინებით ამტკიცებს, რომ მან უნდა მართოს საკუთარი ტერიტორიები, რომლებიც ოფიციალურად ეკუთვნის, ხოლო რუსეთს ოკუპანტად განიხილავს, ოკუპანტად, რომელიც პატარა აფხაზეთით მანიპულირებს.

საერთაშორისო არენაზე ქართული პოზიცია დომინირებს და ევროკავშირი და შეერთებული შტატები არაღიარებულ აფხაზეთთან მხოლოდ თბილისის მეშვეობით ურთიერთობენ. აფხაზეთის მთავრობა და რიგითი მოქალაქეები ამბობენ, რომ არასდროს დაბრუნდებიან საქართველოს დაქვემდებარებაში. ისინი აფასებენ რუსეთს, როგორც მეზობელს, რომელიც მათ უსაფრთხოებას, დაფინანსებას, სავაჭრო ურთიერთობებსა და გარე სამყაროსთან კავშირს სთავაზობს.

პალმის ხეების ქვეშ, სოხუმის სანაპიროზე მოხუცი კაცები შაშს თამაშობენ, რუსები კი ამ დროს ქვიან პლაჟზე წვნან და შავ ზღვაში ცურავენ.

ადგილობრივები სასმელს, საჭმელს და ექსკურსიებს სთავაზობენ, მაგრამ ტურისტები ბევრს არაფერს ყიდულობენ, ისინი აქ იაფფასიანი დასვენებისთვის მოდიან. ომს აქ ბევრი რამე გახსენებს, მაგალითად, პარლამენტის დაბომბილი შენობა ქალაქის ცენტრში და ის, თუ როგორ ამაყობენ აფხაზები დამოუკიდებლობით. აქ ხალხი სიღარიბესა და იზოლაციაზე ჩივის, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს მას შემდეგ, რაც რუსეთი მფარველობას დაჰპირდათ.

მიწის ზოლი

ზღვისპირა კაფეში ირინა ტკბილ თურქულ ყავას აკეთებს და იმაზე ფიქრობს, რომ ამ ქვეყნად უფრო უარესი ადგილები არსებობს საცხოვრებლად, ვიდრე მიწის ეს სუბტროპიკული ზოლი, რომელიც ზღვას, მთებს, რუსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის შეყუჟულა.

„ჩემი ვაჟი თავის ლიტველ ცოლთან ერთად მალინგარში ცხოვრობს“, მითხრა ირინამ და თვალები დააბრიალა. „რამდენიმე თვით ვესტუმრე და ვერ ავიტანე იქაურობა. ამინდი საშინელი იყო. სულ ვეუბნები, რომ შინ დაბრუნდეს“.

აფხაზეთი: მოკლე ისტორია

აფხაზეთი ძველი კოლხეთის ნაწილი იყო. ბერძნული ლეგენდის თანახმად, სწორედ აქედან გაიტაცეს იასონმა და მისმა არგონავტებმა ოქროს საწმისი, ადგილობრივი პრინცესას, მედეას დახმარებით. მოგვიანებით აფხაზეთი ბიზანტიის იმპერიის ნაწილი გახდა. შემდეგ მისთვის სპარსელები, რუსები და ქართველები იბრძოდნენ.

რუსეთმა აფხაზეთი 1864 წელს დაიპყრო და ბევრი აფხაზი, სხვა კავკასიელებთან ერთად, ან გაასახლეს, ან თვითონ გაიქცა თურქეთში. აფხაზეთს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში, 1921-1931 წლებში განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა, სანამ იოსებ სტალინმა, ქართველმა, არ დააქვეითა მისი ეს სტატუსი.

სტალინისა და ეროვნებით აფხაზი ლავრენტი ბერიას მმართველობისას, რეგიონის ენასა და კულტურას ავიწროებდნენ, აქ გადმოსახლდა ბევრი ქართველი, რუსი და სომეხი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, აფხაზეთმა დამოუკიდებელი საქართველოსგან, რომელიც სულ უფრო ნაციონალისტური ხდებოდა, გამოყოფა მოინდომა.

რუსეთის დახმარებით, აფხაზურმა ჯარმა 1992-1993 წლების ომში ქართველები დაამარცხა. ამ ომში დაიღუპა 8,000 ადამიანი და 200,000-ზე მეტი ქართველი აფხაზეთიდან გაიქცა. აფხაზეთმა დამოუკიდებლობა 1999 წელს გამოაცხადა. 2008 წელს რუსეთმა მისი სუვერენიტეტი აღიარა და აქ ჯარი ჩააყენა. საქართველო, ევროკავშირი, აშშ და თითქმის ყველა სხვა სახელმწიფო აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ ცნობს.

foreignpress.ge