საქართველოში რომ ყველა მეორე პოლიტიკოსი და არაპოლიტიკოსი პრეზიდენტობაზე ოცნებობს, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით, მაგრამ კარს მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნები რომ გაგახსენდება, ხანდახან რთულია ღიმილი შეიკავო.
ამის საფუძველს არა მარტო პრეზიდენტობის მსურველები, არამედ მათი განცხადებები დ გამოსვლები გვაძლევს. ყველა მათგანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს გადამრჩენელია. ზოგიერთმა მათგანმა ჯერ კიდევ პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. ჯერჯერობით მათი კანდიდატურა ''ცესკო'' -საც კი არ დაურეგისტრირებია.
''ქართული ოცნების'' საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გახლავთ. მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი ირაკლი ალასანიას წარადგენდა, ამომრჩეველს გაუცრუვდა, მაგრამ ''ოცნების'' მხარდამჭერების ნაწილი მარგველაშვილითაც კმაყოფილია. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატობამდე განათლების მინისტრი გახლდათ და უფრო ადრე, ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის რექტორი. ჯერ კიდევ პოლიტიკაში ჩართვამდე, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, ხშირად ჩნდებოდა სატელევიზიო სივრცეში და პოლიტიკურ ანალიზს აკეთებდა.
მარგველაშვილი ტელეჟურნალისტების ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი იყო. პრესას კი მაინცდამაინც არც სწყალობდა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ თემაზე არასოდეს საუ-ბრობდა. საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მისი მეორე ნახევარი მუსიკოსი და ვიზაჟისტი მაკა ჩიჩუაა, თუმცა წყვილი ჯერჯერობით საერთო ინტერ-ვიუს მიცემაზე უარს აცხადებს.
მარგველაშვილს გამოუქვეყნეს ფოტო, სადაც ხუთ ჩხირზე წინდას ქსოვს. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ამ საქმიანობას მეგობრების რჩევით მიჰყო ხელი, რათა ამ გზით სიგარეტისთვის დაენებებინა თავი. მართალია, წინდის ქსოვამ მავნე ჩვევას ვერ გადააჩვია, მაგრამ ამასობაში კარგად ქსოვა კი ისწავლა.
ნინო ბურჯანაძე უკვე გამოცდილი პოლიტიკოსია. ის სამჯერ გახლდათ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მისი ფიგურა არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი. პირველად მაშინ, როდესაც ედუარდ შევარდნაძეს ''უღალატა'' და ჟვანია-სააკაშვილის გუნდთან ერთად ვარდების რევოლუცია მოაწყო. შემდეგ იყო ''ნაციონალური მოძრაობიდან'' წასვლა, თუმცა მაშინ მიზეზებზე არ უსაუბრია. მოგვიანებით ბურჯანაძემ აგვისტოს ომზე სკანდალური განცხადებები გააკეთა და პრეზიდენტ სააკაშვილს დაუპირისპირდა. ამას მოჰყვა აქციების კიდევ ერთი ტალღა საქართველოში და მძიმედ დასრულებული 26 მაისი. ამის შემდეგ ბურჯანაძემ გარკვეული პერიოდი აქტიური პოლიტიკისგან ტაიმ-აუტი აიღო. ამჯერად პრეზიდენტობას აპირებს. ჰყავს მეუღლე, ბადრი ბიწაძე, და ორი ვაჟი.
პრეზიდენტობის სურვილი გაუჩნდა ყოფილ ლეიბორისტ ნესტან კირთაძესაც. ლეიბორისტების ნებიერა ქალბატონი ამ ეპატაჟურ პარტიას პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ განუდგა, მაგრამ სხვა პარტიაში არ გადასულა და დამოუკიდებლად აგრძელებს გზას. კირთაძეს სჯერა, რომ ქვეყანას ქალი პოლიტიკოსი გადაარჩენს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ''ქალი პრეზიდენტი და ლიდერი თამარ მეფის მერე არ ყოფილა'' . ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი - ანი რეხვიაშვილი.
''საქართველოში ქაჯები კი არ მოდიან, მიდიან'' , - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და 2006 წელს დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია ''საქართველოს გზა'' ჩამოაყალიბა. მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი საყვარელი კადრი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადავიდა. მაშინ სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯი გმირობადაც კი შეაფასეს. შემდეგ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო და სხვადასხვა პარტიასთან ერთად პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით დაწყებულ აქციებშიც მიიღო მონაწილეობა.
ყველას გვახსოვს მისი ფრაზები მიტინგზე ''ძიალოგიო, ძიალოგიო'' ... ისიც გვახსოვს, რომ სააკაშვილის წასვლამდე ''საფირმო'' მწვანე შარფის მოხსნას არ აპირებდა, თუმცა ამაოდ. წარუმატებელი აქციების შემდეგ დროის გარკვეულ ნაწილს საფრანგეთში ატარებდა, აქტიურად კი ახალ პოლიტიკურ რეალობაში დაბრუნდა და პრეზიდენტობის სურვილი გაუჩნდა.
სალომე ზურაბიშვილს მეუღლე, ჯანრი კაშია, რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი - ქეთევანი და თეიმურაზი.
როგორც ''ნაციონალური მოძრაობის'' გისოსებს და საზღვრებს მიღმა დარჩენილი ლიდერები ამბობენ, მათი პარტია განახლებას განიცდის. ამის დასტურად კი საქართველოში პირველად შიდაპარტიული პრაიმერის ჩატარება გადაწყვიტეს.
''განახლებული'' სახეებიდან საპრეზიდენტო კანდიდატის ამორჩევა ყველა რაიონის პარტიულ დელეგატს მიანდეს. დავით ბაქრაძე, ზურაბ ჯაფარიძე, გია ბარამიძე და შოთა მალაშხია - სწორეს ის ''ახალი'' სახეები არიან, რომლებიც პარტიამ მხარდამჭერებს ასარჩევად შესთავაზა. თავიდანვე რთული არ იყო იმის მიხვედრა, რომ ნაციონალები პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძეს ამზადებენ. აგვისტოს ომის დროს მის მიერ ნათქვამ დანა-ჩანგლებს თუ არ ჩავთვლით, ბაქრაძე ის სახეა, რომლის მიმართაც საზოგადოების აგრესია ნაკლებია. მაშინ რატომ დაჰყავთ მალაშხია, ბარამიძე და ჯაფარიძე ექსკურსიაზე, ამის გამოცნობა რთული არ არის, ნაციონალები უბრალოდ ყურადღებას იქცევენ. ბაქრაძე წლების განმავლობაში პარლამენტის თავჯდომარე გახლდათ. ჰყავს მეუღლე, მაკა მეტრეველი, და ორი ქალიშვილი.
რობინ ჰუდი ბრუნდება - დიახ, შალვა ნათელაშვილი ისევ კენჭს იყრის! გაგიკვირდათ? დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ბედის ანაბარა არ მიგვატოვებდა. მართალია, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნესტან კირთაძის გარდა, სხვა თანამებრძოლებიც შემოეფანტნენ, მაგრამ მაინც აგრძელებს ბრძოლას და როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ უნდა მოგვცეს გადარჩენის შანსი.
''ბოლო ჟამის პარტია'' - აი, რა დროს მოგვისწრო სულზე მიხეილ-გელა სალუაშვილმა. დიახ, ეს პიროვნებაც საპრეზიდენტო კანდიდატი გახლავთ. არ ვიცი, რამდენად დარწმუნებულია საკუთარ ძალებში და ალბათ ხანდახან მაინც იჯერებს, რომ საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაიდებს ბინას, მაგრამ ფაქტია, რომ მის გარეშე გადარჩენა გაგვიჭირდება, ამაში კი კიდევ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი თავისი გამოსვლებიდან გვარწმუნებს.
მისი პარტია, რომელიც ბოლო ჟამს წინასწარმეტყველებს, 1992 წლიდან არსებობს. მათ საკუთარი საიტიც აქვთ, სადაც რელიგიური შინაარსის უამრავ ტექსტს წაიკითხავთ. პარტიას გააჩნია წესდება, ჰიმნი და ვებგვერდზე საარჩევნო პროგრამაც აქვთ გამოქვეყნებული.
მიხეილ სალუაშვილის საპრეზიდენტო პროგრამა ორი ნაწილისგან - ეროვნულ-რელიგიური და ეროვნულ-პოლიტიკურისგან შედგება. ის ბრძანებს, რომ მეორედ მოსვლის ადგილი იქნება საქართველო და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამ ფაქტს ღირსეულად დავხვდებით. ბატონი გელა არჩევნების დროს მარკირების წინააღმდეგია, მიაჩნია, რომ ეს ანტიღვთიური მექანიზმი უნდა გაუქმდეს და თუ არ გააუქმებენ, იძულებული გახდება, ოდეს ღვთის ნებით გამარჯვების შემთხვევაში, თავად გააუქმოს.
როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტობის კანდიდატს ზვიად გამსახურდიას ხატი აქვს. ''კვირის პალიტრის'' საიტის ჟურნალისტის კითხვაზე, ეს კერპთაყვანისმცემლობა ხომ არ არის, ''ბოლო ჟამის'' პარტიის ლიდერი პასუხობს:
''2004 წელს სინოდის კრებაზე გამოვთქვით სურვილი, რომ ზვიად გამსახურდია წმინდანად შერაცხილიყო. 2012 წლის დასაწყისში ხელახლა მივმართეთ სინოდს. რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის ზვიადის სურათი, რომელზეც ის წარმოდგენილია საქართველოს დამოუკიდებლობის მანტიით შებურვილი, თავზე კი შარავანდედი ადგას. ეს არის მხატვრული კომპოზიცია. თუ ბატონი ზვიადი წმინდანად შეირაცხება, ამ სურათს ხატად გარდავქმნით. ეს იქნება წმინდა ზვიად ღვთითცხებული'' .
კიდევ ერთი კანდიდატი თავის კონკურენტებად მარგველაშვილსა და ბაქრაძეს კი არა, სატანას მიიჩნევს. ნიკოლოზ გორგიჯანიძე პროფესიით პედაგოგი გახლავთ და მასაც პრეზიდენტობა სურს. ამბობს, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღეს სალარო აპარატებს გააუქმებს. მის გეგმებში შედის პუტინთან შეხვედრა და წართმეულ ტერიტორიებზე მოლაპარაკებები.
ერთი საინტერესო იდეა აქვს - იდეოლოგიური ტურიზმის განვითარება, რაც ქვეყანაში სტალინის 30 მილიონი მხარდამჭერის ჩამოყვანას გულისხმობს. მათთვის სლოგანიც გამზადებული აქვს - ''მობრძანდით საქართველოში, ეს სტალინის სამშობლოა'' . პენსიის გაზ-რდას 300 დოლარამდე აპირებს, დიასახლისებს კი თვეში 200 დოლარით გაახარებს. ნარკომანებს, ლოთებსა და უსაქმურებს კი 100 ლარს აკმარებს. თურმე მათ ისიც ეყოფათ სირცხვილის სახით, რომ პირადობაში - უსაქმური ჩაეწერებათ. ''მინდა ვიყო ერთი კენტი, ბავშვებისთვის პრეზიდენტი'' - ეს ბატონი ნიკოლოზის საარჩევნო სლოგანია.
როგორც ჩანს, წინ დიდი სიამოვნება გველოდება. საარჩევნო მარგალიტები აქამდეც არ გვაკლდა, მაგრამ პოლიტიკაში გამოჩენილ ახალ სახეებს თუ გავითვალისწინებთ, მგონი, მარგველაშვილს შეუძლია მშვიდად დაჯდეს და წინდა მოქსოვოს.