დასაქმებულთა ხელფასების მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა, ინფლაცია წაახალისოს და ფასები კიდე უფრო გაზარდოს

დასაქმებულთა ხელფასების მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა, ინფლაცია წაახალისოს და ფასები კიდე უფრო გაზარდოს

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის ტემპი პროდუქტიულობის ზრდის ტემპს ასწრებს, რაც პრობლემას წარმოადგენს. ინფლაციის პირობებში შეიძლება შეიქმნას სპირალი, როდესაც დამსაქმებლებს თანამშრომელთათვის უფრო მაღალი ანაზღაურებების გაცემა უწევთ და იმ შემთხვევაში, თუკი არ იზრდება პროდუქტიულობა, მაშინ ეს ზრდა გადადის კომპანიების მიერ რეალიზებული საქონლის ფასში, რაც თავის მხრივ ინფლაციას და ფასების ზრდას იწვევს.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი სწორედ დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ცენტრალური ბანკებისთვის არის მნიშვნელოვანი ინფლაციის ის კომპონენტი, რომელიც გრძელვადიანია და რომელიც მოთხოვნის მხრიდან წარმოიქმნება და ამიტომ ამაზე არის აუცილებელი რეაგირება. ერთ-ერთი მამოძრავებელი შეიძლება იყოს ხელფასებისა და ფასების სპირალი, როდესაც ხელფასების ზრდა იწვევს უკვე კომპანიებისთვის სარეალიზაციო ფასების ზრდას, რასაც დამატებით მოჰყვება ხელფასის ზრდა და შესაბამისად, ეს სპირალი იქმნება, ამიტომ ეს არის საყურადღებო.

რამდენიმე კვარტალია, როდესაც ხელფასების ზრდა უფრო მაღალია, ვიდრე პროდუქტიულობის მატება და ეს გამოწვევაა კომპანიებისთვის. ხელფასების ზრდა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, როდესაც დღეს ვხედავთ, რომ ვაკანსიების რაოდენობაა გაზრდილი და კომპანიები მუშახელს ეძებენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა შეინარჩუნონ მუშახელი, გაზარდონ ხელფასებიც, მაგრამ ამავე დროს გაზარდონ პროდუქტიულობაც, რომ ხელფასების ზრდამ არ გამოიწვიოს ფასების ზრდა. ეს ჩვენ აგვარიდებს, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული სახით უფრო დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნოთ“, - განაცხადა „ანალიტიკას“ ეთერში არჩილ მესტვირიშვილმა.

ქვეყანაში ნომინალური ხელფასების ზრდის დინამიკასთან დაკავშირებით განცხადება პირველად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გააკეთა. მისი აზრით საჭიროა. ტენდენცია არ გადაიზარდოს ტენდენციაში, როდესაც დასაქმებულები მოითხოვენ უფრო მაღალ ხელფასს, დამსაქმებლები კი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ და ამ ყველაფრის ფონზე ფასებიც იზრდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, „გალტ ენდ ტაგარტის“ ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხელფასების ზრდა ერთჯერადი ფაქტორი იყო და წელს მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„მართალია, მესამე კვარტალში მცირედით აღემატებოდა რეალური ხელფასის ზრდის ტემპი პროდუქტიულობას, თუმცა ეს საგანგაშო არ არის და ეს არ უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტრაექტორიის განმსაზღვრელი. არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

ეკონომისტის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მარეგულირებელმა პოლიტიკას უნდა გადახედოს, ინფლაციის შემცირებაა. ლაშა ქავთარაძის თქმით, არსებული პოლიტიკის გახანგრძლივება თავდაცვითი რეჟიმი იქნება.

„გასული წლის მარტში, როდესაც სებ-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, ამბობდა, რომ ეს ინფლაციის შემცირების მიზეზი იქნებოდა. ვინაიდან, ახლა ფასების ზრდის ტემპი შემცირდა, ვფიქრობთ, მონეტარული პოლიტიკის შერბილება გაზაფხულიდან შესაძლებელია. მცირედი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია, რათა ლარში დაკრედიტება შედარებით ხელმისაწვდომი იყოს. თუ პროცესი გახანგრძლივდა, ეს უკვე თავდაცვითი რეჟიმი იქნება“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1,595 ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.5%-ით უფრო მეტია.

leviko ნეტა ვისა 800 ლარი ქონდა ხელფასი და გაუხდა 1000 რა დიდი ხელფასი აქვთ ასეთი მაღალი
1 წლის უკან
trampi თუ ხელფასის გაცემა ინფლაციას იწვევს ...გინახიათ გამოსავალი და ეგააა................. სუ ნუ მისცემთ ხელფასს ხალხს და უფრო გამყარდება ლარი
მერე იძახეთ კადრების დეფიციტიაო
ხელფასის მიცემა არ გინდათ, ისედაც მიზერს აძლევთ და ეგ იწვეევს ინფლაციაას??
მეგონა ესეთი ნიჭიერი ექსპერტ სპეციალისტები მარტო ნაცების დროს იყვნენ და თურმე ამათაც ყოლიათ დებილები
ნახეს რაღა გამოსავალი ...
1 წლის უკან