თბილისის მერია პირველი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს იწყებს. ცვლილებები მასშტაბური იქნება და გარკვეულწილად, საფინანსო აქტივის ელემენტებსაც მოიცავს.
მესამე ეტაპის დროს ერთწლიანი „ა“ კატეგორიის ნებართვების გაცემა უვადო გახდება. რეფორმის ამ ეტაპზე ასევე შეიქმნება „ა“ კატეგორიის ნებართვების ბაზარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებართვების მფლობელს მისი ყიდვა-გაყიდვა ან იჯარით გაცემა შეეძლება. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ ტაქსის ნებართვა მისი მფლობელისთვის ერთგვარი ფინანსური აქტივი იქნება.
თბილისის მერიის ცნობით, 1-ელი აპრილიდან მუნიციპალიტეტი „ა“ კატეგორიის ნებართვების გაცემას შეწყვეტს. მისი მიღება მხოლოდ შეძენის ან იჯარის უფლებით მიღების გზით იმ პირისგან იქნება შესაძლებელი, რომელიც საკუთრებაში ფლობს ამ ნებართვას.
აღსანიშნავია, რომ ტაქსის ნებართვის შეძენა, გასხვისება, იჯარით გაცემა და მიღება შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. აქამდე „ა“ კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის გაცემა იურიდიულ პირებზე არ ხდებოდა.
თბილისის ვიცე-მერი აცხადებს, რომ 1-ელი აპრილიდან იურიდიულ პირებს ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისგან ექნებათ შესაძლებლობა ლიცენზიები შეიძინონ. თუმცა გარკვეული შეზღუდვით, იურიდიული პირები მხოლოდ იმ რაოდენობის ლიცენზიებს შეიძენენ რა რაოდენობის „ა“ კატეგორიის ლიცენზიის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება ეყოლებათ. ამ შეზღვუდვით ბაზარზე მონოპოლიის რისკები იქნება დაზღვეული.
„აპრილიდან იურიდიულ პირებზე არანაირი ნებართვა უფასოდ არ გაიცემა. საერთოდ, მერია არ აპირებს იურიდიულ პირებზე ნებართვის გაცემას. თუ რომელიმე იურიდიულ პირს უნდა ბაზარზე შემოსვლა და ნებართვის მართვა, უნდა იყიდოს ეს ნებართვა იმ პირებისგან, ვისზეც ჩვენ დავარიგებთ ამ ნებართვებს. შეზღუდვა აქვთ იურიდიულ პირებს.
მონოპოლიზაციისგან დაცვის მიზნით გათვალისწინებულია, რომ იურიდიული პირი ვერ იყიდის იმაზე მეტ ნებართვას რამდენი „ა“კატეგორიის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებაც აქვს საკუთრებაში“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის მიმდინარეობას ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეც.
„ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის, ასევე მისი იერსახისა და მიმზიდველობის შენარჩუნებისთვის უკვე გატარდა და კიდევ დაგეგმილია რამდენიმე რეფორმა, რომლებიც მაქსიმალურად კომფორტულს გახდის ტაქსით მგზავრობას. მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები დადებითად აისახება როგორც მომხმარებელზე, ასევე იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებული. დაგეგმილია ცვლილებებისა და რეგულაციების მესამე ეტაპი. დარწმუნებული ვარ, რეფორმის შედეგები მისაღები იქნება ყველა მოქალაქისთვის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
კონკრეტულად რა შეიცვლება ბაზარზე, როგორ შეძლებენ მძღოლები ლიცენზიის მოპოვებას და გაყიდვას, ან იჯარით გაცემას? ამ საკითხზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ისაუბრა.
„პირველ რიგში, რაც იცვლება და რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, არის ის, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც მოქალაქეებს ემსახურებიან, ეს სერვისი გახდება დამატებით ფასიანი ქაღალდი, რომელიც შეეძლებათ გამოიყენონ როგორც აქტივი. მუნიციპალიტეტმა ამით თქვა, რომ ის დამატებით ლიცენზიას აღარ გასცემს და თუ მოთხოვნა გაიზრდება ტაქსის სერვისსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, ეს პირდაპირ აისახება ლიცენზიის ღირებულებაზე.
ამ ეტაპზე სალიცენზიო მოსაკრებელი 100 ლარია, რომელიც რჩება უცვლელი. თავად ლიცენზიის გაცემა კი ხდება უფასოდ, თუმცა ბუნებრივია, როცა ახალი მოთამაშე შემოვა ბაზარზე, მას დამატები თთანხის გადახდა მოუწევს ლიცენზიის სანაცვლოდ. ჩვენ არც უფასოდ და არც არანაირი ფორმით არ გავცემთ და ბაზარი ლიცენზიის რაფასსაც დაადგენს, იმ ფასად მოუწევთ ლიცენზიის შეძენა.
რომ არ მოხდეს ბაზარზე უმოქმედო და „დაძინებული“ ლიცენზიების გაჩენა, დღეს ვინც აიღებს ლიცენზიას, თუ ის არ იქნება თეთრ ავტომობილზე მიბმული, მოუწევს 100-ის ნაცვლად 1 000 ლარის გადახდა, რათა არ მოხდეს ბაზარზე ჭარბი ლიცენზიების გაჩენა. ერთ წლის შემდეგ კი, თუ არ მოხდება ლიცენზიის თეთრ ავტომობილზე მიბმა, ის გაუქმდება“, - განაცხადა წილოსანმა.
ტაქსების რეფორმის მე-3 ეტაპს გამოეხმარუა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძეც, რომელიც მერიის პრეზენტაციას დაესწრო. როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილი ცვლილება მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ტაქსის მძღოლებისთვის, ვინაიდან სწორედ მათ ინტერესებზეა მორგებული და მოიცავს მნიშვნელოვან შეღავათებს, რაც მათ საქმიანობას უფრო სარფიანს გახდის.
„ლიცენზია, რომელსაც იღებენ ტაქსის მძღოლები, ამიერიდან იქნება არა უბრალო ქაღალდი, არამედ ფასიანი ქაღალდი - აქტივი თავისი ღირებულებით და მის მფლობელებს მისცემს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობებს. პოზიტიურად ვაფასებთ ამ რეფორმას, ვინაიდან ზემოხსენებული ხელს შეუწყობს ამ ადამიანების ბიზნეს აქტივობისა და კეთილდღეობის ზრდას.
ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა იდეა, რომ „ა“ კატეგორიის უვადო ნებართვის მქონე პირს შესაძლებლობა ექნება შესაბამისი პლატფორმის მეშვეობით გააქირაოს ან გაყიდოს მის კუთვნილებაში არსებული ლიცენზია.
ეს ნებართვა - ლიცენზია ხდება ფასიანი ქაღალდი, რომელიც, მისი მფლობელისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს. ამას გარდა, პირადად ჩემთვის ღირებული და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ტაქსების რეფორმით თბილისის მერიამ ეს პროფესია და ამ პროფესიით დასაქმებული ადამიანები დააფასა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმერი პროფესია სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული, თუ გვინდა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და განვითარება გვქონდეს“, - განაცხადა ფხაკაძემ.
ჯერჯერობით თბილისში, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, სულ გაცემულია ტაქსის 125 103 ლიცენზია. ამასთან, სულ დარეგისტრირებულია 28 478 „ა“ კატეგორიის ლიცენზიის მქონე ფიზიკური პირი.