შარშანდელი წელი ისე დასრულდა, რომ საქართველოს ეკონომიკა თითქმის ყოველთვიურად ორნიშა ზრდას აჩვენებდა. 2022 წლის დასაწყისში აღებული ტემპი წლის ბოლომდე შენარჩუნდა და დეკემბრის თვეში საქართველოს ეკონომიკა 11%-იან ზრდაზე გავიდა, მთელი წლის მონაცემების მიხედვით კი ქვეყნის ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როცა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავიდა. პირველად ასეთი რამ 1996-97 წლებში დაფიქსირდა.
რეალური ზრდის მიუხედავად, რაც სხვადასხვა დარგში ნამდვილად იგრძნობა, ოფიციალური მონაცემების არ სჯერა ოპოზიციის ნაწილს და აგრეთვე - მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას. სტატისტიკაში უნდობლობას გამოხატავენ არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ ინფლაციის მაჩვენებლების მიმართულებითაც. მაგალითისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, საქსტატს მთავრობის დავალებით სტატისტიკურ მონაცემებში ცვლილებები შეაქვს. გოცირიძე ამბობს, რომ საქსტატმა დეკემბრის ინფლაციის სტატისტიკა 9.8% დათვალა იმიტომ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა არ ყოფილიყო.
გოცირიძის ამ განცხადებას პასუხი გასცა სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ „ციფრები ჰაერიდან არ მოდის“.
„ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც აქვს გარკვეული ეჭვი ან ეჭვის საფუძველი, ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ ჩვენ მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიით. სწორედ იმიტომ ვაკეთებთ განმარტებებს მაჩვენებელთა ცვალებადობაზე, იქნება ეს ზრდის თუ კლების მიმართულება, რომ მომხმარებელს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა თუ შემცირება. ნებისმიერ მაჩვენებელს, ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც ვაქვეყნებთ და ვასაჯაროებთ, აქვს გარკვეული საფუძველი, ეს ციფრები ჰაერიდან არ მოდის. ამ ციფრების უკან დგას რამდენიმე ასეული სტატისტიკოსის მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები, რომელთა ფარგლებშიც ჩვენ ათიათასობით შინამეურნეობასა და ათიათასობით ეკონომიკურ სუბიექტს ვიკვლევთ.
მიდგომებს რაც შეეხება და მეთოდოლოგიას, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, აღნიშნული მაჩვენებლის დასაანგარიშებლად, მას საფუძვლად უდევს საერთაშორისო სტანდარტები და კიდევ ერთი მთავარი - ჩვენ ხშირად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ვეფუძნებით საერთაშორისო მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს. ასევე თავად ეს ორგანიზაციები პერიოდულად ახდენენ რევიზიას ამ მეთოდოლოგიებისას, მაგალითად, ისეთებისას, როგორებიც გახლავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, გაერო, ევროსტატი და აღნიშნული ცვლილებებიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია და საჯარო“, - განმარტა გოგიტა თოდრაძემ.
ოპოზიციისა და ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებებს ყურადღებას არ აქცევენ საქართველოს მთავრობაში, სადაც ფიქრობენ, რომ აღებული ტემპი 2023 წელსაც გაგრძელდება. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ძირითადად, ეკონომიკური ზრდა განაპირობა რამდენიმე სექტორში ეკონომიკურმა აქტივობამ, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სექტორის აღდგენა, სადაც შემოსავლებმა 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ექსპორტი, რომლის მონაცემები 5.6 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა - ეს ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე მიანიშნებს, მიუხედავად საგარეო შოკებისა. ეკონომიკური ზრდის შეფასებისას საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „ფიჩმა“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა, მაგრამ პოზიტიური პერსპექტივით. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თუ 2023 წელსაც შევინარჩუნებთ დადებით ტენდენციებს, შემდეგი შეფასებისას ჩვენი სუვერენული რეიტინგი გაუმჯობესდება.
„ჩვენი მოლოდინია - დადებითი ტენდენციები უნდა შევინარჩუნოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ზრდა 2022 წელს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით იყო, არამედ, როგორც ვთქვით, ის საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მრავალ სექტორს მოიცავს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილი ასევე ხაზს უსვამს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ასახელებს, რომ დეკემბრის თვეში საკმაოდ მაღალი იყო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რომელიც 18.1%-ით გაიზარდა. ამასთან, დეკემბერში გაზრდილია ტურისტული აქტივობა - ტურიზმის სექტორიდან შემოსავლებმა 555 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა რემიტანსების მიმართულებითაც - უცხოური ვალუტის გადმორიცხვებმა საქართველოში 535 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
დადებით ტენდენციებზე ამახვილებენ ყურადღებას სპეციალისტებიც. პროფესორ ლადო პაპავას განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მშვიდი გარემო, ხოლო არცთუ შორს არის საომარი მოქმედებები, ქვეყანა ხდება მიმზიდველი ბიზნესისთვის.
„ძალიან ბევრი ხაფანგი იყო დაგეგმილი, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ომში. ამ ყველაფერს მთავრობამ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, წარმატებით გაართვა თავი. როდესაც ქვეყანაში არის მშვიდი გარემო, ხოლო არცთუ შორს არის საომარი მოქმედებები, ქვეყანა ხდება მიმზიდველი ბიზნესისთვის“, - განაცხადა პაპავამ.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022-ში საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა. ეს მეორე შემთხვევაა დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.
საქართველოს ორნიშნა ზრდა სულ ხუთჯერ ჰქონდა. მათ შორის ყველაზე მაღალი - 12.57%-იანი ზრდა საქართველოს 2007 წელს დაფიქსირდა, რაც მაშინ ქვეყანაში გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებს და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უკავშირდებოდა.
ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა კი საქართველოს 1996-1997 წლებში ჰქონდა, რაც იმ დროისათვის ეკონომიკის შედარებით სტაბილიზაციას უკავშირდებოდა.