საქართველოში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე შიდა პოლიტიკური ვითარება იძაბება. ისევ გამოიკვეთა საზოგადოების პოლარიზაცია, როცა მმართველი გუნდის მომხრეები მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერებს კვერცხებითა და ქვებით დაუპირისპირდნენ. გარდა ამისა, გაურკვევლობა შეინიშნება საგარეო ურთიერთობებშიც - რუსეთთან დიალოგის რეჟიმში გადასვლის მიუხედავად, კონფლიქტურ რეგიონებში, ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართების გავლების პროცესი კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს. სად არის არსებული ჩიხებიდან გამოსავალი, რა შედეგი მოიტანა საქართველო-რუსეთის განახლებულმა ურთიერთობებმა და იცვლება თუ არა ქვეყნის დასავლური კურსი - ამ საკითხებზე Georgian Times ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
- ბატონო კახა, როგორია საქართველოში წინასაარჩევნო გარემო? დღეს არსებული პოლიტიკური ვითარება იძლევა თუ არა იმის საფუძველს, რომ არჩევნები ობიექტურად და სამართლიანად ჩატარდება?
- დღეს არსებული ვითარება ამის საფუძველს არ იძლევა. ვგულისხმობ რამდენიმე ინცინდენტს, რომელიც ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ განხორციელდა პრაიმერის დროს და რომლის განტვირთვაც მთავრობამ ეფექტურად ვერ მოახერხა. ეს გამოსასწორებელია აუცილებლად და სასწრაფოდ, რათა ჩაითვალოს, რომ საქართველოში ნამდვილად არის თავისუფალი საარჩევნო გარემო. თუკი კანდიდატებს ექნებათ შიში გააფთრებულ ადამიანთა ჯგუფების, რაც უნდა შეეცადოს მმართველმა ძალამ გამჭვირვალედ ჩაატაროს არჩევნები, გააუმჯობესოს საარჩევნო სიები და ა.შ. არჩევნები თავისუფლად ვერ ჩაითვლება. ამიტომ ეს მიმართულება სასწრაფოდ გამოსასწორებელია.
დანარჩენი შენიშვნები მე პირადად არ მაქვს. ვიტყოდი, რომ მედია საკმაოდ კარგად მუშაობს, პლურალისტურია, ყველანაირი აზრის გაშუქება ხდება, მათ შორის პროსამთავრობოდ განხილვად, თუ ოპოზიციის მომხრე არხებზე. ვფიქრობ ამ თვალსაზრისით საკმაოდ დიდი პროგრესია საქართველოში.
- თქვენ ისაუბრეთ ინციდენტის გამოსწორებაზე. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეს ინციდენტი ამოწუროს და ოპოზიციის მიმართ ზეწოლის მცდელობის განცდა არ გაჩნდეს?
- აუცილებელია, შესაბამისი ორგანოები უფრო მკაცრად მოიქცნენ, პოლიციამ უნდა აღკვეთოს მსგავსი ქმედებები და დააკავოს ის პირები, ვინც ხულიგნობას ჩადიან. გარდა იმისა, რომ ეს ძალადობაა ადამიანებზე, ასევე, ეს არის საარჩევნო პროცესებისთვის ხელის შეშლა. ანუ, ორმაგი დანაშაულია, ამიტომ უნდა არსებობდეს სერიოზული სანქციები. როგორც ჩანს, 100 ლარიანი ჯარიმა და სელექციურად 2-3 პირის დაკავება საკმარისი არ არის. უნდა დააკავონ ყველა, ვინც გაბედავს ქვა ისროლოს ან ხელი აღმართოს რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატზე და საერთოდ, უნდა შეწყდეს საწინააღმდეგო პოზიციაზე მდგომი ადამიანების დევნა.
ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ის ამის მიმართ არავითარ შემწყნარებლობას არ დაუშვებს. გარდა ამისა, უნდა მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება. აქ საჭიროა არა მხოლოდ კონკრეტული შემთხვევის აღკვეთა, არამედ სერიოზული კამპანიის ჩატარება, რადგან არჩევნები - ეს არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული აქტები და კანონმდებლობა. მთავრობის მოვალეობაშია ასევე ხალხის ინფორმირება, შესაბამისი საინფორმაციო და საკომუნიკაციო კამპანიის ჩატარება. ადამიანებისთვის იმ კანონმდებლობის გაცნობა, რისი უფლება აქვთ ან არ აქვთ. ზოგადად, პირდაპირი კომუნიკაცია, რადგან შესაძლოა, იმ ადამიანებმა არც კი იციან, რომ რაღაცას არღვევენ, ხელს უშლიან და რომ დემოკრატიის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
წინა ხელისუფლებაზე გაბრაზებული ადამიანები ფიქრობენ, რომ სამართლიანად გამოდიან მათ წინააღმდეგ და აქვთ ამის ლეგიტიმური უფლება. მათ უნდა განემარტოთ, რომ არასწორად იქცევიან. ეს კი მთავრობის ვალია. ეს საზოგადოებრივი განათლების ელემენტია, რომელიც მთავრობამ უნდა იკისროს. სხვა შემთხვევაში ვერ ჩავთვლით ამოწურულად მთავრობის მცდელობებს არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარებასთან დაკავშირებით.
- ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად კეთდება განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი ემიჯნებიან ძალადობას. ფიქრობთ რომ მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის?
- ვხედავთ, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან ხალხი ამას უყურებს, როგორც მოვალეობის მოხდას მთავრობის მხრიდან. შინაგანად მათ აქვთ განცდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთ განცხადებებს აკეთებენ იმიტომ, რომ ამას სთხოვს დასავლეთი და საერთაშორისო თანამეგობრობა და სინამდვილეში ისინი მათ მხარეზე არიან. შემდგომი დებატები ტელევიზიაში და სხვა ფორმატში, ამას ადასტურებს. ძალიან ბევრი ექსპერტი ასევე ამართლებს ამას და ამბობს - რა მოხდა მერე, კვერცხები ესროლეს, წინა მთავრობა ხალხს საერთოდ ციხეებშია ალპობდა. ასეთი განცხადებები რა თქმა უნდა, აქეზებს ამ ადამიანებს და უძლიერებს იმის გრძნობას რომ, რასაც ისინი აკეთებენ თანხვედრაშია მთავრობის შინაგან განწყობასთან. სინამდვილეში ეს ალბათ ასე არ არის. ამიტომ მხოლოდ განცხადება საკმარისი არ არის. საჭიროა უფრო დამაჯერებელი მოქმედებები. საჭიროა იმ ადამიანებთან მისვლა, დალაპარაკება, ახსნა და პროპაგანდა. საბოლოო ჯამში, ყველანაირი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მათი მოვალეობა და ინტერესია, რომ ამ მიმართულებით უფრო აქტიურები იყვნენ.
- რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატებს, როგორია მათი შესაძლებლობები? როგორ ფიქრობთ ვინ მოიპოვებს ხალხის მხარდაჭერას 27 ოქტომბრის არჩევნებში?
- ვიცით, რომ ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს, მაგრამ გარდა ამისა, ვხედავთ, რომ მოსახლეობის განწყობები არ არის ცალსახა. „ოცნების“ კანდიდატის რეიტინგი განისაზღვრება არა მისი პირადი პოლიტიკური რეიტინგით, არამედ მისი კუთვნილებით მმართველი ძალისადმი და ბიძინა ივანიშვილის პირადი მხარდაჭერით. ამიტომ, ეს რეიტინგი შესაძლოა, არ იყოს სტაბილური და დამაჯერებელი. შესაძლებელია, ის დაეცეს. სხვა რომელიმე ქარიზმატული კანდიდატის მიერ უფრო დამაჯერებელი პროგრამით გამოსვლის და სწორად ჩატარებული კამპანიის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული რომელიმე სხვა კანდიდატმა გაიმარჯვოს.
- რას ფიქრობთ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატზე? შესაძლებელია მან გამარჯვება მოიპოვოს?
- „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვება არ არის გამორიცხული. ყოველ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ ბაქრაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ითვლება ისეთ პოლიტიკოსად, რომლის მიმართაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულებები და შეცდომები არ ასოცირდება მის სახელთან. მეორე მხრივ, მას გააჩნია საკმაოდ დიდი პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება, გაწონასწორებული და საკმაოდ ძლიერი კონკურენტია. ბიძინა ივანიშვილს რომ ბაქრაძე დაესახელებინა საპრეზიდენტო კანდიდატად, ის უპირობოდ გაიმარჯვებდა, რასაც ვერ ვიტყვით მარგველაშვილზე. მას ნაკლები პოლიტიკური გამოცდილება აქვს და პოლიტიკაში ნაკლებად იცნობენ. ამიტომ ძნელია მის მიმართ ზუსტი შეფასებების გაკეთება. მას უფრო იცნობენ, როგორც ანალიტიკოსს, როგორც საზოგადოებრივ მოღვაწეს, მენეჯერს და ა.შ.
შესაძლებლობა არსებობს ასევე, სხვა კანდიდატების გამარჯვებისაც. თუკი მეორე ტური ჩატარდება, ძნელია ზუსტად თქმა, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს. რეიტინგები იცვლება. სერიოზული კამპანია ჯერ არ დაწყებულა, კანდიდატებს თავისი საარჩევნო პროგრამა ჯერ არ წარმოუდგენიათ, მათ ჯერ შეხვედრები უნდა გამართონ და თავისი კოზირები გამოაჩინონ. ამიტომ შესაძლებლია ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს.
- რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოს მხრიდან დიალოგის რეჟიმზე გადასვლამ და შერბილებულმა პოლიტიკამ ამ ეტაპზე რამე შედეგი მოიტანა?
- შედეგი, რომელიც ჩვენ გვაწყობს და გვჭირდება ჯერჯერობით არ არის. შედეგის სწრაფად გამოღებაზე ეს მიდგომა ორიენტირებული ისედაც არ იყო. მთავარი ის არის, რომ ჯერჯერობით ისევ გაურკვევლობაში ვართ. ჯერ ვერ მოვახერხეთ რუსეთთან გრძელვადიანი პოლიტიკის აწყობა, ისეთის, რომლის მიმართულებაც ზუსტად ვიცით. ძირითადი განსხვავებები რჩება მიუღებელ განსხვავებებად და ამის გადალახვის გზა არ ჩანს. ასევე, ზუსტად ვერ ვიტყვით, ავცდით თუ არა მთლიანად ახალი ომის ან დაპირისპირების საფრთხეს. ასეთი საფრთხე მაინც არსებობს, ვხედავთ, რომ რუსები პროვოკაციაზე მაინც მოდიან. ვგულისხმობ მავთულხლართების გავლებას, დაკავებებს, რასაც ადგილი აქვს ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ.
რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, კითხვის ნიშნები აქაც არის. ხანდახან გამოდის ხოლმე რუსეთი სანიტარი და ისეთ რაღაცეებს ამბობს, რაც ალბათ, ჩვენს მეწარმეებს არ მოწონთ და არ უჩენთ სტაბილურობის განცდას.
ვხედავთ, რომ მაინცდამაინც დიდი პროგრესი არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ამ პოლიტიკას უნდა შევეშვათ და დავუბრუნდეთ ძველ ურთიერთობებს, როცა აბსოლუტურად არ გვქონდა დიალოგი. ვფიქრობ, რომ მეტი სახალხო დიპლომატიაა საჭირო, მხოლოდ მთავრობის მცდელობები საკმარისი არ არის და ვერც იქნება, დიამეტრულად განსხვავებული ინტერესების გამო. საჭიროა მეტი სახალხო დიპლომატია, რომელიც სწორედ ამ ინტერების ტრანსფორმაციაზე იქნება მიმართული.
- კონფლიქტურ რეგიონებში მავთულხლართების გავლება ცენტრიდან მართული პროცესია, თუ ადგილობრივი ხელისუფლების ინციატივა?
- ეს ცენტრიდან წამოსული პოლიტიკაა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოხდეს საზღვრის დაფიქსირება და ამისთვის საჭიროა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის აშენება. ამის გაკეთებას სჭირდება ფული, პოლიტიკური ნება. ეს დაკავშირებულია გარკვეულ საგარეო საფრთხეებთანაც, რადგან შესაძლოა, ამან კრიტიკა დაიმსახუროს. ამიტომ, რუსეთი ამას ახორციელებს ნელ-ნელა და შეპარვით. რა თქმა უნდა, ამის გაკეთებას ვერავინ გაბედავს რუსეთს უმაღლესი ხელისუფლების სანქციის გარეშე. ამის იმპლემენტაცია ხდება ფრთხილად, ხან ერთ, ხან მეორე მონაკვეთზე, იმისთვის, რომ ერთბაშად ამის განხორციელებამ დიდი სკანდალი არ გამოიწვიოს დასავლეთში და არ დაიწყოს ისევ რეზოლუციების ეპოქა, რომელიც ახლა მიწყნარდა და პირველ რიგში, სწორედ იმის გამო, რომ საქართველომ დაიწყო პირდაპირი დიალოგი რუსეთთან და მაინცდამაინც არ იჩენს ინიციატივებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში მწვავედ დააყენოს რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის საკითხები. ჩვენ გარკვეულ ხაფანგში ვართ, რადგან ერთი მხრივ, გვინდა რუსეთთან დიალოგი და ამას ვახორციელებთ, მაგრამ მეორე მხრივ, ამ დიალოგს შედეგი ჯერჯერობით არ მოაქვს და არც გვაძლევს იმის მორალურ უფლებას, რომ აქტიურად ისევ მოვითხოვოთ რუსეთის კრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს არის დილემა, რომელიც გადასაწყვეტია და მოსაძებნია ოქროს შუალედი.
- ამ თვალსაზრისით, რა შედეგი მოიტანა ჟენევის ფორმატმა? შეგვიძლია თუ არა, რომ ამ ფორმატის ეფექტურობაზე ვისაუბროთ შედეგობრივი თვალსაზრისით?
- ჟენევის ფორმატი ეს არის არხი, სადაც ყველა დაპირისპირებული მხარე ერთმანეთს ოფიციალურად ხვდება. ვფიქრობ, რომ ჟენევის ფორმატს არ აქვს იმის რესურსი, რომ მოიტანოს კონფლიქტის სერიოზული გადაწყვეტა. ჟენევის ფორმატის დღის წესრიგში ისეთი ამოცანები არ დგას, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი გადაწყდეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ის ხალხი, რომელიც მოვიდა მოლაპარაკებებზე, არ ჰქონდათ სურვილი დღის წესრიგში ეს საკითხები შესულიყო. ჩვენ უბრალოდ, ჟენევის ფორმატში ვსაუბრობთ იმის გამო, რომ რამე სერიოზული გართულება არ გამოგვეპაროს და ისევ არ მივიდეთ შეიარაღებულ კონფლიქტამდე. ასევე იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ არხი, რომელშიც გვექნება შესაძლებლობა ჩვენი პოზიციები ერთმანეთს გავუზიაროთ და არ მოხდეს მხარეების ერთმანეთისადმი მთლიანად გაუცხოება, რასაც მოყვება ურთიერთიზოლაცია. ასეთ პირობებში კი, არამგონია რამე მოვიგოთ, რადგან საბოლოო ჯამში ჩვენ არ გვექნება არანაირი შესაძლებლობა იმისათვის, რომ გავიგოთ მაინც, რას აპირებს იქითა მხარე.
- რაც შეეხება მოახლოებულ ვილნიუსის სამიტს, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საქართველოს მომავალი სამიტის წინ, რას მოუტანს ის საქართველოს?
- ეს ევროკავშირის სამიტია, სადაც მოხდება ასოცირებული შეთანხმების პარაფირება, რომელიც შეიცავს ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ნაწილს და დაფიქსირდება მოლაპარაკების დასრულება ტექსტების შეთანხმებით. მაგრამ ეს არ არის ჯერ შეთანხმების ხელმოწერა. ხელმოწერა მოხდება ცოტა უფრო მოგვიანებით, როდესაც ტექსტები ითარგმნება ევროკავშირის ენებზე, სრულად გაიმართება და მათი ტექნიკური კორექტირება მოხდება. ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მომავლისთვის, რადგან იქ გამოჩნდება რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. შეიძლება, რაღაც ნიშნები გამოჩნდეს იმისა, რომ საქართველოს გაწევრიანება მისაღებია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის მომავალში.
- ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს აპელირება იმაზე, რომ საქართველომ დასავლურ კურსს გადაუხვია და მას პრორუსული ძალები მართავენ. იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც ახალი ხელისუფლების მიერ გადაიდგა, კურსის ცვლილება შეინიშნება?
- დასავლური კურსისთვის საქართველოს რა თქმა უნდა, არ გადაუხვევია, თუმცა საქართველო დასავლურ კურსზე სრულად არასდროს მდგარა. განცხადებებით - კი. მაგრამ დასავლური კურსის სრულად გაზიარებისთვის ასევე საჭიროა თანხვედრა დასავლურ მოთხოვნებთან, რასაც სრული ასახვა არ ჰქონია ჩვენს პოლიტიკაში. მიუხედავად ამისა, ჩვენი კურსი იყო პროდასავლური და იქნება პროდასავლური, რადგან ეს არის ჩვენი ერის მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ამ მთავრობასაც აქვს შეცდომები და მისი ზოგიერთი ნაბიჯიც იწვევს გარკვეულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მყარად და თანმიმდევრულად მივდევთ ამ კურსს. აქ არის კრიტიკის საფუძველი, და ეს კრიტიკა უნდა იყოს კიდეც. მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან, რომელიც შეიძლება, ცოტა გადამეტებულია, მაგრამ საჭიროა და გამოადგება მმართველ ძალასაც, მისი პოლიტიკის უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებისთვის.
- და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, შედგა თუ არა კოაბიტაცია საქართველოში?
- კოაბიტაცია რომ შემდგარიყო, ჩვენ უკვე ვიქნებოდით საკმაოდ კარგი საზოგადოება და მაპ-ის მიღების და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები იქნებოდა საკმაოდ მყარი. სამწუხაროდ, კოაბიტაცია ვერ შედგა. არის მცდელობა ურთიერთობების დარეგულირების და ნორმალური კონკურენციის პირობებში გადაყვანისა იმ დაპირისპირების, რაც არსებობს „ნაციონალური მოძრაობასა“ და მმართველ ძალას შორის. თუმცა, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან ჩვენ ისევ ვხედავთ ექსტრემალურ დამოკიდებულებებს. არის მცდელობები უსაფრთხოების და საგარეო საკითხებში თანამშრომლობის მცდელობების, რაც მისასალმებელია.
რაც უფრო მალე მოვახერხებთ იმ კომპლექსის გადალახვას, რომ ვიღაცეები ვართ ცამდე მართლები და მეორე ნაწილი ვართ დამნაშავეები და ცუდები, მით უფრო კარგი იქნება. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე. ეს ეხება მთლიანად საზოგაოებას, რადგან არის ასეთი მიდგომა - „ოცნების“ მომხრეები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები მთლიანად დამნაშავეები არიან ყველანი ციხეში უნდა იყვნენ; „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ ახალი ხელისუფლება - ეს არის პრორუსული ძალა და ქვეყანა მიჰყავს რუსეთში. ისტერიამდე მიდის მათ შორის დაპირისპირება. ეს უნდა მოიხსნას. ვფიქრობ, მაშინ გაგვიჩნდება სერიოზული პოლიტიკური წინსვლის პერსპექტივა, როცა მოვახერხებთ კომპრომისების მიღწევას, ერთმანეთის აზრისა და შეხედულებების პატივისცემას. ასევე, შეცდომების პატიებასაც და შეცდომების აღიარებას. ასეთი მიდგომით უნდა იმოქმედოს პირველ რიგში სამოქალაქო საზოგადოებამ. მან აქეთკენ უნდა უბიძგოს პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას და არა კონფრონტაციისა და გახლეჩისკენ. ეს მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისა და პოლიტიკური კულტურის ამაღლებისთვის.