როგორ ავირჩიოთ პრეზიდენტი ანუ ცხელი ზაფხული - 2

როგორ ავირჩიოთ პრეზიდენტი ანუ ცხელი ზაფხული - 2

"გზის" წინა ნომერში ფსიქოლოგებისა და მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები გაგაცანით, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის ლიდერი და რა თვისებები უნდა ჰქონდეს მას... სტატიის ბოლოს კი შეგპირდით, რომ მოქმედ პრეზიდენტს სწორედ ამ თვისებების მიხედვით დავახასიათებდით და მომავალში, პრეზიდენტობის კანდიდატებსაც ამავე ჭრილში გავნიხილავდით.
ფსიქოლოგ-მეცნიერთა აზრით, ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს:

"ავტორიტეტული პიროვნება, ლიდერი და კარგი ორატორი, რკინისებური რეპუტაციით".
ალბათ უმეტესობა (46% მაინც) დამეთანხმება, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტი და რეპუტაცია ცოტა შერყეული და შელახულია, თუმცა ვერავინ შემედავება, რომ ორატორული ნიჭი ნამდვილად აქვს. ნებისმიერ მსმენელზე შეუძლია შთაბეჭდილების მოხდენა. იცის, როგორ მიიპყროს აუდიტორიის ყურადღება. აქვს საოცარი მიბაძვის უნარი და შეუძლია გამოაჯავროს როგორც 20 წლის სტუდენტ გოგონას, ასევე - ნებისმიერ პოლიტიკოსს. მისი სიტყვით გამოსვლა ყოველთვის მოულოდნელობებითაა სავსე და ხშირად ემსგავსება კარგ შოუს, რაც მსმენელს ძალიან მოსწონს.

"პრეზიდენტი უნდა იყოს ჯანმრთელი და სულითა და გარეგნობით ძლიერი, შრომისმოყვარე, უნდა შეეძლოს საჭირო დროს ხუმრობა; მიზნის მკაფიოდ დასახვა და ფორმულირება, შემდგომში კი - მისი კონტროლი".
მოქმედი პრეზიდენტის ჯანმრთელობის (უფრო - ავად ყოფნის) შესახებ ხშირად ლაპარაკობდნენ. იმასაც ამბობდნენ, უცხოეთში ფსიქიატრიულ კლინიკაში უმკურნალიაო. მასმედიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ამის დამადასტურებელი საბუთის მოძიებაც კი სცადა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი ცნობა სახელმწიფო კანცელარიაში არ ინახება...

იუმორში ბატონი მიხეილი ნამდვილად მოიკოჭლებს. არ მახსენდება მისი არც ერთი ხუმრობა... თუ ხუმრობს - უკბილოდ და თუ ხუმრობა გამოსდის, ეს თავისთავად ხდება - გაუცნობიერებლად და მის მიერ წამოსროლილი ფრაზები საზოგადოებაში "გაჰიტდება" ხოლმე. მაგალითად, ხშირად იხსენებენ მარნეულის საკონსერვო ქარხანაში სტუმრობისას, იქ დამზადებული კიტრის მწნილის დანახვისას რომ თქვა, - აი, აქამდე ირანულ კიტრებზე ვისხედით, ახლა კი ჩვენი, ქართული კიტრი გვექნებაო.
ყველა-ყველა და, მიზნის მკაფიოდ დასახვა და მისი კონტროლი ბატონ მიხეილს არ ესწავლება.
- აქ მინდა ავაშენო ქალაქი! აქ - რკინიგზა! აქ - საციგურაო მოედანი, შადრევანი, სასახლე, ქარხანა... - იტყოდა და დაუყოვნებლივ იწყებოდა ჩოჩქოლი და გადარბენა... მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა... მუშები დღე და ღამეს ასწორებდნენ... შუა მშენებლობის დროს პრეზიდენტი ტელევიზიების თანხლებით შეირბენდა ობიექტზე, დახედავდა, თავადაც 1-2 ბლოკს გადაზიდავდა, ოფლს მოიწმენდდა და მშენებლობის დასრულების შემდეგ წითელ ლენტსაც გაჭრიდა.

არ გეგონოთ, რამეს ვაბრალებდე, ყვარელში, ილიას ტბაზე დასასვენებელი კომპლექსის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში თავადაც აღნიშნა (სტილი დაცულია): "მე ხო ვიცი, რა არი კაპრიზიანი, შარიანი პრეზიდენტის მოთმენა, რომელიც იძახის, რომ ეხლა მომეწონა ეს ადგილი და ხუთ თვეში უნდა იყოს, ოთხ თვეში უნდა იყოს, სამ თვეში უნდა იყოს და ყველამ იცის, რომ ასეთი რაღაც ხუთ თვეში და ოთხ თვეში და სამ თვეში ვერ მორჩება, მაგრამ ისიც ყველამ იცის, რომ მეც და ყველა ჩვენგანიც მოუთმენლები ვართ... რამაზ ნიკოლაიშვილი დადის დიდი ბადით და აკეთებს ყველაფერს, რომ სუყველაფერი ცისფერი იყოს, ცისფერი საღებავი გვაქვს შემოტანილი, სუყველაფერს შევღებავთ, ყველაფერი კარგად იქნება".

პრეზიდენტის მკაფიოდ დასახული მიზანი მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნაც იყო, რადგან ერთხელ შეგვპირდა, - "მე მეორედ მოსვლამდე დავაგებ ასფალტს"... მეორედ მოსვლამდე არაფერი ეტკინოს და... მის შრომისმოყვარეობაზე რაიმე აუგი რომ ვთქვა, ამას არავინ მაპატიებს, რადგან ყველამ ვიცით, რომ ყვარელში მამული შეიძინა, სადაც მეურნეობას უძღვება... გვინახავს, როგორ მართავდა ტრაქტორს,
მუშაობდა მძღოლად (გახსოვთ ალბათ, ყურძნის მოსავალი რომ დააბინავებინა კახელ გლეხს), შრომობდა მშენებლობაზე, მართავდა ვერტმფრენს, ამ ცოტა ხნის წინ კი დანანებით თქვა, - არ დამაცადეს, თორემ მატარებლის მართვა უნდა მესწავლა, მინდოდა, პრეზიდენტობა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნით დამესრულებინა, თუმცა ეს ვერ მოესწრებაო.
პრეზიდენტმა განაცხადა: "ქვეყანაში უნდა იყვნენ კვალიფიციური პრარაბები!" და ცდილობდა, მაგალითი თავად მიეცა, მაგრამ სამწუხაროდ, ახალმა მთავრობამ შრომისმოყვარე პრეზიდენტს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ბოლო აგურის დადების საშუალება არ მისცა.

ანაკლია ქალაქად გამოაცხადა და გვითხრა: "ესეც თქვენი სენ-ტროპე და ნიცა, როგორც ეს მე წარმომიდგენია და ცოტა უკეთესიც კი". მოგვიანებით კი ფოთსა და ანაკლიას შორის ახალი ქალაქის, ლაზიკის აშენების იდეა გაგვიზიარა და ივარაუდა, რომ რამდენიმე წელიწადში ამ ქალაქში ნახევარი მილიონი ადამიანი იცხოვრებდა.

პრეზიდენტის შრომისმოყვარეობის დასამტკიცებლად მარტო ის ფაქტი რად ღირს, ჰიბრიდული სიმინდის ყანაში თოხს რომ უბაკუნებდა?!. რაჭველმა ქალბატონმა, თინა რეხვიაშვილმა ამ ამბავს ლექსიც კი მიუძღვნა: ის ჰიბრიდული ტარო კი,/ ვინც ჭამა, დედა ეტირა,/ ჰიბრიდულს სულ არა ჰგავდა,/ ბობოხიძეს რომ ეჭირა./ ბატონო პარლამენტარო,/ გლეხის სიტყვაა ალალი,/ ხელში რა დაგაჭერინეს,/ ჩემი საქმე სულ არ არის.

"პრეზიდენტი უნდა იყოს თავისი ქვეყნის პატრიოტი და შეეძლოს კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება".
მოქმედი პრეზიდენტის პატრიოტიზმზე ფრთიან ფრაზებად ქცეული მისივე გამონათქვამები მეტყველებს. თუ სამშობლოს დასჭირდება, ის მზადაა, საკუთარი სხეულის ნაწილებსაც კი შეელიოს: "მზად ვარ, მოვიჭრა და რუსეთს გავუგზავნო ჩემი სხეულის მათთვის საინტერესო ნაწილები", - თქვა ერთ-ერთი გამოსვლის დროს და რუსეთის პრეზიდენტს რუსულად შეუთვალა: "მი მალენკაია სტრანა, ნე ნადო ნამ ატკუსივატ" - და ქართულად დაამატა: "ჩვენ ცხვირს მოვხოცავთ ჩვენი ქვეყნის მტრებს!" ესაა ნამდვილი პატრიოტიზმი, თორემ ხმლით ბრძოლა ყველა ქართველ მეფეს შეეძლო, სხეულის ნაწილების შეწირვა - არც ერთს.

"პრეზიდენტი უნდა იყოს უკიდეგანოდ განათლებული".
იმ ფსიქოლოგების ჯიბრზე, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ლიდერი აუცილებლად განათლებული უნდა იყოს, ჩვენი პრეზიდენტი უამრავ სიბრძნესა თუ "ვინმე მესხი მელექსის" "ლექსიდან" ციტატებს უშურვებლად არიგებდა... ასევე იცის, რომ "მაიკროსოფტმა" შექმნა ქართული ანბანი" და ამის შესახებ კომპიუტერების დამამზადებელი ქარხნის გახსნისას გვაუწყა. მრავალრიცხოვანი გამოსვლების დროს, ხშირად მოჰყავდა მაგალითები ქვეყნის ისტორიიდან და უმეტეს შემთხვევაში, სინამდვილესთან წინააღმდეგობაში მოდიოდა...

"პრეზიდენტი უნდა ერკვეოდეს ეკონომიკაში, ენერგეტიკაში, ქმნიდეს სამუშაო ადგილებს, ყურადღებას აქცევდეს სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერებს. პრიორიტეტულად უნდა მიაჩნდეს სოციალური პრობლემების მოგვარება"...
კი, ბატონო... ბატონი მიხეილი ეკონომიკაში რომ ერკვევა, ამაზე არავინ დაობს... ეკონომიკის მინისტრად ისეთი მშვენიერი ქალბატონი (ვერა ქობალიას ვგულისხმობ) დანიშნა, რომ არავის შეგვპარვია ეჭვი მის ცოდნაში და მერე ამ ქალბატონმა ქართული ეკონომიკა ისე ააყვავა და ისეთი "მდგრადი" გახადა, რომ ყველანი დავრწმუნდით მისი გადაწყვეტილების სისწორეში.
რაც შეეხება ენერგეტიკას, ვერც ამ სფეროში დავწამებთ ქვეყნის პრეზიდენტს უცოდინარობას... 24-საათიანი ელექტრომომარაგება გვაქვს (რასაც ხშირად გვაყვედრის) და ჰესების მშენებლობასაც გეგმავდა... ერთ-ერთი გამოსვლის დროს კი ამაყად გვაუწყა: "ჩვენ მოვახერხეთ ბაკურიანის სრული განათება წელს, მაგრამ მომავალ წელს უფრო გავანათებთ". სამწუხაროდ, ალბათ ვერ გავიგებთ, რას ნიშნავს, "სრულად განათებულის უფრო განათება".

რაც შეეხება პენსიონერების მიმართ ყურადღებას, მარტო ერთი ფაქტი რად ღირს: აქცია - "ღიმილიანი საქართველო"!

მისი თქმით, ყველა ქართველს "ჰოლივუდისკბილებიანი ღიმილი" უნდა ჰქონოდა. გასცა ბრძანება, - ყველა პენსიონერს უფასოდ ჩაუსვით კბილებიო, სასწრაფოდ გამოაცხო "ნაცმოძრაობისთვის" წინასაარჩევნო ლოზუნგი - "დავუპლომბოთ, ჩავუსვათ, გავუპრიალოთ" - და სტომატოლოგიურ კლინიკებთან რიგები დადგა. უამრავმა პენსიონერმა, რაც ჰქონდა, ის კბილებიც დაიძრო (უკეთესის მოლოდინით) და... პრეზიდენტის პარტია არჩევნებში დამარცხდა... საბრალო უკბილო მოხუცებმა სცადეს პროტესტის გამოხატვა და ერთი კი ამოიჩიფჩიფეს, - ეს რა გვიყო მიშამო?! - მაგრამ იმის შემდეგ პრეზიდენტმა ლოზუნგიც მიივიწყა, აქციაც და მისი წყალობით უკბილოდ დარჩენილი პენსიონერებიც.

სოციალური პრობლემები მუდმივად იყო პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში. გახსოვთ, მიყოლებით ხსნიდა საავადმყოფოებს და შემდეგ იქ მყოფ პაციენტებსაც მოინახულებდა ხოლმე. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ საავადმყოფოები დაუმთავრებელია, აპარატურა უკვე გახსნილი კლინიკიდან "ლენტგასაჭრელში" გადააქვთ და პაციენტები "შარვალ-კოსტუმის" გახდას ვერ ასწრებენ, ლოგინში ჩაწოლამდე; ერთი თვის წინ ნამშობიარები ქალები სახლებიდან მოჰყავთ და პალატაში აწვენენო, - მაგრამ ამას ბოროტი ენები ამბობდნენ იმისთვის, რათა ხალხზე მზრუნველი პრეზიდენტისთვის ლაქა მოეცხოთ. პრეზიდენტი კი ასეთ სირთულეებს არ უშინდებოდა. ერთ-ერთ კლინიკაში სტუმრობისას, მელოგინე ქალს გულითადი მადლობაც კი გადაუხადა, - დიდი მადლობა, რომ დროზე გააჩინე ბავშვიო! ალბათ იმას გულისხმობდა, საავადმყოფოს გახსნამდე რომ იმშობიარა ქალბატონმა და სამშობიარო ბლოკი ცარიელი რომ არ დახვდა...

"პრეზიდენტი არ უნდა იყოს ამორალური, ნაძირალა და მატყუარა... არ უნდა ფიქრობდეს მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე... არ უნდა ილტვოდეს უსაზღვრო ძალაუფლებისკენ, არ უნდა იყოს სუსტი, მშიშარა, მოსულელო, ზეპოლიტიზებული, ეგოისტი, იმპულსური, ბოღმიანი"...
ნება მიბოძეთ, ფსიქოლოგების მიერ ჩამოთვლილი ეს თვისებები უკომენტაროდ დავტოვო, ვინაიდან მოქმედი პრეზიდენტის შეურაცხყოფა კანონით ისჯება, შინაგან საქმეთა მინისტრმა კი სულ რამდენიმე დღის წინ გვითხრა, რომ "ნაციონალებს" იცავდა და დღესაც იცავს პოლიცია, მასთან საქმის დაჭერა კი მერწმუნეთ, ჩემს გეგმებში არ შედის.

ელექტორატის აზრით, ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს 45-55 წლის მამაკაცი, გონიერი, ქვეყნის იმედი, მამაცი, წარმოსადეგი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მელოტი.

ბატონი მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად აკმაყოფილებს ელექტორატის მიერ მოთხოვნილ ასაკს, წარმოსადეგიც გახლავთ და არც მელოტია. დანარჩენ თვისებებზე ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებ.

დაბოლოს, დასკვნის გაკეთება მკითხველისთვის მიმინდვია: აკმაყოფილებს თუ არა ქვეყნის პრეზიდენტი იმ მოთხოვნებს, რაც ქვეყნის ლიდერს უნდა ჰქონდეს; მართლა "მაგარია მიშა" თუ (ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს დავესესხები ორ სიტყვას) "პიტალო ჭეშმარიტება" ისაა, რომ ქვეყანას კვალიფიციური "პრარაბი" აკლია?