სააკაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ სისხლიან პროვოკაციას გეგმავს?!

სააკაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ სისხლიან პროვოკაციას გეგმავს?!

“ადამიანთა უფლებების დაცვის _ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულთა მონიტორინგის სიმონ ვიზენტალის სახელობის ქართული ფონდის” ხელმძღვანელი მირიან ყარაულაშვილი “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ბოლო ვრცელ სატელევიზიო გამოსვლას აანალიზებს და არ გამორიცხავს, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებამდე სააკაშვილმა და, საერთოდ, “ნაცმოძრაობამ” მკვლელობების ორგანიზება მოაწყონ. აქედან გამომდინარე, ყარაულაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყნისა და, განსაკუთრებით, პრემიერის უსაფრთხოების ზომები გაამკაცროს. ამასთან, ქართველ “ვიზენტალისტთა” ლიდერი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, 27 ოქტომბრამდე ქართული ავიაკომპანიების მომსახურებით არ ისარგებლოს.

მირიან ყარაულაშვილი: _ ერთი კვირის წინ, სააკაშვილმა “ნანუკას შოუში” განაცხადა, ზოგიერთს მოკლავენ, ზოგიერთი გადავრჩებით და ჩვენი შემდგომი ცხოვრება ამის მიხედვით უნდა დავგეგმოთო. თუ ამ განცხადებაში ვინმე სხვა რამეს დაინახავს, გარდა იმისა, რომ ეს კაცი ცუდზე ფიქრობს, კი ბატონო, მაგრამ ეს განცხადება ისე აღვიქვი, როგორც სააკაშვილის გულისთქმა და არაცნობიერის უნებლიე გამჟღავნება. საერთოდ, არაერთხელ მითქვამს, რომ მას არამყარი ფსიქიკა აქვს, ამასთან, ცნობიერი და არაცნობიერიც არეული აქვს და ხშირად იმას, რასაც ფიქრობს, ხმამაღლა ამბობს.

_ ალბათ, არც უამისობაა, მაგრამ სააკაშვილის ზემოხსენებული განცხადება შეიძლება, “სიტყვის მასალადაც” ჩაითვალოს...

_ კი, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. “ნაციონალებისგან” ყველაფერია მოსალოდნელი და მათ ავადმყოფ ტვინში შეიძლება, ნებისმიერი სიბინძურე “მოიხარშოს”. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ ქვეყნის და, მათ შორის, პირველი პირების უსაფრთხოების ზომები გააძლიეროს, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ თვითმფრინავითა და სხვა ტრანსპორტით გადაადგილების დროს.

_ “პირველ პირებში” პრემიერსაც გულისხმობთ?

_ კი, ბატონო...

_ “ნაცმოძრაობას” რა რესურსი აქვს, რომ პრემიერის უსაფრთხოება, ასე ვთქვათ, დაარღვიოს?

_ პირველ რიგში, ძალიან დიდი ფული აქვს. ნათქვამია, ის, რაც არ კეთდება ფულით, კეთდება ძალიან დიდი ფულითო. ეს შავი ფული სხვადასხვა ოფშორსაა “ამოფარებული”. სხვათა შორის, ხელისუფლებას ვსაყვედურობ.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ, მაგალითად, კვიპროსმა ანგარიშები გახსნა და ნებისმიერ ოპერატიულ მუშაკს, თუკი დაასაბუთებს, შეუძლია, ქვეყნის მოქალაქის ანგარიშებზე ინფორმაცია მიიღოს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს ვურჩევ, ოფშორებში, საქართველოს მოქალაქეთა კონკრეტული გვარების მითითებით, ანგარიშები შეამოწმოს!

_ ბატონო მირიან, მოქალაქეთა ანგარიშების შემოწმებას ათასი კუდი გამოებმევა, სხვა თუ არაფერი, იტყვიან, აი, საქართველოს ირანიზაცია დაიწყოო...

_ ყველა მოქალაქის კი არა, საჯარო მოხელეთა ანგარიშები უნდა შემოწმდეს. ისე, ცუდი არ იქნება, თუკი ბიზნესმენთა ანგარიშებიც გადაიხედება, რადგან 9 წლის განმავლობაში, ბიზნესმენთა უმეტესობა “ნაცმოძრაობის” ხელდასხმითა და “ნაციონალების” “წილში ჩაჯდომით” მუშაობდა!

_ მოდით, ისევ უსაფრთხოებას დავუბრუნდეთ... ფული ერთია, მაგრამ თავდასხმისა თუ ტერაქტის ორგანიზებისთვის შემსრულებელიცაა საჭირო...

_ სწორედ აქეთკენ მივდივარ... ვანო, სხვა თუ არაფერი, ლაფანყურის გახმაურებული სპეცოპერაცია გაიხსენეთ. ასევე, გაიხსენეთ, რომ ჩრდილოკავკასიელები საქართველოში კუდ-ის საფარქვეშ ცხოვრობდნენ და ქართული პასპორტები ჰქონდათ. სხვათა შორის, რამდენიმე მათგანი თურქეთში ტერორიზმის მუხლით დააკავეს და სასამართლოს ელოდება. ამავე კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს ვანო მერაბიშვილის ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი... მოკლედ, შემსრულებელი ძალიან ადვილად მოიძებნება, რომელიც ფულის თუ არა, ძალიან დიდი ფულის სანაცვლოდ ნებისმიერ დავალებას შეასრულებს.

_ თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, “ნაციონალებს” ხელს ვისი მოცილება უფრო აძლევთ _ “ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის თუ პრემიერის?

_ არ მგონია, რომ “ნაცმოძრაობისთვის” “ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი საშიშროებას წარმოადგენდეს, მით უმეტეს, იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც “თავისუფლების ინსტიტუტთან” აქვს.

პრემიერის ლიკვიდაცია კი, სახელმწიფოში აბსოლუტურ კოლაფსსა და იმაზე დიდ დიქტატურას გამოიწვევს, როგორიც თავის დროზე ჩილეში, პინოჩეტის დიქტატურა იყო!

ამასწინათ, პრემიერი პოლონეთში ერთ-ერთი ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავით ჩავიდა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრემიერს ქართული ავიაკომპანიების მომსახურებით სარგებლობას არ ვურჩევ, მით უმეტეს, იმ თვითმფრინავით მგზავრობას, რომელიც ავარიულ დაჯდომასა თუ სიტუაციებში არაერთხელაა შემჩნეული. უფრო მისაღებია, რომ პრემიერმა ისევ იმ თვითმფრინავით იფრინოს, რომლითაც აქამდე დაფრინავდა _ როგორც ვიცი, თვითმფრინავს ერთ-ერთ გერმანულ კომპანიას უკვეთავდა ხოლმე...

_ ბატონო მირიან, შეიძლება, სააკაშვილს მეკავშირეები პრემიერის გარემოცვაში ჰყავდეს?

_ სააკაშვილს მეკავშირეები ნებისმიერ საკვანძო ადგილზე ჰყავს. საერთოდ, “ოცნების” დიდი შეცდომა იყო, რომ არჩევნების დამთავრებისთანავე საკვანძო ადგილებზე მყოფი ფიგურების შემოწმება არ ჩაატარა.

_ ამის გაკეთება დღეს არ შეიძლება?

_ ალბათ, საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა დაველოდოთ და მერე, ყველა იმ კადრის გადამოწმება უნდა მოხდეს, ვისაც ქვეყნის უსაფრთხოება და ეკონომიკა აბარია.

_ თუკი საფრთხე რეალურია, არჩევნების შემდეგ გადამოწმებას რაღა აზრი ექნება?

_ იმედი მაქვს, რომ “ნაციონალები” სისულელეს არ ჩაიდენენ!

_ ბატონო მირიან, თქვენი აზრით, ადამიანები, რომლებიც სტრატეგიულ უწყებებში მუშაობენ, “ნაციონალებს” რითი ჰყავთ “დაჭერილი” _ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით?

_ ამ პიროვნებებისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამომზეურება პრობლემა არაა. საქმე, ალბათ, უფრო ფინანსურ და კრიმინალურ დანაშაულობებშია. ასეა თუ ისე, ფაქტია: “ნაციონალები” სიტუაციას აკონტროლებენ!

_ სხვათა შორის, ზემოხსენებული გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, ივანიშვილი ჩვენთან იმიტომ იყო, რომ პატარკაციშვილის ეშინოდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი, ჩვენთან კავშირი გაწყვიტაო... ამით რისი თქმა უნდოდა?

_ სააკაშვილის ავადმყოფურ თავში დაბადებული აზრების გაშიფვრა არ შემიძლია, მაგრამ მისი მხრიდან ეს არც კაცური საქციელი იყო და არც _ მორალური. როგორი ამორალურიცაა, ისეთივე ამორალური თეორია განავითარა, რომ ივანიშვილს თითქოს პატარკაციშვილისგან თავდაცვა სჭირდებოდა. ივანიშვილსა და პატარკაციშვილს, როგორც ვიცი, სხვადასხვა ბიზნესინტერესი ჰქონდათ და გაუგებარია, თავდასხმისა და თავდაცვის რეჟიმში რატომ უნდა ყოფილიყვნენ?

_ ბატონო მირიან, რა ამის პასუხია და, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თითქმის ყველა გაქცეული, რომელმაც ქვეყანა 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დატოვა, სამშობლოში დაბრუნდა, ან პოლიტდევნილის სტატუსი მიიღო, თუმცა ამ მხრივ ორი გამონაკლისია _ ემზარ კვიციანი და ლევან მამალაძე. როგორც ვიცი, “ვიზენტალის ფონდი” ორივე ექსგუბერნატორის საქმეს სწავლობს. ახალ ხელისუფლებას ამ პერსონებთან რა პრობლემები აქვს?

_ ჯერ ერთი, ჩემი ინფორმაციით, არც სხვები დაბრუნებულან. მეორეც, კვიციანი და მამალაძე საქართველოში ცხოვრებას მართლა იმსახურებენ... არ ვიცი, მათი საქმეების განხილვა რატომ არ ხდება, თუმცა ის ბრალდებები, რომლებიც მამალაძესთან დაკავშირებით გასაჯაროებული იყო, სისხლის სამართლის საქმეში ოფიციალურად არ ფიგურირებს. ოფიციალურად, მამალაძეს ბრალი იმაში ედება, რომ ინგლისის მოქალაქე ვინმე პანდიტის, რომელიც ქვემო ქართლში საქმიანობდა, ქრთამის სახით, 35 ათას დოლარად შეფასებული “ჯიპი” გამოსძალა, მაგრამ ეს აბსოლუტური სისულელეა.

_ რითი მტკიცდება, რომ ეს “აბსოლუტური სისულელეა”?

_ არსებობს მამალაძის ახსნა-განმარტებითი ჩვენება, რომლის თანახმადაც, სამი “ჯიპი” დუბაიში შეიძინეს, საიდანაც ერთი მამალაძის იყო, ერთი _ ზურაბ ჟვანიასი და ერთიც, როგორც ვიცი, _ სააკაშვილის.

_ ფული ვინ გადაიხადა?

_ პატრონებმა.

_ “ვარდების რევოლუციამდე” სახელმწიფო მოხელეების ხელფასი, თუ არ ვცდები, 300 ლარი იყო და მამალაძემ 35 ათასი დოლარი ჯამაგირით დააგროვა?

_ ჯერ ერთი, ხელფასი 300 ლარზე მეტი იყო, მეორეც, ვიდრე გუბერნატორი გახდებოდა, მამალაძეს, მამასთან ერთად, ბიზნესი ჰქონდა.

_ მამალაძე გუბერნატორი 1994 თუ 95 წელს გახდა. მაშინ საქართველოში სრული სტაგნაცია იყო და რა ბიზნესი ჰქონდა?

_ 1989 წლიდან ლევან მამალაძესა და მამამისს სავაჭრო ბირჟაზე საბროკერო კომპანია ჰქონდათ, რომელიც ინტენსიურ სავაჭრო ოპერაციებს _ ექსპორტ-იმპორტს აწარმოებდა, ძირითადად, კომპიუტერების შემოტანასა და სიგარეტთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობდა. როცა მამალაძე გუბერნატორი გახდა, საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო.

_ თუკი ასეთი შეძლებული იყო, ვიდრე გუბერნატორი გახდებოდა, დანგრეული მწვანე “მოსკვიჩით” რატომ დადიოდა?

_ მაშინ “მერსედესი” და “შევროლე-ბლეიზერი” საქართველოში არ იყო...

_ ლევან მამალაძეზე ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციამდე” ამბობდნენ, ოქროს ზოდები აქვს და ნიანგებზე სანადიროდ დადისო, ანუ მამალაძეს საზოგადოებაში არცთუ დადებითი იმიჯი აქვს. “ვიზენტალის ფონდი”, როგორც ვატყობ, მის რეაბილიტაციას ცდილობს. ბატონო მირიან, ამ რეაბილიტაციით თქვენი ფონდის რეპუტაცია ეჭქვეშ ხომ არ დადგება?

_ ფონდი პასუხს თავის ყველა სიტყვაზე აგებს! არ ვამბობ, რომ მამალაძე აბსოლუტურად უდანაშაულოა და შესაძლოა, რაღაც შეცდომები ჰქონდა. ჩემი აზრით, მისი ყველა დიდი შეცდომა ისაა, რომ ქვემო ქართლში ე.წ. ბიზნესმენს, ვინმე დათო ბეჟუაშვილს საუკეთესო საინვესტიციო პირობები შეუქმნა, რომელიც საქართველოში “არსაიდან” სააკაშვილის ხელშეწყობით ჩამოვიდა _ დათო ბეჟუაშვილის ძმა, გელა და სააკაშვილი კიევის მთარგმნელების ინსტიტუტში ერთად სწავლობდნენ. სხვათა შორის, ეს ინსტიტუტი, როგორც მერე აღმოჩნდა, უშიშროების სახურავის ქვეშ ფუნქციონირებდა... როგორც კი მამალაძეს გაუჭირდა, ბეჟუაშვილების ოჯახი მთლიანად სააკაშვილის ნავში გადაბარგდა და მამალაძეს ძირი გამოუთხარა. სხვათა შორის, “საქგაზის” ტენდერის დროს, სააკაშვილი ბეჟუაშვილს ლობირებდა.

_ ეს საიდან იცით?

_ სატენდერო კომისიის წევრი ვიყავი.

_ თქვენი ინფორმაციით, მამალაძისა და Kჟვანია-სააკაშვილის ურთიერთობა რატომ დაიძაბა?

_ იმიტომ დაიძაბა, რომ მამალაძემ დაინახა, თუ რა გზით დაიწყეს სიარული ე.წ. ულტრალიბერალებმა _ პირადობის მოწმობებიდან მამის სახელი ამოიღეს...

სხვათა შორის, მამალაძე პოლიტდევნილების სიიდან თითქოს იმიტომ ამოიღეს, რომ დოკუმენტაცია არასწორად იყო წარდგენილი, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს “ნაციონალებისა” და საპარლამენტო უმრავლესობის იმ ფრთის გარიგებაა, რომელსაც “რესპუბლიკური პარტია” წარმოადგენს. მათი გარიგება სხვა საკითხებშიც გამოჩნდა...

რაც შეეხება ემზარ კვიციანს, ყველაფერი, როგორც ჩანს, წინასწარ იყო დაგეგმილი, რადგან კვიციანის მოშორების შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში, “ნაციონალებმა” რუსებს, კოდორის ხეობასთან ერთად, ამერიკული იარაღიც ჩააბარეს. ეს იარაღი ამერიკელებმა საქართველოს თავის დროზე სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად გადმოსცეს.

კვიციანიც, მამალაძის მსგავსად, დაუსწრებლად გაასამართლეს და ქონება ჩამოართვეს. მეტიც, ემზარ კვიციანის და, ნორა დაიჭირეს, პრაქტიკულად, მძევლად აიყვანეს...

_ როგორც მახსოვს, ემზარ კვიციანმა თავი აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიას შეაფარა, რაც მასზე დადებითად არ მეტყველებს...

_ ყველა გზა მოუჭრეს და აბა, სად უნდა წასულიყო?.. სხვათა შორის, ამ სადამსჯელო ოპერაციას ანზორ მარგიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც ახლაც ლეგიტიმური აფხაზეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსია...

ეს ის საკითხებია, რომლებიც უშუალოდ პრემიერმა უნდა შეისწავლოს. არ ვამბობ, რომ კვიციანი და მამალაძე აუცილებლად უნდა გამართლდნენ, მაგრამ კვიციანისა და მამალაძის საქართველოში ჩამოსვლით, “ნაცმოძრაობის” მიერ ჩადენილი უამრავი ბინძური დანაშაული გაიხსნება! მეტიც, სააკაშვილის ნომერ პირველი ბრალმდებლები სწორედ კვიციანი და მამალაძე იქნებიან!

_ ერთი სიტყვით, მამალაძე და კვიციანი საქართველოში ყბადაღებული კოჰაბიტაციის გამო ვერ ჩამოდიან?

_ კოჰაბიტაციის კი არა, “ნაციონალებისა” და “რესპუბლიკელების” ბინძური გარიგების გამო. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი ამ თემით აქამდე არ დაინტერესებულა. ბატონი ბიძინა ადამიანებს ენდობა, მაგრამ ადამიანები ნდობას ზოგჯერ ბოროტად იყენებენ.

_ ბატონო მირიან, წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა, შეიძლება, სააკაშვილმა საკუთარი თავის წინააღმდეგ ტერაქტის ინსცენირება მოაწყოს?

_ გამორიცხული არაფერია... ისე, პირობას გაძლევთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, “ნაციონალი”, როგორც იტყვიან, სანთლით საძებარი იქნება! ამიტომ, შესაბამის უწყებებს ვთხოვ, თუ განადგურებული არაა, იმ დოკუმენტაციას, რომელიც “ნაციონალების” ოფისებში ინახება, ყურადღება მიაქციონ.

საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, დაიწყება პროცესი, რომელიც ე.წ. ქართულ ნიუნბერგის პროცესამდე მიგვიყვანს. ამ პროცესზე კი, მასალებს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია წარადგენს, მათ შორის, “ვიზენტალის ფონდიც”.

_ კვიციანი და მამალაძე შეიძლება, ჟვანიას მკვლელობაზე ფლობდნენ ინფორმაციას?

_ არ მგონია...

_ ისე, მამუკა არეშიძე ლამის გადაჭრით ამბობს, რომ ჟვანიას მკვლელობას სააკაშვილიც ესწრებოდა. სხვათა შორის, ამ ვერსიაზე ისინი, ვინც ჟვანიას ერთგულები დარჩნენ, დიდი ხანია, ლაპარაკობენ, მაგალითად, რომან კუსიანი...

_ რომა ჩემი მეგობარია, თუმცა ჟვანიას მოღვაწეობაზე ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავდება... რომა წესიერი კაცი და ერთ-ერთი გამონათებაა იმ ჯგუფიდან, რომელსაც  ჟვანიას გუნდი ერქვა.

_ მიუხედავად იმისა, რომ რომან კუსიანი “ოცნების” საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული და “ნაციონალებმა” ბინაც დაუყადაღეს, პირველი ოქტომბრის შემდეგ, რომა თამაშგარე მდგომარეობაშია...

_ სამწუხაროდ, ასეა, რაც ჩემი ეჭვით, “ნაციონალებისა” და “რესპუბლიკელების” კულისებში გარიგების შედეგია, რადგან რომას შეეძლო, ძალიან ბევრი საკითხისთვის ნათელი მოეფინა...

_ ბატონო მირიან, რის საფუძველზე ამბობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქართული ნიუნბერგის პროცესი დაიწყება, მით უმეტეს, ამ კოჰაბიტაციის ფონზე...

_ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კოჰაბიტაცია და კულისებს მიღმა შეთანხმება ვეღარ იარსებებს.

_ “რესპუბლიკელებს” “ნაციონალებთან” გარიგება რაში აწყობთ?

_ ალბათ, “ნაციონალებს” რაღაც აქვთ... ისე, ვიმედოვნებ, რომ როგორც კი “ნაცმოძრაობა” გასამართლდება, აუცილებლად დადგება სხვა ლიბერალური და საქართველოს დამაქცევარი ორგანიზაციების გასამართლების საკითხიც.

_ ქართული ნიუნბერგის პროცესი სად უნდა ჩატარდეს?

_ ვთქვათ, ფილარმონიაში, ან სპორტის სასახლეში.

_ პრეზიდენტის სასახლეში რომ ჩატარდეს?

_ არა.

_ რატომ?

_ ხელისუფლებას უკვე მივმართე და “ქართული სიტყვის” მეშვეობით კიდევ ერთხელ მივმართავ პრემიერსა და შს მინისტრს, რომ პრეზიდენტის ე.წ. ავლაბრის რეზიდენციაში წამების მუზეუმი განთავსდეს! სხვათა შორის, ანალოგიური სახელწოდებისა და დანიშნულების მუზეუმები არსებობს პრაღაში, ბრიუსელში, ჰააგაში, ამსტერდამში, ვენაში, პარიზში, ბერლინში.... აღარაფერს ვამბობ ოსვენციმის, დახაუს და სხვა ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილ შენობებში განთავსებულ მუზეუმებზე!.. საჭიროების შემთხვევაში, ამ მუზეუმზე მეურვეობას საკუთარ თავზე “ადამიანთა უფლებების დაცვის _ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულთა მონიტორინგის სიმონ ვიზენტალის სახელობის ქართული ფონდი” აიღებს!..