ქვეყანა რომ გაჩერებულია, ამას უკვე არათუ ოცნების გულანთებული აქტივისტები, არამედ თავად ოცნების ლიდერებიც ხვდებიან. პოლიტიკური ნების დეფიციტთან, პანიკურ შიშსა და არაპოფესიონალიზმთან ერთად, ხელისუფლების უმთავრესი პრობლემა პარტნორის არყოლაა. დიახ, ხელისუფლებას არც ერთ სფეროსა და სეგმენტში არათუ მეგობარი, პარტნიორიც კი არ ჰყავს და ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაგნაციას, რომელშიც ამჟამად ქვეყანა იმყოფება.
ახლა უფრო დეტალურად: ივანიშვილის ხელისუფლებას არ ჰყავს პარტნიორი საერთაშორისო არენაზე. ეს კი იმას ნიშნავს და შედგებიც იქით მიდის, რომ ქვეყანა კატასტროფული სიჩქარით კარგავს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.
ხელისუფლების არაპრაგმატული ნაბიჯები რუსეთთან მიმართებაში, ხვალ კი არა, უკვე დღეს ამყოფებს ჩექმაზე აცოცებული ტილის როლში, რომელსაც თავზე არავინ დაისვამს. მით უფრო, თუ რუსულ ჩექმაზეა საუბარი. რუსეთი ჩვენგან ხარკს არ კრეფს, მას წასაღები უკვე წაღებული აქვს. რა თქმა უნდა, კრემლი სამომავლოდ არც უფრო მსუყე ნაჭერზე იტყვს უარს, თუმცა ეს ნაჭერი რუსეთმა, თავისი მტაცებლური და იმპერიული ბუნებიდან გამომინარე, თავად უნდა წაიღოს და შენი მიძლეული არაფრად სჭირდება. „წიწმატურ-ალკოჰოლურმა" გარღვევამ, კრემლი ხელისუფლების პარტნიორად ვერ აქცია.
ნურც იმის მტკიცებას დაიწყებს ჩვენი ხელისუფლება, რომ მას აშშ მიაჩნია სტრატეგიულ პარტნიორად. არა, არ მიაჩნია! უბრალოდ, პოზაა ამაზე საუბარი. ოქტომბრის არჩევებში გამარჯვებისთანავე მიიწვიეს ბიძინა ივანიშვილი თეთრ სახლში და უარი განაცხადა - დასრულდეს არჩევნები თავად ამერიკაში და დალაგდნენო. „ოცნების" სპიკერებმა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება ლამის დიპლომატიურ სახელმძღვანელოებში შეიტანეს. საოცარი კომენტარები მოვისმინეთ მაშინ: არავინ იცის, როგორ დასრულდება არჩევნები ამერიკაში და არაა საჭირო სულსწრაფობაო. მოკლედ, თუ ობამა დამარცხდება, ეს ვიზიტიც წყალში გადაყრილი იქნებაო. არადა, თეთრი სახლის სტრატეგიული ხედვა საქართველოსთან მიმართებაში ოვალური კაბინეტის ბინადრის ვინაობაზე სულაც არაა დამოკიდებული. ამდენი რომ არ გესმის პოლიტიკურ გუნდს, რომელ საგარეო წარმატებაზე უნდა ვისაუბროთ... ობამას ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ ბატონმა ივანიშვილა საქმეები მოიმიზეზა და განაცხადა, დიდი ხნით ქვეყანას ვერ დავტოვებო.
მსოფლიოში თითქმის არ არის სახელმწიფო, რომლის მეთაურისთვის მნიშვნელოვანი არ იყოს თეთრ სახლში მოლაპარაკებების გამართვა და ზესახელმწიფოს მხარდაჭერის მოპოვება. ივანიშვილი კი ცხრა თვეა სხვადასხვა „ბავშვური" და არადიპლომატიური მიზეზით ამაზე უარს აცხადებს. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ყოველდღიურად იტაცებს ჩვენს ტერიტორიებს. ჩვენ კი „300 მეტრისთვის ომს ხომ არ დავიწყებთ"... თან როცა ვვარაუდობთ, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა არ იცის არაფერი და ყველაფერს რუს გენერალსა და ლამის ეფრეიტორს ვაბრალებთ. ჩვენ ხომ „მზად ვართ რუსეთთან ურთიერთობების დასარეგულირებლად" და დასტურად კონცერტებსაც ვმართავთ კრემლში და მოსკოვის სხვადასხვა რესტორანში.
ქართული პოლიტიკის იმბეცილიზმია ის, რომ რუსეთის უმთავრესი შემაკავებელი ძალა - აშშ ფეხებზე გვკიდია და დარწმუნებულნი ვართ - პატრიარქი კირილი მოგვიგვარებს ყველა საკითხს. მოკლედ, არც ამერიკაა საქართველოს ხელისუფლების პარტნიორი.
ევროპა... იმ წამიდან, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა ვილნიუსის სამიტისთვის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე დაიწყეს საუბარი, რასაც ჩვენი ხელისუფლება უდიდეს წარმატებად მიჩნევს, იმ დასკვნის გაკეთებაც ადვილად შეიძლება, რომ ევროპამაც დროებით შეაჩერა ჩვენთან პარტნიორული ურთიერთობა. „სცენაზე" ახლა რაც ხდება, ეს მხოლოდ სამომავლო დივიდენდები და პროცესების ინერციით გაგრძელებაა.
ხელისუფლებას პარტნიორები არ ჰყავს არც შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. კოალიციის შიგნით ერთიანობა და პარტნიორობაც მოჩვენებითია. ვერ ვიტყვი, რომ ყველა ლიდერის, მაგრამ უმეტესი მათგანის შემთხვევაში, ეს ერთიანობის პოზა პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფითაა გაპირობებული. თუმცა ეს არცთუ ისე მცირე ნაწილს ეხება.
თუნდაც რიგარეშე არჩევნების თემის პერიოდიული გააქტიურება ექსპერტების დასკვნებსა და ლოგიკური ანალიზზე დაფუძნებული მოთხოვნა კი არა, „ქართული ოცნების" წიაღში წარმოშობილი იდეაა, რომლის ლიდერებსაც არც უსუფაშვილი მოსწონთ პარლამენტის თავმჯდომარედ, არც ალასიანია თავდაცვის მინისტრად და არც ძიძიგური, თოფაძე და დავითაშვილი კოალიცის „ერთ-ერთ" ლიდერებად. ამიტომ კოალიციაში თმენის რეჟიმია და არა პარტნიორობა-მეგობრობისა.
რა თქმა უნდა, ხელისუფლებას - „ქართულ ოცნებას" - პარტნიორები არც დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრში ჰყავს, ეს იმის მიუხედავად, რომ როგორც ამბობენ, თავად ივანიშვილი აფინასებს რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას და თქვენ წარმოიდგნეთ, პრეზიდენტობის კანდიდატსაც კი. ქართველი პოლიტიკოსების ვნებები ძალაუფლებასა და ფულზე გადის. შესაბამისად, როგორც კი რომელიმე „ლიდერი" გაიგებს, მასთან ერთად ვის უხდის ბიძინა ივანიშვილი და ვის რას ჰპირდება, ის მოჩვენებითად მეტად მოიდრეკს წელს, მაგრამ გაბოროტდება და რეალურად დაიწყებს საკუთარ თამაშს ან სხვა გუნდის წევრი ხდება.
არ არის საჭირო თავის მოკატუნება და იმაზე საუბარი, რომ „ოცნების" ხელისუფლებას მეგობრები ჰყავს საერთაშორისო ინსტიტუტებში. რეალურად არ ჰყავს! მეტიც, სახელმწიფოს მიერ წინასწარ, ავანსად დაქირავებული პიარკომპანიებიც კი ხელისუფლების მიერ განიხილება, როგორც „ნაცების მეგობრები". არადა, საქმე სხვაგვარადაა. ძალიან ავტორიტეტული ევროპული და ამერიკული პიარჯგუფისს წარმომადგენლებმა ასეთი რამ ბრძანეს - ჩვენ საქართველოს ლობისტები ვართ და არა სააკაშვილის, ნაციონალური მოძრაობის და გაუგებარია, თუნდაც კომუნიკაციის და ცალკეული სტრატეგიის რეალიზების კონტექსტში, რატომ არ ურთიერთობს ჩვენთან საქართველოს ხელისუფლებაო.
მეცხრე თვეა, ხელისუფლება, ცალკეული საერთაშორისო წარუმატებლობისას, გვეუბნება, საქმე ნაციონალება და მათმა ლობისტებმა გაგვიფუჭესო. ცალკე საკითხია, რომ ყოველი ასეთი განცხადების შემდეგ ხელისუფლება აცხადებს, რომ უსუსური „არსებაა" და არავითარი სტრატეგიული გათვლა არ აქვს. მაგრამ როგორ ფიქრობთ, რომელიმე კომპანიას კონტრაქტის დაკარგვა სურს? არა! შესაბამისად, იმ ლობისტებსაც გადასარევად ესმით, რომ მათთვის ამა თუ იმ საერთაშორისო ინსტიტუტში საქართველოს იმიჯის შესაქმნელად და ცალკეული საკითხების ლობირებისთვის სახელმწიფოს ფულია გადახდილი. ამ კოპანიებს ახასიათებთ მემკვიდრეობითი თანამშრომლობა და თუ ხელისუფლებაში პიარით დაკავებულ პირებს საკუთარი მერკანტელური ზრახვები არა აქვთ, რატომ არ ურთიერთობენ იმ კომპანებთან და ჯგუფებთან? თუნდაც, თუ ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკური ნება უცვლელია, მაშინ განა ის არ უნდა იცოდნენ რუსეთთან დარეგულირების მსურველმა პერსონებმა, რომ „коней на переправе не меняют..."
აქვე მოვრჩები პიარის თემას, რომელიც ქვეყნის შიგნითაც საკმაოდ არაწარმატებულია და ერთ გაუხმაურებელ ამბავსაც ვიტყვი: უმრავლესობისა და პრემიერის ბოლო შეხვედრაზე ურეკში ზაქარია ქუცნაშვილმა არასწორი მესიჯების გამო, რომელსაც პრემიერის შეაბამისი სამსახური ამზადებს, უკმაყოფილება გამოთქვა. რა გგონიათ, პრემიერი დაეთანხმა მას და გაიზიარა მისი პოზიცია? სულაც არა! პრემიერმა ქუცნაშვილი "კედელთან მიაყენა", როგორც იტყვიან, გადაუარა და აღნიშნა, რომ „კოკა დაუზარელად მუშაობს 24 საათის განმავლობაში". საოცარი არგუმენტია, ვერაფერს იტყვი - გამოდის, მთავარია დოლაბმა იტრიალოს, თორემ რა ჩამოიფქვება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ არც ესაა მთავარი, პიარზე პირდაპირაა მიბმული მედიის თემაც. რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ხელისუფლებას პარტნიორი არც მედიაში ჰყავს. მავანი იტყვის, ხელისუფლებისა და მედიის მეგობრობა ვის გაუგიაო და მართალიც იქნება. მაგრამ ხელისუფლებისა და მედიის პარტნიორობა სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მსოფლიოში აპირობირებული წესია და ამაში დასაძრახი არაფერია. მით უფრო, ჩვენს პირობებში, როდესაც სახელმწიფოს მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს.
ალბათ, უკვე მეასედ ვიმეორებ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ის დამოკიდებულება მედიისადმი, როდესაც ცალკეული გამოცემები, კომპანიები პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჰყავთ და მეტიც, ამა თუ იმ მასალისთვის ქეშად უხდიან ფულს, არის ანომალია. მერწმუნეთ, ეს გამოცემები ამავე ხელისუფლების დამამხობელთა სიაში პირველები იქნებიან. ასე იყო ოდითგან და ასე იქნება მომავლშიც. რა შეიძლება გახდეს ამ ყველაფერის მიზეზი, ამის ახსნა-განმარტებას აქ არ დავიწყებ.
მეორე სეგმენტი, რომელთანაც ასევე არანორმალური დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას, არის არასამთავრობო სექტორი. აქაც თვალნათლივ ჩანს „ნაკვებნი" და „კვებისთვის" მზადმყოფნი. ესეც ის მიმართულებაა, სადაც ხელისუფლება კისრის მოტეხის კანდიდატია. „ნაკვებთა" მიერ ხელისუფლების საწინაღმდეგოდ გაკეთებული ერთი განცხადებაც კი უფრო წონადი იქნება, ვიდრე იმათი, ვინც მართლაც ობიექტურად აკრიტიკებს, მიუთითებს და გნებავთ გულშემატკივრობს ხელისუფლებას. არცთუ შორეულ მომავალში „ვისაც ჯერ არსს" დაუდებენ „ნაკვებთა" ანტისახელისუფლებო განცხადებას და ეტყვიან, „ესეც ჩვენ ვართ?!" ესენი ხომ აქებდნენ ხელისუფლებას, მაგრამ ნახეთ, ახლა სწორედ მათ ატეხეს განგაშიო.
შესაბამისად, ის ფორმა, რაც მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან საურთიერთოდ აირჩია ხელისუფლებამ, სწორედ ამ ხელისუფლების დასამთავრებლად არის ზედგამოჭრილი და არა ქვეყნის და თუ გნებავთ, ხელისუფლების საკეთილდღეოდ.
ბიზნესი. აქ საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოდგინოს. ქართულ ბიზნესს მამა არ ჰყავს, ხოლო ეკონომიკას - დედა. მსხვილი კომპანიები და ბიზნესმენები დღემდე დაბნეულები არიან და თითქმის ყოველი მათგანი ხვალ და ზეგ გაკოტრებას, პერსონები კი დაჭერას ელოდებიან. გაკოტრების მიზეზი ეკონომიკური გაურკვევლობაა, ხოლო დაჭერის, შესაძლოა, ნებისმიერი საქმე გახდეს, რომლითაც ამა თუ იმ კომპანიის ცალკეულ ტენერში მონაწილეობა და ნაციონელების „გოსზაკაზი" დადასტურდება. არადა, დღევადელ ხელისუფლებას სულაც არ აინტერსებს, რომ ეს კოპანიები იძულებულნი იყვნენ, ამ ნაბიჯზე წასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, წლების წინ ამოყოფდნენ თავს „ვირის აბანოში" მათი შეფები. ის, რომ ხელისუფლებამ იცოდა, რა დღეში ამყოფებდა ბიზნესს ნაციონალური კოჰორტა და ამის მიუხედავად, გამარჯვების შემდეგ, ფინანსური ამნისტია არ გამოაცხადა, ცხადყოფს, რომ მას „ეს საქმები" კოზირად აქვს შემონახული. შესაბამისად, გაკოტრებისა და დაჭერის მოლოდინში მყოფი ქართველი ბიზნესმენები სულაც არ არიან ხელისუფლების პარტნიორები.
და თუ მაინც „ოცნების" ლიდერებს ილუზია აწუხებთ და მართლა ფიქრობენ, რომ საქართველოში ბიზნესი ყვავის, ვითარებაში გასარკევად ლილოს ბაზრობაზე მაინც გაისეირნონ და სახელმწიფოს ხარჯზე ზღვისპირას კოტრიალს თავი დაანებონ.
მხოლოდ დუბაიდან საქონლის იმპორტი 50 %-ით არის შემცირებული. 1-ლი ოქტომბრის შემდეგ „დოლჩე გაბანას" საცვლებში გამოწყობილმა ჩინოვნიკებმა კარგად გაიხსენონ, სად იმოსებოდნენ იმ დრომდე და ისიც აღიდგინონ მეხსიერებაში, რომ სწორედ ლილო ამარაგებდა სხვადასხვა პროდუქციით ლამის მთელი საქართველოს - წვრილ-წვრილ ბაზრობებს. ამ ბაზრობებზე საქმიანობდნენ და არჩენდნენ ოჯახებს ინდმეწარმეები. გაიარეთ ქუთაისის, ზესტაფონის, ზუგდიდის ბაზრობებზე და ნახავთ, რამდენი დახლია მიტოვებული. საშუალო და მცირე ბიზნესი, ფაქტობრვად, კვდება. რამდენი მაღაზიაა დახურული ჩვენ ირგვლივ, რამდენმა კომპანიამ შეწყვიტა ან შეაჩერა საქმიანობა, რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევრად. ითვლის ამას უკვე ვიცე-პრემიერად აღზევებული ეკონომიკის მინისტრი? არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თვიდან თვემდე ბიუჯეტს მნიშვნელოვანი შემოსავლები აკლდება.
სახელმწიფომ, მხოლოდ ტენდერების არადროულად გამოცხადებისა და რიგი მიმართულებით გამოუცხადებლობის გამო, ნახევარი მილიარდი ლარი დაკარგა. 10-იდან 20 ათასამდე ადამიანი ვერ დასაქმდა ტენდერების ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებზე. ათასობით ოჯახს დააკლდა ლუკმაპური. შესაბამისად, ხელისუფლების პარტნორი არაა მცირე და საშუალო ბიზნესი და მით უფრო, ხელისუფლების ტრფობაში არ ხდება სული გასულ წლებში თუნდაც სეზონურად დასაქმებულ, მაგრამ წელს უმუშევრად დარჩენილ ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს.
რაც შეხებათ პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს, არც ეს სეგმენტი უჭერს ტოტალურად მხარს ახალ ხელისუფლებას. სეგმენტის თოთოეულ ინდივიდს სჯერა, რომ მას მეტი სიკეთე ეკუთვნის და ისიც ხომ ვიცით, რომ საზოგადოების ეს ფენა მნიშვნელოვნად იმედგაცურებულია, იმის გამო, რომ მას ივანიშვილის, დიახ ივანიშვილის გამარჯვების შემთხვევაში მინუმუმ ვერცხლის სარაია უნდოდა, თუ ოქროსი არა. ახლა ადამიანის მადლიერება-უმადურობის განცდის განსჯას არ დავიწყებ, რადგანაც ისედაც ცნობილია, რომ უმადურობა და ხელისუფლებისგან მეტის ნდომა მოკვდავთა უდიდესი სისუსტეა.
ვიღაც მკითხავს, კი მაგრამ, ხომ ჰყავს ივანიშვილს მადლიერი ადამიანებიც, საზოგადოებაში ავტორიტეტული პერსონები, რომლებიც მისი არათუ პარტნიორები და მხარდამჭერები, არამედ მეგობრებიც არიანო. გიპასუხებთ - ერთეულები. დიახ, ერთეულები და არა სამი ათასზე მეტი ადამიანი, რომელსაც ივანიშვილი დღესაც უხდის საკუთარი ფონდიდან პრემიებსა თუ დამსახურებულ პენსიებს.
რატომ ერთეულები? იმიტომ, რომ იმ სიაში მყოფ თითოეულ პერსონას მიაჩნია, რომ ყველაზე მეტი მისთვის უნდა მიეცა. ისე, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, თავის დროზე რობიკო სტურუას 2000 ლარს რომ უხდიდა და ბუბა კიკაბიძეს 5000-ს, აქ რომ აშკარად უსამართლობასთან გვაქვს საქმე. თან იმ ვითარებაში, როდესაც არჩევნების შემდეგ ნაციონალების „მამალ მხარდამჭერებს" შეუნარჩუნდათ მაღალი პრემიები და მათ, ვისაც პირდაპირი მნიშვნელობით ქვას ესროდნენ, „პრემიერ-ფილანტროპი" პოლიტოპონენტების თანაბარ პრემიებს უხდის. შედეგად, საჯაროდ თუ არა, გულში მაინც იგინებიან „მეოცნებე" ავტორიტეტები. შესაბამისად, ამ დამსახურებული პერსონებიდან, რაც არ უნდა მოხდეს, ივანიშვილის მხარეს არასოდეს დადგებიან მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ხოლო მომხრეები ისედაც გაბუტულნი არიან და არავითარ პარტნიორობაზე საუბარი არ არის.
ვინღა დარჩა ივანიშვილის მხარდამჭერად? ისინი, ვინც ნაციონალებს ესვრიან კვერცხებს და მათ დაპატრიმრებას მოითხოვენ? არამც და არამც. თითოეული მათგანი დარწმუნებულია, რომ სწორედ მათ ეკუთვნოდათ თანამდებობები თვითმმართველობებში, სამინისტროებში და თქვენ წარმოიდგინეთ მინისტრთა კაბინეტშიც კი. ამიტომ ისინი მუდამ დააშანტაჟებენ ივანიშვილს, ისევე, როგორც დააშანტაჟეს და დააჭერინეს მერაბიშვილი, რომლის დაჭერასაც ნამდვილად არ აპირებდა.
მაშინ რაზე დგას ივანიშვილის ხელისუფლება? შიშზე! საზოგადოების შიშზე, რომ ნაციონალების „სისხლისმსმელმა" ფრთამ არ დაიბრუნოს ხელისუფლება. ეს შიში იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის განმსაზღვრელი და არა მარგველაშვილის ან თუნდაც ივანიშვილის ფიგურა. სააკაშვილის მოშორების შემდეგ კი ელექტრორატი, ხალხი, საზოგადოება უკვე ივანიშვილისა და მისი გუნდისთვის მოიცლის. შეძლებს კი გამარჯვებიდან 9 თვის თავზე უპარტნიოროდ მყოფი ივანიშვილი და მისი გუნდი გამარჯვების შენარჩუნებას და თუნდაც ვიწრო წრეში გამარჯვების ორი წლისთვის აღნიშვნას, ეს მართლაც სათუოა. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც „ბიძინა მიდის"...