"როგორც ჩანს, შეთანხმება ასეთი იყო, ხელისუფლებიდან მხოლოდ სააკაშვილი ჩამოეშორებინათ?!"

"თითქოს შემცირდა ნაციონალების თარეში, აღარ არის ცემა-წამების ფაქტები ციხეებში, მაგრამ განსაკუთრებით რეგიონებში სიტუაცია იგივეა და ნაციონალების მმართველობის კუთხით აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა. სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდის ჩვენთან ხალხი და ყველა ერთსა და იმავეს შემოგვჩივის - იცვლებიან გამგებლები დაპოლიციის უფროსები, მაგრამ ერთიც და მეორეც ისევ ნაციონალიაო! ეს საოცარ იმედგაცრუებას იწვევს ხალხში და მე ვფიქრობ, აუცილებლად აისახება არჩევნების შედეგებზე. ხოლო რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხდება, ეს კიდევ სხვა კოშმარია", აცხადებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნანა კაკაბაძე: "როგორც ჩანს, შეთანხმება ასეთი იყო, ხელისუფლებიდან მხოლოდ სააკაშვილი ჩამოეშორებინათ".

"ცესკოს გამოცხადებული ჰქონდა საგრანტო კონკურსები, 50-ათას ლარიანი (4 გრანტი) და 30-ათას ლარიანი (12 გრანტი) პროექტები და ჩვენ ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ, რა ორგანიზაციებს გადაეცათ ეს გრანტები. 90% "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებზეა მიცემული, რამდენიმე პროცენტი რაღაც გაურკვეველ "ენჯეოებზე", რომელთაც საოჯახო ბიზნესად აქვთ ქცეული არასამთავრობო ორგანიზაცია და რომლებსაც ლობირებენ კანცელარიიდან თუ დღევანდელი ხელისუფლებიდან და ასევე ცესკოს ოჯახის წევრებზე. ამხელა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან და რაში? ჩვენ დეტალურად გამოვაქვეყნებთ, ვინ არიან ეს ორგანიზაციები - ზოგიერთს საერთოდ არჩევნებში დამკვირვებლადაც კი არა აქვსთ მონაწილეობა მიღებული და ასეთ ორგანიზაციებზე მოხდა თანხის გაცემა. ცესკოში არაფერი შეცვლილა, ყველაფერი იგივე დარჩა. . არ ვიცი ხელისუფლება არ აკონტროლებს თუ ვერ აკონტროლებს, რაც აქ ხდება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სიებზე, რაც ძალია შრომატევადია და ძალიან მალე ამის შედეგებსაც დავდებთ. კომისიებში რა მდგომარეობაა, ყველამ ისედაც კარგად იცის. უცვლელად ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს მას. რამდენიმე "ქართული ოცნების" წარმომადგენელიცაა, მაგრამ ვისზე მუშაობენ და რა ხდება, ჩვენ ამაზეც ვისაუბრებთ", -აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.

"აღარ ვიცი, ხალხს რა რჩება იმისთვის, რომ მართლაც აღდგეს ქვეყანაში სამართლიანობა და რა მექანიზმია იმისა, რომ როგორღაც პარლამენტმა იმსჯელოს და თქვას თავისი სიტყვა "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან რეჟიმთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა მექანიზმი დარჩა საზოგადოებას. თუ ფიქრობ ხელისუფლება, რომ საზოგადოება მაინც თმენის რეჟიმშია და ეს დიდხანს გასტანს, გარწმუნებთ, ეს ასე არ იქნება. მასობრივი უკმაყოფილებაა ხალხში - მასობრივი უკმაყოფილებაა იმავე უმუშევრობასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან გამოყრილ ხალხთან დაკავშირებით, ბიზნეს და ქონებაწართმეულ ადამიანებთან დაკავშირებით და ა.შ. თანდათანობით ჩნდება უკმაყოფილება პენიტენციალურ სისტემაშიც - ეს ინფორმაციები ჟონავს ეტაპობრივად. როდესაც გადასინჯვისა თუ საქმის ხელახალი განხილვისთვის ადამიანები მიმართავენ პროკურატურასა და სასამართლოს, მათ იგივე პირები ხვდებიან - იგივე დამნაშავეები და ძალიან შეურაცხმყოფელია იმაზე საუბარი, რომ თურმე ამ მოსამართლეებს - ჩემიასა და მსგავსებს, უნდა გაუორმაგდეთ ხელფასები იმის ნაცვლად, რომ პასუხი აგონ უკანონო გადაწყვეტილებებზე, რასაც წლების მანძილზე იღებდნენ. ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაშია, ეს არის რეჟიმის შეუფასებლობა, რეჟიმის გაუსამართლებლობა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ნაციონალების მხრიდან ეს გაუთავებელი და ცინიზმით აღსავსე პრაიმერები რამხელა თავხედობაა, რომ დღეს ამას ბედავენ, რომ თითქოს შიგნით "საუკეთესოს" ეძებენ, რომელი "საუკეთესოც" 9 წლის განმავლობაში თავისი "საუკეთესო" პოლიტიკით დადეს აბსოლუტურად ყველგან, ციხეებში, სასამართლოებში, პოლიციაში თუ პროკურატურაში, ბიზნესში თუ კერძო სექტორში. ეს ძალიან გამაღიზიანებელია საზოგადოებისთვის და პროტესტს კი ისევ მოსდევს საზოგადოების აღშფოთებული ნაწილის დაჯარიმება, დაკავება თუ დარბევა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არის უპატივცემულობა საკუთარი საზოგადოების მიმართ, რომელსაც მართლაც მოტყუებით ეგონა, რომ მათ უარი თქვეს და დაამარცხეს "ნაციონალური მოძრაობა". დღეს ისევ ერთადერთ ოპოზიციურ ძალად ხდება ნაციონალების მოხსენიება და ეს არის ის, ხარს რომ განზრახ აუქნევ წითელ ნაჭერს..." - ამბობს ნანა კაკაბაძე.

"ჩემთვის აუხსნელია ეს პოლიტიკა, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ადგას. ამის ანალიზის გაკეთებაც კი ჩემთვის წარმოუდგენელია. გაუთავებლად არის საუბარი იმის თაობაზე, რომ მიმდინარეობს ზეწოლა გარედან, ეს გარედან ზეწოლის შედეგია - კარგით რა! რა არის ეს სამარცხვინო ზეწოლა, რომ საკუთარი ხალხი, საკუთარი ქვეყნის ინტერესების და ნების წინააღმდეგ მიდიან? რა არის ბოლოს და ბოლოს?! მაშინ ადექი და გადადექი, გამოდი და თქვი, რომ არ შემიძლია, ვერავ ვუძლებ ამ ზეწოლას, თუკი ეს ზეწოლა გარედან მართლაც არსებობს და ეს იქნება ისეთი მსოფლიო სკანდალი, რომ ზეწოლას მაინც შეაჩერებ. როგორ შეიძლება საკუტასრი ხალხის ასე სულში ჩაფურთხება, აი, ასეთი პოლიტიკით, როგორსაც დღევანდელი უმრავლესობა ახორციელებს. ამას არც ახსნა აქვს და არც გამართლება", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის საქმის კურსში, რა ხდება ქვეყანაში, თუმცა ქართულ პოლიტიკას ახასიათებს, რომ პირველი პირები არიან ინფორმაციულ ვაკუუმში. ჩვენს ქვეყანაშია ასეა, რომ ყოველთვის ერთ პირზეა ჩამოკიდებული ხოლმე ძალაუფლება და როგორც კი ეს პირი გამოიკვეთება, მის გარშემო მაშინვე აბლაბუდას ქსელი კეთდება და ვინც არიან შიგნით მოთავსებული, ის ერთეულები და თქვენ ძალიან კარგად იცით, ვინც არის ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში ასეთი გადაწყვეტილებების თუ რჩევების მიმცემი... მაგრამ არ მჯერა რომ სრულ ვაკუუმშია და ვერ ახერხებს იცოდეს, რაც ხდება - ან ისევ იმ ადგილებზე არიან ნაციონალები, ან დაწინაურებულები არიან, ან ადეკვატური სამსახური არის შეცვლილი და იქაა გადაყვანილი. დაჩაგრულები და უმუშევრები კი არიან "ოცნების" მომხრეები, ვინც იბრძოდა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. ვისი უფლებები აღდგა ქვეყანაში? ვის დაუბრუნეს სამსახურების ამ ქვეყანაში - იკითხოს ეს, ხომ შესაძლებელია რომ ამისი ანგარიში მოითხოვოს - რა, არ იცის, პოლიტიკური ნიშნით რამდენ ადამიანს ათავისუფლებდნენ, დღეში ასობით და ათასობით ადამიანი წერდა "საკუთარი ნებით" განცხადებას", - დასძენს ნანა კაკაბაძე.

"ისინი არსად წასულან, უბრალოდ, ოდნავ ჩრდილში არიან, ისე ვერ თავხედობენ, როგორც ადრე თავხედობდნენ. მაგრამ ყველა ადგილზეა. არსად არ წასულა ეს ხალხი. დაბრუნების გვეშინოდეს? სად წავიდნენ რომ ჯერ? ისევ იქ არიან და ისევ იქ აფუჭებენ, სადაც აფუჭებდნენ და უფრო მეტადაც აფუჭებენ. სერიოზულად ამღვრევენ წყალს იმისთვის, რომ ქვეყანას შეექმნას პრობლემები. ავიღოთ თუნდაც წალკის რაიონი, რომელიც დღეს დენთზეა სწორედ იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობაა დღეს იქ... მოკლედ, ქვეყანაში რაც ხდება ან სუსტი ან მიზანმიმართული პოლიტიკაა, ჯადოსნური წრე შეიკრა, საიდანაც საზოგადოება გამოსავალს ვეღარ პოულობს. რომელ სფეროშიც კი ჩავიხედეთ, აქოთებულია ყარს იქაურობა იმ სიბინძურით, რაც იქ ტრიალებს. პირდაპირ თვალში ნაცრის შეყრა ხდება ყველა მიმართულებით და ამას თუ ხელისუფლება ვერ ამჩნევს, არ ვიცი ამას რა უშველის", დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვას - "ბოლო პერიოდში კრიტიკის ქარცეცხლში რესპუბლიკელები მოექცნენ, რადგან ყველაზე მეტად ისინი ცდილობენ ნაციონალების გადარჩენას, თუმცა პრემიერმა გუშინ უსაყვედურა მედიას, კრიტიკისგან თავი შეიკავეთო..." - პასუხობს:

"უკვე გვეუბნებიან, ჩვენგან განსხვავებული აზრი ნუ გაქვთო - სხვას რას უნდა ნიშნავდეს? ნებისმიერ ფენას უნდა ჰქონდეს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. ხელისუფლებამ კი იმისია, რომ გააკეთოს ანალიზი სად არის სიმართლე და სდა არ არის. ეს არის დემოკრატია რომელსაც გვპირდებოდნენ, რომ რასაც ფიქრობ არ ილაპარაკოო? ამას გაჩუმება კი არ სჭირდება და ფარდის იქით კი არ უნდა ხდებოდეს ყველაფერი, ამას გადამოწმება უნდა, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენს ნაფიქრალზე რას ფიქრობს ხელისუფლება. არ შეიძლება ასეთი კარჩაკეტილობა - მე უკვე ძალიან ბევრისგან მესმის, საკმაოდ ისეთი ადამიანებისგან, რომ აბსოლუტურად ხელმიუწვდომელია ხელისუფლება"