"თურმე პროფესიონალი უნდათ ჩემს ადგილზე, ანუ მე არაპროფესიონალი ვყოფილვარ?!"

დავით ზურაბიშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე რომ აღარ იქნებოდა, ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განათლების ახალმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილის პოლიტიკური გამოცდილების გათვალისწინებით, ის მინისტრის აწ. უკვე ყოფილ მოადგილეს მრჩევლის თანამდებობას შესთავაზებდა. საკითხს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც: "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებმა შუამდგომლობა გაუწიეს, რომ ზურაბიშვილი მინისტრის მოადგილედ დარჩენილიყო, რასაც თავდაპირველად დაეთანხმა, თუმცა, როგორც პრემიერმა თქვა, თამარ სანიკიძემ კორექტულად დაარწმუნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, საკუთარი გუნდის ჩამოყალიბების საშუალება მისცემოდა. "მე პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვედი და მიღებული წესია, რომ უფროსს გუნდის დაკომპლექტების საშუალება უნდა ჰქონდეს. მას ამის საშუალება მივეცი და ეს არის ნორმალური." - მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილი.

ვესაუბრებით ბატონ დავით ზურაბიშვილს.

-ბატონო დავით, როგორ შეაფასებთ თქვენს გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან?

-უკიდურესად უარყოფითად, ოფიციალური ვერსიით, თურმე პროფესიონალი უნდათ ჩემს ადგილზე, ანუ ბუნებრივად გამოდის, რომ მე არაპროფესიონალი ვყოფილვარ და თურმე არ ვიცოდი ის საქმე, რასაც ვაკეთებდი. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვიზიარებ, მიმაჩნია, რომ ამ სფეროში საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია მაქვს, არანაკლები, ვიდრე თავად ქალბატონ მინისტრს.

-თქვენთან ერთად გაათავისუფლეს მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე, ბოლო ინფორმაციით კი ასევე გათავისუფლდება თითქმის ყველა დაპარტამენტის ხელმძღვანელი. არადა, აქამდე განათლების სამინისტრო მიჩნეულ იყო ერთ-ერთ წარმატებულ სამინისტროდ, რა გამოდის, მარგველაშვილი და სანიკიძე მუშაობდნენ მარტო?

-თქვენი კითხვა აბსოლუტურად ლეგიტიმურია. მეორე მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს ებარა სკოლები, მე მებარა უმაღლესი სასწავლებლები და მეცნიერება. თუ სკოლები არ ვარგოდა, უამღლესი სასწავლებლები და მეცინიერება არ ვარგოდა, თუ ის ხალხი ვერ ართმევდა საქმეს თავს, ვისაც ეს ებარა, გამოდის, რომ ვერ უმუშავია კარგად სამინისტროს. აბა, რა წარმატებებზე ლაპარაკობენ? თუმცა ამ კითხვის ადრესატი მე არ ვარ, ეს უნდა ჰკითხოთ ყოფილ მინისტრს გიორგი მარგველაშვილს, მეც ძალიან მაინტერესებს, რას გიპასუხებთ.

-რას იტყვით პრემიერ-მინისტრის შეფასებაზე?

-ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ.

-გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლება რესპუბლიკურ პარტიაზე შეტევად შეაფასეთ, რატომ ფიქრობთ ასე?

-ასე რა მითქვამს, დაამახინჯეს ჩემი ნათქვამი. რაც ითქვა ჩემი გათავისუფლების მიზეზად, ეს არის ჩემთვის სრულიად მიუღებელი. მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს კიდევ რაღაც სხვა მოტივაცია, რაზეც ხმამაღლა არ ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც არ მგონია, მთავარი მიზეზი რესპუბლიკური პარტია იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს რესპუბლიკური პარტიისთვის იქნება დარტყმა, ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ ეს ასე არ არის. როდესაც მთავრობაში რესპუბლიკური პარტიიდან ერთია მინისტრი ზაქარეიშვილი და ერთი მოადგილეც მე ვიყავი, ჩემი გათავისუფლება საზოგადოებაშიც და სხვა პოლიტიკურ წრეებშიც რესპუბლიკური პარტიის შესუსტებად შეფასდება.

-თქვენ ყოველთვის გამოირჩევით აზრის თავისუფლად გამოხატვით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ მოვლენის თქვენეული შეფასებები გუნდის შეფასებებს არ დაემთხვა, ეს ხომ არ გახდა თქვენი გათავისუფლების მიზეზი?

-არ ვიცი, ჩემი შეფასებებით უკმაყოფილება ხმამაღლა არავის გამოუხატავს. ბუნებრივია, რომ საზოგადეობაში ჩნდება ეს ეჭვები. მაგრამ ამაზე დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი.

-თქვენ თქვით - მარგველაშვილის გარეშე ვერ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას ახალი მინისტრიო, რატომ ფიქრობთ ასე, მარგველაშვილთან რაიმე უკმაყოფილება გქონდათ?

-არა, მუშაობის პროცესში არავის გამოუთქვამს უკმაყოფილება ჩემს მიმართ. არ ვფიქრობ, რომ ჩემ საქმეს ცუდად ვაკეთებდი და არც ის მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება სანიკიძემ მარგველაშვილის აზრის გაუთვალისწინებლად მიიღო.

-მინისტრის მრჩევლის პოსტის დაკავება ოფიციალურად უკვე შემოგთავაზეს?

-ოფიციალურად იყო, ოღონდ ტელევიზიიდან. თუ კვალიფიციური კადრი ვიყავი და რაღაც გამეგებოდა ამ საქმისა, მაშ, რაზე გამომიშვეს, თუ არაკვალიფიციური ვარ და არ ვვარგივარ, ჩემი რჩევა რაღაში სჭირდება ქალბატონ სანიკიძეს? ეს სრულიად არასერიოზული წინადადებაა.

-რას აპირებთ?

-ჯერ არაფერი მაქვს მოფიქრებული, რაღაცას ვიზამ, არ დავიკარგები. პირველი შემთხვევა ხომ არ არის, ხელისუფლებაში ადრეც ვყოფილვარ და წამოვსულვარ.

-თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, სააკაშვილის ხელისუფლება ვინც დატოვა. მაშინ, როგორც ვიცი, თქვენი განსხვავებული პოზიცია და აზრის თავისუფლად გამოხატვა არ მოსწონდათ მმართველ პარტიაში, იგივე ხომ არ ხდება დღესაც?

-რა გითხრათ, თუ აზრის თავისუფლად გამომხატველი ადამიანების ადგილი არ არის ამ ხელისუფლებაშიც, ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. თუმცა ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, უახლოესი მომავალი აჩვენებს ეს ასეა, თუ -არა.