ვახტანგ მაისაია: სააკაშვილი სასჯელს ამერიკისგან ნებისმიერ მომენტში უნდა ელოდეს

ვახტანგ მაისაია: სააკაშვილი სასჯელს ამერიკისგან ნებისმიერ მომენტში უნდა ელოდეს

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი გამონათქვამები და მოქმედებები უკვე ადგილობრივ საზღვრებს გასცდა. პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ FBI - ი 26 მაისის სისხლიანი დარბევის ერთგვარ თანამონაწილედ დაასახელა. მან დამაჯერებლად დაუხატა მოსახლეობას, სურათი, რომლის მიხედვითაც 26 მაისის ღამეს ამერიკის ფედერალური ბიუროს თანამშრომლები შსს-ში მონიტორებთან ისხდენ და აქციის ყველა დეტალს აკონტროლებდნენ.

რამდენად საფრთხის მომტანია პრეზიდენტის გამონათქვამები და ქცევები, რა ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნის უსაფრთხოებისათვის სააკაშვილის დაუდევრობას, geotimes.ge ამ კითხვებზე პასუხის მიღებას საერთაშორისო ურთიერთობების და სტრატეგიული კვლევების ცენტრ „აზრის" დირექტორის, ექსპერტ ვახტანგ მაისაიასგან შეეცადა.

მასთან საუბარი სწორედ სააკაშვილის ყველაზე სკანდალური გამონათქვამის შეფასებით დავიწყეთ.

ვახტანგ მაისაია: „ასეთი დონის ბინძურ პოლიტიკურ პროვოკაციას არცერთი სახელმწიფო არავის არჩენს. ასეთი რამის შერჩენა გამორიცხულია. ამიტომ სააკაშვილი სასჯელს ამერიკისგან ნებისმიერ მომენტში უნდა ელოდეს. რა ფორმით, როგორ ეს მეორე საკითხია, მაგრამ ეს არის სახელმწიფოს შეურაცხყოფა, რადგან ფაქტიურად მოხდა FBI-ის დადანაშაულება სისხლიანი დარბევის თანამონაწილეობაში.

-ეს ზიანს ხომ არ მიაყენებს ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობას?

- ეჭვი მეპარება რომ ამან ახლა რაიმე გავლენა მოახდინოს ქვეყნების შემდგომ ურთიერთობებზე, რადგან პრეზიდენტის ბრალდება ეხება წარსულ მომენტს, როცა მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა აბსოლუტური ხელისუფლება. ეს განცხადება, პირველ რიგში დაარტყამს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის, პოლიტიკური ინსტიტუტის იმიჯს და დააყენებს აუცილებლად ამ პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობის საკითხს.

-ბატონო ვახტანგ, თუ სიმართლისგან შორსაა სააკაშვილის გამონათქვამი, რატომ დასჭირდა მაინცდამაინც ახლა მას ფედერალური ბიუროს ხსენება სისხლიან დარბევასთან კავშირში და როგორ ფიქრობთ, ამერიკის ფედერალურმა ბიურომ საპასუხო განცხადება არ უნდა გააკეთოს?

-აუცილებლად გაკეთდება ამაზე მომავალში განცხადებები. ამერიკის საელჩომ გამოხატა თავის პოზიცია, უარყო ეს ფაქტი, მაგრამ შემდგომი კომენტარებისგან თავი შეიკავა. ამერიკის ხელისუფლებამ თავისი საელჩოს მეშვეობით, პრეზიდენტის სიტყვები არამართებულად ჩათვალა. როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა გადაიჩეხოს უფრსკულში და გადაიყოლოს ქვეყანაც, რომლის მხარდაჭერითაც სარგებლობდა, თუმცა ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ობამას ადმინისტრაცია მას ნდობას არ უცხადებდა.

ე.წ პრეზიდენტი დიდი ხანია „კოჭლი იხვია“, მან დაამთავრა თავის დრო, წინ პოლიტიკური კარიერა აღარ აქვს, ამიტომ ახლა გადასულია პოლიტიკურ შანტაჟზე. როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილმა ობამას ადმინისტრაციისაგან საბოლოოდ მიიღო უარი უსაფრთხოების გარანტიების და საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკური თავშესაფარის და ახლა ახორციელებს ობამას ადმინისტრაციის შანტაჟს. შურისძიების ერთგვარ ფაქტადაც კი შეგვიძლია აღვიქვათ ჩვენ გვახსოვს და ასევე მიხეილ სააკაშვილის ალოგიკური და უპრეცედენტო გამონათქვამები ადრეც. მთელი მისი ცხოვრება ალოგიზმით არის ცნობილი მაგრამ ახლა ყველა ზღვარს გადააჭარბა. 26 მაისი არ იყო რიგითი დღე, ეს იყო სისხლიანი ანგარიშსწორება და გათანაბრებულია კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულთან. ამიტომ ამ დღესთან დაკავშირებით ქართველ ხალხს განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვს და სწორედ ამიტომ აუცილებელია საგამოძიებო ორგანოებთან ერთად პარლამენტშიც შეიქმნას კომისია, რომელიც 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს სრულყოფილად შეისწავლის.

-პრეზიდენტის განცხადებას მის გუნდშივე მოჰყვა განმარტებები, რამდენად სარწმუნოდ შეიძლება ჩაითვალოს ეს განცხადებები?

-უფრო მართებული კომენტარი გააკეთა ყოფილი ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა. მისი თქმით, სამინისტროში არანაირი ფედერალური ბიუროს ჯგუფი არ იყო. ჩემი აზრით, აქ მომუშავე ამერიკელები იყვნენ კერძო კომპანიის წარმომადგენლები, როლებიც დაქირავებული იყვნენ ლობისტური ორგანიზაციის მიერ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება აფინანსებდა და სწორედ მათი წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები, როგორც კონსულტანტები. ანალოგიური კონსულტანტები, ბელორუსიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები, 2007 წელსაც იყვნენ ჩამოსულები საქართველოში, რომლებიც უწევდნენ მონიტორინგს 7 ნოემბრის დემონსტრაციას. მე ამ შემთხვევაში ვეყრდნობი, ბელორუსიული ადგილობრივი საიტის ინფორმაციას, ასევე იმ ფაქტს, რომ იგივე ვანო მერაბიშვილსა და მაშინდელ უშიშროების საბჭოს მდივან, შეიმნს შორის იყო ძალიან მჭიდრო ურთიერთობები.

-რაც შეეხება სააკაშვილის სხვა გამონათქვამებს? ბოლო დროს, გაუგებარ გზავნილებს აკეთებს პრეზიდენტი, რომელიც მალევე ეხვევა კრიტიკის ქარცეცხლში

- სხვათაშორის მინდა გამოვყო ერთი საინტერესო გამონათქვამი, ბევრმა შესაძლოა არ მიაქცია ყურადღება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ფაქტიურად აღიარებითი ჩვენება მისცა, როცა თქვა, რომ სტუდენტობის პერიოდში, პირველ თუ მეორე კურსზე, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (სუკმა) დამიჭირაო, როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილმა თავისი ლუსტრაცია მოახდინა და გაიხსენა ის სექსუალური სკანდალი, რომელიც ჩვენი პრეზიდენტის მონაწილეობით მოხდა. რამდენიმე სტუდენტმა მიხეილ სააკაშვილის თამადობით გადაიღეს აღვირახსნილი კადრები, მაშინდელი ესე ვთქვათ „ოქროს ელიტის“ წარმომადგენლების მონაწილეობით და მერე ეს გახდა რეალური გარჩევის საგანი უნივერსიტეტის ფარგლებში, სუკის ჩარევა კი იმიტომ მოხდა, რომ იმ სასწავლებლებში სწავლობდნენ მაღალჩინოსნების შვილები და ბუნებრივია ასეთი დონის ინციდენტს აუცილებლად იძიებდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი. მიხეილს სააკაშვილმა ფაქტიურად დაადასტურა, რომ ის იღებდა მონაწილეობას ორგიაში, რის გამოც ის სუკმა დააპატიმრა. ეს ერთი მომენტი და თუ ის დააპატიმრეს და დროებით ჰყავდათ პატიმრობაში, მას აუცილებლად ჩაუტარდებოდა დავრბოვკების პროცესი. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, თუკი სუკი ვინმეს მოკიდებდა ხელს, თუ მას არ ჰქონდა მკვეთრად გამოხატული ანტისაბჭოთა განწყობა ან ის არ იყო დისიდენტი, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში თუ რაიმე დანაშაულისთვის მოხვდებოდა სუკის ყურადღების ქვეშ ადამიანი ხდებოდა, ეს ყოველთვის მთავრდებოდა ასეთი ადამიანის გადმობირების აუცილებელი ოპერაციით. თუ ქრონოლოგიურად გავყვებით პროცესს დავინახავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდეგ გაამწესეს სუკის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სასაზღვრო ჯარებში, მათ შორის განსაკუთრებულად სპეცდაცულ ბორისპოლის აეროპორტში, სადაც მხოლოდ განსაკუთრებული ტიპის ადამიანებს ამწესებდნენ. დიდი ალბათობით ის იყო გადაბირებული სუკის კომიტეტის მესამე სამმართველოს სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლების მიერ. ეს ძალიან საინტერესო პასაჟია და სწორედ აქ შეიძლება ვეძიოთ მისი მსოფმხედველობის გასაღები.

პარიზში, 2006 წლის მაისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ერთმანეთს შეხვდნენ სააკაშვილი და ჟირინოვსკი, ბევრი დაადასტურებს ამ ფაქტს, ჟირინოვსკიმ მეგობრულად მიმართა მიხეილ სააკაშვილს და უთხრა, რომ უნდოდა მასთან კარგი ურთიერთობის განვითარება, დაპატიჟა კიდეც რესტორანში, ძალიან მეგობრულად შეხვდნენ ისინი ერთმანეთს და ჟირინოვსკიმ ასეთი ფრაზა წარმოთქვა: ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ერთმანეთთანო და ეს არ ეხებოდა ქვეყნებს... ეს საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი

ვლადიმერ ჟირინოვსკი, ცნობილი იმით, რომ 1990 წელს, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უშუალო მითითებით ჩამოაყალიბა ლიბერალ- დემოკრატიული პარტია და ის იყო გავლენის აგენტი, რასაც თავადაც არ უარყოფს და როცა ასეთი ადამიანი მიმართავს სააკაშვილს, რომ მასთან ბევრი საერთო აქვს, ეს ბევრ რამეს ფენს ნათელს. ასე რომ, სუკის მიერ მისი დაჭერის ხსენებით პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ის რისი ეჭვებიც აქამდე არსებობდა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება და რითაც დასტურდება, რომ სააკაშვილს არაფერი აქვს საერთო დასავლურ ღირებულებებთან არის ის, რომ მან თავმომწონედ გვაჩვენა არაბების ნაჩუქარი ძვირფასი ხმალი. როდესაც ქრისტიანს ასეთი მაღალი დონის საჩუქრით აჯილდოებენ, ეს ბევრ ეჭვს იწვევს. საერთოდ, ეს ხმალი პოლიტიკურ ისლამში არის ფუძემდებლური მიმდინარეობის ჯიჰადის სიმბოლო, ანუ იარაღით ისლამური გავრცელების სიმბოლო და ასეთ სიმბოლოებს ლამაზი თვალებისთვის არ ჩუქნიან. თუ მივყვებით, შევისწავლით ბოლო 2009-2012 წლის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ძალიან მჭიდრო ურთიერთობებს არაბული სამყაროს წარმომადგენლებთან, დავინახავთ, რომ საქართველოში ამ სამყაროს ძალიან საეჭვო ბიზნესმენები დაიარებოდნენ, ამ პერიოდში ხდება სააკაშვილის მთავრობის ხშირი ვიზიტები კატარში, დუბაიში, და არაბული სამყაროს ნაწილში. ასევე ამ პერიოდს უკავშირდება ვაჰაბიზმის მიმდინარეობის გავრცელება საქართველოში, რომლის შედეგებსაც ახლაც ვიმკით, იგივე სამთავისის ინციდენტი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება, თუ რისთვის დააჯილდოვა საუდის არაბეთის დინასტიის წარმომადგენელმა მიხეილ სააკშვილი დინასტიური ხმლით.

-თქვენი საუბრიდან გამომდინარე, სააკაშვილი რამდენიმე თამაშს ერთად თამაშობდა, თავის დროზე ჰქონდა ბუშის ადმინისტრაციის დიდი მხარდაჭერა, მას ასევე მოხსენიებით სუკის აგენტად და ისლამური სამყაროს მხარდამჭერ ლიდერად, ეს ბრალდებები ერთი ადამიანისათვის მეტისმეტად ბევრი ხომ არ არის?

- მეტისმეტი ნამდვილად არ არის, საერთოდ ასეთი ამბივალენტური მრავალმხრივი სტანდარტების მორგება დამახასიათებელია დიქტატურული და ავტორიტარული რეჟიმებისკენ მიდრეკილი ლიდერებისათვის. ავიღოთ იგივე ლუკაშენკოს ფენომენი, ის ერთ დღეს აკეთებს განცხადებას, რომ მზად არის ევროკავშირთან დიალოგი აწარმოოს და შესაბამისად იყოს მათი მოკავშირე. მეორეს მხრივ, პუტინთან, რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელ ავტორიტარულ რეჟიმთან ძმური ურთიერთობები გააჩნია. ასევე შემიძლია გავიხსენო ნურიეგას ფენომენი, ეს იყო პანამის პრეზიდენტი, რომელიც გახლდათ ამერიკელების თავგამოდებული მოკავშირე, მათი მხრიდან დასმული ამ თანამდებობაზე. მაგრამ, ბოლოს ნურიეგამ იმით დაამთავრა, რომ ბუში უფროსის ადმინისტრაციის მიერ გაცემული იყო ბრძანება, რომლის ძალითაც ამერიკის ჯარები შეიჭრნენ პანამაში, მოხდა ნორიეგას დამხობა და ის გაასამართლეს ამერიკის ციხეში. ასეთი მაგალითები ბევრი შეიძლება მოვიყვანო, იგივე ფიდელ კასტროს ფენომენი, იგი თავიდან უნისონში , სიამტკბილობაში იყო კენედის ადმინისტრაციასთან, მერე შეიცვალა პოზიცია და გახდა ხრუშოვის ასე ვთქვათ, ყველაზე საყვარელი პოლიტიკოსი. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ცვალებადობა უჩვეულო არ არის, მითუმეტეს თუ მოვახდენთ სააკაშვილის პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური ტიპის იდენტიფიკაციას.

შესაძლოა პოლიტიკოსები პოზიციას იცვლიან, იმისათვის რომ ქვეყანას სიკეთე მოუტანონ, მაგრამ მისმა ავანტიურამ საქართველოს დააკარგვინა 20%-ით მეტი ტერიტორია, ის არაღიარების პროცესი, რომელსაც როგორღაც ინარჩუნებდა ქვეყანა ერთბაშად გაქრა. მან ჩაიდინა სამხედრო დანაშაული, როდესაც ოფიციალურად, ქართულ იურისდიქციაში შემავალ ქალაქ ცხინვალს და მის მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნა ღამით მასირებული ზალპური ცეცხლი. ეს იგივე იყო, რომ მას გაეხსნა ბათუმის მიმართულებით ცეცხლი, რასაც აპირებდა კიდეც თავის დროზე, 2004 წელში, რადგან როგორმე დაემხო აბაშიძის რეჟიმი. ასევე სააკაშვილი აპირებდა და ამის შესახებ იყო ინფორმაცია, მუხროვანის ე.წ. ამბოხის დროს დაებომბა მიმდებარე ტერიტორია. ბოლოსდაბოლოს, მან როცა 2007 წელს გასცა ბრძანება და იმედი დაარბიეს, რა ქიმიური იარაღის ელემენტებიც იყო გამოყენებული, არა სასიკვდილო, მაგრამ ქიმიური ელემენტები მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ.

ეს ყველაფერი უნისონში ქმნის იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაედოს ბრალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში. ასევე ომის პროვოცირებაში, რადგან მისი ეს ქმედება გამოიყენა მეორე სახელმწიფომ, რომ მოეხდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ტალიავინის კომისიის დასკვნის ფუნქცია არ იყო კონკრეტული ადამიანის დადანაშაულება, მაგრამ ეს დასკვნაც კი იძლევა საფუძველს, რომ თუ ძიების პროცესმა გაგრძელება ჰპოვა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის სასამართლო კორიდორებში, არ გამოვრიცხავ, მისი საერთაშორისო დონის დანაშაულის საკითხი დადგეს.

-რაც შეეხება იარაღის სამალავების თემას? პრეზიდენტმა აღიარა, რომ სამალავები თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, თუმცა თავდაცვის სამინისტრო აღმოჩენილი სამალავების მის ბალანსზე ყოფნას უარყოფს, პრეზიდენტის ეს ტყუილიც არ არის დასჯადი?

-საქართველოს აქვს უფლება, ჰქონდეს თავდაცვის მიზნით მსგავსი სამლავები. ეს ეროვნული თავდაცვის დოქტრინითაც არის გათვალისწინებული, მაგრამ რადგან თავდაცვის სამინისტრომ არ დაადასტურა, რომ აღმოჩენილი სამალავები მისი იყო, ამით ყველაფერი ნათქვამია.

რაც იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ძალა ამას აკეთებდა არაკანონიერი გასამხედროებული ფორმირებების შექმნისათვის. ეს ქმედება კი კანონით ისჯება და საკმაოდ მკაცრად.