მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლი საკუთარ მეუფეს უპირისპირება
ზესტაფონი კვლავ დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება. ფეროს, აგრარული ბაზრის და საფეხბურთო გუნდის შემდეგ, უკმაყოფილების ტალღამ ეკლესიაც მოიცვა: ზესტაფონელი მრევლი საკუთარი მეუფეს დაუპირისპირდა. რამდენიმე დღის წინ დაპირისპირებამ უკიდურესი ფორმაც მიიღო და მრევლმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს ეპარქიის კარი აუჭედა, რის მიზეზადაც მრევლმა მეუფე ვახტანგ ახვლედიანის არაეკლესიური ცხოვრება და ეპარქიის კუთვნილი ქონების მითვისება დაასახელა.
მიხეილ შველიძე, თეოლოგი: „მეუფე ვახტანგ ახვლედიანი ახლადშერაცხულ მამა გაბრიელს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, უწოდებს ლოთს და მამათმავალს, რაც მრევლში იწვევს აღშფოთებას. ჩვენ ვაპირებდით საპროტესტო აქციის ჩაატრებას, მაგრამ, რადგან პატრიარქმა მოგვიწოდა სიმშვიდისკენ და მოძღვრებმა გვითხრეს, რომ მათი მეშვეობით მოხდებოდა ზესტაფონის კურთხევა, დროებით გავჩერდით და ველოდებით სინოდის გადაწყვეტილებას.
მსოფლიო კრების კანონის თანახმად, წმინდანთა გმობაში მხილებისათვისაც, რაც ღვთის გმობას ნიშნავს, მეუფე არამარტო ეპარქიიდან უნდა წავიდეს, არამედ უნდა იყოს განკვეთილი დედაეკლესიიდან.“
კონსტანტინე ქათამაძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგი: „მეუფის მიმართ სერიოზული, ნოტარიულად დამოწმებული, მამხილებელი კომპრომატები გაგვაჩნია, რაც მეუფის მიერ ეპარქიის კუთვნილი ქონების არამიზნობრივად დახარჯვას და ამასთანავე ჩვენი საყვარელი წმინდანის გმობას, ასევე წმინდა ილია მართლის წმინდანობაში ეჭვის შეტანას ადასტურებს. ეს ყველაფერი იწვევს მრევლის აღშფოთებას. ჩვენ ცივილური გზით გამოვხატეთ პროტესტი. გვინდა, ქალაქის მოლოცვა და რეპრესიის მექანიზმი, რაც მეუფემ და მისმა გუნდმა აამუშავა ჭეშმარიტი მამების მიმართ, შეჩერდეს. ჩვენი მოთხოვნის უგულვებელყოფის შემთხვევაში, თუ მეუფე და მისი სამღვდელო გარემოცვა ჩიხში შეიყვანს ვითარებას და სინოდს არასწორი მიმართულებით გამოაძიებინებს საკითხს, ვიტოვებთ უფლებას, მათ წინააღმდეგ აღვძრათ სისხლის სამართლის საქმე, რის გამოც ყველა ფინანსურ მაკომპრომეტირებელ დოკუმენტს გამოვიყენებთ.“
ზესტაფონელი მრევლი მეუფეს იმ მამაოების მფარველობაში ადანაშაულებს, რემელთაც საკუთარი სულიერი შვილები სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მამაოები ძველი ბიჭები გახდნენ, იმის გამო, რომ ერთ-ერთი ადამიანი აპირებდა მათი მამხილებელი ფაქტების გამხელას, მამაოები ფიზიკურად გაუსწორდნენ მას. მრევლს ინტრიგნობასა და ცილისწამებაში ადანაშაულებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ზოგიერთი მამაო საქმის გარჩევასაც არ ერიდება,“-აცხადებენ ზესტაფონელები.
საქმეში საპარტიარქოც ჩაერთო, თუმცა საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, ამ დრომდე კონენტარი არ კეთდება. პარტიარქმა მრევლს სიმშვიდისაკენ მოუწოდა. შეიქმნა კომისია, რომელიც ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებას საშემოდგომო სინოდის კრებაზე განიხილავს.
ზესტაფონელმა მრევლმა უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის და წმინდა სინოდის სახელზე მიმართავა გაგზავნა და მოითხოვა, ვიდრე სინოდი საკითხს არ განიხილავს, მეუფე ვახტანგი ეპარქიაში არ ჩავიდეს, რადგან მრევლის უკმაყოფილება კვლავ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.
„უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს საეკლესიო კრება, სადაც განიხილება ეპარქიის პრობლემები და მისი გადაჭრის გზები, რომლის მოწვევაც მღვდელთმთავარს წელიწადში ორჯერ ევალება, თუმცა მეუფე ვახტანგის დანიშვნიდან დღემდე მხოლოდ ერთი საეკლესიო კრება ჩატარდა, რაც დარღვევა. ასევე არის მრევლის და კტიტორების მიერ შემოწირული თანხებით ახლადაგებული ტაძრების უპატივცემულობის შემთხვევები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეპისკოპოსი, ნაცვლად იმისა, რომ აკურთხოს ტაძარი და გაახაროს კტიტორები, წმინდა ნაწილების და ლიტურგიის გარეშე აგზავნის მღვდლებს ტაძრის საკურთხებლად, რაც რჯულის კანონით აკრძალულია. რეალურად დავდექით არცთუ უსაფუძვლო ფაქტის წინაშე, რომ ტაძრის კურთხევა 1000 დოლართან არის დაკავშირებული.
90-იან წლებში ეპარქისათვის კვალითში გადმოცემული მიწის ნაკვეთი მეუფემ კომერციული გათვლებით პირადი ინტერსებისამებრ გამოიყენა და აღნიშნული ტერიტორია გადასცა სადაზღვევო კომპანია „ირაოს“. ქალაქში გიმნაზიის დასაარსებლად გადაცემული შენობა, დეკანოზ კირიონ მუშკუდიანის და იღუმენ მაკარი გოცაძის ორგანიზებით, აგურ-აგურ იქნა რეალიზებული და განიავებული ეკლესიის ძვირფასი ქონება. მეუფე ვახტანგს ხშირად ხედავენ ძაღლთან ერთად მოსეირნეს კაბის გარეშე, შორტებში. ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს თბილისში, ფეშენებელურ საცხოვრებელ სახლში, რაც სჯულის კანონით არის დანაშაული. ამასთანავე, შვილი ანა ახვლედიანი, დაბადებული 1994 წელს, ნათლად აჩვენებს იმას, რომ შვილი ბერობაში ჰყავს შეძენილი.
მეუფე და მისი გარემოცვა პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული და ალიანსშია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. წირვის ბოლოს, ქადაგების ნაცვლად, ვისმენდით პოლიტიკურ აგიტაციას. ადგილი ჰქონდა მრევლის დაზომბირება-დაშინებას. ბოლო სამი წლის განმავლობაში გამგეობის ანგარიშიდან, ეკლესიის ანგარიშზე გადმორიცხული მილიონამდე ლარი არამიზნობრივადაა დახარჯული. არამარტო მეუფე, ასევე მოძღვრები უკაბოდ, სიგარეტით ხელში დადიან და მუშტიკრივში მონაწილეობენ. მამა იოანე მალაღურაძე და დეკანოზი კირიონ მუშკუდიანი მრევლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეკანოზ გიორგი მეგრელიშვილის ზღვარგადასული ცხოვრებით ცხოვრობს. არის ტოტალიზატორში, ნასვამ მდგომარეობაში ერთვება კონფლიქტში საერო პირებთან და პატრულის თანამშრომელთან. იგი ასევე მხილებულია დაქორწინებულ მრევლთან მრუშობაში, რაც ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა. ეს ყველაფერი ეპისკოპოსისთვის ცნობილია, თუმცა, ნაცვლად დასჯისა, აღნიშნული მამაოები წახალისებული არიან და უტიფრად აგრძელებს ეკლესიის შემარცხვენელი ცხოვრების წესს. მეუფე დახმარებას არ უწევს მოძღვრებს, ზოგიერთ ახლადგახსნილ ტაძარში ნამყოფიც კი არ არის და არც ინტერესდება მონასტრის მდგომარეობით. ამ პერიოდში აღადგინა დაუქორწინებელი ცელეპატობის ინსტიტუტი და დაუქორწინებელი მონასტრის ორი მორჩილი და ერთი სტიქაროსანი აღკვეთა დიაკვნად.
მეუფე დასცინის სინოდოს წევრებს წვერის გამო და მათ გაბურძგნულებს ეძახის. ასევე ამბობს, რომ ილია მეორემ უძლურობის გამო უნდა დატოვოს კათედრა. ეკლესიის მრევლის რაოდენობის გამრავლების ნაცვლად, აცარიელებენ ეკლესიას. მრევლს აღსარების გაცემით აშანტაჟებენ. იცინიან და ქედმაღლობენ, რომ მათ იცავთ ეპარქია. მეუფე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ეპარქიაში არის 12 მონასტერი, სინამდვილეში არსებობს 4 მონასტერი. მეუფე ვახტანგის და „5 მუშკეტერის“ მიერ აღსარებების გათქმის გამო, ეკლესია მრევლისგან დაიცალა“ - ნათქვამია ზესტაფონელი მრევლის მიერ წმინდა სინოდისათვის გაგზავნილ მიმართვაში.
როგორც თავში იყო ნათქვამი, ეპარქიაში არსებულ პრობლემებს წმინდა სინოდი საშემოდგომო მოწვევაზე განიხილავს. იქამდე კი, მრევლი მოითხოვს, რომ მეუფე არ ჩაბრძანდეს ეპარქიაში. ეპარქია ბრალდებებს უარყოფს და მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.