ივანიშვილის ჩანაფიქრი: რეალობა თუ ოცნება?

ივანიშვილის ჩანაფიქრი: რეალობა თუ ოცნება?

ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლიდან ათი თვის განმავლობაში მისი მთავრობის მოღვაწეობაზე დაკვირვებით ძნელია, ზუსტად განისაზღვროს, თუ როგორი ტიპის ქვეყნის აშენებისკენ მიჰყავს მას საქართველო, რამდენადაც ამორფულია მისი პარტიის იდეოლოგიური ბაზისი და ძალზე ჭრელია თავად კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაც, რომელშიც უპრობლემოდ „პორტირდებიან“ პოლიტიკაში და სკამებზე დარჩენის მსურველები „ნაციონალური მოძრაობიდან“. მიუხედავად ამისა, უკვე შეიძლება მისი მართვის სტილის გარკვეული ანალიზის გაკეთება პრინციპით „ხე ნაყოფით იცნობა“, პრემიერის კონცეპტუალური ხედვის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ელემენტის ამოსაცნობად.

პოლიტიკაში მოსვლიდან დღემდე ივანიშვილი ერიდება საკუთარი მსოფლმხედველობის აფიშირებას, ძალზე იშვიათად და ფრაგმენტულად თუ უხსენებია, რომ არის ლიბერალი და მართლმადიდებლური სარწმუნოებისაა. ორივე ეს ცნება ჩვენს დღევანდელობაში იმდენად ზოგადია და ფართო დიაპაზონის შეხედულებებს შეიძლება მოიცავდეს, რომ რთულია, კონკრეტულად განისაზღვროს ძირითადი ვექტორი, რომელსაც ის ხედავს ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზისათვის. საზოგადოებაში კითხვების გაჩენის საპროფილაქტიკოდ პრემიერი იშველიებს იმას, რომ არის ბიზნესმენი, არ არის გათვითცნობიერებული პოლიტიკური იდეოლოგიების თეორიაში და მხოლოდ დროებით, კონკრეტული ფუნქციით არის შემოსული ამ სფეროში, რასაც ავტორიტარული რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლება ჰქვია. იმედი მაქვს, მისთვის საწყენი არ იქნება ეჭვი, რომ ასეთ ნიჭიერ ადამიანს არ შეიძლება არ ჰქონდეს მწყობრი და ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა და საკუთარი ხედვა სამშობლოს მომავალზე, რომელსაც, პრაგმატული მოსაზრებით, არ გვიზიარებს.

ივანიშვილის მართვის სტილის კონტურები პოლიტიკაში გაკეთებული მისი პირველივე ნაბიჯებიდან გამოჩნდა. ის ცდილობდა, თავის გარშემო შემოეკრიბა პრინციპული ადამიანები, რომლებიც შეხედულებებს არ იცვლიან კონიუნქტურის გამო, მაგრამ თავად ამ შეხედულებათა სპექტრი ყოფილიყო ძალზე მრავალფეროვანი, ისეთივე, როგორიც არის დღეს ქართული საზოგადოება. „ქართული ოცნების“ თემატურ ჯგუფებში შეკრებილ ენთუზიასტებს, რომელთა ნააზრევსაც შემდგომში დიდწილად დაეყრდნო კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა სამომავლო დაპირებების კუთხით, მცირეოდენი შანსიც კი არ ჰქონდათ, გამოეცნოთ ლიდერის თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე და შეეძლოთ მხოლოდ საკუთარი მოსაზრებების ჭიდილში დაეწერათ კონცეფციები ცალკეული დარგობრივი მიმართულებების მიხედვით, სრული თავისუფლების პირობებში. ივანიშვილმა ამით თითქოს უთხრა არსებული რეჟიმით უკმაყოფილო საზოგადოებას: „თავად განსაზღვრეთ, როგორ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება, მე ამაში არ ჩავერევიო“. ის გამოვიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ხალხის მაკონსოლიდირებელი ლიდერის როლში, წინასაარჩევნო მესიჯების შეფასებაც კი არ დაუწყია მათი იდეალისტურობა–რეალისტურობის თვალსაზრისით, თუმცა, უეჭველია, მათზე საკუთარი მოსაზრებები ექნებოდა, რომელთა გამჟღავნებასაც ერიდებოდა.
ლიდერის ამგვარი „გაბუნდოვანებული“ დამოკიდებულება იმ ეტაპზე საკმაოდ პრაგმატული იყო, რამდენადაც, მაშინდელ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული საზოგადოებრივი ჯგუფების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ივანიშვილის მიერ საკუთარი იდეოლოგიური ხედვის დაფიქსირებისთანავე რომელიმე სეგმენტის მხარდაჭერა აუცილებლად იქნებოდა დაკარგული. ამით ის სააკაშვილის ანტიპოდი იყო, რომელიც მხოლოდ საკუთარი შეხედულებების ჭეშმარიტებას აღიარებდა და არათუ არ უგდებდა ყურს იმას, თუ რა განწყობები იყო ხალხში ამა თუ იმ საკითხის მიმართ, არამედ დიდად არ იწუხებდა თავს საკუთარი გადაწყვეტილებებისა თუ მთავრობის დარგობრივი პოლიტიკების ახსნით, მხოლოდ ტელეპროპაგანდით იფარგლებოდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე დიდი შეცდომა იყო ხალხთან საუბრის უუნარობა („საჯარო შეხვედრების“ PR-სპექტაკლები ანგარიშში ჩასათვლელი არ არის). არადა, სახელმწიფო მართვაში აქსიომა უნდა იყოს, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე მოსახლეობაში ფართო საინფორმაციო კამპანია უნდა გაშალო, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა ჩართო და არ უნდა გარიყო, მით უფრო, მტრად არ უნდა გამოაცხადო შენი ოპონენტი რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფი, თუ გსურს, რომ ნაბიჯ–ნაბიჯ არ დაკარგო სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერა და ხელისუფლებაში ხანგრძლივად დარჩე.

სააკაშვილი იქცეოდა როგორც კარგი და კრეატიული მენეჯერი, რაც ბიზნესისათვის მშვენიერია, მაგრამ ბიზნესში საქმიანობა სხვაა და სახელმწიფოს მართვა – სხვა, აქ თუ ნარცისიზმი შეგეპარა და შენი მიზნები, ამოცანები ხალხს არ განუმარტე, არ დაარწმუნე საკუთარი ხედვის სისწორეში და თითოეულ საკითხზე მაქსიმალური მხარდაჭერა არ მიიღე, დემოკრატიდან ბოლშევიკად მალევე გადაიქცევი, რომელიც მოქმედებს პრინციპით "Лес рубят-щепки летят" (სადაც ხე იჭრება, იქ ნაფოტი ცვივაო...). ასე მოხდა კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის ცხრა წლის განმავლობაში. იგივე საფრთხე ემუქრება ნებისმიერ ხელისუფალს, რა გარემოში და სახელმწიფო წყობაშიც არ უნდა უწევდეს მას მოღვაწეობა, მათ შორის ახლანდელ ხელისუფლებასაც.
ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ მთავრობა დღეს პრემიერისგან იღებს მაგალითს და ცდილობს, ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორთან იყოს მაქსიმალურად გახსნილი. ზოგ მინისტრს ეს უკეთ გამოსდის, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ ამ კუთხით ხალხი მაინც უკმაყოფილოა და მეტი დიალოგის, კრიტიკისადმი საჯარო პირების მეტი ამტანობის მოთხოვნილება აქვს. საოცარია, მაგრამ არჩევნების შემდეგ პარლამენტის დეპუტაცია საერთოდ „დაეკარგა“ მისსავე ამომრჩეველს. ამ „წესს“ ცალკეული გამონაკლისების არსებობა ადასტურებს და მათ შორის კომუნიკაბელობის თვალსაზრისით თინათინ ხიდაშელი ლიდერობს, რომელიც ამისათვის სოციალურ ქსელებს წარმატებით იყენებს პირადად, და არა „მდივნის“ თუ „პიარშიკის“ მეშვეობით, ისევე აგრძელებს უცნობ–ნაცნობ „ფეისბუქ–მეგობრებთან“ მიმოწერას თუ დისკუსიებს, როგორც მაშინ, როცა ოპოზიციაში იყო, ჭორ–მართლის ნაზავით „რესპუბლიკელების“ მიმართ აგორებულ კამპანიას არ უშინდება და საკუთარი „ვოლლიდან“ ღვარძლიან კომენტარებსაც კი არ შლის.

ბიძინა ივანიშვილმა არც გაპრემიერების შემდეგ შეცვალა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში პირადი ჩარევის მინიმალურობის დაცვის პრინციპი, მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ უამრავი სახელისუფლებო ბერკეტი შეიძინა, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების ამ მიზნით გამოუყენებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. აქამდე ერთი, მმართველი პარტიის იდეოლოგიურ–პოლიციური წნეხის ქვეშ მყოფ საზოგადოებას მან მაქსიმალური თავისუფლება მისცა და მწვავე კონფლიქტების დროსაც კი მხოლოდ მსხვერპლის არიდების ტაქტიკას მიმართავს, რაც 17 მაისის მოვლენებში მკაფიოდ გამოჩნდა. ივანიშვილი ლამის ანარქიის ზღვარზე პროცესების მიშვებამდე ბალანსირებს, რაც აჩვენებს, რომ ის საზოგადოებას „თავისუფალი ბაზრის თვითრეგულირების“ ეკონომიკური მოდელის მსგავსი ხედვით უდგება და თვლის, რომ არსებულ პრობლემებსა და წინააღმდეგობებს მიჩქმალვა–დაწნეხვა კი არა, გაშიშვლება და ზედაპირზე ამოტანა უნდა, აზრთა ჭიდილი და დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ბრძოლა არის ის გზა, რომელიც მჩქეფარე საზოგადოებრივ ცხოვრებას თავისთავად დაადუღებს და დაწმენდს.
თუ ეს თეზა სიმართლესთან ახლოსაა, მაშინ გასაგები ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან არა ფორმალურად, არამედ რეალურად უმოკლეს ვადაში წასვლის სურვილი ნაკარნახევია არა მხოლოდ მისთვის ამ სფეროში მოღვაწეობისას ცხოვრების სტილის შეცვლის დისკომფორტულობით, არამედ მსოფლმხედველობრივი პრინციპითაც: სანამ ის პოლიტიკაში რჩება, საზოგადოებრივი ცხოვრების პროცესების სრულად განთავისუფლება შეუძლებელია სწორედ მისი ფიგურის არაადექვატური მძიმეწონიანობის გამო, რაც თავისთავად ახშობს პოლიტიკურ ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას და ამ სფეროში სხვა მოღვაწეებს კვლავ ბელადის ორბიტაზე მოტრიალე ნაწილაკებად აქცევს, ისევე როგორც საეჭვოს ხდის მისი საპირწონე ოპოზიციური ძალების რეალურად ჩამოყალიბების პერსპექტივებს.

ბიძინა ივანიშვილის წინაშე დღეს ორი გზაა: ან დარჩეს პოლიტიკაში და გადაიქცეს მორიგ ქართველ „მეფუკად“, ან მალევე შექმნას ამ ველზე თავისუფალ კონკურენციასთან მიახლოებული პირობები მაინც, ჯერ კიდევ ორგანიზაციულად საკმაოდ სუსტი პოლიტიკური პარტიებისთვის, და პროცესი თვითდინებით მიუშვას, მათი ბუნებრივი სელექციის მიზნით. იმედია, მას არ მოხიბლავს პირველი პერსპექტივა და ქვეყანას კვლავ იმ წრეზე არ წაიყვანს, რომელიც მრავალჯერ გვიტკეპნია და ისეთ რეალობას შექმნის, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას ახალ, ჯერ ჩვენთვის ძალზე უცხო ეტაპზე გაიყვანს და მის მონაწილეებს თვითგანვითარებისა და საკუთარი პოტენციალის რეალიზაციის საშუალებას მისცემს.
ამგვარი მიმართულებით „წრფივი და თანაბარი მოძრაობის“ პერსპექტივა რეალური იქნებოდა, ჩვენი პოლიტიკური სისტემა გარე ძალების გავლენისაგან თავისუფალი რომ იყოს. ამგვარი შანსი, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, სიზმარშიც კი ძნელი წარმოსადგენია, რამდენადაც მსოფლიოს დიდი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთის ერთ–ერთ საკვანშო წერტილში ვიმყოფებით და ღიად თუ ფარულად, ისინი აუცილებლად ეცდებიან ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი გავლენის გაძლიერებას. თუმცა, არის ერთი, შესაძლოა, თეორიული, მაგრამ მაინც შანსი: მოძრაობის ფიზიკური პროცესის ანალოგიურად, სისტემაზე თუ გარე ძალების მოქმედება ერთმანეთს აწონასწორებს, მაშინ ეს ისეთსავე სიტუაციას ქმნის, როგორიც ასეთი გავლენების არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა.

ამდენად, ჩვენი შიდა „პოლიტიკური ბაზრის“ გათავისუფლების იდეალთან მისაახლოვებლად საჭიროა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, რუსეთის, თურქეთის და უფრო მცირე მეზობლების – აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესებისა და გავლენების იმგვარი დაბალანსება, რომ „მათი ტოლქმედი ნულის ტოლი იყოს“, ანუ არც ერთ მათგანს არ შეეძლოს პოლიტიკური სისტემის თავის მხარეს „გადაქაჩვა“. თუ ივანიშვილის საგარეო აქტივობას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ის სწორედ ამგვარი ბალანსის მიღწევისკენაა მიმართული, რასაც ხელი შეიძლება შეუწყოს ჩვენში სხვა ქვეყნების (მაგ., ისრაელის) ინტერესების გაჩენამ.

თუ ეს მოხერხდა, ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ აღმავლობასაც მძლავრი ბიძგი შეიძლება მიეცეს, ინვესტიციების შემოდინების სახით. იზოლაციაში ყოფნას და „დიდი ქართული კედლით“ გარე სამყაროსგან შემოზღუდვას, რაც, თუ ჩრდილოეთ კორეას არ დავემსგავსეთ, გლობალიზაციის პირობებში შეუძლებელია, ჩვენი შვილების მომავლისთვის გაცილებით უმჯობესი იქნება, თუ ყველა იმ საგარეო ფაქტორს, რაც აქამდე ქვეყნის განვითარებას უშლიდა ხელს, ჭკვიანურად გამოვიყენებთ და ჩვენთვის სასარგებლოდ ავამუშავებთ.