თქვენი მონა-მორჩილი ამას წინათ ერთ-ერთ სუფრაზე მოხვდა, რომლის რამდენიმე წევრთან შორეული ნაცნობობა აკავშირებდა. ამ ამბავში უჩვეულო ის არის, რომ სუფრის რამდენიმე წევრი იმაზე მსჯელობდა, როგორ ეკონტროლებინათ უბანი. ისინი რომ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები ყოფილიყვნენ, გასაგები იქნებოდა, რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ ზემოხსენებული პირები სერიოზული ხალხია, რამდენიმე მათგანი ბიზნესმენია, ერთ-ერთი კი სახელმწიფო უწყებაში მუშაობს. მალე ყველაფერი გაირკვა - აღმოჩნდა, რომ ლაპარაკი იყო ბოლო პერიოდში გახშირებულ პედოფილიის ფაქტებზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს სერიოზული ხალხი ასევე სერიოზულად მსჯელობდა იმაზე, თუ როგორ გაეკონტროლებინათ ესა თუ ის უბანი, რათა ბავშვები "ავადმყოფებისგან" დაეცვათ. საკითხმა, რა თქმა უნდა, დამაინტერესა, მაგრამ სუფრის წევრებმა ამ თემაზე ჟურნალისტთან საუბარი კატეგორიულად იუარეს. თუმცა გაჭრა არგუმენტმა, რომლის თანახმადაც, გაზეთში გამოქვეყნებულ მასალას შესაძლოა ერთგვარი პრევენციის როლი შეესრულებინა და სამართალდამცველები უფრო მეტად გააქტიურებულიყვნენ ასეთი საზარელი ფაქტების აღმოსაფხვრელად. ჩვენს რესპონდენტს იმის პირობაც მივეცით, რომ მის გვარს არ დავასახელებდით.
თამაზ გ.: "დიდი საძმაკაცო ვართ. თბილისის და საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში გვყავს ახლობლები და მეგობრები. ხომ ხედავთ, რა საშინელება ხდება ქვეყანაში? დღე ისე არ გავა, სადმე რომელიმე პედოფილი არ დააკავონ. გასაგებია, რომ ასეთი ამბების უმრავლესობა რეგიონებში ხდება, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ იგივე თბილისში არ მოხდება? ან რა, რეგიონები ჩვენი ქვეყნის ნაწილი არ არის? რამდენიმე თვის წინ ჩემი მეგობრის შვილი პედოფილს შემთხვევით გადაურჩა (ეს ამბავი რეგიონში მოხდა). მე ხომ ვიცი, რა ტრიალებს ბავშვის მშობლების გულში? ისინი ამ ტრავმას ხომ ვერ მოიშუშებენ ცხოვრების ბოლომდე? მამამისს ლამის ფსიქიკა შეერყა... პროფესიით იურისტი ვარ და 1990-იან წლებში ოპერმუშაკადაც მიმუშავია. ასე რომ, კარგად ვიცი, მთავარი ის კი არ არის, დამნაშავე დაიჭირო, არამედ ის, რომ დანაშაულის პრევენცია მოახდინო. ვინმე ახერხებს დანაშაულის პრევენციას? დასავლეთის ბევრ ქვეყანაში ლამის სპეციალური განყოფილებები არსებობს სექსუალურ ძალადობასთან საბრძოლველად, ჩვენ კი ჯერ კიდევ ქვის ხანაში ვართ. აი, ამაზე დავფიქრდი და ასეთი იდეა მომივიდა- თუ სახელმწიფო ვერ ართმევს თავს ამ საქმეს, მისი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ". ჩვენი რესპონდენტის თქმით, მას ბევრი თანამოაზრეც გამოუჩნდა. "ჯერ ჩემს ძმაკაცებს გავუზიარე იდეა, იმათ თავიანთ ძმაკაცებს. იცით, რამდენი ვართ? სხვათა შორის, ყველაზე მეტი თანამოაზრე სწორედ რეგიონებში გვყავს. თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან და გარწმუნებთ, მალე მოქმედებასაც დავიწყებთ".
საინტერესოა, როგორ აპირებენ ჩვენი თანამოქალაქეები იმის გაკეთებას, "რასაც სახელმწიფო ვერ აკეთებს": "ველოსიპედის გამოგონებას ნამდვილად არ ვაპირებთ. თბილისშიც და რეგიონებშიც კონკრეტული ჯგუფები კონკრეტულ უბანს მიაქცევენ ყურადღებას - სკოლებს, ბავშვთა სახლებს, პარკებს და ასე შემდეგ. იქნება ე.წ. მორიგეობის პრინციპი. ამ საქმისთვის ერთი დღე კვირაში ყველამ უნდა გამონახოს, თუ არადა, ბოლოს და ბოლოს საკუთარ ფულს დავხარჯავთ და ხალხს დავიქირავებთ, არც ეს არის პრობლემა. შეგიძლიათ პირდაპირ დაწეროთ - ვიწყებთ პედოფილებზე ნადირობას. იმედია, ვინმე ხელთ არ ჩაგვივარდება, თორემ ვერ გადაგვირჩება, სულ არ დავეძებ, წავალ თუ არა ციხეში. ნორმალურ ქვეყანაში ადამიანს არ უნდა მოსდიოდეს იდეა, თავად გააკეთოს პოლიციის გასაკეთებელი".
კითხვაზე, ხომ არ გადაიქცევა ეს ყველაფერი "კუდიანებზე ნადირობად" და უდანაშაულო ადამიანებიც ხომ არ გახდებიან ძალადობის მსხვერპლნი, თამაზ გ-მ განაცხადა, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებენ: "ასეთი რამ მართლაც მოხდა - ერთ-ერთ სკოლასთან (ნაძალადევის რაიონში) ახალგაზრდა ბიჭი ყოველდღე ვარჯიშობდა. პატარების მშობლებს ეს რატომღაც საეჭვოდ მოეჩვენათ, ერთხელაც დაუდარაჯდნენ და მანქანაში ტენიდნენ. ამ ბიჭის მეზობელს რომ არ ეცნო მსხვერპლი და არ დაემტკიცებინა მათთვის, რომ სრულიად ნორმალურ ახალგაზრდასთან ჰქონდათ საქმე, ალბათ ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა. ასეთი შეცდომა ჩვენ ნამდვილად არ მოგვივა".
"ყველა სიახლე" შსს-ს დაუკავშირდა. დავინტერესდით, პედოფილიის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით ხომ არ აპირებს ეს უწყება რაიმე დამატებითი ზომების მიღებას.
ნინო გიორგობიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:
- ჩვენი უწყება მოქმედებს კანონის შესაბამისად, არანაირი დამატებითი ზომების მიღება არ იგეგმება.
- როგორც ვიცი, არაერთი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებს სპეციალური სამსახური, რომელიც ამგვარი დანაშაულის პრევენციასა და აღმოფხვრაზე მუშაობს, ჩვენთანაც ხომ არ შეიქმნება მსგავსი რამ?
- არა, ჩვენთან ამგვარი სამსახური არ არის და როგორ ვიცი, უახლოეს მომავალშიც მსგავსი არაფერია დაგეგმილი.
ცნობისათვის
- პოლონეთი ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც პედოფილებს იძულებით კასტრაციას უკეთებენ. ასეთ მეთოდებს იყენებენ საფრანგეთში, ბელგიაში, დანიასა და გერმანიაშიც.
- აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში პედოფილებს, რომლებიც სასჯელს მოიხდიან, ნავიგაციურ ბრასლეტებს უკეთებენ, რათა ყოველთვის იცოდნენ მათი ადგილსამყოფელი.
- ინგლისში პედოფილებს ციხიდან გათავისუფლებამდე სიცრუის დეტექტორზე ამოწმებენ.
- კანადაში პედოფილებს 10 წლის განმავლობაში უკრძალავენ პარკებში, საბავშვო მოედნებსა და ყველა იმ ადგილებში გამოჩენას, სადაც ბავშვები არიან.
- აშშ-ში მანიაკების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია. სპეციალურ საიტებზე ქვეყნდება მანიაკების ვინაობა, ფოტოები და მისამართები.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/82595-qvitsysebth-pesdosfislebsze-nasdisrosbasq.html#ixzz2ZxxZM5Wz