საერთაშორისო ტერორისტული ქსელი „ალ ყაიდა“ უკვე აღარ არის ისეთი მძლავრი ტერორისტული ორგანიზაცია, როგორიც ერთ დროს იყო, თუმცა მის ადგილზე აღმოცენებული „ალ ყაიდა 2“ ნაკლებად სახიფათო სულაც არ არის.
ოსამა ბინ ლადენის და სხვა ლიდერების განადგურებისა და ავღანეთიდან მათი ამოძირკვის შემდეგ, „ალ ყაიდას“ საერთაშორისო ტერორისტული ქსელი ერთიანი ცენტრის გარეშე დარჩა და დაიქსაქსა, მაგრამ ამ ნარჩენებზე აღმოცენებული უფრო ნაკლებ ცენტრალიზებული, სტიქიური ქსელი, პირობითი სახელწოდებით „ალ ყაიდა 2“, სულაც არ წარმოადგენს ნაკლებ ხიფათს საერთაშორისო მშვიდობისათვის. ამას ცხადყოფს „ალ ყაიდას“ ფილიალების ზრდა სირიაში, ერაყში, ლიბიასა და მალიში. შეშფოთებას აძლიერებს ის, რომ ამ დაჯგუფებებს გლობალური ჯიჰადის დროში ლოკალური კონფლიქტების გაღვივება ძალუძთ. ამ საფრთხეზე 18 ივლისს აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ტერორიზმის, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და ვაჭრობის ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე წამყვანმა დემოკრატმა კონგრესმენმა ბრედ შერმანმა გაამახვილა ყურადღება:
„2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ „ალ ყაიდას“ ხელი მოეცარა განეხორციელებინა მნიშვნელოვანი თავდასხმები აშშ-ზე. მიუხედავად ამისა, კვლავაც ძლიერია საფრთხე, რომელსაც „ალ ყაიდა“ აშშ-ს უქადის. „ალ ყაიდას“ სტრუქტურა უფრო დეცენტრალიზებული გახდა. ესაა ნაკლებად ინტეგრირებული გაერთიანება, რომელსაც უფრო ერთგვარი კლუბის ფორმა აქვს. ამჟამად ორგანიზაციის ძირითად ტერორისტულ საქმიანობას ადგილობრივი და რეგიონალური ფილიალები ახორციელებენ“.
ცოტა ხნის წინ, ციხეებზე „ალ ყაიდას“ ერაყის ძირითადი დაჯგუფების მიერ სამხედრო ხელწერით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, მისი ასობით წევრი გამოვიდა გარეთ. თუმცა არსად არაა „ალ ყაიდას“ ევოლუცია ისე თვალშისაცემი, როგორც სირიაში, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფებების ახალ ბრძოლის ველად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, „ალ ყაიდას“ ადგილობრივი ორგანიზაცია მხარს უჭერს სუნიტი მეამბოხეების ბრძოლას ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ვაშინგტონში არსებული ახალი ამერიკული ფონდის სამხრეთაზიური საკითხების მკვლევარი შამილა ჩაუდარი სირიის მსგავს კონფლიქტებში „ალ ყაიდას“ მოქმედებას რეგიონისა და დასავლეთისათვის პოტენციურ საფრთხეს უწოდებს:
„ბევრი ქვეყნისათვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოში არსებული უკონტროლო ადგილები, სადაც „ალ ყაიდამ“ და მისმა ფილიალებმა შესაძლოა ბინა დაიდონ. ეს ახალ პრობლემებს აჩენს. ავღანეთ-პაკისტანის არეალი ბევრად გართულდა იმ ფაქტით, რომ იქ „ალ ყაიდა“ არსებობდა. ის გარემოება, რომ ახლა იქ მხოლოდ მცირე ჯგუფები დარჩა, „ალ ყაიდას“ უფრო მეტად შიდა და რეგიონალური კონფლიქტის წყაროდ აქცევს. ეს ნიშნავს, რომ „ალ ყაიდა“ სადღაც სხვაგან უნდა წასულიყო და მოეხდინა კონფლიქტების ინტერნაციონალიზება, რითაც ის აშშ-ს, ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს ემუქრება“.
პაკისტანში „ალ ყაიდას“ მოკავშირეა ექსტრემისტული დაჯგუფება „თეჰრიკ ე თალიბანი“, რომელსაც სხვაგვარად პაკისტანის თალიბანს უწოდებენ. აღნიშნული ორგანიზაცია პაკისტანის მთავრობის დამხობასა და ქვეყანაში შარიათის კანონებზე დამყარებული მმართველობის შემოღებას ესწრაფვის. პაკისტანის თალიბანის ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ასამდე მებრძოლი გაგზავნა სირიაში, სადაც ისინი ანტიასადური ძალების მხარდამხარ იბრძვიან და სადაც საკუთარი ბანაკიც კი აქვთ. თუმცა პაკისტანის მთავრობა და „თეჰრიკ ე თალიბანის“ სხვა ლიდერები აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ.