"თავიდან, 1990 წლიდან უნდა დავიწყოთ გამოძიება და გავარკვიოთ, რა მოხდა ქართველებსა და ოსებს შორის, ვინ იყო ამაში დამნაშავე. დამნაშავე ჩოჩიევი იქნება, სანაკოევი, შევარდნაძე, გამსახურდია, მიშა თუ პუტინი, ყველა გამოვავლინოთ, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. 1990 წელს ვინც იყვნენ ცხინვალის ლიდერები, ისინი იყვნენ კონფლიქტის გაღვივებაში დამნაშავეები. ამაში გამსახურდიას წვლილიცაა, გუმბარიძისაც, ასევე კულუმბეგოვისა თუ ჩეხოევის" - აცხადებს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი გაზეთ ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დიახ, მეც მეჭირა ხელში ავტომატი” / ”ცხინვალში მამაჩემი 400 დოლარს იღებს პენსიას და რატომ იფიქრებს საქართველოს შემადგენლობაში ყოფნაზე?!"
"1990 წელს გორში ბანდიტებმა ბიძაჩემს თავი მოაჭრეს. ვიცი, რომ იმ დროს ბევრი ოსი აწამეს, და ასეთ დროს რა უნდა გამეკეთებინა ცხინვალში? დიახ, მეც მეჭირა ავტომატი, ეს ჭორი არ არის, მაგრამ არავინ მომიკლავს და არც არავინ გამომისახლებია. ჩვენს ქუჩაზე 5 ქართული ოჯახი ცხოვრობდა და მათთვის თითი არავის დაუკარებია, ადგილობრივ ქართველებს არავინ ერჩოდა.... ჩემი დედ-მამა ცხინვალში დარჩა საცხოვრებლად, ომის დროს ავიწროებდნენ, თავსაც დაესხნენ. კოკოითის წასვლის შემდეგ ჩაწყნარდა სიტუაცია. ორჯერ დაწვეს ჩვენი სახლი, მაგრამ მეზობლებმა შეინარჩუნეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიმიტრი სანაკოევი და შეკითხვას - "სააკაშვილი რატომ იყო ასე დარწმუნებული, რომ ცხინვალის "მოფამფალებულ" რეჟიმს დაამხობდა და მერე თქვენ მოგიყვანდათ სათავეში? თქვენც გჯეროდათ ამის?" - პასუხობს:
"არ მჯეროდა, გამორიცხული იყო რეჟიმის შეცვლა. რუსები ელოდებოდნენ ქართული ჯარების ცხინვალში შესვლას. ამ საკითხზე მიშასთან ბევრჯერ მისაუბრია. რატომ გასცა ცეცხლის გახსნის ბრძანება, მას უნდა ჰკითხოთ. არ ვიცი. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება მეც იგივე გამეკეთებინა. ისე, ყველამ თავის ნამოქმედარზე უნდა აგოს პასუხი. ის ვიცი, რომ მას რუსეთთან შერიგება უნდოდა და პირველი მისი ნაბიჯი, როდესაც პრეზიდენტი გახდა, იყო ის, რომ პირდაპირ მოსკოვში ჩაფრინდა და არა ამერიკაში. იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რა ხდებოდა პუტინსა და სააკაშვილს შორის ამ მოლაპარაკების დროს. მიშა პუტინთან იმიტომ წავიდა, რომ ალბათ რაღაც შესთავაზა. იგი მას ომამდე რამდენჯერმე შეხვდა, აქეთაც ჩამოდიოდნენ რუსები. მერე მოხდა რაღაც, ერთმანეთი ატყუეს. მიშაზე მეტად ამ ომში პუტინია დამნაშავე. მას რომ არ ნდომოდა, აგვისტოს ომი არ იქნებოდა".
"ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას ვერც ივანიშვილის ხელისუფლება გადაჭრის - ამისთვის დრო არ ეყოფა. რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დალაგებას დიდი დრო სჭირდება. მთავარია, ოსი და აფხაზი საზოგადოება იმაში დავარწმუნოთ, რომ მათზე უკეთ ვცხოვრობთ და რომ ცხოვრებასთან თუ კანონებთან უფრო დემოკრატიული მიდგომები გვაქვს. ამას დრო სჭირდება. ცხინვალში რომ მამაჩემი 400 დოლარს იღებს პენსიას და აქ 100 დოლარია, რატომ იფიქრებს ასეთი ადამიანი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნაზე?! თუკი რუსებთან საერთო ენას გამოვნახავთ, ტერიტორიული მთლიანობა ერთ თვეში აღდგება, ეს რუსეთზეა დამოკიდებული, მან თუ მოინდომა, მოგვარდება. მეტსაც ვიტყვი, სანამ პუტინი სათავეში იქნება, არაფერიც არ მოხდება", - დასძენს დიმიტრი სანაკოევი.