უცხოელებზე მიწების მიყიდვის აკრძალვას სასამართლოში ასაჩივრებენ

უცხოელებზე მიწების მიყიდვის აკრძალვას სასამართლოში ასაჩივრებენ

"მთავარი მიზეზი ის არის, რომ დაახლოებით მსგავს საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წელს უკვე მიიღი გადაწყვეტილება. ახლაც იგივე ტიპის შეზღუდვაა დაწესებული - მიღებული საკანონმდებლო ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოს კონსტიტუციასთან მისი შეუსაბამობაა. ირღვევა გონივრული ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის და სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არის არაპროპორციული. უცხოელებისთვის და უცხოეთში რეგისტირირებული იურიდიული პირებისთვის მიწის რეგისტრაციის უფლების ჩამორთმევა ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს საინვესტიციო გარემოზე", - აცხადებს ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით უცხოელებზე მიწების მიყიდვის აკრძალვას სასამართლოში ასაჩივრებენ.

"რეალურად არც არის დასაბუთებული, ამ კუთხით რა პრობლემა არსებობდა საქართველოში და რატომ გახდა საჭირო ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ცუდი ტენდენციაა, როდწსაც მოსახლეობისა და ბიზნესმენების გამოკვლევის გარეშე იღებ ასეთ გადაწყვეტილებას. მორატორიუმის გამოცხადებამ შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა მოუტანოს იმ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში მიწებს უკვე ფლობენ და ბიზნესის გაფართოება უნდათ. თუ მათ ინვესტიციების ჩადება მოუნდებათ, ამ შეზღუდვით ვერ შეძლებენ. შესაბამისად, ეს ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ხელს უშლის. ამ კუთხით ქვეყნის პრემიერ-მინისტრსაც კი ვზღუდავთ - მან რომ მოინდომოს თავის სახელზე მიწა დაარეგისტრიროს, უხერხული მდგომარეობა შეექმნება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ნატროშვილი.

"საერთოდ, ასეთი ტიპის შეზღუდვები სხვა ქვეყნებშიც არსებობს, თუმცა არის რამდენიმე განსხვავება. ევროკავშირის ახლა ქვეყნებში, რომლებიც მანამდე არ იყვნენ წევრები, გარდამავალ პერიოდში ამ მხრივ გაკეთდა გამონაკლისები, რადგან შეიძლებოდა ქვეყნის ეკონომიკასა და ადგილობრივ მოსახლეობას რეალური ზიანი მისდგომოდა. საქართველოს შემთხვევაში ასეთი გარდამავალი პერიოდი არ ყოფილა გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო მორატორიუმის გამოცხადება. შეიძლება მიწის გასხვისების რაოდენობრივი შეზღუდვები დააწესო, მაგრამ ასე ხისტად რომ აკრძალო - ცივილიზებულ ქვეყნებში არ ხდება და ჩვენი ჩივილის ერთ-ერთი არგუმენტი ესეც არის. როცა ამ ცვლილებების ინიცირება მოხდა, ჩვენი მოსაზრებები გავაგზავნეთ პარლამენტში, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ საკითხზე ჩვენი აზრი საჯაროდ დაგვეფიქსირებინა", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ჯერ ერთი აკრძალვა დროებითია, თანაც გარკვევით ითქვა, რომ ამ დროში მიწების სრული აღწერა-ინვენტარიზაცია უნდა მოხდეს - არ იცოდით? როდის შეიტანთ სასამართლოში სარჩელს?" - პასუხობს:

"ჯერ მომზადების პროცესშია. სავარაუდოდ, ერთ კვირაში შევიტანთ"