მთავრობის ეკონომიკური და საბიუჯეტო ხედვები

მთავრობის ეკონომიკური და საბიუჯეტო ხედვები

საქართველოს ეკონომიკაში არსებული სირთულეები და შესაძლო საბიუჯეტო პრობლემები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” გამოაქვეყნა. მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა შემცირდება. გაუარესებულ ეკონომიკურ სტატისტიკას ეჭვქვეშ არ აყენებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი. იგი იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ეკონომიკური ზრდის შეფერხება გამოიწვია:

”მიდის ეკონომიკური ურთიერთობების გადაწყობა - მე ვიტყოდი, გაჯანსაღება - და ამ პერიოდში ბუნებრივია გარკვეული შეფერხებები, თუმცა როდესაც მიწა იღლება უგუნური ექსპლუატაციისგან, იმისათვის, რომ მიწაზე ახალი, ჯანსაღი მოსავალი მოიყვანო, ცოტა უნდა დაასვენო ის მიწა. გარდამავალ პერიოდში დაახლოებით ასეთ პროცესში ვართ ჩვენ, თუმცა ეს პროცესი არ გაგრძელდება დიდხანს”.

გია ხუხაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ეკონომიკის მასტიმულირებელი რამდენიმე ელემენტი ამუშავდება, რაც, მისი აზრით, ნაყოფს უკვე შემოდგომაზე გამოიღებს:

”საფუძველი უკვე ჩაყრილია, რაც შეეხება კონკურენტულ გარემოს, რაც არის მამოძრავებელი ძალა ნორმალური, საღი ეკონომიკის. მონოპოლიური კარტელური სისტემები პრაქტიკულად დაშლილია, სახელმწიფო დისტანცირებულია კერძო სექტორისგან, პოლიტიკური რისკები გატანილია. ახლა იქმნება თანაინვესტირების ფონდი, რომელიც პირდაპირ სტიმულს, ფინანსურ სტიმულს მისცემს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. ასე რომ, ტემპები იქნება მაქსიმალური, რაც შესაძლებელია, და ეს დაიწყება შემოდგომის პირზე”.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კარტელური და მონოპოლიური გაერთიანებების დაშლის თემას შეეხო. მაგალითად, ამჟამინდელი მმართველი ძალა ნავთობპროდუქტების სფეროს არჩევნებამდე ხელისუფლებასთან კავშირსა და მონოპოლისტობაში ადანაშაულებდა, თუმცა ახლა, პოლიტიკური ცვლილებების შემდეგაც, ნავთობპროდუქტების ფასები თითქმის უცვლელია. ასეთ ვითარებას გია ხუხაშვილი ახლა მსოფლიო ბაზარზე არსებულ კონიუნქტურას უკავშირებს:

”დღეს თუ იგივე ფასია, რაც იყო, დავუშვათ, საწყისში, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ახალი შეთანხმებები შედგა, ეს ნიშნავს სხვა რამეს: საერთაშორისო კონიუნქტურა იცვლება. ყოველდღე იცვლება ნავთობზე ფასები, კოტირება ხდება ე.წ. პლატცით. ასე რომ, აი, ეგ არის ვითარება, ხომ?...”

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედება კარტელური და მონოპოლიური გაერთიანებების ნარჩენების არსებობასაც დაასრულებს.

გია ხუხაშვილი არც ბიუჯეტის შესრულებას აყენებს კითხვის ქვეშ, მიუხედავად ეკონომიკის ზრდის შეფერხებისა და ექსპერტთა ვარაუდისა, რომ მთავრობას სოციალური ვალდებულებების გასტუმრება გაუჭირდება. პრემიერ-მინისტრის მრჩევლის აზრით, წლევანდელი ბიუჯეტის მარცხნივ გადახრა და სოციალურ პრობლემებზე ორიენტირება მორალური ვალდებულებით იყო განპირობებული. გია ხუხაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ბიუჯეტი უფრო მემარჯვენე ორიენტაციის იქნება:

”ვთქვათ, ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება უფრო სხვა ტიპის, არა სოციალური ვალდებულებების პრიმატზე და სახელმწიფო პროექტებზე, არამედ ძირითადი ტვირთი გადავა ისეთ გრაფებზე ბიუჯეტის, რაც პირდაპირ ჩარევას ეკონომიკაში აღარ გულისხმობს. აი, მაგალითად, ჩვენ დღეს როდესაც ვსაუბრობთ წიგნების უფასოდ დარიგებაზე, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები გარკვეულწილად კერძო სექტორს აზიანებს... მეორე მხრივ, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ასეთ პროექტებზე ამ ეტაპზე, როდესაც ადამიანებს ძალიან უჭირთ, უარი ვთქვათ”.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროექტის გარდა, სხვა ისეთ ხარჯებზეც საუბრობს, რომლებიც მომავალში, სავარაუდოდ, ბიუჯეტს ტვირთად აღარ დააწვება:

”აი, ეგეთი ტიპის პროექტები ჩამოშორდება ბიუჯეტს და უფრო პირდაპირ სოციალურ ვალდებულებებზე იქნება ორიენტირებული და არა ასეთი ირიბი სახის ზომებზე - აი, დავუშვათ, მიწის მოხვნა უფასოდ და ასე შემდეგ. ეგეთი გრაფები მოშორდება, რაც, ბუნებრივია, საბაზრო ეკონომიკისთვის არ არის დამახასიათებელი და იქნება მხოლოდ პირდაპირი ვალდებულებები შესრულებული”.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის გია ხუხაშვილის განცხადებებს და მოსაზრებებს ბევრი ოპონენტი ჰყავს. მათ შეხედულებებსა და არგუმენტებს მომავალში გაგაცნობთ.