გოგი თოფაძე:

გოგი თოფაძე: "ბიძინა ივანიშვილი ისეთი პრესის ქვეშ არის, მეტი არ შეიძლება!".

"ხალხს ყველა სიკეთე სწრაფად უნდა და მართალიცაა, მაგრამ არ ითვალისწინებს, რამდენი დაბრკოლება შეხვდა ახალ ხელისუფლებას. ძალიან აგრესიულია ის უმცირესობა, რომელიც პარლამენტში გვიზის, უფრო გამოცდილია ინტრიგებში. თან კუთხეშია მიყენებული და თავს გააფთრებით იცავს. უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი ბერკეტები აქვთ, მასმედია კიდევ მაგათ ხელშია, გარკვეული ტელეარხები. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი რამე ვერ გავაკეთეთ - დავიწყოთ მოსამართლეებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ელჩები - ვერა, არ გვყავს, გამგებლები არა, საკრებულოები - ვერა... რატომღაც საკვანძო თანამდებობებზე ისევ ძველები სხედან. კოჰაბიტაციისკენ წავედით, როცა უფრო მკაცრები უნდა ვყოფილიყავით", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გოგი თოფაძე: "ბიძინა ივანიშვილი ისეთი პრესის ქვეშ არის, მეტი არ შეიძლება!".

"ამერიკის ელჩი ძალიან არის კოჰაბიტაციის მომხრე... ძალიან სერიოზული ზეწოლაა უცხოელებისგან, რაღაც გარკვეული თანხები მიდიოდა უცხოეთში, ეს ძალიან კარგად ჩანს. მაგალითად, ამ ბოლო დროს ევროპიდან ჩამოვიდა რამენიმე პოლიტიკოსი, ჩამოვიდნენ ევროპარლამენტიდან. წარმოგიდგებიათ, რამდენს ბედავენ ესენი? ვანო მერაბიშვილზე რომ ამბობ, უდანაშაულო კაციაო?! კი მაგრამ ევროსასამართლომ არ განიხილა გირგვლიანის საქმე? იქ არ დაადგინეს, რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი დამნაშავეები არიან? "ნაციონალებს" ჰქონდათ გადგმული ფესვები და მოქრთამულ-მოსყიდული ჰყავდათ ძალიან ბევრი. ეს კარგად ვიცი, რა როგორ კეთდება ევროპაში, არც იქ არიან ანგელოზები. თავი დავანებოთ ჟვანიას მკვლელობას - ამათ გარსემო ბევრი რაღაცა მოგროვდა. მე არ მომერიდება, ჩამოდიან ეს თავხედები გვიმტკიცებენ, რომ მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ალბათ მოვა დრო და ყველა თავისას მიიღებს არ მგონია, ბიძინა ივანიშვილი ასეთი ლმობიერი იყოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი თოფაძე.

"ივანიშვილს სურს რაღაცნაირად შერიგების გზით წავიდეთ, მაგრამ ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, იომან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი!. მე მგონი, ძალიან დემოკრატებად გამოვცხადდით და ამდენი დანაშაული შემდეგ ცოტა უფრო მკაცრები უნდა ვყოფილიყავით. ხომ დევს ფაქტები, როგორ ფლანგავდნენ ესენი ხალხის ფულს, რას ველოდებით? აგერ საინტერესო მაგალითია, რაც მოხდა ახალციხეში, ბორჯომში - გაამართლეს პოლიციის ყოფილი უფროსი, გამგებელი - რატომ? მოსამართლე ჯეირანაშვილმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. რა ქნას ამ ხელისუფლებამ? ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით იმის გამო, რომ დიდი დემოკრატები ვართ. დღეს მოსამართლე უნდა შეცვალოს იუსტიციის საბჭომ, სადაც 15 წევრია. ვენეციის კომისიას რომ მოვაწონოთ თავი, 9 წევრის ადგილი ისევ დავუტოვეთ "ნაციონალებს" და ჩვენ შეიძლება მხოლოდ 6 გვყავდეს - რატომ მოვიქეცით ასე? არ ეწყინოს ევროპას, ვენეციის კომისია ვერ გაგვიგებს - აი, ეს გვაქვს მონური", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჩვენ დემოკრატობანას ვთამაშობთ ქვეყნის საზიანოდ. ძალიან ბევრი მიწაა გაყიდული. ნორმალურ ქვეყანაში 1 ჰექტარი მიწა 100 000 ევრო ღირს, ჩვენთან 1000 ლარად იყიდება! ბოლო ერთ წელიწადში 984-მა ინდოელმა იყიდა საქართველოში მიწა. რა მაჩვენებელი აქვთ ირანელებს, თურქებსა და სხვებს, ჯერ არ ვიცით. სასწრაფოდ იყო მისაღები ეს მორატორიუმი და კანონი მივიღეთ. სააკაშვილმა ვეტო არ დაადო - სხვათა შორის, გვეშინოდა ამისი. უკვე იმდენი მიწაა გაყიდული, რა უნდა გავაკეთოთ, არ ვიცი - მერე ათასნაირი კომბინაციაა გადათამაშებული, მიწები გადაყიდული. რატომ ჩეხები არ ყიდიან მიწას, არ არის ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი? ჩვენ თავიდანვე თავდაცვის პოზიციაში გადავედი, გამარჯვებული გუნდი ვართ, რატომ ვიქცევით ასე? რა, არ ვიცოდით, რომ კოტე კუბლაშვილი მოგვატყუებდა? ცოტა მუშტი უნდა დავარტყათ!" - მიიჩნევს უმრავლესობის წევრი.

"მე კარგად ვიცი, რა არის გუნდური თამაშის წესები და ამას ნამდვილად დავიცავ ბოლომდე... ჯერ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა გვინდა ჩვენ და არა იმაზე, რას იფიქრებენ სხვები. მე არც მერიდება, განსხვავებული აზრი მაქვს. სულაც არ ვფიქრობ, რომ ნატო ჩვენთვის ერთადერთი გზაა. ძალიან არ მომწონს, რომ ყველაფერი უნდა შევუთანხმოთ ევროკავშირს. კი ბატონო, არის რაღაცები, როცა შეიძლება რჩევა ვკითხოთ, მაგრამ როცა იქიდან გვეუბნებიან, ეგ პოლიტიკური პატიმარია და გაუშვითო - არადა ბოლო კადრები მეც ვნახე, კოშმარი იყო. იცით რა? მაგალითად, მე ამ ხალხს გავაძევებდი ქვეყნიდან, არც შემოვუშვებდი. ასე გააკეთა რამდენიმე ქვეყანამ. ის სენატორები თუ კონგრესმენები, რომლებმაც ეს კადრები ნახეს და ისევ იძახიან, მერაბიშვილი პოლიტპატიმარიაო, უნდა გააძევო ქვეყნიდან!" - დასძენს გოგი თოფაძე.

"დიახ, ამას შიგნით კოალიციაშიც ვამბობ და ბევრსაც ვკამათობთ. ივანიშვილთნ უმრავლესობის შეხვედრაზე არაერთ რამეზე იყო ლაპარაკი, პოლიტსაბჭოზეც ვკამათობთ ხოლმე, მაგრამ როცა ხედავ, რომ საკითხი არ წაადგება შენს ქვეყანას, საბუთდ ევროპა არ უნდა მოიყვანო... მე ივანიშვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ეს კაცი არის უაღრესად მონდომებული, უნდა როგორმე უშველოს თვის ქვეყანას. მოდი, ახლა ისიც გავიგოთ - ბიძინა ისეთი პრესის ქვეშ არის, მეტი არ შეიძლება... ძალიან თვმოყვარე კაცია, ძალიან გონიერი კაცია, მაგრამ ჩვენ შევუქმენით პრობლემები ჩვენი უნიათობით", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "თქვენ უნიათობა ახსენეთ... ჩანს, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გუნდი უნდა გამოიცვალოს" - პასუხობს:

"არ ვიცი, ვფიქრობ, ჩვენ მეტისმეტი დემოკრატობა მოვინდომეთ, უფრო მეტი სიმკაცრე გვმართებს, სხვანაირად საქმე არ გაკეთდება გააქტიურებაა საჭირო. მე პირობას ვიძლევი, რომ ბიძინას ვკიტხავ, რას ფიქრობს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. არ გამოვრიცხავ, რარაც ჩამოყალიბებული აზრი ჰქონდეს. ჩვენ სიტუაცია რადიკალურად უნდა გამოვასწოროთ".