სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მდიდარია

სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მდიდარია

"ნაციონალების" მიმართ მოსახლეობის ასეთი აგრესია სულაც არ მიკვირს. მაგრამ მინდა ყველა გავაფრთხილო - ასეთ ინციდენტებს "ნაციონალები" სათავისოდ იყენებენ: ახდენენ მის ტირაჟირებას დასავლეთში, რათა ძალადობის მსხვერპლად წარმოჩნდნენ. პოლიციამ უნდა უზრუნველყოს, რომ ძალადობა აღარ განმეორდეს და "ნაციონალებმა" საგარეო არენაზე ქვეყანას პრობლემები არ შეუქმნან... დავით ბაქრაძის განცხადება, რომ ფარულ ვიდეომასალებს შორის მისი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიცაა აბსურდულია - ჩვენ, კომისიის წევრებმა არ ვიცით, ვისზე რა მასალებია. უბრალოდ ვნახეთ დოკუმენტი, სადაც, მაგალითად, წერია "სექსუალური ცხოვრების ამსახველი მასალა. 94 ფაილი" - ვინ არის დაფიქსირებული ამ ვიდეოჩანაწერში წარმოდგენა არა გვაქვს - ვიმეორებ, ვიდეომასალა კომისიის არც ერთ წევრს არ გვაქვს ნანახი. ბაქრაძე ცრუობს, რადგან მისი მიზანია ისე წარმოჩნდეს, თითქოს ისიც სისტემის მსხვერპლი იყო და არა ნაწილი", - აცხადებს ექსპერტი კახი კახიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მდიდარია / ბაქრაძე ცრუობს, რადგან მისი მიზანია ისე წარმოჩნდეს, თითქოს ისიც სისტემის მსხვერპლი იყო და არა ნაწილი.

"საკრებულოს კომისიები, რომლებსაც ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ, ყველა მიმართულებით დაიწყებენ მერიის საქმიანობის შესწავლას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარევიზიო კომისია - მას ძალიან ბევრ დოკუმენტზე მიუწვდება ხელი. შესაბამისად, გასული 9 წლის განმავლობაში მერიის საქმიანობის შესახებ ძალიან ბევრი მასალა გამომზეურდება, საკმაოდ დიდი ნაწილი კი პროკურატურას გადაეცემა. უპირველესად, ალბათ, მერიის მიერ გაწეული ხარჯები უნდა შეისწავლონ 2012 წლის არჩევნების წინ მერიამ თავისი სტრუქტურები გაამსხვილა, გაზარდა შტატების რაოდენობა და იქ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურად აქტიური მხარდამჭერები დანიშნა, ანუ საბიუჯეტო ხელფასები გიგი უგულავას პარტიულ მიზნებს ემსახურებოდა... თბილისის ბიუჯეტი ზოგიერთისთვის ჯიბის ფულად იყო ქცეული და სტრიპტიზბარებშიც კი საბიუჯეტო თანხებით დადიოდნენ. ამ კუთხითაც ალბათ, ძალიან საინტერესო ამბებს გავიგებთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი.

"გამოვრიცხავ, რომ მერიაში ბევრი დოკუმენტი უკვე გაანადგურეს ან გაანადგურებენ. თუმცა ყველას ვერ მოსპობენ. მერიის იმ სამსახურების თანამშრომლებმა, რომელთაც შესაძლოა, დოკუმენტების განადგურება უბრძანონ, უკვე იგრძნეს, რომ "ნაცმოძრაობამ" ძალა დაკარგა. შესაბამისად, საკრებულოს ახალი უმრავლესობა მაშინვე შეიტყობს, თუ მერიაში დოკუმენტების განადგურება დაიწყეს. გარდა ამისა, დოკუმენტების ასლები სხვადასხვა უწყებაშიც იქნება გადაგზავნილი. სხვათა შორის, ისე იყვნენ მიშვებული მერიასა და საკრებულოში, ისე იყვნენ დარწმუნებული, რომ სულ "ნაციონალები" იქნებოდნენ ხელისუფლებაში, რომ ოფიციალურ დოკუმენტებსა და გადაწყვეტილებებში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ, მაგრამ გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო ფაქტებს შევიტყობთ. თუმცა ჯერ ეს მასალები გამოძიებისთვის იქნება საინტერესო", - განაგრძობს რესპონდენტი.

"თბილისში ვერავინ მოიგებდა ტენდერს, თუ იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის რომელიმე წარმომადგენელს ან "ატკატს" არ მისცემდა, ან შავ ფულს. ბიზნესმენები, განსაკუთრებით სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები, დღეს უკვე დაუფარავად ამბობენ, რომ შავ ფულს ხელზე აძლევდნენ ფინანსური პოლიციის ან თბილისის მერიის თანამშრომლებს. განსაკუთრებით საინტერესოა ტენდერები და მერიის გადაწყვეტილებები დაკავშირებული თბილისის მიკროავტობუსებსა და "სითი პარკთან". მაგალითად, "სითი პარკში" გააფორმეს პირი, რომელსაც თვეში 80 ათასი ლარი(?!) დაუნიშნეს ხელფასად და ის სამსახურში ერთხელაც კი არ მისულა. ვინ იყო ის, არ ვიცი და არც "სითი პარკის" თანამშრომლებმა იციან, რადგან არასოდეს უნახავთ. ესეც კორუფციული სქემის ერთ-ერთი ნაწილია, ისევე როგორც დენის გადასახადის ნაგავზე მიბმა, მიწების გაფორმება თუ თაბუკაშვილის ქუჩიდან მობინადრეების გამოყრა. ამ კორუფციული სქემის სათავეში კი გიგი უგულავა იდგა. თუმცა "ნაციონალებმა" ისეთი კანონმდებლობა შექმნეს, რომ ვერც თბილისის მერს გადააყენებ და ვერც რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავ. უგულავა ხვალვე რომ გადადგეს, 2014 წლის არჩევნებამდე მერის უფლებამოსილებებს მისი მოადგილე შეასრულებს. პარლამენტს მოუწევს დაფიქრება კანონმდებლობის შესაცვლელად", - მიიჩნევს ექსპერტი.

"სააკაშვილმა "ნანუკას შოუში" საყურადღებო განცხადება გააკეთა - თქვა, რომ აქტიური პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და მიანიშნა კიდეც, რომ არ გამორიცხავს ხელისუფლებაში დაბრუნებას. სააკაშვილის პრეზიდენტად დაბრუნება ფანტასტიკის სფეროდ მეჩვენება. თუმცა ის ყოველნაირად შეეცდება, მთავრობა დაასუსტოს და თანაგუნდელების ხელით ხელისუფლების უზურპაცია მოახდინოს. ამაში უკანასკნელ როლს არ შეასრულებს დიდი ფული, რომელიც სააკაშვილს აქვს. პრეზიდენტი ხშირად იმეორებს, რა ვქნა, არა მაქვს 6 მილიარდიო. არადა, მან 9 წლის განმავლობაში 6 მილიარდიც იშოვა და მეტიც, რომელიც არავინ იცის, რომელ საზღვარგარეთულ ანგარიშებზე აქვს. დიახ, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მდიდარია! დაიწყებენ იმით, რომ გადაჯგუფდებიან - "ნაციონალების" ნაწილი ვითომდა გაემიჯნება ამ პარტიას, შექმნის ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. რეალურად კი თითოეული დაჯგუფების უკან სააკაშვილის ფული იქნება. შემდეგ კი ეს დაჯგუფებები დაიწყებენ არაჯანსაღ ოპონირებას, შეეცდებიან, მოამზადონ ისეთი კანონპროექტები, რაც შეასუსტებს ხელისუფლებას, წინა პლანზე წამოსწევენ მთავრობის საწინააღმდეგო თემებს," - ამბობს კახი კახიშვილი.

"ძალიან სახიფათოა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ - თუ ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან კოალიცია მაშინვე დაიშლება და შესაბამისად, დაიშლება საპარლამენტო უმრავლესობა. აბა, გამოიცანით, პარლამენტში ვინ იქცევა უმრავლესობად კოალიციის ერთიანობის დასრულების შემდეგ? დიახ, ახალ უმრავლესობას მაშინვე შექმნიან "ნაციონალური" დაჯგუფებები, რომელთა ლიდერები იქნებიან დავით ბაქრაძისთანა ფიგურები, რომლებიც დღედაღამ გაჰყვირიან, ვემიჯნებით ძალადობასო. ბაქრაძისთანა ფიგურები კი შესაძლოა, მიმზიდველი პარტნიორებიც კი გახდნენ კოალიციის ყოფილი წევრებისთვის. რა თქმა უნდა, ახალი უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობას" არ დაირქმევს, საზოგადოება რომ არ გააღიზიანოს. მაგრამ ეს იქნება "ნაციონალების" ფარული უმრავლესობა, რომლის უკან სააკაშვილის ფული იქნება", - დასძენს ექსპერტი და შეკითხვას - "სააკაშვილმა განაცხადა, პუტინს საქართველოს პრემიერისთვის 2 მილიარდი დოლარი აქვს მიცემული და მისგან ყველაფრის დათმობას ითხოვს, მათ შორის ჩემს პოლიტიკურ, მორალურ და სამართლებრივ განადგურებასო" - პასუხობს:

"სააკაშვილს რომ უსაგნო ჭორაობა სჩვევია, ახალი ამბავი არ არის. სხვას აბრალებს იმას, რასაც თავად გააკეთებდა ან გაუკეთებია. 2003 წლამდე მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები მოსკოვში ხშირად ჩადიოდნენ სწორედ ფულის წამოსაღებად და მაშინ ამაზე არაერთხელ დაწერილა. სააკაშვილს იმდენად სძულს ივანიშვილი, რომ აღარ იცის, რა დააბრალოს. ძალიან სძულს, იმიტომ, რომ ივანიშვილმა მას წაართვა მეფური ცხოვრება, რასაც სააკაშვილი მინიმუმ 30 წლის განმავლობაში გეგმავდა. სხვათა შორის, სააკაშვილმა უნდა იცოდეს, ცრუ დასმენა და ცილისწამება კანონით ისჯება. თუ აქვს მასალები სახელმწიფო დანაშაულის შესახებ, კეთილინებოს და მიმართოს პროკურატურას. თუმცა ყველამ ხომ ვიცით, რომ ეს უსაგნო ჭორაობაა და სააკაშვილის ამ განცხადების სერიოზულ კონტექსტში განხილვა წყლის ნაყვაა"