კოცნა კლავს, ანუ კანონპროექტი, რომლითაც “ნავერტილეს” ჭამა სავალდებულო ხდება!

კოცნა კლავს, ანუ კანონპროექტი, რომლითაც “ნავერტილეს” ჭამა სავალდებულო ხდება!

ახალი ხელისუფლება წინამორბედზე უფრო მკაცრი გამოდგა და ახალი ჯარიმები დაგვიწესა, რომლებიც _ არც მეტი, არც ნაკლები _ კოცნას ეხება. მართალია, კანონპროექტის ავტორები ირწმუნებიან, ქუჩაში კოცნის აკრძალვას არ ვაპირებთ და, უბრალოდ, საზოგადოებრივ ზნეობაზე ვზრუნავთო, მაგრამ მიუხედავად ამისა, “საზოგადოებრივი ზნეობის” დასაცავად მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა... “ადამიანის პირად სივრცეში სახელმწიფოსგან უხეში ჩარევა მიუღებელია. ქართული ტრადიციები გასაგებია, მაგრამ ევროპისკენ მივისწრაფით და იმედია, ქალებს ქუჩაში ჩადრით სიარულს არ მოსთხოვენ”, _ მიიჩნევს საზოგადოების ნაწილი... და მაინც, რა წერია კანონპროექტში?

პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, ალკოჰოლური სასმელის ქუჩაში, სტადიონზე, პარკსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას დალევა, ანუ “ადამიანის ღირსებისა და ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა” გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

ამდენივე ლარით დაჯარიმდება საჯარო ალერსი. იმ შემთხვევაში კი, თუ ურჩ შეყვარებულ წყვილს ალერსი ისევ მოუნდა, 500-ლარიან “შტრაფს” აიკიდებს, “საჯარო ალერსის” მესამედ განმეორების შემთხვევაში “მოკოცნავეები” 700 ლარით დაჯარიმდებიან.

ისე, თუკი საქართველოში ჯენტლმენები კიდევ დარჩნენ, ზემოხსენებული ჯარიმები მთლიანად მამაკაცმა უნდა გადაიხადოს, რაც “მამაკაცური ზნეობის” ერთგვარი ტესტი იქნება.

თუკი შელახული “საზოგადოებრივი ზნეობის” აღსადგენად ზემოხსენებულ ფულად ჯარიმებს “ზნეობის დამცველები” არასაკმარისად ჩათვლიან, მაშინ, კანონპროექტის მიხედვით, “ზნეობის დამრღვევი” 15 დღით შეიძლება “ვირის აბანოში” გაუშვან.

ესეც ქართული ნოუ-ჰაუ შეყვარებულთათვის!

რეჟისორი გიორგი შენგელაია “კოცნის აკრძალვას” ერთ-ერთ ინტერვიუში ასე გამოეხმაურა: “კოცნა და ხვევნაზე, როგორიც უნდა იყოს, ჯარიმა ვინ ოხერმა მოიგონა?!. აღარ გინახავთ, აშშ-სა და ევროპაში რომ დადის ხალხი და სადაც უნდა, იქ კოცნის ერთმანეთს?! _ დიდი ამბავი რა... ყველანაირი კოცნა არის მიღებული ცივილიზებულ სამყაროში, სადაც უნდათ, ბოდიში და, ჩვენთან სექსით არიან დაკავებულნი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუ რა აღვირახსნილობაზეა საერთოდ აქცენტი?! შეყვარებული იმისაა, რომ ჩაეხვიო, აკოცო და მოეალერსო, რა პრობლემაა, ერთი ამიხსენით?.. ეს არის სრული უმეცრება და მეტიჩრობა. ან ჯარიმის გადასახდელი ფული ვის აქვს ამ გაღატაკებულ ქვეყანაში, აღარ ფიქრობენ?! თავისუფალი ხალხი ვართ და ერთმანეთს რომ ვაკოცოთ და ჩავეხუტოთ, ფული უნდა ვიხადოთ?! ირანია ეს უპატრონო?! ვისი მოგონილია, ვინ დააწესა ეს ყველაფერი, მართლა არ ვიცი, ან რა მნიშვნელობა აქვს, სრული იდიოტობაა!”

ისე, მოვლენების განვითარება არჩილ კბილაშვილის “ისტორიული სიტყვების” ჭეშმარიტებას ადასტურებს _ მოგეხსენებათ, თავის დროზე, ანუ პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე, დღევანდელმა მთავარმა პროკურორმა განაცხადა, პოლიტიკაში სექსუალურად მოუმწიფებელი ადამიანების ადგილი არააო. ჰოდა,

მართლაც, ასეა _ აბა, სექსუალურად მომწიფებულ ადამიანს აზრად ხომ არ მოუვა, დეპუტატის მანდატის განაღდებისთანავე “პრეზერვატივების კანონს” “ეტაკოს” და “ბუსუსებიანი რეზინი” აკრძალოს?! ამ ქვეყანაში, თუნდაც მიშას 9-წლიანი რეჟიმიდან გამომდინარე, აურაცხელი პრობლემაა და, მამაძაღლი, რაღა პრეზერვატივებს ეტაკე? _ ადექი და რამე ისეთი კანონი “მოიგონე”, რომელიც ხალხს ოდნავ შვებას მისცემს!

სვეგამწარებული ხალხისთვის პრობლემების თუნდაც ერთი საათით დავიწყების ერთ-ერთი საშუალება სერიალებია. ჰოდა, ამას წინათ, “ხალხის პარტიის” ლიდერმა, პატივცემულმა კობა დავითაშვილმა, რომელიც “ნავერტილეს” სიყვარულშია შემჩნეული, პარლამენტის ტრიბუნიდან დაგვმოძღვრა, ერის ღირსება რომ გადავარჩინოთ, ამიტომ, სერიალები უნდა ავკრძალოთო. კი ბატონო, სერიალები მდორე კინოპროდუქტია და ერის გემოვნებას ამახინჯებს, მაგრამ, პატივცემულო კობა, აბა, დაფიქრდით: თქვენ გაქვთ საშუალება, საღამოობით, პარლამენტში ჯაფისგან დაღლილმა, ქუთაისის რომელიმე საშუალო დონის რესტორანში შეიაროთ და “ნავერტილე” მიირთვათ, მაგრამ რა ქნას ლუკმა-პურის შოვნით დაქანცულმა ხალხმა, რომელსაც სერიალის ყურების უფლებასაც ართმევთ, ნაცრისფერი საღამოები როგორ მოკლას? ან, სულაც, ამის დედა ვატირე, მოდერნიზებულ საბჭოთა სოციალისტურ საქართველოს აშენებთ თუ რაშია საქმე? ქვეყნის ცენზორად და 21-ე საუკუნის ციციკორედ ვინ დაგნიშნათ?

ისე, მგონი, ურიგო არ იქნება, საგანგებო კანონი მოამზადოთ, რომლითაც “ნავერტილეს” დილა-შუადღე-საღამოს ჭამა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო იქნება! ოღონდ, ძვირფასებო, “ნავერტილეს” მშიერმუცელა ხალხი დილა-შუადღე-საღამოს თქვენს ხარჯზე მიირთმევს და აი, მაშინ კი, ალბათ, მიხვდებით, რომ ქვეყნის გადარჩენა “ბუსუსებიანი პრეზერვატივების,” ქუჩაში კოცნისა და ლუდის დალევის აკრძალვაში კი არა, სხვა რამეშია. ამ სხვა რამეს, უბრალოდ, ეკონომიკა ჰქვია, ეკონომიკა, რომელიც უნდა აღორძინდეს და რომელმაც ქვეყანაში საშუალო ფენა უნდა შექმნას!

სხვათა შორის, ზემოხსენებულმა აკრძალვებმა რამდენიმეწლისწინანდელი ამბავი გამახსენა, მიშა “ვენებს რომ იხსნიდა”, “პიონერთა სასახლეში” საბალეტო სტუდია უნდა გავხსნა, რამეთუ საქართველოს ყოველ მეორე მოქალაქეში ფარული ბალერონი და ბალერინა “ცხოვრობსო”.

გიორგი შენგელაიას თქმისა არ იყოს, იდიოტობას, როგორც ჩანს, პოლიტიკური კუთვნილება არ აქვს!

და ბოლოს, ისევ ამონარიდი გიორგი შენგელაიას ერთ-ერთი ინტერვიუდან:

“ეროტიკა არსებობს, აბა, საიდან იბადებიან ეს ბავშვები?! მამაკაცს ქალისკენ ლტოლვა აქვს, ქალს _ მამაკაცისკენ და ამაში ცუდი არაფერია. ვიმეორებ, რომ სასაცილოა ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ჩვენ ვმსჯელობთ. ეს შეკითხვა კი, ჯარიმებთან დაკავშირებით, საერთოდ კომედიაა, ვინც არის ინიციატორი, ვეტყოდი, უკან წაიღოს ეს სულელური კანონი... პირიქით, სასიყვარულო სცენები სიჯანსაღეზე მეტყველებს, ახალგაზრდობა რომ დაკომპლექსებული არ არის. ვიმეორებ, ვინმემ ქუჩაში ორგია მოაწყო თუ რამ მოაფიქრათ ეს?! ერთი მაგალითი მაჩვენონ, რა... ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ჩემს მსგავსად ამ სულელური კანონის წინააღმდეგი. და არბიტრი ვინ იქნება, არბიტრი?! ვინ შეაფასებს, რა არის აღვირახსნილი და რა _ კდემამოსილი? მე ვერ დავადგენდი კატეგორიას, რომელია აღვირახსნილი და რომელი _ ჩვეულებრივი ალერსი. დასავლეთში აღარავის უნახავს, წინ რომ კაცი მიდის ქუჩაში, უკან წყვილი მიყვება და ერთმანეთს ეალერსება?! _ უკვირს იქ ვინმეს და თავში ხელს იცემს, გავირყვენითო?!”