“ის, რაც სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა გააკეთა, გერმანელ ფაშისტებს არ გაუკეთებიათ!”

“ის, რაც სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა გააკეთა, გერმანელ ფაშისტებს არ გაუკეთებიათ!”

“დასავლეთის ზეწოლით, საქართველოს ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა ხელფეხშეკრულია და ცდილობს, სასამართლოს დამოუკიდებლობა კოჰაბიტაციის რეჟიმში მოაქციოს. მოსამართლეები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში პროკურატურის მიერ შეთითხნილი საქმეების ,,გაპრავებას” ახდენდნენ, დღეს დამოუკიდებელი სასამართლოს მთავარ აქტიორებად გვევლინებიან, ბატონი კუბლაშვილი კი, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მოსამართლეები, რომლებმაც 20 ათასი მოქალაქის ქონების წართმევა-დაყადაღების საქმეზე უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს, თემიდას სამიდღემჩიო მსახურნი უნდა გახდნენ! მოკლედ, იმ გზას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” თავისუფალი და დემოკრატიული სასამართლოს შესაქმნელად აირჩია, “სიყვარული ძალდატანებით” დავარქვი”, _ ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ექსპერტი ვაჟა ბერიძე:

_ დასავლეთში საქართველოს როლის გადაფასება ხდება _ ობამას ადმინისტრაცია კავკასიის რეგიონს, როგორც ჩანს, დღეისთვის აქტუალურად არ მიიჩნევს, ცდილობს, რუსეთს გაურიგდეს და აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზების განლაგებასთან დაკავშირებით მისი ინტერესი დააკმაყოფილოს. სწორედ ამ გარიგების შედეგია, რომ აშშ საქართველოსთან  დაკავშირებულ პრობლემებში აქტიურად აღარ ერევა.

_ ანუ, რუსეთთან პირისპირ აღმოვჩნდით?

_ ყველა შინაური პროცესები საქართველო ევროპის, საქართველო-აშშ-სა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია. ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირემ, პრაქტიკულად, ვერ შეძლო, ქვეყნისთვის ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემის _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ეკონომიკის აღორძინების გადაჭრაში დაგვხმარებოდა. საქართველო დეზინტეგრირებულია _ ქვეყანაში მყიფე სოციალ-ეკონომიური მდგომარეობაა, ხალხი შიმშილობის ზღვარზეა, მიგრაცია კატასტროფულ მასშტაბს აღწევს და ამ პირობებში დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკა საქართველოს რუსეთისკენ უბიძგებს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს შეიძლება, ობამა-პუტინის შეთანხმებაა... დემოკრატია იდეა-ფიქსი არაა, იგი მიზნის მისაღწევად მხოლოდ საშუალებაა. ვეკითხები ჩვენს დასავლელ მეგობრებს, აშშ ადმინისტრაციასა და საქართველოში მის ემისრებს: ჩვენი მიზანი თქვენთვის დიდი ხანია, ცნობილია, შევცვალოთ მის მისაღწევად საგარეო კურსი?

_ ასეა თუ ისე, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების დათბობას არ აპირებს, პირიქით, პირობით საზღვრებს მუდმივად არღვევს და ჩვენი მიწების მიტაცებას აგრძელებს....

_ ეს ზეწოლის გარკვეული ფორმაა, რომელსაც რუსეთი საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის იყენებს,Aანუ თუკი საქართველო პოლიტიკურად და ეკონომიურად დაუძლურდება, ევრაზიის კავშირში შესვლაზე დასთანხმდება. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს რუსეთი ფედერაციის, ან კონფედერაციის ჩარჩოებში ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაზე ლაპარაკს. რუსებს აღარ აკმაყოფილებთ სააკაშვილის მიერ მირთმეული ძღვენი და სურთ, კავკასიაში ფეხი მტკიცედ მოიკიდონ.

_ ამასობაში, ჩვენ ისევმაპ”- ველოდებით...…

_ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადება უფრო რეალურია, ვიდრე მაპ-ის მიღება _ ვეჭვობ, რომ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობიდან აქცენტი ამაზე გადავიდა. მთავარია, ჩვენი გეოპოლიტიკური სიტუაცია და ორი მთავარი მოთამაშის _ აშშ-ისა და რუსეთის დამოკიდებულება. ნატო-ს რა სტანდარტებზეა საუბარი? _ აშშ-ის ადმინისტრაციამ ბინ ლადენის ადგილსამყოფელს მიაგნო და ის ვერ გაიგო, საქართველოში, ცხრა წლის განმავლობაში, დემოკრატიის ნასახიც რომ არ იყო?! ის, რაც სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა გააკეთა, ლათინური ამერიკის გორილებსა და გერმანელ ფაშისტებს არ გაუკეთებიათ. შეთქმულების თეორიის მომხრე არ ვარ, მაგრამ ის, რაც საქართველოს ციხეებში პატიმრების ფსიქიკაზე ზემოქმედების მიმართულებით ხორციელდებოდა, სტენფორდის ექსპერიმენტს ემთხვევა... 

_ ბატონო ვაჟა, სიტყვამ მოიტანა და, ადამიანთა წამების ამსახველი კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა...

_ ვერ გეტყვით, ბედუკაძე გმირია თუ არა, მაგრამ ჩემში გამბედავი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.U

_ ჩემი აზრით კი, ბედუკაძეც ჩვეულებრივი მწამებელია...

_ გეთანხმებით, იგი სისტემის ნაწილი იყო, სხვანაირად ვერ შეძლებდა ,,ციხის კადრების” გარეთ გამოტანას. ამ მოვლენებმა საზოგადოებაში კათარზისის დაწყება გამოიწვია, ეს რომ არა, ჩვენ ისევ ჭაობში ვიქნებოდით... როგორც ვიცი, ნაპოვნია 13 ათასი ფაილი, სადაც ადამიანთა წამების, უღირსი მოპყრობის, პირადი და სამსახურეობრივი ცხოვრების ფაქტებია ასახული. ჩემი ღრმა რწმენით, ეს კადრები, პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა ნახოს, მაგრამ აქვე ისმება შეკითხვა: ხომ არავის ეშინია, რომ ამ კადრების ნახვის შემდეგ, გააფთრებული ხალხი ,,ნაციონალების” ოფისებს დალეწავს? ამ ფონზე, ვფიქრობ, ეს ბუნდოვანი კოჰაბიტაცია არ შედგება. ჩვენ თანაცხოვრება კათარზისგანცდილ ,,ნაცმოძრაობასთან” შეგვიძლია და არა _ დამნაშავეებსა და მათ მფარველებთან.

_ ბატონო ვაჟა, ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, თუკი ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრემიერის პოსტს მართლა დატოვებს, ეს ქვეყნისთვის საფრთხის მომტანი არ იქნება?

_ ბიძინა ივანიშვილმა ორი გრანდიოზული საქმე უკვე გააკეთა _ მილიარდიანი ქველმოქმედება და ქვეყანა სააკაშვილის რეჟიმისგან გაათავისუფლა. ამით დაიმკვიდრა ადგილი ილიას, ნიკო ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილის გვერდით, მაგრამ ბრძოლის ველიდან ახლა წასვლა და ქვეყნის უხელისუფლოდ დატოვება არასწორად მიმაჩნია, რადგან ასეთ დროს ხელისუფლება ქუჩაში ,,გდია” და შეუძლია, ხელი ნებისმიერმა ჩაავლოს. ეს “ნებისმიერი”, შეიძლება, მაგალითად, ლევან ვასაძე იყოს, რომელიც გამოკვეთილი პრორუსული შეხედულებების პოლიტიკოსია. ქართული მენტალობა კონსერვატიულია, ამიტომ, ვასაძემ მასის ზესათუთ ვნებებსა და შეხედულებებზე გავლენის მოხდენის გზა აირჩია: ლექსები, რაინდობა, ჩოხა, მკაცრი ზნეობისა და მორალის მიმდევრობა, რომანტიული ბუნება, ეკლესიურობა...

_ ბატონო ვაჟა, რა ამის პასუხია და, თქვენი აზრით, ებრძვიან თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც ბიძინა ივანიშვილის ერთგულ პიროვნებას?

_ არის საბოტაჟის ელემენტები... შს მინისტრი ჯერ პოლიტიკური ფიგურაა, შემდეგ _ ქვეყნის პირველი პოლიციელი. ივანიშვილმა ღარიბაშვილს უმნიშვნელოვანესი სფერო ჩააბარა, თუმცა ღარიბაშვილს, ვფიქრობ, არც საიმისო რესურსი აქვს და არც _ საშუალება, რომ ,,ნაცების” მიერ ჩამოყალიბებული სისტემა დაანგრიოს... ირაკლი ღარიბაშვილი საქმეს კარგად უძღვება _ დანაშაულის ზრდა მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლებია და ამის დაუფასებლობა არ შეიძლება.

_ პატრიარქი დაპატიმრებების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა...

_ ამჯერადაც, პატრიარქის, არა როგორც სულიერი მამის, არამედ, დიდი მოღვაწის პოზიცია შეუცდომელია. დაკავება-გასამართლებამ ტოტალური ხასიათი მიიღო, რაც ერის სულიერ განწყობაზე უარყოფითად აისახება, მაგრამ პატრიარქს არ უთქვამს, დამნაშავეს დანაშაული ეპატიოსო.

_ როგორ შეეგუა დასავლეთი სამართლიანობის აღდგენას?

_ თუ ფულეს ნათქვამიდან ვიმსჯელებთ, დასავლეთმა მიმდინარე მოვლენების უფრო ადექვატური აღქმა დაიწყო. აი, როცა იმ ავადსახსენებელ 13 ათას ფაილის ნაწილს მაინც ნახავენ, ვფიქრობ, გაცილებით ადექვატურნი გახდებიან.

_ გავრცელებული ინფორმაციით, ბაღებსა და სკვერებში კოცნისა და ლუდის დალევის აკრძალვას აპირებენ...

_ არ მგონია, რომ ქვეყანაში ,,ზნეობის პოლიცია” შემოიღონ. ერის ფიზიკური, სულიერი კათარზისი არ შედგება დიქტატის პირობებში. არ შეიძლება, ებრძოლო სათამაშო ბიზნესს იმ მიზეზით, რომ ვიღაცამ თავი მოიკლა ვალების გამო... ის, რაც დასაშვებია ცივილურ საზოგადოებაში, დასაშვები უნდა იყოს ჩვენთვისაც, თვით “ბორდელების ბიზნესის” ჩათვლით. გამოქვაბულში ვერ ვიცხოვრებთ, მაგრამ ყველაფერი კანონით ლეგალიზებული და რეგლამენტირებული უნდა იყოს.