ირანის მოსახლეობის 90 პროცენტი შიიტია. მუსულმანურ სამყაროში კი, შიიტები, როგორც ცნობილია, განსაკუთრებული რადიკალიზმითა და ფანატიზმით გამოირჩევიან, რომ აღარაფერი ვთქვათ რელიგიურ აგრესიულობაზე. მუსულმანურ სამყაროში ირანს, ერთგვარი ლიდერის პოზიცია აქვს, რადგან ბირთვულ პროგრამას ახორციელებს. რაც შეეხება ბირთვულ პროგრამას, ჯერ კიდევ 1967 წელს, პროდასავლური შახის, რეზი ფეხლევის თაოსნობით, ამერიკელებმა მცირე, 5 მეგავატიანი რეაქტორი ააგეს. შემდეგ, შაჰმა ატომურ ენერგიაზე მომუშავე სადგურების ინფრასტრუქტურის შექმნა გადაწყვიტა და დასავლეთს დახმარებისათვის მიმართა. გერმანიისა და საფრანგეთის ხელშეწყობით, 20 ბირთვული რეაქტორის აგება გადაწყდა და ამისათვის 40 მილიარდი დოლარი გამოიყო.
როგორც ცნობილია, შაჰი ჩამოაგდეს და ძლივს გაასწრო აითოლა ხომეინს _ 1979 წელს, ირანის სულიერმა ლიდერმა, ფანატიკოსმა შიიტმა აითოლა ჰომეინმა ირანში რელიგიური რევოლუცია მოახდინა და იმ დღიდან ირანი ფუნდამენტალურ რელიგიურ სახელმწიფოდ იქცა, რომელმაც მჭიდრო კავშირი გააბა რუსეთთან. რუსების დახმარებით ატომური რეაქტორები გაძლიერდა და ამ საქმეში აქტიურად ჩაება მაშინდელი საბჭოეთის პოლიტელიტა. ირანულ-რუსული კავშირი დღემდე გრძელდება და ბირთვული პროგრამის ესოდენ გააქტიურება სწორედ რუსეთის დამსახურებაა.
დღეს ირანი ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობიანი მსოფლიოსათვის. ნიშანდობლივია, რომ ირანი ჩვენი მეზობელია.
თეთრი სახლი საქართველოს აფრთხილებს
2010 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ თეთრი სახლის მხრიდან იგნორირება იგრძნო, “ირანის კარტი” გაათამაშა _ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ირანის საელჩომ ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრა მოაწყო და ორ ქვეყანას შორის საინფორმაციო ველის ლიბერალიზაცია დაიწყო. ამას მოჰყვა ე.წ. უვიზო რეჟიმი ორივე სახელმწიფოდან და დიდი ინვესტიციების ჩადება სხვადასხვა პროექტში ირანელი ბიზნესმენების მხრიდან.
რა თქმა უნდა, თეთრი სახლისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა სააკაშვილის “ხუშტური” და ცხადია, არც ისრაელი იყო დიდად კმაყოფილი, თუმცა თუ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ისრაელის პოზიციას მხედველობაში მივიღებთ (რიგ საკითხებში რუსეთს დაუჭირა მხარი), ისრაელს სააკაშვილის ეს ნაბიჯი არ უნდა გაკვირვებოდა.
ირანთან ურთიერთობის ლიბერალიზაციას მოჰყვა დიდი რაოდენობით ირანელების შემოსვლა საქართველოში და ირანული ფულის შემოდინება. სწორედ ეს უკანასკნელი აღმოჩნდა მიუღებელი თეთრი სახლისათვის. ცნობილია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ირანული კაპიტალის ბრუნვას დასავლეთის ბანკებში სანქცია დაედო და დასავლეთმა საქართველოსგანაც იგივე მოითხოვა.
დღეისთვის სიტუაცია ასეთია _ ირანთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი:
1. რაც უნდა სანქციებს შეუერთდეს, საქართველო ვერაფრით შეუწყობს ხელს სუნიტებსა და შიიტებს შორის არსებული ათასწლოვანი შუღლის გადალახვას, ან გადაჭრას.
2. ირანი დასავლეთთან დაპირისპირებაში დამარცხების შემდეგაც კი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ძალად და გავლენიან მეზობლად დარჩება. ამიტომ, ირანელებთან საქმის გაფუჭება იმისთვის, რომ აშშ-მ, ან ისრაელმა რაღაც შეზღუდულ მიზნებს მიაღწიოს, გაუმართლებელია. ესეც არ იყოს, ხვალ შეიძლება, ამერიკელები და ირანელები მორიგდნენ და დაზავდნენ, საქართველო კი, ირანთან ურთიერთობისა და ნდობის აღდგენას ასე იოლად ვერ მიაღწევს.
არცთუ დიდი ხნის წინ, ამერიკული გავლენიანი გამოცემა “უოლ სთრით ჯორნალის” სტატიამ, რომელშიც საქართველოსა და ირანის მჭიდრო და სახიფათო ბიზნესკავშირებზე იყო საუბარი, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
The Wall Street Journal: “ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსმა, 150 კომპანიისგან, საქართველოში შექმნა ქსელი, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, თავი აარიდოს აშშ-ის სანქციებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში, ირანული კომპანიების რაოდენობა 84-დან თითქმის 1500-მდე გაიზარდა. ეს, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ირან-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შეცვლას 2011 წელს, ასევე, დუბაის სანქციებს, რომელმაც აშშ-ის ზეწოლის შედეგად, ირანული ბიზნესის შეზღუდვა დაიწყო”.
უმთავრესი, რაც ასე ძალიან აღელვებს დასავლეთს, რა თქმა უნდა, ირანის ბირთვული პროგრამაა.
ამასთან დაკავშირებით “ოცნების” წარმომადგენელმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა: “იმისთვის, რომ ირანის ბირთვული პროგრამის საპასუხოდ ძალოვან მოქმედებას თავი აარიდოს, მსოფლიომ გადაწყვიტა, სანქციებით იმოქმედოს. გაერო-ს უშიშროების საბჭო აპირებს, ირანთან მიმართებაში სანქციები გაცილებით გაამკაცროს. ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან კონსულტაციებს აწარმოებს იმ პოლიტიკასთან მიმართებაში, რომელიც გაერო-ს რეზოლუციაშია ასახული. არსებული მონაცემებით, სანქციები ეკონომიკურ ხასიათს ატარებს, რაშიც ნებისმიერი სახის ბიზნესის წარმოების შეზღუდვა იგულისხმება. ამ სანქციების დაწესებით საქართველო-ირანს შორის ურთიერთობები საკმაოდ დაიძაბება, თუმცა აუცილებელია, ცივილიზებულმა სამყარომ სანქციების შემოღებით ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის ძიების ძალიან საშიში პერსპექტივა თავიდან აიცილოს. ირანელ ხალხს ეს სანქციები მძიმედ დააწვება, თუმცა სანქციები ოპტიმალური გამოსავალია იმ მდგომარეობიდან, რომელშიც შეიძლება, თეირანმა მსოფლიო თავისი ბირთვული პროგრამით ჩააყენოს”.
საქართველოსა და ირანის დაახლოებით ისრაელიც შეშფოთებულია, რომელსაც ირანის მოქმედი პრეზიდენტი მიწისაგან პირისა აღგვით ემუქრება. ისრაელის ქნესეთის წევრმა, ქართველმა ებრაელმა ავრაჰამ მიხაელიმ, იგივე აბრამ მიქელაშვილმა აღნიშნა, რომ ისრაელში თბილისი-თეირანის დაახლოებას მტკივნეულად აღიქვამენ.
სააკაშვილის მთავრობის დროს, “ქართულ-ირანული ბიზნესის განვითარების ცენტრის” ინფორმაციით, კერძო ირანული კაპიტალი დიდი ინტერესით ელოდებოდა კოლხეთის დაბლობზე ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობის დაწყებას.
მართალია, ირანისთვის საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელსაც საერთაშორისო სანქციების მიერ შექმნილი მძიმე ტვირთის შემსუბუქება შეუძლია, მაგრამ რამდენად მომგებიანია საქართველოსათვის ირანთან პარტნიორული ურთიერთობა?! ისტორიულად, მუსულმანური სახელმწიფოები აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ახორციელებენ და ამ მხრივ შიიტური ირანი ავანგარდში დგას, მაგრამ თუ ირანისა და დასავლეთის დაპირისპირება გაგრძელდა, ირანის გაზს, ნავთობსა და ფინანსურ რესურსებს საქართველოსთვის დიდი ეკონომიკური სტიმულის მოტანა შეუძლია.
ყველაზე მეტი გამშველებელს მოხვდება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველო-ირანის სავაჭრო ბრუნვამ 2012 წლის იანვარ-აპრილში 22,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტმა _ 1,6 მილიონი აშშ დოლარი, იმპორტმა კი, _ 21 მილიონი აშშ დოლარი. გასულ წელს 16,2 მილიონ აშშ დოლარის ექსპორტი დაფიქსირდა, იმპორტი კი, _ 64,8 მილიონ აშშ დოლარის.
როგორც “ფაინენშელ თაიმსი” წერს: “2010 წელს ირანსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი უვიზო რეჟიმი, რომელიც, ერთის მხრივ, მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობასაც გულისხმობდა და, მეორეს მხრივ, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გატარებასაც, ბადებს ეჭვს, რომ საქართველო ორმაგ თამაშს ეწევა დენთის ორ კასრთან”.
ამის შემდეგ, ვაშინგტონმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, შემოიღოს სანქციები, რომელიც განსაზღვრულია 2012 წლის ეროვნული თავდაცვის აქტის 1245-ე მუხლით. 1245-ე მუხლი აშშ-ის პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეაჩეროს, ან შეზღუდოს იმ უცხოური ბანკების წვდომა აშშ-ის ფინანსურ სისტემებთან, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს ირანის ცენტრალურ ბანკთან, ან ისლამური რესპუბლიკის გარკვეულ ფინანსურ დაწესებულებებთან.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ირანი ნავთობით და წიაღისეულით მდიდარი ქვეყანაა და აქედან გამომდინარე, ირანთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობდა საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას. გარდა ამისა, მჭიდრო თანამშრომლობა ირანთან ჩვენი ისტორიული ბედისწერაცაა, რადგან ერთ-ერთი ჩვენი უახლოესი მეზობელია.
საქართველოს ხელისუფლება, ძველიც და ახალიც, უნდა ცდილობდეს ირანთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას, რაც გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის დასავლეთის პოლიტიკასთან, რადგან ირანის რეჟიმთან ეკონომიკურ და ფინანსურ ურთიერთობებს კრძალავს. მიუხედავად ამისა, საქართველოსთვის და, საერთოდ, კავკასიის სახელმწიფოებისთვის დაშვებულია გარკვეული გამონაკლისი. კერძოდ, ირანის ხელისუფლება ყოველმხრივ ახალისებს საქმიანობას კავკასიის ქვეყნებში, მოუწოდებს საქმიან სექტორს კავკასიის სამ ქვეყანასთან თანამშრომლობისკენ, იმ მასშტაბით, რის საშუალებასაც ამ ქვეყნების მთავრობები და მათი მოკავშირეები _ აშშ, ევროკავშირი და რუსეთი იძლევიან. რადგან კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნება გარკვეულწილად ამ წამყვანი სახელმწიფოების მიერაა შეზღუდული.
“მთელი მსოფლიოსთვის ნათელია, რომ აშშ საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პლაცდარმს ირანის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, იბადება შეკითხვა _ რატომ არ „დატუქსა“ აშშ-მ საქართველო „თვითნებური“ უვიზო რეჟიმის გაფორმებისას ან, საერთოდ, მოქმედებს კი საქართველო „თვითნებურად“ და დამოუკიდებლად? პასუხად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახეზეა „თეთრი სახლის სცენარით“ ჩამოყალიბებული ქართულ-ირანული ურთიერთობები”, _ წერს ინტერნეტ სააგენტო “მაგნუმ. რუ”.
“...მაგრამ, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მსგავსი პოლიტიკური ლავირება და დიპლომატიური შუამავლობა შეიძლება, ერთადერთი საშუალებაც კი იყოს, მსოფლიოსა და, მათ შორის, აშშ-სთვის თავისი მნიშვნელობის დემონსტრირებისთვის, თუმცა აშშ-სა და ირანს შორის მედიატორის როლის მორგება პატარა ქვეყნისთვის საუკეთესო და, ამავდროულად, ძალიან საშიში დიპლომატიური იარაღია, რადგან ნებისმიერი არასწორი სვლის შემთხვევაში, ისევე როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტი გამშველებელს მოხვდება“, _ წერს “რია ნოვოსტი”.