აგვისტოს ომის მოწმის სკანდალური წერილი ციხიდან

აგვისტოს ომის მოწმის სკანდალური წერილი ციხიდან

ამ დღეებში სახალხო დამცველმა ერთი პატიმარის წერილი მიიღო _ ადამიანი, რომელსაც 17 წელი მხოლოდ იმიტომ მიუსაჯეს, რომ ცხინვალში ტერორისტული აქტების მოწყობასა და უდანაშაულო ადამიანების ლიკვიდაციას არ დასთანხმდა, უჩა ნანუაშვილს დახმარებას სთხოვს. ანალოგიური წერილი მზადდება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას სახელზეც. წერილის ორიგინალი, რომლის ავტორიც ალექსანდრე (ალიკ) თედეევია, “ქართულ სიტყვას” ჩაუვარდა. თედეევი 17-წლიან სასჯელს რუსთავის ¹17 დაწესებულებაში იხდის და თავს მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის პირად პატიმარს უწოდებს. და მაინც, ვინაა ალიკ თედეევი და რატომ დასჭირდა წინა ხელისუფლებას მისი ციხეში გამოკეტვა?

როგორც ბესელიასთან გასაგზავნ წერილში ვკითხულობთ, თედეევს, რომელიც ცხინვალში დაიბადა და გაიზარდა, პირადი უთანხმოება ჰქონია კოკოითთან _ კონფლიქტის მიზეზი კი, თურმე, ის გახდა, რომ თედეევმა “გაბედა” და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევთან კონტაქტი დაამყარა. თედეევმა შეიტყო, რომ ცხინვალში მის დაჭერას გეგმავდნენ, ამიტომ, ქალაქი დატოვა და თავი სანაკოევის ე.წ. მთავრობას შეაფარა.A

ამონარიდი ალიკ თედეევის წერილიდან: - “სანაკოევთანაც მომდიოდა უთანხმოება. ამაზე შემიძლია, გულწრფელი ჩვენება მივცე, რაც საინტერესო იქნება. ამ უთანხმოების გამო დაგვაკავეს მე და ჩემი მეგობარი. მიგვიყვანეს მოდულ-ის შენობაში, სადაც დაიწყო ჩემი “ვერბოვკა”, რომელსაც მაშინდელი კონტრდაზვერვის შეფი, თუ არ ვცდები, ვინმე ჟღენტი უძღვებოდა. ის პირადად მეუბნებოდა, რომ თუ მის პირობებს დავთანხმდებოდი, მაშინ გამიშვებდნენ, თუ არადა, ციხეში წამებით ამომხდებოდა სული. მათი პირობა იყო ასეთი: უნდა წავსულიყავი ცხინვალში, სანაცვლოდ, დაიტოვებდნენ ჩემს მეუღლეს, რომელიც იმ დროისათვის ფეხმძიმედ იყო. თუ მათ დავალებებს არ შევასრულებდი, მაშინ ჩემს მეუღლეს შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრებდნენ. მათი დავალება ასეთი იყო: ომი ახალი დაწყებული იყო, მე უნდა წავსულიყავი ცხინვალში, მომეხდინა ტერორისტული აქტები და გარკვეული ადამიანების ლიკვიდაცია, რაზეც არ დავთანხმდი”.

ალიკ თედეევის მეუღლე თეა კვენიაშვილი ამ ამბავს ასე იხსენებს: _ “ჩემი მეუღლე პერიოდულად ჩადიოდა სოფელ ქურთაში, სადაც განლაგებული იყო დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაცია, იქიდან დაბრუნებული კი, ყოველთვის უხასიათოდ იყო. 2008 წლის ივლისის ბოლოს ძალიან დაიძაბა და მითხრა, რომ შეიძლება, ქვეყანაში ომი დაწყებულიყო. არადა, ცხინვალში დედა და მთელი სანათესაო ჰყავდა. როცა სახლიდან გადიოდა, ყოველთვის მეუბნებოდა, თუ არ დავბრუნდი, მშობლებთან წადიო. 2008 წლის 6 აგვისტოს დამიბარა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო და წავიდა. იმ დღის მერე აღარ მინახავს. რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ დაკავებული იყო. მერე, აგარაში, ჩემს მშობლებთან ორი კაცი მოვიდა, კონტრდაზვერვის თანამშრომლები ვართო. მითხრეს, რომ მეუღლესთან იმ შემთხვევაში შემახვედრებდნენ, თუ მას თანამშრომლობაზე დავითანხმებდი. როცა მიუსაჯეს და გლდანის ციხეში ამანათების შესაგზავნად მივდიოდი, მეუბნებოდნენ, ქართველი გოგო ცოლად ნაძირალა ოსს როგორ გაჰყევი, თუ კიდევ მოხვალ, რაღაცას ჩაგიდებთ და დაგაპატიმრებთო. ჩემს მიტანილ ტანსაცმელს კი, ხევდნენ და ისე შეჰქონდათ პატიმართან”.

ალექსანდრე თედეევი ყაჩაღობის მუხლით გაასამართლეს... თედეევი დღესაც ეჭვობს, რომ მისი დაპატიმრება, კოკოითის დაკვეთით, ვანო მერაბიშვილმა პირადად გადაწყვიტა, ანუ მერაბიშვილმა რუსეთის დავალება შეასრულა.

ალექსანდრე თედეევის დაშანტაჟება, როგორც თვითონ ამბობს, დაჭერით არ დამთავრებულა _ გლდანის ციხეში თითქმის ყოველ დღე აწამებდნენ და, თავისუფლების სანაცვლოდ, სხვადასხვა დავალების შესრულებას სთავაზობდნენ.

ამონარიდი ალიკ თედეევის წერილიდან: _ “ციხეში შესვლისას, თანამშრომლებს განუცხადეს, რომ თითქოს ომიდან მიმიყვანეს და საქართველოს წინააღმდეგ ვომობდი. ჩამიყვანეს .. კარანტინში, სადაც დაიწყო ჩემი უმოწყალო წამება. მეუბნებოდნენ, წამებაში უნდა ამოგხადოთ სულიო. რომ ვეუბნებოდი, თუ ასეთი ვაჟკაცები ხართ, რატომ არ მკლავთ-მეთქი, მათი პასუხი ასეთი იყო: შენთვის სიკვდილი სანატრელი იქნებაო. შემდგომ, ამიყვანეს საკანში, სადაც დღეში ხუთჯერ შემოდიოდნენ, ხან პირდაპირ საკანში მაწამებდნენ, ხანაც აბანოში გავყავდი. შემოდიოდნენ კონტრდაზვერვის თანამშრომლები და მეუბნებოდნენ, რომ ცხინვალში ჩემი ოჯახი განადგურებულია. ერთხელ, “წითელი ჯვარიშემოვიდა, წინასწარ გამაფრთხილეს, თუ წამების შესახებ რამეს ვიტყოდი, ჩემს მეუღლეს გაუსწორდებოდნენ. როცაწითელი ჯვრისთანამშრომლებმა მკითხეს, რატომ მქონდა სახეზე სისხლჩაქცევები, ვუთხარი, რომ საწოლის მეორე სართულიდან გადმოვვარდი”.

სხვათა შორის, ალექსანდრე თედეევი ახალმა პარლამენტმა პოლიტპატიმართა სიაში ჯერ შეიყვანა, შემდეგ კი, ამოიღეს.

თეა კვენიაშვილი, ალიკ თედეევის მეუღლე: _ “ეს, ალბათ, იმიტომ გააკეთეს, რომ ჩემი ქმარი ოსია! ახლა, რა თქმა უნდა, ისეთ წამებაში აღარაა, რაც გადაიტანა, მაგრამ ფაქტია: ვიღაცას არ სურს, რომ გარეთ იყოს. არადა, ამნისტია ალიკსაც უნდა შეხებოდა. ყოველ დღე გამოდიან პატიმრები ციხიდან, მათ შორის, _ მკვლელებიც, მას კი, არაფერი დაუშავებია!

_ თეა, მოწმეები თუ არსებობს, ვისი ჩვენების საფუძველზეც თქვენი მეუღლე დააპატიმრეს?

_ მოწმეებიც გამოგონილნი არიან... ჩემმა მეუღლემ თავის დროზე გამომძიებელს უთხრა, ის ზღაპარი მაინც მასწავლეთ, რაზეც ვზივარ, რატომ მღუპავთო. სხვათა შორის, როგორც ლტოლვილს, ბინა და ფულადი დახმარება მეკუთვნოდა, სანაკოევის მისაღებში ვაღამებდი და ვათენებდი, რომ შვილისთვის დახმარება ამეღო, მაგრამ არაფერი მომცეს.

_ რას ამბობდა სანაკოევი, ალიკ თედეევი რატომ დაიჭირესო?

_ რა ჩემი ბრალია, ჭკვიანად მოქცეულიყოო... ჩემი მეუღლე რამდენიმე თვის დაჭერილი იყო, ერთმა პატიმარმა რომ დამირეკა და მითხრა, რომ ალიკა “კრიტში” ჰყავთ და წვეთოვანები უდგასო. სინამდვილეში, “კრიტში” კი არ ჰყავდათ, არამედ, აწამებდნენ _ გაკრული ჰყავდათ რკინის ძელზე, ფეხის გულებში უკეთებდნენ ნემსებს _ მუხლის ქვემოთ ფეხები დასერილი, ყურის ბიბილო კი, ჩამოთლილი აქვს.

ალიკ თედეევის თანასაკნელი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს: _ “წაიყვანდნენ და უკან ნაცემს შემოიყვანდნენ ხოლმე. რომ ვეკითხებოდით, რატომ სცემეს, ხმას არ იღებდა... ალიკა ამბობდა, ამდენი აღარ შემიძლიაო... ალბათ, “ზევიდანიყო დავალება, რომ უნდა ეწამებინათ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ერთისმენა”, რომელშიც ცნობილი ზედამხედველიცხრა თითამუშაობდა _ მისი მორიგეობის დროს ალიკას განსაკუთრებულად აწამებდნენ... ალიკასთან ერთად კარგა ხანივიჯექი”, დავუახლოვდი და ციხიდან რომ გამოვედი, შვილიც მოვუნათლე”.

როგორც თედეევის მიერ ეკა ბესელიასთან გასაგზავნი წერილიდან ირკვევა, ზემოხსენებული არაადამიანური წამების მიზეზი უარი გახდა _ თედეევმა კონტრდაზვერვის დავალება არ შეასრულა... წამება არც რუსთავის ციხეში გადაყვანისას დაუკლიათ.

_ “რუსთავში, ჩემთან მოიყვანეს ვახტანგ მაისაია, რომელსაც ჩემი ამბავი მოვუყევი.Gგარკვეული დროის მერე, საღამოს, ამიყვანეს მაშინდელი დაწესებულების დირექტორის, ლაშა ბრეგვაძის კაბინეტში, _ წერს ალექსანდრე თედეევი, _ იქ დამხვდა ორი პიროვნება, რომელთა გვარებსაც გამოძიებასთან დავასახელებ. მათ, თავისუფლების სანაცვლოდ, ვახტანგ მაისაიას ლიკვიდაცია შემომთავაზეს. მითხრეს, რომ იცოდნენ, მასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, თვითონაც შემიწყობდნენ ხელს და, ამ საქმის შესრულების შემთხვევაში, მპირდებოდნენ, რომ პირადად მიმიყვანდნენ ცხინვალის საზღვართან და ცოლ-შვილთან ერთად დამატოვებინებდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას. მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე. მერე, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და ჩემთვის არავის ეცალა. მე ჩემი მეგობრის, ჯერლიდ ძარიას დახმარებით, მაისაიას შევხვდი და ყველაფერი ვუთხარი. შევიმუშავეთ თავდაცვის გეგმა, მაგრამ აღარ დაგვჭირდა _ ხელისუფლება შეიცვალა, რის შედეგადაც, ხალხი გათავისუფლდა ტერორისაგან და, მათ შორის, _ მეც”.

ალიკ თედეევს დღეს ახალ ხელისუფლებასთან ერთადერთი მოთხოვნა აქვს: მის საქმეს გადახედოს. ამასთან, თედეევი ამბობს, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს და, როგორც ციხიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს “ციხის ამბებსა” და, ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.