"ნორმალური საარჩევნო კოდექსის მიღება, საარჩევნო პროცესში "ნაციონალური მოძრაობისთვის" ასეთი პრივილეგიის არმიცემა - რთულია? ამ კითხვას ხომ დასვამს ხალხი? თუკი საზოგადოებას გაუჩნდა განცდა, რომ ეს ხელისუფლება კი არა, "დარდუბალაა", მერე პროცესები განვითარდება ისე, როგორც არაერთხელ გვინახავს. არასაპარლამენტო ოპოზიციას აქვს ეჭვის საფუძველი - ის, რომ "ქართულ ოცნებას" პარტნიორად, ოპოზიციურ ძალად ერჩივნოს "ნაციონალური მოძრაობა" ლოგიკურია იმიტომ, რომ "ნაციონალები" ხელისუფლებაზე უფრო არიან დამოკიდებული, ვიდრე სხვა პარტიები. დამოკიდებული არიან იმიტომ, რომ ბევრი დანაშაულია ჩადენილი. სხვა პარტიები მეტნაკლებად ზეგავლენისგან თავისუფალნი არიან, ამ თავისუფლებას კი როგორ გამოიყენებენ, ამის კონტროლი რთულია, ხოლო თუ თავისუფალი არ არის - შესაძლებელია", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პრესკლუბ "მედიაინფოში" ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით რამაზ საყვარელიძე: "მარგველაშვილი "ნაციონალების" პოლიტიკური არენიდან გაყვანის სიმბოლო უნდა გახდეს".
"მეორე ფაქტორიც არის - "ნაციონალურ მოძრაობას" უფრო მეტი ხმების მოპოვებაც შეუძლია - არ ვამბობ, რომ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს - რადგან ბევრ მექანიზმს ფლობს ისეთს, რომლითაც ხმებს მოიპოვებს. "ნაციონალურ მოძრაობას" უამრავი პარტნიორი ჰყავს, რომელთა დანაშაული იცის და მათი მართვა შეუძლია. "ნაციონალური მოძრაობის" ეს აზროვნება ჩანს ფარულ ჩანაწერებში - ისინი ცდილობდნენ ადამიანების მართვას მათი შანტაჟის გზით. დიდი შანსია, ამ მექანიზმით ბევრი ხმა მიიღონ, რისი შანსიც ნაკლებად აქვთ პატარა და პატიოსან პარტიებს. თუმცა, თუ საზოგადოებაში ჩამოყალიბდება აზრი, რომ "ოცნებასა" და ნაციონალებს შორის ალიანსია, ეს აზრი მცდარიც რომ იყოს, შეიძლება დიდი საფრთხე აღმოჩნდეს "ქართული ოცნებისთვის", - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.
"რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ზურაბიშვილი და ბურჯანაძე ეცდებიან, ორიენტაცია აიღონ იმ ხალხზე, რომლისთვისაც "ოცნებაც" მიუღებელია და "ნაციონალებიც". ისინი ელეტქორატის მესამე ჯგუფზე იმუშავებენ, რაც თავისთავად უფრო შრომატევადი იქნება და რთული ამოცანაა. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, ის ეცდება "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაპირისპირებაზე აიღოს აქცენტი და იმ ამომრჩევლის სრული მხარდაჭერა მოიპოვოს, რომლისთვისაც "ნაციონალური მოძრაობა" მიუღებელია. გიორგი მარგველაშვილი უნდა გახდეს სიმბოლო, თუ შეიძლება ასე ითქვას, "ნაციონალების" პოლიტიკური არენიდან გაყვანის - სავარაუდოდ, ამაზე ააგებს ის თავის წინასაარჩევნო კამპანიას. მაგრამ თუ ხმები გაძლიერდა იმის შესახებ, რომ "ნაციონალები" და "ოცნება" ალიანსშია, არა აქვს მნიშვნელობა - ეს რეალობა იქნება თუ მოგონილი, მაშინ მარგველაშვილი დიდი ბერკეტს დაკარგავს..." - დასძენს პოლიტოლოგი.