ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გეგმები

ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გეგმები

...ამბობენ, თანამდებობა ადამიანს ცვლისო. რაღა დაგიმალოთ და, ბევრი მინახავს, რბილ და თბილ სავარძელში მოკალათების შემდეგ, ცა ქუდად რომ აღარ მიაჩნია და დედამიწა _ ქალამნად, თუმცა ეს შეფასება ჩემს დღევანდელ მასპინძელს არ ეკუთვნის, უწინდელივით უშუალოა _ კაბინეტის კართან მეგებება, ხელს მართმევს... სხვათა შორის, ამ დღეებში “ენ-დი-აი”-მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის უმეტესობა ყველაზე დადებითად იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანაის მუშაობას აფასებს... მაშ ასე, ამჯერად რანდევუ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან მაქვს...      

_ ბატონო ირაკლი, ჩემი სტუმრობა ცუდად გაქვთ დაცდილი...

_ რატომ?

_ რატომ და, _ ზუსტად იმ დღეს, ბოლოს რომ შეგხვდით, ვიცე-პრემიერობიდან გადაგაყენეს...

_ ვანო, როცა თქვენ გხვდებით, ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე ვდგები... სხვათა შორის, ცუდ გუნებაზე არც ვიცე-პრემიერის პოსტის დაკარგვამ დამაყენა...

_ განწყობა, ალბათ, ნატო-ს გენერალური მდივნის ამასწინდელმა ვიზიტმაც აგიმაღლათ, არა?

_ როცა რასმუსენი იმ კონტიგენტს შევახვედრე, რომელიც ავღანეთში მიემგზავრებოდა, ქართველ ჯარისკაცებს მივმართე, თქვენ უკვე ნატო-ში ხართ, რადგან ამერიკელები, ბრიტანელები და ნატო-ს სხვა ძლიერი ქვეყნების წარმომადგენლები პარტნიორებად გთვლიან, ყველას უნდა, რომ ბრძოლაში თქვენთან იყვნენ. აქედან გამომდინარე, ჯარისკაცებს პოლიტიკოსებიც მხოლოდ თბილისში კი არა, ნატო-ს წევრი 28 ქვეყნის დედაქალაქშიც უნდა დავეწიოთ, რათა საქართველომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიოს-მეთქი. სწორედ ამას ემსახურებოდა თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი.

_ და ამ ვიზიტს როგორ შეაჯამებთ?

_ როგორ და, _ საქართველო ევროპული განვითარების გზაზე ურყევად დგას. ამასთან, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ დაინახა, რომ საქართველოში პოლიტიკურ ძალთა თანაარსებობა მიმდინარეობს და ის ნარატივები, რომ თითქოს ყოფილი პოლიტიკური ელიტის განადგურება ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, დაკავებების ლეგიტიმურობაზე შეკითხვები აქვთ, მაგრამ მთავარია, რომ ნატო-სა და ქვეყნის თავდაცვაზე პოლიტიკური ძალების კონსენსუსი არსებობს. მოკლედ, ყველაფერი ეს ქმნის საფუძველს, რომ ნატო-ს 2014 წლის სამიტზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგას.

_ ეს ნაბიჯი მაპ-ს გულისხმობს?

_ იმაზე მსჯელობა, ეს ნაბიჯი რა ფორმის იქნება, გვიან შემოდგომაზე დაიწყება.

_ ანუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ?

_ დიახ, სწორედ მაშინ დაიწყება 2014 წლის სამიტისთვის მზადება. გადაწყვეტილი არაა, ეს გაფართოების სამიტი იქნება თუ არა, ანუ ნატო-ში დაგვპატიჟებენ თუ არა. იმასაც მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ დამთავრდება ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნები. მოკლედ, მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ...

_ ბატონო ირაკლი, თავის დროზე მაპ-ი, როგორც ვიცი, ექსტრემალური სიტუაციისთვის შეიქმნა. ხომ შეიძლება, მსგავსი გამონაკლისი ნატო-მ საქართველოსთან მიმართებაშიც დაუშვას, თუ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ ვჭირდებით?

_ ჩემი გადმოსახედიდან, ნატო-საქართველოს კომისია მაპ-ზე არანაკლები ინსტრუმენტია, მაგრამ მაპ-ი საზოგადოებისთვის ნაცნობი ბუქარესტის სამიტის დროს გახდა, როცა ზემოხსენებული კომისია არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, შემდეგ სამიტზე რამდენად აქტუალური იქნება მაპ-ი თუ პირდაპირ შეიძლება იმ ინსტრუმენტების გარღმავება, რომლებიც ნატო-სთან უფრო მყარად დაგვაკავშირებს, ეს მოლაპარაკებასა და, რა თქმა უნდა, ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ანუ რამდენად დავანახებთ, რომ იუსტიციისა და, საერთოდ, მართლმსაჯულების სისტემა შეიცვალა და დემოკრატიული ქვეყნების შესაბამისი გახდა. საერთოდ, სამართლიანობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ყოველთვის დიდი დეფიციტია... 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებზე, მართლაც, სერიოზული ტესტი ჩავაბარეთ და ახლა ელოდებიან, რამდენად მოვახერხებთ ამ პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. საპრეზიდენტო არჩევნების სტაბილურ გარემოში ჩატარებაც დემოკრატიული ტესტი იქნება...

_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ, ბატონო მინისტრო, ნუთუ არ გეჩვენებათ, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ოცნება” მოვიდა, გარკვეული ძალები ქვეყანაში ნატო-ს საწინააღმდეგო კამპანიის აგორებას ცდილობენ და ე.წ. ჯიხადის ვიდეოებიც ამ კონტექსტში ხომ არ უნდა განვიხილოთ?

_ ვანო, მგონია, რომ ე.წ. ჯიხადის ვიდეოები საქართველოს არჩევანის წინააღმდეგ იყო მიმართული.

_ “საქართველოს არჩევანში” რას გულისხმობთ?

_ იმას, რომ ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ. გამოძიებას, რომელიც შს სამინისტროში მიმდინარეობს, ძალიან სერიოზულად ვაკვირდები და შედეგს ველოდები, რადგან მთელი შეიარაღებული ძალები ამ ვიდეორგოლით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ამასთან, შეურაცხმყოფელი იყო, როცა ითქვა, რომ ვიდეორგოლი საქართველოში დამზადდა და “იუთუბიზე”-ც საქართველოდან აიტვირთა. ამ დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენას და დაკავებას ველოდები!

_ შსს-სთან არ გაქვთ შეკითხვა, თუ რატომ ჭიანურდება გამოძიება?

_ ასეთი საქმეების გამოძიება რთულია. სხვათა შორის, გამოძიებაში შსს-ს საზღვარგარეთელი კოლეგები არიან ჩართული, მაგრამ გამოძიება, ბუნებრივია, უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეს ვიდეორგოლი ნატო-ს საწინააღმდეგო კამპანიის ნაწილი, რა თქმა უნდა, იყო _ იმ დიდი ტრაგედიის დროს, როცა საქართველომ ერთ თვეში, ავღანეთში ათი გმირი დაკარგა, საზოგადოების მარგინალურმა წევრებმა ქართულ ჯარსა და მის პროფესიონალიზმზე იერიში მიიტანეს. ამასთან, ნატო-ში საქართველოს მისია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და საქართევლოს არჩევანის _ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, დისკრედიტაციაზე გადავიდნენ. მგონია, რომ ყველაფერი ეს შემთხვევითი კი არა, კოორდინირებული იყო. ამიტომაც ველოდები გამოძიების შედეგებს...

სხვათა შორის, ამავე კონტექსტში ჯდება ის ბინძური და ცილისმწამებლური წერილიც, რომელიც “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნდა. სინამდვლეში, ქართველებს ჰელმანდში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა და დიდი ავტორიტეტი აქვთ.

_ ყველაფერ ამის უკან “ნაციონალების” ხელს ხედავთ?

_ კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, მაგრამ ეს საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგის მიერაა ორგანიზებული...

_ ბატონო ირაკლი, ჩემი აზრით, 17 მაისის მოვლენებიც გარკვეულწილად საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ იყო მიმართული. სხვათა შორის, მთავრობის პირველი წევრი იყავით, რომელმაც განაცხადეთ, მნიშვნელობა არ აქვს, სასულიერო პირია თუ არა, დამნაშავე უნდა დაისაჯოსო. როცა ამ განცხადებას აკეთებდით, ხალხის რისხვის არ გეშინოდათ?

_ არავითარ შემთხვევაში! დარწმუნებული ვარ, რომ 17 მაისის ძალადობა ქართულ ბუნებაში არ ზის და არც ქართული საზოგადოების შეკვეთაა! პრემიერისა და, ასე ვთქვათ, ავტორიტეტული ადამიანებისგან სწორი პოზიცია დაფიქსირდა _ არ შეიძლება, კანონის ზევით ვინმე იდგას და ძალადობა, ვის მიერ და რა მოტივითაც უნდა იყოს ჩადენილი, მიუღებელია! ჩემთვის, როგორც სახელმწიფო მოხელისთვის, მთავარია, საზოგადოებაში ყალბი მოლოდინი არ შეიქმნას, რომ ხელისუფლება ნებისმიერი ძალადობრივი განწყობის გაღვივებისადმი ლოიალური იქნება. ხელისუფლება მის დასჯას, ვინც კანონს დაარღვევს, არ მოერიდება!

_ ბატონო ირაკლი, ადრეც მითქვამს და არც ახლა დაგიმალავთ: ჩემთვის იმის მყარი გარანტი, რომ ახალი ხელისუფლება საგარეო კურსს არ შეიცვლის, თქვენ ხართ!

_ დიდი მადლობა...

_ ახლა კი, საუბარს ცოტა გავამწვავებ: პოლიტიკურ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ თუკი გსურთ, პოლიტიკური პროცესების ლიდერი გახდეთ, თავდაცვის მინისტრობა საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა დატოვოთ და სათავეში მძლავრ ოპოზიციურ გაერთიანებას ჩაუდგეთ... ასეთი მოლოდინი იმის გამო ხომ არ არსებობს, რომ პრემიერი საჯაროდ ბავშვივით გტუქსავთ ხოლმე?

_ ჯერ ერთი, ისეთი ღირსეული საქმე, როგორიც ქართული ჯარის, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაა, მამაკაცმა იშვიათად შეიძლება მოძებნოს და მადლიერი ვარ, რომ ეს პატივი მხვდა.

მეორეც: თავდაცვის უწყებაში რეფორმები და ჯარისკაცის, ოფიცრის მიმართ თვისობრივად ახალი მიდგომა დავიწყეთ და საქმე ბოლომდე რომ მივიყვანოთ, ექვსი თვე ან ერთი წელი საკმარისი არაა. აქედან გამომდინარე, მინდა, ეს გზა ისე გავკვალო, რომ უწყების სხვა ხელმძღვანელებმა აღარ გადაუხვიონ. აქვე, აღვნიშნავ, რომ პრემიერისგან და, საერთოდ, მთელი მთავრობისგან ქართულ ჯარს დიდი მხარდაჭერა გვაქვს!

რაც შეეხება პოლიტიკას, დარწმუნებული ვარ, მომავალში არაერთხელ მოგვეცემა მეც და ჩემს პოლიტიკურ გუნდსაც, “თავისუფალ დემოკრატებს”, საშუალება, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩვენი სიტყვა ვთქვათ! დღეს კი, კოალიციასთან ერთად, უამრავი წინასაარჩევნო დაპირება გარკვეულ კონდიციამდე გვაქვს მისაყვანი. ამიტომ, საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ “ქართული ოცნების” კანდიდატის კი არა, საქართველოს გამარჯვება იქნება!

_ ბატონო ირაკლი, ხელმეორედ გეკითხებით: პრემიერი რომ გტუქსავთ ხოლმე, გული არ მოგდით?

_ ვანო, არ ვიცი, დატუქსვაში რას გულისხმობთ...

_ მაგალითად, იმას, რომ “კაცი დაიღალეთ” და შვებულებაში წახვედით, რომ დუბაიში იმოგზაურეთ...

_ ახლა უტრირებას ახდენთ... მე და პრემიერს საპატივსაცემო და საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. აქედან გამომდინარე, ვანო, თქვენი შეფასებები მდგომარეობიდან ვერ გამომიყვანს! ჩვენ ადამიანურ ურთიერთობებს ვუფრთხილდებით, პატივს ვცემთ... გვაქვს ბარიერებიც, რომლებსაც არც ერთი გადავალთ!..

_ ბატონო ირაკლი, მხოლოდ თავდაცვის მინისტრი კი არა, “ოცნების” სახეც ხართ და, ცხადია, გარკვეული პასუხისმგებლობა გეკისრებათ. შეგიძლიათ, დამისახელოთ, 9 თვის განავლობაში, “იმედისა” და “ბანკ ქართუს” გარდა, წართმეული ქონება კიდევ რომელ ბიზნესმენ-მეწარმეს დაუბრუნდა?

_ გამოძიებებზე განცხადებებს არ ვაკეთებ, რადგან ეს პროკურატურისა და შს სამინისტროს საქმეა. საერთოდ, როცა მინისტრთა კაბინეტის წევრი და ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელი ხდები, ფუფუნება აღარ გაქვს, რომ განცხადება ყველაფერზე გააკეთო. გარდა ამისა, მართლმსაჯულება სიფრთხილეს მოითხოვს და ვინმეს ბრალეულობასთან დაკავშირებით ჩემი პოზიციის გამოხატვა არასწორი იქნება. საზოგადოების ძალიან კარგად მესმის, რომელსაც მოლოდინი ჰქონდა, რომ ყველა დანაშაულის გახსნა სწრაფად მოხდებოდა, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვანაირია... პროკურატურის, მართლმსაჯულების სისტემაში შესაცვლელია ადამიანისადმი დამოკიდებულა და ეს ერთ დღეში არ შეიცვლება _ იქ უამრავი ადამიანი აგრძელებს მუშაობას, რომელიც იმ უმსგავსო სისტემის თანამონაწილე იყო, რომელიც 9 წლის განმავლობაში “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური ლიდერების მიერ შეიქმნა.

სხვათა შორის, სამართლიანობის აღდგენის მოტივით, ისეთი რამ არ უნდა გავაკეთოთ, რაც უკანონობა იქნება და ახალ, მანკიერ პრაქტიკას დაამკვიდრებს!

_ ბატონო ირაკლი, ევროპა-ნატო-სკენ მივისწრაფით და ამ დროს, მთავარი პროკურორი ვლადიმერ ბედუკაძეს იწყალებს. ეს დემოკრატიის პრინციპებში ჯდება?

_ ამან ჩემშიც ისევე, როგორც საზოგადოების დიდ ნაწილში, უარყოფითი ემოცია აღძრა, მიუხედავად იმისა, რომ მთავარმა პროკურორმა როგორც ახსნა, მის გადაწყვეტილებას სამართლებრივად სადავო არაფერი აქვს, მაგრამ აქ მორალური მხარეა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილს სწორი რეაქცია ჰქონდა და ჩემი დამოკიდებულებაც ანალოგიურია.

რაც შეეხება ევროპას, ევროპაში ინტეგრაციის წინწამწევი ის რეფორმაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში დაიწყო და რომელზეც შეფასება ნატო-ს შტაბების სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა გააკეთა. სწორედ ეს შეფასება მეტყველებს, რომ საქართველომ თვისობრივად შეცვალა დამოკიდებულება ინდივიდისადმი _ თავდაცვის სამინისტრო აფასებს და ზრუნავს ჩვენი დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებზე. იუსტიციის მინისტრის მიერ გადადგმული ნაბიჯებიც მაღალ ქულებს უწერს საქართველოს გაერთიანებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამასთან, ჯარის დეპოლიტიზაცია მიღწეულია და ჯარისკაცს არავინ ავალებს, რომ პოლიტიკური ნიშნით ვინმეს უთვალთვალოს, ან არჩევნების დღეს ხმა კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერს მისცეს. სხვათა შორის, დასავლეთის რეგიონის სამხედრო მეთაურებთან მქონდა შეხვედრა და მადლობა გადამიხადეს, თავდაპირველად ვერ მივხვდი, მადლობას რატომ მიხდიდნენ. მერე მითხრეს, ინსტრუქცია მოვიდა, რომ არ ჩავერევით, ჯარისკაცებმა არჩევნებზე ხმა ვის უნდა მისცენო. ადრე კი, ასე არ ხდებოდა... ვანო, რა თქმა უნდა, ნაკლოვანებები არის და ქართულ დემოკრატიაში დიდი დეფიციტია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ იდეალური სახელმწიფო ერთ დღეში არ აშენდება!

_ ბატონო ირაკლი, პრეზიდენტობაზე ოცნება საბოლოოდ დაივიწყეთ?

_ (იღიმება) მეოცნებეთა კატეგორიას არ განვეკუთნები და უფრო პრაგმატული პოლიტიკის მომხრე ვარ. ჩემი კარიერაც სწორედ კონკრეტული საქმის ბოლომდე მიყვანაზეა აწყობილი და ის რეფორმა, რაც თავდაცვის უწყებაში დავიწყე, ბოლომდე იქნება მიყვანილი, მერე კი, ვნახოთ... ადრეც მითქვამს, რომ პოლიტიკა ჯაზია, ანუ მუდმივი იმპროვიზაციაა და არავინ იცის, ხვალ რა იქნება!...