სააკაშვილმა პირდაპირ გვითხრა, რომ პოლიტიკურად მისი გადარჩენის შესაძლებლობა ივანიშვილის გარდაცვალებაშია

სააკაშვილმა პირდაპირ გვითხრა, რომ პოლიტიკურად მისი გადარჩენის შესაძლებლობა ივანიშვილის გარდაცვალებაშია

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე თავისი მოსაზრებების გამოთქმა "ინტერპრესნიუსმა" ფილოსოფოსსა და კულტუროლოგს ზაზა შათირიშვილს სთხოვა.

- ბატონო ზაზა, გადაცემა "ნანუკას შოუში" პრეზიდენტის სტუმრობა იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. უდაოა, რომ ეს გადაცემაც პრეზიდენტის პიარის ნაწილი იყო, ვინაიდან, გადაცემის დრამატურგია სწორედ პიარზე იყო მორგებული. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ გადაცემაში პრეზიდენტის პორტრეტზე? რა უფრო იყო ეს, თავის მართლება, თუ მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების მცდელობა?
- მთავარი მომენტი მაინც 9-წლიან მმართველობის გამართლების მცდელობა, ოღონდ მან თავისი აქცენტები დასვა. ერთადერთი, რას თვალშისაცემი იყო, მან თავად გააკეთა ფაქტებისა და მოვლენების სელექცია. სააკაშვილს უნდა დაგვარწმუნოს, რომ მისი მმართველობაში მთავარი იყო, რომ ის რაღაც-რაღაცეებს აშენებდა. სააკაშვილს დავით აღმაშენებელი მშენებელი ჰგონია და აღმაშენებელი იმიტომ უწოდეს, რომ შენობებს აშენებდა. მისი მთავარი პრობლემა რუსეთთან ომი და ომის შედეგებია. ხვდება, რომ დაღუპა ქვეყანა, ამას არ აპატიებენ. რაც უფრო მეტი დრო გავა, ეს უფრო მეტად გამოჩნდება და უნდა საზოგადოებრივ ცნობიერებაში ასოცირდებოდეს არა ქვეყნის დამღუპველად, არამედ, მშენებლად- მართალია სისულეების, მაგრამ რაღაც-რაღაცეების მშენებლად.
- ვიდრე სხვა თემებზე გადავიდოდეთ, ძალიან მნიშვნელოვნად გვეჩვენა ბათუმში მის მიერ ნათქვამი - "ადამიანებმა ახალ მშენებლობებთან მათი მომავლის კავშირი ვერ დაინახეს, მოთმინება არ ეყოთ. არ ვსაყვედურობ". არჩევნებში დამარცხების მიზეზებზე საუბრისას კი განაცხადა - "პოლიტიკაში ასე ხშირად ხდება. ხალხს მოსწყინდა ხელისუფლება და არჩევანი სხვა ძალაზე გააკეთა". რატომ ვერ დაამყარა კავშირი ხალხმა წარმოებულ მშენებლობებსა და თავის მომავალთან? და კიდევ, "ნაცმოძრაობის" არჩევნებში დამარცხების მიზეზი მართლაც ის იყო, რომ "ხალხს ხელისუფლება მოსწყინდა" თუ კიდევ სხვა რამ?
- კარგი წამოცდენაა. ის, რასაც სააკაშვილი აშენებდა სულაც არ იყო ხალხისთვის. ეს იყო მშენებლობები - მშენებლობისთვის, ანუ მისი სახელისა და დიდებისთვის. აშენებდა იმისათვის, რომ ეს ყოფილიყო მისი სახელის უკვდავსაყოფი. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, რომ თითქოს ხალხს ხელისუფლება მოსწყინდა, ეს მხოლოდ თავის მართლების მცდელობა გახლდათ.
- პრეზიდენტმა, პრაქტიკულად ყველა ის ადგილები მოიარა, სადაც წინა ხელისუფლებამ მშენებლობები აწარმოა. დროდადრო იგი ახსენებდა გადაცემის ავტორს, რომ ესა თუ ის ძეგლი, ოპონენტებმა პრეზიდენტის "მორიგ გიჟობად და ახირებად მონათლეს." მისივე განმარტებით, "მთელმა მსოფლიომ დაიჯერა, რომ საქართველო მაგარი ქვეყანაა". ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის სახურავზე დამონტაჟებულ ბორბალზე კი ბრძანა - "ეს რომ დასრულებულიყო, ამ ბორბალზე მთელი მსოფლიო ილაპარაკებდა". რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს სურდა საქართველოზე მთელ მსოფლიოს ელაპარაკა, რაც ცუდი ნამდვილად არაა, მაგრამ თავისი ქვეყნით, პირველ რიგში, ხომ ხალხი უნდა ამაყობდეს და ქვეყნიდან თავქუდმოგლეჯილი არ გარბოდეს?
- შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ესეც ზუსტი და კარგი წამოცდენაა. სააკაშვილის ეს წამოცდენები იძლევა იმის საშუალებას, გავიგოთ თუ რაზე ფიქრობდა თავად იგი. მას მართლა უნდოდა, რომ საქართველოზე მსოფლიოს ელაპარაკა და აქ რა იქნებოდა არ აინტერესებდა. ეს იყო მისი ამოცადნა და უნდა ვთქვათ, რომ მან ეს ამოცანა შესანიშნავად შეასრულა. იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ახლა ეს ყველაფერი ძალიან ძვირი გვიჯდება. ამოტრიალებული რეალობა ქვეყნის პრობლემაა. ხალხს ეზიზღებოდა ხელისუფლება და უცხოეთი ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატი და რეფორმატორია. ახლა პირიქითაა, ხალხი დღევანდელი ხელისუფლებისადმი ლოიალურია, კმაყოფილია, რომ ქვეყანას "ნამოძრაობა" არ მართავს, მაგრამ საზღვარგარეთ ეს ყველაფერი სხვაგვარად აღიქმება. აშკარაა, რომ სააკაშვილსა და მის მთავრობას მათდამი უცხოეთის ლოიალური დამოკიდებულება იაფი არ უჯდებოდა. წინა ხელისუფლებას მთელი ინდუსტრია ჰქონდა შექმნილი დასავლეთთან სასაუბროდ და იმისათვის, რომ საქართველოსა და ქვეყნის ახალგაზრდა ხელისუფლებაზე კარგად ელაპარაკა.
- პრეზიდენტმა ოპონენტებს სტრატეგიულ ხედვების არქონა არაერთხელ უსაყვედურა. თქვენი აზრით, რაში მდგომარეობდა თავად პრეზიდენტ სააკაშვილის სტრატეგიული ხედვა როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში?
- სააკაშვილს რომ გრძელვადიანი სტრატეგია ჰქონოდა თავის პოლიტიკურ კარიერას ასე არ დაასრულებდა. ასე რომ გრძელვადიან სტრატეგიაზე საუბარი ზედმეტია. 2007 წლიდან მოყოლებული სააკაშვილი მუდმივ კრიზისში იყო და მუმივად წყვეტდა მოცემულ ამოცანებს. ჩემი აზრით, მისი ერთადერთი სტრატეგია ნებისმიერი საშუალებით ძალაუფლების შენარჩუნება იყო.
- გადაცემაში პრეზიდენტმა ახალ ხელისუფლებას გაჩერებული მშენებლობები და ის უსაყვედურა, რომ სააკაშვილის მთავრობა სოფლის მეურნეობისა და განათლების განვითარებას მეტ ყურადღებას აქცევდა. ივანიშვილს ისიც შეახსენა, რომ ბიზნესმენი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლას არ აფინანსებდა, მაგრამ ის კი დაავიწყდა, რომ წინა მთავრობის პირობებში, განათლებას მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ც კი არ ხმარდებოდა, მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი კი მხოლოდ 8% იყო. . .
- აშკარაა, რომ პრეზიდენტი წარსულს გაურბის. პრეზიდენტი თავისი თავის ისეთ სახეს ხატავს, რომელიც რეალობას არ შეესაბამება, მაგრამ ამით სურს ისეთი წარსულის დახატვა, რომელიც მას მოსწონს. აქედან გამომდინარე, რაღაცეების დავიწყება უნდა, რაღაცეები არ ავიწყდება,იმიტომ, რომ თავს რაღაც მუდმივად ახსენებს. სააკაშვილი ტყუილი ხატებით რეალობასა და თავის თავს შორის წარმოსახვით ისტორიებს ათავსებს.
- აბსოლუტურად დამაჯერებლად გამოიყურებოდა პრეზიდენტის მონათხრობი იმაზე, რომ იგი და მისი თანაგუნდელები ცდილობდნენ მსოფლიოს დიდი ქალაქების ყველაზე კარგი შენობებიდან რაღაც დეტალების ჩვენში მშენებაშე შენობებზე გადმოტანას. რა კომენტარს გაუკეთებდით პრეზიდენტის ასეთ განცხადებას - "ჩემი საყვარელი რაღაც წამართვეს - ქვეყნის აღმშენებლობის ყოველდღიური ბერკეტი"?
- ამ კაცს არაცნობიერი უკვე აღარ აქვს და ყველაფერს ლაპარაკობს. ყოველგვარი სისტემის გარეშე რაღაცის გადმოტანა სრულიად ინფანტილური, ბავშვისათვის დამახასიათებელი რამაა. ვინაიდან, ყოველგვარი ისტორიული კონტექსტის გარეშე რაღაცის გადმოტანა მეტი სხვა არაფერია. კაცს ეს უყვარდა და ამის საშუალება წაართვეს. "წართმევაც," ბავშვის აღიარებაა. ეს დაახლოებით ისეთივე რამაა, ბავშვს იმ სათამაშო რომ წაართმევენ, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს და ახლა მან აღარ იცის რა უნდა ქნას.
- თქვენ როგორ აღიქვით პრეზიდენტის გამონათქვამი ბერიაზე - "თბილისს ბევრი ანგრევდა და აოხრებდა, მაგრამ თბილისს ჰყავდა აღმაშენებლებიც, მაგალითად ლავრენტი ბერია". შემდეგ დაამატა, რომ ბერიას შემდეგ თბილისში იმდენი არავის უშენებია, როგორც მას. ფეისბუქი ხალისობდა - უნებლედ ძლივს მისი იდეალი არ გაგვიმხილაო...
- სააკაშვილისგან ასეთ აღიარებას ნამდვილად არ ველოდი. ბერიასთან მის მსგავსებაზე საზოგადოებაშიც საუბრობდნენ, ოღონდ, სხვა მხრივ. არავის ისე არ ჩაურეცხავს ინტელიგენცია, როგორც ბერიას და მას შემდეგ იგივე ისე არ გაუკეთებია, როგორც სააკაშვილს. კულტურისადმი მისი აბსოლუტურად მტრული დამოკიდებულება, სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ბერიას ჰგავდა. ბერიას სახელს უკავშირდება პაოლო იაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, ახმეტელის განადგურება. სააკაშვილმა თავი გაითქვა რობერტ სტურუასთან და ჭაბუა ამირეჯიბთან დაპირისპირებითა და მათდამი ზიზღით. სააკაშვილი ამის გამოსწორებას ახალგზარდა ხელოვანებისადმი ყურადღების გამოხატვას ცდილობდა. სხვათა შორის, ბერიასაც ჰყავდა თავის ფავორიტი მწერალი, მაგალითად, კონსტანტინე გამსახურდია. ასე რომ, კულტურასთან მიმართებაში დამოკიდებულების თვალსაზრისით, ბერიასთან მისი სახელის დაკავშირება სრულიად ბუნებრივად გამოიყურება.
- რას შეიძლება ნიშნავდეს პრეზიდენტის მტკიცება, რომ "ჩვენს გუნდში საბოლოო ჯამში, პრობლემა ნდობა აღმოჩნდა"? არადა, "ნაცმოძრაობის" გუნდი ბოლომდე მონოლითური ჩანდა. . .
- "ნაცმოძრაობაში" რღვევა შესამჩნევი იყო და ბოლოს, როგორც იტყვიან, "ფაჩიკოს გარმონივით" დაიშალა. ბოლოს და ბოლოს, სხვადასხვა მხარეზე აღმოჩდნენ ახალაიები და მათი გულშემატკივრები და მეორე მხარეზე- მერაბიშვილი, უგულავა და მათი გულშემატკივრები. ეს კი, "ნაცმოძრაობის" მომავლის თვალსაზრისით, ნამდვილად სიმპტომატური რამ გახლავთ.
- რამდენად სარწმუნო შეიძლება იყოს პრეზიდენტის მტკიცება, რომ მას ივანიშვილთან კონფლიქტი არა ჰქონია, ან ის, რომ ივანიშვილთან ყველაზე ხშირი კონტაქტი მერაბიშვილს ჰქონდა? ან იმის მტკიცება, რომ ივანიშვილს ეშინოდა მას პატარკაციშვილი მოკლავდა და ხელისუფლებასთან კონტაქტი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც პატარკაციშვილი უკვე ცოცხალი აღარ იყო?
- სააკაშვილმა ისე დაალაგა მოსაზრებები, რომლებსაც მართლაც შეუძლიათ ეჭვების აღძრა. რაც შეეხება შიშებს, ჩემი აზრით, ეს უფრო საკუთარი შიშების სხვა ფიგურაზე გადატანის მცდელობაა. რაც შეეხება მერაბიშვილს, თავად ივანიშვილს აქვს მერაბიშვილი გარკვეულ ისტორიებში ნახსენები. როგორც სჩვევია, ამჯერადაც სააკაშვილმა სიცრუისა და ვითომ ფაქტების ამალგამა შემოგვთავაზა.
- თავის პოლიტიკურ მომავალზე საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა - "ნაცმოძრაობის" გუნდმა შექმნა ქართული სახელმწიფო და ის, ვინც შექმნა ქართული სახელმწიფო რჩება ასწლეულები". მან ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, კახეთში, საკუთარ მამულში საპრეზიდენტო პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს. მოკლედ, პრეზიდენტმა გვითხრა, რომ იგი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას აპირებს. თქვენი აზრით, რა შანსები აქვს სააკაშვილს კვლავ დაბრუნდეს დიდ პოლიტიკაში?
- ჩემი აზრით, სააკაშვილს პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი შანსები არა აქვს. "ნაცმოძრაობის" ლიდერები ამბობდნენ, რომ ისინი ხელისუფლებაში ათწლეულები იქნებოდნენ. ახლა როცა შეუძლებელია, "ნაცმოძრაობა" ფიზიკურად იყოს ხელისუფლებაში ათწლეულები, სააკაშვილს უნდა რომ მისი მმართველობის წლები ვიკიპედიაში ოქროს ასოებით იყოს ჩაწერილი როგორც ქვეყნის მშენებელის. ჩემი აზრით, სააკაშვილი ისტორიაში შევა როგორც პამპერსის ხიდის, დაწვენილი დოქების გროტესკული და პაროდიული არქიტექტურის მშენებელი პაროდიული ფიგურა.
- გადაცემაში უცნაურად გაიჟღერა მისმა ერთმა გამონათქვამმა - ხალხი მალე მიხვდება, რომ მათ უფასოდ არავინ აჭმევს და რუსეთი თვალებს ტყუილად არავის უპაჭუნებს. "ბევრი რამ მოხდება, თუმცა, რაც არ კლავს, ის აძლიერებს. ვიღაცეებს მოკლავენ, ვიღაცეები გადავრჩებით". ვისი გარდაცვალება და ვისი გადარჩენა იწინასწარმეტყველა პრეზიდენტმა სააკაშვილმა?
- იმის გამო, რომ მან ქართული ენა ბოლომდე კარგად არ იცის და ბევრი არაფერიც არა აქვს წაკითხული, იდეომებს ვერ ხმარობს. ანუ, გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობები ერთმანეთში ერევა. როცა ამბობს - რაც არ კლავს, ის აძლიერებს, - ეს გარკვეული იდეომაა, მაგრამ შემდეგ თავის სურვილებზე გადადის. გასაგებია, რომ მას ვიღაცეების სიკვდილი უნდა და ისიც გასაგებია ვისი. მაგრამ ფაქტია, რომ უკვე ძალიან ცოდვაა. სააკაშვილმა პირდაპირ გვითხრა, რომ პოლიტიკურად მისი გადარჩენის შესაძლებლობა ივანიშვლის გარდაცვალებაშია. ვიმეორებ, სააკაშვილი ძალიან მაშინ მეცოდება, როცა თავმოყვარეობადაკარგულია და საცოდავ შთაბეჭდილებას ტოვებს.