"საზოგადოება რეჟიმის გასამართლებას კი ითხოვს, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში გაიმარჯვა იმ ფრთამ, რომელიც კოჰაბიტაციისკენ იყო გამიზნული. ანუ რესპუბლიკელთა ფრთამ გაიმარჯვა და გაიმარჯვა არა მარტო ამ საკითხში. მაგალითად, იმავე მარგველაშვილთან მიმართებაში, როდესაც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესწორება უნდა შესულიყო, რის მიხედვითაც დროებით პრემიერი ნიშნავდა რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ეს ვერ გავიდა იმიტომ, რომ ეს რესპუბლიკელებს არ სურდათ და არც გაატანინეს. რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს იმ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რომელსაც ჰქვია ყოფილიყო თუ არ უნდა ყოფილიყო კოჰაბიტაცია.", - აცხადებს მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სანდრო ბრეგაძე: "ნაციონალები დავით უსუფაშვილმა გადაარჩინა" / ბოკერიას ჯგუფსა და რესპუბლიკელებს მჭიდრო კავშირი აქვთ.
"ქართული ოცნების" წევრთა 80% წინააღმდეგი იყო ამ კოჰაბიტაციის და არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი უყურებდა დიდი სიმპათიით ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის პროცესს. რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს აქაც - იმიტომ, რომ მათი ლიდერი დავით უსუფაშვილი იყო მოწადინებული, რომ ქართული დემოკრატიის გადასარჩენად ნაციონალური მოძრაობა გადარჩენილიყო და ნაციონალური მოძრაობა ამ ეტაპზე გადარჩენილია. ვაფრთხილებ ყველას - ნაციონალური მოძრაობის დატოვება მთავარ ოპოზიციურ ძალად და ერთადერთ ოპოზიციურ ძალად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, პირველ რიგში არის დანაშაული და მეორეს მხრივ არის უდიდესი საფრთხის შემცველი, რომელიც თავის რეციდივებს უახლოეს ხანში გამოიღებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო ბრეგაძე.
"დღევანდელ პოლიტიკურ სისტემაში, რა თქმა უნდა, ქვეყნის პირველი პირი არის ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ, როგორც პოლიტიკური პარტია და პარტიული ორგანიზაცია, ყველაზე ძლიერი - მოსახლეობის მხარდაჭერის მხრივ კი არა, გავლენის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებაში არის რესპუბლიკური პარტია. მათ აქვთ უდიდესი გავლენა და ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, სწორედ რესპუბლიკელების ინიციატივით არის მიღებული. ბევრ საკითხში ისინი შეეწინააღმდეგნენ ბიძინა ივანიშვილს და თავისი გაიტანეს. თუნდაც ეს ბოლო, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატ მარგველაშვილს ჩაუგდეს მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. ალბათ, თავად პრემიერს უნდა ჰკითხოთ, რატომ მიდის ის ამ დათმობებზე და რატომ მოიყვანა რესპუბლიკური პარტია ხელისუფლების სათავეში - ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ, იმიტომ, რომ თავის დროზე საუბარი იყო ფართო პოლიტიკურ სპექტრზე და არა კონკრეტულად რომელიმე პარტიაზე", - განაგრძობს რესპონდენტი.
"დღევანდელი გადასახედიდან რეალური საკანონმდებლო ხელისუფალი არის რესპუბლიკური პარტია და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც უდიდესი ბერკეტების მქონეა. ეს პარტია ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდეს ყველაფერს, ფაქტობრივად, რესპუბლიკური პარტია ბიძინა ივანიშვილმა მკვდრეთით აღადგინა, მისცა სახელმწიფოს მართვის ბერკეტები და აქცია მმართველ ძალად. დღეს საქართველოში გავლენებით რესპუბლიკური პარტია ბევრად წინ არის, ვიდრე ალასანია - თავისუფალი დემოკრატები და სხვა რომელიმე პარტია, რომელიც კოალიციაში შედის - "ქართულ ოცნებაზე" ბევრად ძლიერი ბერკეტები აქვს რესპუბლიკურ პარტიას. ამის დანახვა შესაძლოა არ უნდა ბევრ ადამიანს, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ. რამდენად სარგებლობის მომტანია ეს საქართველოსთვის, ეს სხვა საკითხია", - დასძენს მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი.
"მოდით ასე განვიხილოთ - იდეოლოგიური ბაზისი რესპუბლიკელებს და ნაციონალებს, ფაქტობრივად ერთი აქვთ, ერთი და იმავე იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ძალა არიან. სხვათა შორის მეგობრებიც არიან. მაგალითად, დავით ზურაბიშვილი გახლავთ თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და რა თქმა უნდა, ბოკერიას ჯგუფსა და რესპუბლიკელებს აქვთ საკმაოდ მჭიდრო ფესვები წარსულში და აწმყოშიც ერთიანი იდეოლოგიური თვალთახედვა, რომელიც ერთმანეთის იდენტურია. რა თქმა უნდა ერთმანეთის მიმართ სიმპათიები და მხარდაჭერაც არსებობს. არც ნაციონალური ფრთა ებრძოდა თავისი მმართველობის პერიოდში განსაკუთრებული სიმძაფრით რესპუბლიკურ პარტიას და ოპოზიციაში ყველაზე პრივილეგირებულ მდგომარეობაში სწორედ რესპუბლიკელები იმყოფებოდნენ. ეს არის ერთნაირი იდეოლოგიური ჯგუფი, თავის დროზე ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული. თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებაში ერთად იყვნენ რესპუბლიკელები და თავისუფლების ინსტიტუტის ჯგუფი და მათ შორის განხეთქილება მოხდა არა იდეოლოგიურ და სახელმწიფო საკითხზე, არამედ პირადულ დონეზე", - მიიჩნევს სანდრო ბრეგაძე.
"ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით რესპუბლიკელებს ურჩევნიათ რომ ნაციონალური მოძრაობა რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩეს პოლიტიკურ ავანსცენაზე და იყოს ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა და ყველაფერს იღონებენ იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ადგილზე გავიდეს სწორედ ნაციონალური მოძრაობა... ერთადერთი ადამიანი, ვისაც მოსახლეობის გამოფხიზლება შეუძლია ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ მან მართვის ბერკეტები თავიდან ბოლომდე რესპუბლიკურ პარტიას ჩააბარა", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე და შეკითხვას - "ხომ არ გამოვა ისე, რომ პრეზიდენტის მართვასაც შეძლებენ რესპუბლიკელები.ამბობენ, მარგველაშვილი საკმაოდ გამოუცდელია პოლიტიკაში...", პასუხობს:
"თუკი ყველაფერი წარიმართა იმ სცენარით, რომელიც ლუი ნავარომ დაგვიდო, რა თქმა უნდა, ასე იქნება და რესპუბლიკელების ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზრდება. რესპუბლიკელები უკვე პირდაპირ აცხადებენ _ დავით ბერძენიშვილმა ღიად განაცხადა, რომ მომავალი საქართველო იდგება სამ ვეშაპზე _ ერთი ვეშაპი არის ბიძინა ივანიშვილი, მეორე დავით ბერძენიშვილი და მესამე გიორგი მარგველაშვილი - ანუ ფაქტობრივად დავით უსუფაშვილი გაუთანაბრა ბიძინა ივანიშვილს. აი, სწორედ ასე ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ისინი უყოფენ ხელისუფლებასა და ძალაუფლებას... ეს ძალები თანდათან ძლიერდებიან, როდესაც მილიონ ლარზე მეტით ფინანსდებიან წლების განმავლობაში. რესპუბლიკურ პარტიას მილიონ ორასი ათასი, ანუ თვეში ასი ათასი ლარი აქვს ჩვენი ჯიბეებიდან. როგორ შეეძლება სხვა ოპოზიციურ ძალებს, რომელთაც თვეში ასი ლარიც არა აქვთ, შეებრძოლონ. უარესსაც გეტყვით. 3 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება ნაციონალური მოძრაობა წელიწადში და და საუბარია კიდევ უფრო გავუზარდოთო. წარმოიდგინეთ, რამხელა დანაშაულს სჩადიან ხალხის წინაშე...