პოლიტიკოსების უცნაური ჩვევები და ესა თუ ის მანერა საზოგადოებისთვის ყოველთვის თვალშისაცემია. რა უცნაური ჩვევები აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს, ამის შესახებ ფსიქოლოგი გიორგი ჯაჯანიძე გვესაუბრება.
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილს სიარულის უცნაური მანერა აქვს, გარდა ამისა, ისე სწრაფად დადის, ზოგჯერ დაცვაც კი ვერ ეწევა. ეს იმის ნიშანია, რომ პრეზიდენტს მუდმივად სადღაც ეჩქარება და ცდილობს ყველაფერი მოასწროს. მისი მეორე უცნაური თვისება ე.წ. ცხვირის ხელით მოწმენდაა. ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ მართლა ცხვირს იწმენდს, უბრალოდ, ასეთი ჩვევა აქვს.
ბიძინა ივანიშვილი
ივანიშვილის უცნაური თვისებები არის თავის უკან ან გვერდზე გადაწევა, ასევე ხელების მოძრაობა. ეს მისი ორგანული თვისებებია და ამას ვერ შეცვლი. ბიძინა ივანიშვილი ამ მოძრაობებს მაშინ აკეთებს, როცა ცდილობს მკაცრი იყოს, მაგრამ არ არის საკმარისად მკაცრი, უფრო ალალი ადამიანია და ამ ჟესტებით ცდილობს გაამყაროს თავისი სიმკაცრე. ბევრი ლაპარაკია მისი საუბრის მანერაზეც - "ჩაგეკითხები", "ჩაგეძიები" და ა.შ. ბავშვობის დიდი ნაწილი ჭორვილაში მაქვს გატარებული და ვიცი, რომ იმერეთში ასე არ საუბრობენ. თუმცა მე, ხალხისგან განსხვავებით, სულაც არ მეჩვენება უცნაურად ივანიშვილის "ჩაკითხვები" და "ჩაძიებები".
ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილს ახასიათებს თავის მაღლა აწევა, ასევე სწრაფად ლაპარაკი. თუმცა წინამორბედივით, სიტყვებს არ ყლაპავს და ყველა სიტყვის გაგება შესაძლებელია. ასე რომ, ვანო მერაბიშვილისგან განსხვავებით, ღარიბაშვილი გასაგებად საუბრობს.
კობა დავითაშვილი
დავითაშვილის უცნაური თვისება ჩხუბის დროს კოპების შეკვრაა. ამ ბოლო დროს ბევრს ხალისობენ მის მიერ პარლამენტში განსახილველად შეტანილ უცნაურ კანონპროექტებზე. თავადაც იცის, ამ კანონპროექტებს რომ არავინ დაამტკიცებს, მაგრამ ჟურნალისტებს შეუგდებს თემას და არის ერთი ამბავი.
ჩიორა თაქთაქიშვილი
ჩიორა თაქთაქიშვილს ჩხუბის დროს უცნაურად უფართოვდება თვალები და ისე ლაპარაკობს, გეგონება, პირიდან ცეცხლს აფრქვევს.
გიორგი მარგველაშვილი
მარგველაშვილი კი ამბობს, რომ პლასტილინივით რბილია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან პრინციპული ადამიანია, არ არის ადვილად სამართავი პიროვნება. არ ემორჩილება დრეს-კოდს - უნდა და დადის წვერგაუპარსავი, აცვია ძირითადად ერთი და იგივე სამოსი, რისთვისაც ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ მისთვის მთავარი საქმის კეთებაა და თუ აუცილებელი იქნება მისთვის წვერის გაპარსვა, გაპარსავენ კიდეც.
გიორგი თარგამაძე
შესაძლოა სხვისი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ მე კარგად ვიცნობ და მაოცებს ამ დაძაბულ ვითარებაში გიორგი თარგამაძის მშვიდი, გაწონასწორებული და დიპლომატიური ხასიათი ხალხთან შეხვედრისას ან სატელევიზიო კომენტარის დროს.
დავით უსუფაშვილი
უსუფაშვილი ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ემორჩილება ეტიკეტს, მაგრამ როცა ბრაზდება, ვეღარ თოკავს ემოციებს და ცდილობს წარბების შეყრით გამოხატოს ეს გაბრაზება.
თეა წულუკიანი
თეას აქვს მისთვის დამახასიათებელი ინტონაცია, სულ გგონია, რომ გემუქრება, მაგრამ თუ დააკვირდები, არც ერთ სიტყვაში არ ჩანს მუქარა. ყველაფერი მისი მკაცრი ტონის დამსახურებაა.