სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, შტაბის უფროსების მოადგილეების ყოველწლიურ შეხვედრას წელს საქართველო მასპინძლობს. მინისტერიალის ფარგლებში, ბათუმის „შერატონში“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შტაბის უფროსის მოადგილეების შეხვედრა ხვალ ოფიციალურად გაიხსნება.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 14 ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები უკვე ბათუმში იმყოფებიან. მათ მასპინძლობას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე უწევს. “ხვალიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შტაბის უფროსების მოადგილეების ოფიციალური შეხვედრა იწყება. დღეს, მონაწილეებს შორის გაცნობითი საღამო გაიმართება. კარგია, რომ მსგავსი შეხვედრები იგეგმება და ხორციელდება არა ფრაგმენტალურად, არამედ გარკვეული პროცესის შემადგენელ ნაწილად. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს შეხვედრა, როგორც შეიარაღებული ძალებისთვის ასევე თავდაცვის გაუმჯობესებისთვის საქართველოში და ნატოსთვის, ასევე საქართველოს ნატოს მისწრაფებების მიმართულებით. ძალზე მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრების ფარგლებში ოთხმხრივი შეხვედრა, რომელშიც ასპირანტი ქვეყნების თავდაცვის უფროსების მოადგილეები მიიღებენ მონაწილეობას. გაიმართება რამდენიმე ორმხრივი შეხვედრაც, სადაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა განიხილება“ - აღნიშნა ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ.
მოწვეული სტუმრებისთვის საზეიმო მიღება დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის სახელით გაიმართა. მან სამხედრო მაღალჩინოსნებს საქართველოში ჩამობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. „მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში საქართველო დამკვირვებელი ქვეყანაა, სხვადასხვა კუთხით აქტიურად ვთანამშრომლობთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რაც ყველა ჩვენთაგანის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვაში, ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებას უწყობს ხელს“ - აღნიშნა პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ უცხოელი სტუმრებისადმი მიმართვისას.
სამხრეთ-აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნების შტაბის უფროსების მოადგილეების შეხვედრას ხვალ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე გახსნის.
მინისტერიალის ფარგლებში, დაგეგმილია ლევან დოლიძის ორმხრივი შეხვედრა იტალიელ კოლეგასთან ჯოაკინო ალფანოსთან. ასევე, ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძის ოთხმხრივი შეხვედრა მონტენეგროელ, ბოსნია-ჰერცოგოვინელ და მაკედონიელ კოლეგებთან.
სამხრეთ-აღმოსავლეთის თავდაცვის მინისტერიალი 1997 წლის 3 ოქტომბერს რეგიონის მინისტრების შეხვედრისას სოფიაში, აშშ-ის ინიციატივით ჩამოყალიბდა. აღნიშნული ფორმატი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას და მონაწილე ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ემსახურება. ფორმატში საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური მისწრაფებებიდან გამომდინარე. მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია. ასევე, რეგიონის ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა სოლიდარობისა და დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე, რაც მოიცავს კეთილმეზობლური ურთიერთობების, თანამშრომლობის განვითარებას და მნიშვნელოვან საკითხებზე ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილების მოძებნას. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს თავმჯდომარეობას იტალია უწევს.