"ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე აფხაზეთს ეწვია და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა. საკუთარ კომენტარებში მსახიობმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენია. დეპარდიეს სოხუმში ვიზიტს ქართული მხარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსახიობმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დაარღვია. "ალია" კომენტარისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი ვოლსკის დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "დააკავებენ თუ არა დეპარდიეს თბილისში ჩამოსვლის შემთხვევაში?".
"მოგეხსენებათ, ჟერარ დეპარდიე ბოლო პერიოდში გარკვეულად არაორდინარულ პიროვნებად ჩამოყალიბდა. როგორც საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, ასევე საფრანგეთის საშინაო საკითხებზე ცნობილია მისი ანტაგონისტური დამოკიდებულება. გადაწყვეტით არ შემიძლია ვთქვა, მაგრამ 99% დარწმუნებული ვარ, რომ მისი ეს ჩამოსვლა და ის ერთი ფრაზა, რომელიც ანქვაბთან გააჟღერა, რომ თქვენ დამოუკიდებლები ხართ უკვე 20 წელია, არის მისი ჩასვლის მიზეზი. წინასწარ ცნობილი იყო, რომ მისი ნათქვამი მედიით გავრცელდებოდა. სხვა განცხადებებში ვეთანხმები, აფხაზეთი მართლაც ულამაზესი მხარეა, მართლაც სამოთხეა დედამიწაზე, მშვენიერი გარემოა, მაგრამ მისი გამოსვლის პოლიტიკური შეზავება მოხდა რუსული პოლიტიკური დაკვეთით. მგონია, რომ არა ეს, დეპარდიეს შეიძლება არ სცოდნოდა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი საერთოდ არსებობს", - აცხადებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი.
"კანონში არის ასეთი ჩანაწერი, რომ, თუკი არსებობს შემოსვლის აუცილებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს ინტერესებს და ამის თაობაზე იქნება წინასწარი მომართვა, ამ შემთხვევაში მისი მიღება შეიძლება. მე საერთოდ, ამ საკითხისადმი უფრო დიპლომატიური სტრატეგიულობის მომხრე ვარ და ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, შეიძლება ვიღაც არ დამეთანხმოს, მაგრამ ეს ამ სიტუაციის დრამატიზებაა. დრამატიზებას ნუ მოვახდენთ. აქცენტებს ნუ გავაკეთებთ, თორე მარ არის გამორიცხული, მომავალში დეპარდიეს ფაქტორი პროვოკაციულადაც იქნეს გამოყენებული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ვოლსკი.
"ვფიქრობ, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა, ამ შემთხვევისთვისაც არის გათვლილი, როდესაც ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება შეიძლება გახდეს საჭირო. სისხლის სამართლის პასუხისგებაში კი არ მიეცეს, პირველ ეტაპზე ჯარიმით იქნას გასტუმრებული", - დასძენს რესპონდენტი