მიშასგან გაქცეულები

მიშასგან გაქცეულები

“ექსნაციონალ” კოკი იონათამიშვილის აღსარება: “ამაზრზენი ხარ, მიშა!”

 

მიხეილ სააკაშვილი თანდათან აფეთქებული გემის კაპიტანს ემსგავსება. ხალხური ნათქვამია, არავინ არავის საფლავში არ ჩაჰყვებაო. ჰოდა, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საღამოსვე, როგორც კი საარჩევნო უბნები დაიხურა და ეგზიტპოლებმა ნათელყვეს, რომ არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” მოიგო, კულუარებში ითქვა, რომ “ნაციონალები” სააკაშვილისგან გამიჯვნას დაიწყებდნენ. ისე აგიხდეთ ყველა კარგი სიზმარი, როგორც ეს პროგნოზი ახდა, მაგრამ ცოტა მოულოდნელი იყო, რომ მიშასგან გაქცევის “სეზონი” მისმა ყველაზე ერთგულმა ადამიანმა, მარიკა ვერულაშვილმა “გახსნა”.

საერთოდ, ცხოვრებაში და, მით უმეტეს, პოლიტიკაში მოულოდნელობებს შეგუებული უნდა იყო, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მარიკა, რომლის წარმატებაც, პრინციპში, სააკაშვილის სახელთანაა დაკავშირებული, მიშას უღალატებდა. “ნაციონალების” თავდაპირველი ვერსიით, ვერულაშვილი “ოცნებამ” შეაშინ-დააშანტაჟა. შესაძლოა, ასეც იყო და მარიკამ უმცირესობის რიგებიც იძულებით დატოვა, მაგრამ მოგვიანებით, ანუ მას შემდეგ, რაც დათა ახალაიას ყბადაღებული აღსარება გავრცელდა, სადაც ახალაია ყველაფერს ვანო მერაბიშვილს აბრალებს, ვერულაშვილმა საჯარო განცხადება გააკეთა და ვანო მერაბიშვილს სულ წყევლა-კრულვა შეუთვალა, “ნაცმოძრაობაც” შენ დააქციე, ქვეყანაც და იმ პარტიაში, რომლის გენმდივანიც ხარ, ერთი დღეც აღარ გავჩერდებიო. ამ განცხადების შემდეგ, მარიკა ვერულაშვილი აღარავის გახსენებია, რადგან ქართულ პოლიტიკაში უფრო საინტერესო ამბები ხდება. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას ყურადღება, ალბათ, არც იმისთვის მიუქცევია, რომ რამდენიმე დღის წინ, მარიკამ “ოცნებელ” ელისო ჩაფიძესთან ერთად ბრიფინგი გამართა და საგანგებო განცხადება გაავრცელა. მართალია, ეს არაპოლიტიკური განცხადება იყო და საზოგადოებას დასნებოვნებული ბავშვების დახმარებისკენ მოუწოდა, მაგრამ როგორია _ “შეშინებულ-დაშანტაჟებული” დიაცი “შემშინებელ-დამშანტაჟებელი” გუნდის წარმომადგენელ მანდილოსანთან ერთად კამერების წინ “პოზიორობს”?!

იმ ფონზე, როცა მიშას ყველაზე ერთგული ადამიანი განუდგა, რა გასაკვირია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას “კმარელ-თავისუფლებისინსტიტუტელმა” თეა თუთბერიძემაც “უგანოს”, მით უმეტეს, რომ თუთბერიძე, როგორც ირკვევა, მიშას კი არა, ბაჩო ახალაიას ფანია. მიუხედავად ამისა, თუთბერიძემ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აღიარა, მრცხვენია, რომ “ნაციონალური” ხელისუფლების მხარდამჭერი ვიყავიო...

ალბათ, კიდევ ბევრი წვრილფეხ-მსხვილფეხა “ნაციონალყოფილი” გამოჩნდება და გულზე მჯიღის ცემას დაიწყებს, რა მიშა, რის მიშა, “ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ მაშინ ვგულშემატკივრობდი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებდაო, მაგრამ ვიდრე “ნაციონალთა”, ანუ მიშასგან გაქცეულთა ჯგუფის აღიარება-ბოდიშებს მოვისმენთ, სრულიად “სანაცეთი”, როგორც ამბობენ, შოკირებულია. შოკის მიზეზი კი, თბილისის საკრებულოს წევრის, ყოფილი “ენჯეოშნიკის”, კოკი იონათამიშვილის განცხადებაა, რომლის თანახმადაც, მან “ნაცმო” დატოვა. შესაბამისად, თბილისის საკრებულოს თავზე “ნაციონალური” დროშა დაეშვა, ანუ საკრებულოში “ნაცებმა” უმრავლესობა დაკარგეს!

მას შემდეგ, რაც იონათამიშვილის გადაწყვეტილება განსაჯაროვდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კოკის სახელით პრეზიდენტისადმი მიწერილი პირადი წერილი გამოამზეურა. ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, პირადი წერილის გამოქვეყნება არცთუ კორექტულია, თუმცა წამება-გაუპატიურების ვიდეოების ფონზე, მიშას გუნდს რა კორექტულობა მოეკითხება?!

“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოგმართავდით ასეთ კერძო და პრივატულ თემაზე... ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე გავკადნიერდებოდი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. საოცრად გაფასებთ, მაგრამ ამ წერილში ამაზე საუბარი არ გამომივა. მინდა გითხრათ, არ ვთვლი, რომ რაიმე ისეთი მაქვს გაკეთებული, რომ ასე მომემართა თქვენთვის... მაგრამ რაც არის, არის... წერაც კი მიმძიმს და პირადად ხომ ამის თქმას საერთოდ ვერ მოვახერხებდი. მოკლედ, პრობლემა მაქვს, ისეთი როგორც ბევრს, არაფერი ორიგინალური, ვალებმა რომ იტყვიან, დამახრჩო. მოკლედ რომ გითხრათ, მსურს გთხოვოთ დახმარება... ისეთი პრობლემური გარემო მაქვს, რომ გავკადნიერდი და მოგმართეთ. თუ თქვენ შეგიძლიათ მიშუამდგომლოთ რომელიმე ბიზნესმენთან, მე მაქვს წილი ერთ “ბიზნესში”, რომელსაც რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებისა ვერ ვყიდი და თუ ვინმე თქვენი შუამდგომლობის ხარჯზე დამეხმარებოდა, ჩემთვის ეს... არც კი ვიცი რა სიტყვა შევარჩიო, უპირობო გამოსავალს და გადარჩენას ნიშნავს. “ეს ბიზნესი” ცუდი არ არის, მაგრამ დღეს მხოლოდ თქვენი შუამდგომლობის ხარჯზე თუ დაინტერესდება ვინმე... თუ, რა თქმა უნდა, ამ თავხედობას შემინდობთ და დამეხმარებით, არც კი ვიცი, რა სიტყვები შევარჩიო, ეს ჩემი გადარჩენა იქნება. რაღაცებში უბრალოდ სასტიკად არ გამიმართლა. გიგიმ ნაწილობრივ იცის ეს პრობლემები და რამდენჯერმე მაგრად მომეხმარა კიდეც, რის გამოც მისი მადლობელი ვარ, მაგრამ საბოლოოდ მოგვარება არ გამოვიდა...

მე მაქვს წილი ფირმა “საბურთალო 2007”-ში, 2%. ამ ფირმას აქვს საკუთარი ქონება, შენობა, რომელიც განთავსებულია ტექნიკის ჰიპერმარკეტ “გალაქსიში”, პეკინის 46-ში. “გალაქსი” ქირაობს ფართს ჩვენგან, აქვს 15-წლიანი იჯარა, ყოველთვიურად ვიღებ 1000 დოლარზე მეტს ჩემს წილად. შენობის ფართია თითქმის 5 ათასი კვადრატული მეტრი, სარდაფის ჩათვლით. სხვა მეწილეებმა ახლა წილი ვერ იყიდეს. წილის გაყიდვა, 2%-ის დათმობა ჯამში მსურს 100 ათას დოლარად”, _ ნათქვამია იონათამიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილისადმი გაგზავნილ წერილში.

მოკლედ, “ნაცმოძრაობელებმა”, ალბათ, ჩათვალეს, რომ ამ წერილის განსაჯაროებით იონათამიშვილს “დაასამარებდნენ”, მაგრამ კოკიმ “პენალტი დაარტყა” _ სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მიშას ამაზრზენი უწოდა.

“გაოგნებული ვარ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წერილის გამოქვეყნების გამო. ცალსახად მინდა დავადასტურო, რომ სააკაშვილს, მას შემდეგ, რაც ორჯერ ვიმყოფებოდი მასთან ერთად საერთაშორისო დელეგაციაში, ნამდვილად მივმართე წერილობით, მაგრამ არა _ ამ შინაარსით და არა _ ამ საკითხზე. აქვე, ვადასტურებ, რომ როგორც მას, ასევე, სხვა მაღალჩინოსნებსაც, რომლებთანაც გარდა საქმიანი, ასევე, ადამიანური ურთიერთობებიც ჩამოყალიბდა, ნამდვილად ჰქონდათ ინფორმაცია ჩემს ფინანსურ საკითხებზე, ვგულისხმობ ინფორმაციას ჩემი კრედიტის, ან ერთადერთ ფირმაში ჩემი წილის არსებობის შესახებ (მით უმეტეს, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა). წერილის შინაარსის გამხელას არც დღეს ვაპირებ, მაგრამ ამასთანავე, აუცილებლად მივიჩნევ, განვმარტო, თუ რა მიზეზები უდევს ჩემს წინააღმდეგ ამ წუთას დაწყებულ კამპანიას. ამ კამპანიის სახელია, შიში... შიში იმისა, რომ არ დაიკარგოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გავლენა თბილისის საკრებულოზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ზოგადად, „ნაციონალურმა მოძრაობამ” კიდევ უფრო ინტენსიურად არ გააგრძელოს კრიზისში შესვლა. მიხეილ სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უმეტესობა, თავიდან ბოლომდე, სოლიდარულია ჩემს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან და მისი მხრიდან ასე პირდაპირ წარმოებული შანტაჟი შეაჩერებს რღვევის პროცესს. მას არ სურს, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს _ ჩემი პარტიიდან წასვლის მიზეზები არის ის ფუნდამენტალური შეცდომები, რაც მან და პარტიამ დაუშვა და არა _ ნებისმიერი სხვა გარემოება, მაგრამ ეგ უკვე აღარ გამოგდის, მიშა, აღარ!

მე ვიყავი ბოლო წუთამდე სოლიდარული პარტიის მიმართ და იმისთვის, რომ ჩემი მხრიდან ფრაქციის დატოვებაში სხვებიც არ „ჩამეთრია“ და ამას შეთქმულების ფორმები არ მიეღო, არც ერთ ადამიანთან არ მისაუბრია ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. პირადად თქვენ, მე მომატყუეთ, როდესაც პარტიაში შემოსვლა 3 წლის წინ შემომთავაზეთ ჩემი საპარლამენტო სიაში „ჩასმის“ ფარგლებში. მე ვიყავი სოლიდარული პარტიასთან მაშინაც, როდესაც მიუხედავად საპარლამენტო არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილებისა პარტიის დატოვების შესახებ, პარტიის ერთ-ერთი „მამის“ ბოდიშის მოხდის და თხოვნის მერე, რომ დავხმარებოდი და არ მიმეტოვებინა ის და პარტია ასეთ რთულ ვითარებაში, გავუწიე ანგარიში და დავრჩი პარტიის წევრად (აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად მაინტერესებდა პარლამენტში საქმიანობა, მაგრამ არ აღმიქვამს სიაში არყოფნა ტრაგედიად, უბრალოდ, როდესაც, 3-4-ჯერ თავად გთავაზობენ ამას და შემდგომ, არც ასრულებენ და არც გატყობინებენ, ეს ვითარება უზომოდ დამამცირებლად და მიუღებლად მივიჩნიე). მე ვიყავი სოლიდარული პარტიის მიმართ, როდესაც არ ვერიდებოდი ყველაზე კრიტიკულ და მძიმე თემებზე დებატებს თუ გამოსვლებს და თქვენს გარდა ეს არც არავისთვის დამიმადლებია. მახსოვს, თქვენს მიერ ჩემს მიმართ გამოთქმული ეპითეტები, რომლებზეც მიხუმრია, დედაჩემსაც არ ვუქივარ ასე-თქო. ყველაზე გრანდიოზული – როდესაც თქვენ, მინიმუმ, 50-კაციან საზოგადოებაში თქვით, რომ სწორედ მე ვიყავი მთავარი ავტორი თქვენი საპრეზიდენტო გამარჯვებისა 2008 წელს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თქვენ ადამიანები კი არა, ძირითადად, რიცხვები გაინტერესებთ. ჩემს წინააღმდეგ მიმართული კამპანია ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ „ძვირფასია“ ადამიანი პარტიის ლიდერისთვის, ამიტომ დღეს უკვე მივმართავ ჩემს კოლეგებს, უამრავ კეთილშობილ, პროფესიონალ ადამიანს, რომ დატოვონ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში სხვა გზები ეძიონ.

და ბოლოს, კიდევ თუ დარეკავთ, აუცილებლად შეგხვდებით, მაგრამ აწი რა გაქვს სათქმელი, მაინტერესებს. ჩემსას კი აქვე გეტყვი: ამაზრზენი ხარ, მიშა!”

მოკლედ, ყოველივე ზემოთქმულით თუ ვიმსჯელებთ, “ნაციონალური” გემი კი არ იძირება, არამედ, უკვე ჩაიძირა და ფსკერზეა...