ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სამუშაოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავიდა - ის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველია. ამ ეტაპზე ვერა ქობალია აქტიურ საქმიანობას ჩამოშორებულია, რადგან ორი თვის წინ დედა გახდა - ქალიშვილი შეეძინა. ასე რომ, ყოფილი მინისტრი საქართველოში და მისი გუნდის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მხოლოდ ტელეეკრანის მეშვეობით ადევნებს თვალს.
- არასდროს მეგონა, ასეთი გრძნობა თუ მექნებოდა ადამიანის მიმართ. როცა ბავშვი ჩნდება, ყველაფერი მეორე პლანზე გადადის. იმ წუთიდანვე გინდა რაც შეიძლება მეტი ბავშვის გაჩენა, ეს სასიამოვნო დღეები რომ გაგრძელდეს. ანასტასია საკეისრო კვეთით გავაჩინე, მინდოდა ბუნებრივად მემშობიარა, მაგრამ არ მოხერხდა. ანასტასია ძალიან წყნარი ბავშვია, ღამით კარგად სძინავს, მხოლოდ მაშინ ჭირვეულობს, როცა შია. ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს. ამიტომ ყველგან თან დამყავს, თქვენთანაც იმიტომ დავაგვიანე ინტერვიუზე, რომ მას ვაჭმევდი. 500 გრამით მეტია თავისი ასაკის ბავშვებთან შედარებით. ჯერჯერობით ორივეს გვგავს - მეც და დათოსაც, მაგრამ მინდა მე დამემსგავსოს. სანამ ბავშვი დაიბადებოდა, სახელის სხვადასხვა ვარიანტები გვქონდა, მოგვწონდა სალომე, ანასტასია, მაგრამ არ ვიცოდით, რას დავარქმევდით. ადამიანმა მთელი ცხოვრება უნდა ატაროს საკუთარი სახელი, ამიტომ სანამ დაიბადება, მანამდე უნდა შეურჩიო სახელი. ბოლოს ექიმი შემოვიდა და გვითხრა, ნახევარ საათში თუ არ მოიფიქრებთ ბავშვის სახელს, საბუთებს ვერ მოვამზადებთო. დავურეკე დათოს და შევთანხმდით, ჩვენი ქალიშვილისთვის ანასტასია დაგვერქმია.
- სხვათა შორის, "ნაციონალური მოძრაობის" ოპონენტებისგან გამიგია, რომ ქუთაისის პარლამენტი თქვენი მეუღლის (ვერა ქობალიას მეუღლე დავით კურცხალიაა) კომპანიამ ააშენა...
- დათო სარეკლამო კომპანიაში მუშაობს. "მაგი სტილში" სამშენებლო მხარეს მისი ძმა კურირებს, პარლამენტიც მან ააშენა, არადა, ბევრს პარლამენტი დათოს აშენებული ჰგონია, ამაზე ჩემს მეუღლეს ყოველთვის ეცინება. სანამ ჩვენი ურთიერთობა ცნობილი გახდებოდა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, გავიგე, რუს ოლიგარქს გაჰყევით ცოლადო და დათოს ვეუბნებოდი, ხედავ, რუსი ოლიგარქიც გახდი-მეთქი.
- მინისტრობის პერიოდში ოპოზიციის მხრიდან ხშირად იყავით კრიტიკის ობიექტი. არ შემიძლია არ გავიხსენო, რომ თქვენი მინისტრად დანიშვნიდან ცოტა ხანში ის ცნობილი ფოტო გავრცელდა, ერთ-ერთ ბარში დასთან ერთად რომ გაქვთ გადაღებული.
- თავიდან გამიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება, მერე მივეჩვიე. მივხვდი, რომ მეც ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც სხვები, მეც ვჭორაობ ჩემს მეგობრებთან. მესმის იმ კრიტიკის, რომელიც მოჰყვა ჩემს მინისტრად დანიშვნას. სხვა რომ ჩემს მსგავსად დანიშნულიყო მინისტრად, ამას თავადაც გავაკრიტიკებდი. ვცდილობდი საქმით მეჩვენებინა ყველაფერი და არა სიტყვით. როდესაც ხშირად ჩანხარ ტელევიზიით, ბუნებრივია, ყველა შენზე ლაპარაკობს. ჩემს პირად ცხოვრებას, ოჯახს როცა შეეხნენ, ძალიან განვიცადეთ მეც და ჩემმა მშობლებმაც. ბევრჯერ მინდოდა იმ ჭორებზე პასუხი გამეცა, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ ჩემგან ამის გაკეთება არასწორი იქნებოდა.
- ყველაზე მეტად რომელი ბარიერის გადალახვა გაგიჭირდათ?
- როგორც იცით, წლების განმავლობაში უცხოეთში ვცხოვრობდი, ამიტომ გამიჭირდა ამ გარემოსთან შეგუება, განსაკუთრებით კი ენობრივი ბარიერის გადალახვა. ხშირად ვერ გამოვხატავდი იმას, რისი თქმაც მინდოდა. მე ხომ აფხაზეთში გავიზარდე, სადაც პირველ ადგილზე მაინც რუსული ენა იყო.
- ახალი ხელისუფლების პირობებში ცნობილი გახდა არაერთი დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მოხდა. რად ღირს თუნდაც სამეგრელოს სამალავებში იმ საზარელი კადრების აღმოჩენა. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები აცხადებენ - არაფერი ვიცოდითო.
- ძნელია იმის გაგება, რაც ამ ბოლო დროს გვესმის. მართალია სხვა მიმართულებით ვმუშაობდი და ძალოვან სტრუქტურებთან შეხება არ მქონია, მაგრამ მე ამ გუნდის ნაწილი ვარ და ეს ჩემთვის რთულად გადასატანია, ამიტომ ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რამ არასოდეს განმეორდეს. მე ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობის" კურსის მხარდამჭერი ვიყავი და დღემდე ასე ვარ. მჯერა ამ გუნდის და მათთან გატარებულ არც ერთ დღეს არ ვნანობ. დარწმუნებული ვარ, ბევრი სწორი ნაბიჯი გადაიდგა ამ წლების განმავლობაში. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების დროს მძიმე შეცდომებიც იყო დაშვებული, იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მხოლოდ ბრალდებების დონეზე არ დარჩება. ბოლომდე გამოვიძიებთ, რა ხდებოდა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარ განმეორდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია მენტალური ცვლილება და განათლება. არ მესმის, ადამიანს როგორ უნდა მოუვიდეს აზრად ასეთი დავალება მისცეს ხელქვეითს, არც იმის მესმის, ვინც ამ დავალებას ასრულებს - ეს ყველაფერი მოდის ოჯახიდან და განათლებიდან.
- "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში ეკონომიკა აღარ ვითარდება ისე, როგორც მათი მმართველობის დროს, პარალელურად, ძალიან ბევრი ბიზნესმენი ჩივის, რომ ნაციონალების მმართველობისას უკანონოდ წაართვეს ბიზნესი.
- მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დავრჩე საცხოვრებლად, აქ გაჩნდა ანასტასიაც. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციები და სამუშაო ადგილები, ქვეყნის განვითარება. სტატისტიკის მიხედვით, მაისში ნულოვანი ზრდა გვქონდა, მანამდე 2 პროცენტი, ეს აისახება ყველა სექტორზე. ერთი მხარე ამას მთავრობაში მომხდარ ცვლილებებს აბრალებს, მეორე მხარის აზრით კი საკმარისზე დიდი დრო გავიდა იმისთვის, რომ დავინახოთ ბიზნესის აქტიურობა. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გამოსწორდება. მთავარია საქმე გავაკეთოთ და არა ვიკამათოთ. დღემდე ვამბობ, რომ ჩაიდოს ინვესტიციები საქართველოში, მაგრამ ქართველი და უცხოელი ბიზნესმენებიც ფრთხილობენ, რადგან ვერ ხედავენ ვერც პოლიტიკურ სტაბილურობას და ვერც გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილება მოკლე ვადაში უნდა მიიღო და გააგებინო ყველას, რომ დალაგებული იქნება კანონი ბიზნესმენებისთვის. ავიღოთ თუნდაც ფონდები. ლაპარაკი იყო სხვადასხვა საპარტნიორო ფონდებზე, რომელიც ნიკა გილაურის დროს შეიქმნა. ახლა იმდენად გაუგებრობაა ბიზნესის სფეროში, რა ტიპის ფონდები იქმნება, რომელი დარჩება, როგორ განვითარდება, არავინ იცის. ბიზნესმენიც ფიქრობს, მირჩევნია დაველოდო, თუ სახელმწიფოს შეუძლია დახმარება, მე ფული რატომ უნდა ჩავდოო? არანაირი რეაგირება ფონდების მხრივ არ ხდება, გამყინვარების და დუმილის პერიოდი გრძელდება. ამ შემთხვევაში კი ბიზნესმენი მყარ ეკონომიკურ გარემოს ირჩევს, თუნდაც მეზობელ ქვეყანაში. რისკი, პატარა ქვეყანაში ჩადო მილიარდი, ძალიან მაღალია, ამიტომ რომელიმე ფონდმა რომ გაუწიოს დახმარება, გარკვეული თანხა ჩადოს ამ ბიზნესში და მერე გავიდეს პარტნიორობიდან, ეს ნდობას უზრდის კომპანიას, რომ მის გვერდით დგას ქვეყანა. მაგრამ ჯერ არავინ აბანდებს ფულს საქართველოში.
- თქვენი მმართველობისას რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი? არაერთი ბიზნესმენი დაზარალდა იმ პერიოდში...
- ჩემს დროს ბიზნესი კომფორტში იყო. როცა მე და დათო შეყვარებულები ვიყავით, დათოს კუთვნილ სარეკლამო კომპანიაში შევიდა საგადასახადო, რამდენიმე თვე სწავლობდნენ საბუთებს და დარღვევების გამო ჯარიმა გადაახდევინეს. როგორც ყველა, დათოც უკმაყოფილო იყო, მაგრამ ბოლოს გადაიხადა. არც ერთი ბიზნესმენი არ არის კმაყოფილი იმ უწყებებით, რომელიც შემოწმებებს ატარებს და აჯარიმებს. ეს პროცესები სწორად უნდა წარიმართოს. შეცდომა იყო, შემოწმებები დიდხანს რომ გრძელდებოდა. ბიზნესმენებმა არ იცოდნენ, რა შედეგს დადებდა საგადასახადო და ასე გროვდებოდა უარყოფითი ინფორმაცია. ბიზნესის მხრიდანაც იყო ბევრი რამ არასწორად ასახული. მე კანადაში ვიყავი კერძო ბიზნესში, სადაც ყოველწლიურად შემოდიოდა საგადასახადო და ისეთ დეტალებს ამოწმებდა, ვბრაზდებოდი, ვამბობდი, კონკურენტმა ხომ არ მისცათ დავალება-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს ჩვეულებრივი სამსახურია. ამ გადასახადებს იმიტომ ვიხდით, რომ დასუფთავებული იყოს ქუჩები, ნორმალურად მოგვეწოდებოდეს ელექტროენერგია. ძალიან რთული იყო 90-იანი წლების წესებიდან ახალ პერიოდზე გადასვლა. აუცილებელია არსებობდეს კომუნიკაცია ბიზნესსა და მთავრობას შორის. ჩემთვის სულ ერთია, რომელი მთავრობა იქნება სათავეში. მთავარია ქვეყანა ვითარდებოდეს. საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ დემოკრატიული ქვეყანაა. არ ვიტყოდი, "ნაციონალური მოძრაობის" კურსის მხარდამჭერი ვარ-მეთქი, მიშა პუტინის მსგავს თამაშს რომ თამაშობდეს. პრეზიდენტმა აღიარა, რომ ჩვენ წავაგეთ, ყველაფერი, რაც მოხდა, ხალხის არჩევანი იყო. სწორედ ეს არის დემოკრატიული ქვეყნის მაგალითი. იმედი მაქვს, სწორად განვითარდება ქვეყანა.