"პარლამენტისთვის ეს არასრული ერთწლიანი საქმიანობა საკმაოდ რთული და, ამავე დროს, ნაყოფიერი იყო. ძნელია, როცა პარლამენტში არ გყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ძალზე მნიშვნელოვანი საკითხების გასატანად ხმები არ გყოფნის, ამის გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ვერ გავიდა. მიხეილ სააკაშვილის მიერ ვეტოდადებული კანონები არა მარტო უმრავლესობის, დამოუკიდებელი მაჟორიტარების მხარდაჭერითაც დავძლიეთ; შრომის კოდექსი, ჯანდაცვის თემა, სასამართლო რეფორმა, იუსტიციის საბჭოს ფორმირების საკითხი სერიოზული სჯა-ბაასის შემდეგ იქნა მიღებული. ამასთან, დიამეტრალურად განსხვავებული მდგომარეობაა იმ მხრივაც, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა კოალიციურია, მასში შემავალ პარტიებს შორის არაერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, ბოლო ხანს ასეთი იყო `უმაღლესი განათლების კანონი~. ინიციატორებს ბევრი კანონპროექტის უკან გატანა ან მასში სერიოზული ცვლილებების შეტანა მოუხდათ", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სააკაშვილს რომ შეეძლოს, არჩევნებს მიუნჰაუზენივით 32 ოქტომბერს დანიშნავდა" / "პრეზიდენტი ქუჩა-ქუჩა დარბის და ლანძღვა-გინებით არის დაკავებული".
"რაც შეეხება პოლიტიკურ კოჰაბიტაციას, ჩვენი მხრიდან ამის სურვილი იყო, თუმცა, ხშირად ეს ვერ ხერხდებოდა და არც უნდა მოხერხებულიყო. არის საკითხები, რაზეც თვალის დახუჭვა შეუძლებელია, რადიკალიზმი აუცილებელია და იმის გამო, არიქა, კოჰაბიტაციის პროცესი არ დაირღვესო, თვალს ვერ დავხუჭავთ. ამის დასტურია ის პოლიტიკური ბოიკოტი, დემარში, რომელიც ამჟამად აქვს გამოცხადებული "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც თავს ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევს, "ძლიერება" რომ განზე გადავდოთ. ეს ტერმინი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, არსებობს თუნდაც ერთი შემთხვევა, რომ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის წარმომადგენელია დედაქალაქის მერი, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 1/3 ცხოვრობს, ჰყავს გუბერნატორები, საკრებულოებში - უმრავლესობა. ოპოზიციური ერქვას? რატომ გვაცოდებენ თავს? სხვა საკითხია, რომ პარლამენტში ჰყავთ უმცირესობა. დღეს ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა, ამიტომაც არის ლაპარაკი პოლიტიკურ კოჰაბიტაციაზე. ყველა იმ პრობლემის გამო, რაც ქვეყანაშია, "ნაცმოძრაობის" გუნდი მთავრობისკენ იშვერს ხელს. სააკაშვილი ახლა ეკონომიკაზე ალაპარაკდა, რეალურად კი ქართული ეკონომიკა, ბიზნესი 5-6 კაცის ხელში იყო თავმოყრილი და მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილისგან იყო ხელდასხმული, ახლა ერთი გაქცეულია, მეორე - დაჭერილი, მესამე ისტერიკაშია და მონოპოლიური ბიზნესი ჩამოიშალა, ახლა მისი ადგილი ჯანსაღ კონკურენციაში წარმოშობილმა ბიზნესჯგუფებმა უნდა დაიკავონ. ქვეყნის პრეზიდენტი ამას ხელს უშლის, ქვეყანა-ქვეყანა, ქუჩა-ქუჩა დარბის და ლანძღვა-გინებით არის დაკავებული, გაჰყვირის, რომ არის ძალადობა, შერჩევითი სამართალი, ტერორი და ა.შ. ვფიქრობ, ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, როცა ქვეყანაში ერთხელისუფლებიანობა დამყარდება, თუმცა, დემოკრატიული ურთიერთობა ოპოზიციასთან გაგრძელდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით საგანელიძე.
"ეს იქნება პირველი არჩევნები ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და მისდამი ინტერესიც ბუნებრივია, საქართველოში ძალადობით, გაყალბებით, ტყუილითა და დაშინებით არჩევნები აღარ ჩატარდება, არჩევანში ყველა თავისუფალი იქნება. ეჭვიც არ მეპარება, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ არჩევნებში გაიმარჯვებს და ქვეყნის პრეზიდენტი გახდება. ეს პირველივე ტურში მოხდება, ამის თქმის საფუძველს საზოგადოების განწყობა მაძლევს, და არა მარტო ის, რომ მარგველაშვილი გამორჩეული ერუდიციის, პიროვნული ღირსებების მქონე და, ამავე დროს, ობიექტური ადამიანია. მჯერა, ამას საზოგადოება კარგად დაინახავს და თუ დღეს მისი ცნობადობა ზოგიერთ გაპიარებულ პოლიტიკოსზე დაბალია, ეს დროისა და იმის საკითხია, რამდენად მოვახერხებთ, მარგველაშვილი უკეთ გაიცნოს საზოგადოების იმ ნაწილმა, ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ნაციონალები" ცდილობენ, რაღაცით მაინც მიიქციონ ყურადღება, როგორც თავის დროზე, ჰიპები და მეტალისტები ჩაცმულობით და ვარცხნილობით აინტერესებდნენ საზოგადოებას. პრაიმერი კარგია დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც ამის ტრადიცია არსებობს და არა "ნაცმოძრაობაში", რომელიც დიქტატურის განსახიერებაა, ერთ კაცზე აწყობილი პარტია, აბა, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს მესამედ პრეზიდენტად კენჭისყრის შანსი, გაბედავდნენ პრაიმერის ჩატარებას?! ეს პრაიმერიც ფანდია პოლიტიკური არსებობის შესანარჩუნებლად. თუმცა, ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ვერდიქტს კი ამომრჩეველი გამოიტანს. როცა ხალხი ზედიზედ რამდენჯერმე არ მისცემს ხმას, პარტია დაიშლება, ძალით არაფერი უნდა დაშალო, რომელიმე პარტიის აკრძალვის წინააღმდეგი ვარ", - ამბობს დავით საგანელიძე.
"ერთი თვის წინ უცხოელ კოლეგას, კითხვაზე - როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები? - ნახევრად ხუმრობით ვუპასუხე: დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ბედნიერია იმით, რომ ოქტომბერი 31-ითაა და არა 30-ით, ერთი დღით გაიხანგრძლივებს პრეზიდენტობას-მეთქი. როცა პირველად მოვისმინე არჩევნების 27 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ, გამიკვირდა, 4 დღე როგორ დათმო-მეთქი და ვაღიარე, რომ შევცდი. თუმცა, მალევე შეცვალა გადაწყვეტილება, პრეზიდენტობის 4 დღეც დაენანა. დარწმუნებული ვარ, რომ შეეძლოს, სააკაშვილი, მიუნჰაუზენივით, არჩევნებს 32 ოქტომბერს დანიშნავდა. ასე რომ, 31 ოქტომბერს დამთავრდება სააკაშვილის პრეზიდენტობაც და ორხელისუფლებიანობაც", - დასძენს რესპონდენტი.