ვიზიტი ლიტვაში გრძელდება (ვიდეო)

ვიზიტი ლიტვაში გრძელდება (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლიტვაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს, თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა ლიტვის პარლამენტში და სამხედრო აკადემიაში.

ლიტვის სეიმში ირაკლი ალასანია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს არტურას პაულაუსკასსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტები, ლიტვა-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ ლიტვურ მხარეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო, საუბარი შეეხო ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებსაც. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ლიტვა ყოველთვის აქტიურად უჭერდა და დაუჭერს მხარს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ნატოში.

სეიმის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლიტვის სამხედრო აკადემიას ესტუმრა. აკადემიაში ლიტვასა და საქართველოს შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

"გუშინ ჩვენ ლიტვის თავდაცვის სამინისტროსთან ფართო თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ვიმყოფებით თავდაცვის აკადემიაში. ჩვენი სამხედროები აგრძელებენ სწავლას ლიტვის ამ ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში. ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი ენერგო-უსაფრთხოებაზე. ჩამოყალიბებულია ნატოს ცენტრი, რომლის ნაწილი უახლოეს მომავალში საქართველოც გახდება. ჩვენ ძალიან მრავალმხრივად ვავითარებთ სამხედრო თანამშრომლობას."

ხვალ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შეხვედრებს გამართავს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიციუსთან. მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთის პარტნიორობის კონფერენციაში, რომელიც, მისი განცხადებით, მოსამზადებელი ეტაპია ვილნიუსის სამიტისთვის.

სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი ლიტვაში 3 ივლისს დასრულდება.