მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე გასულ კვირას მერიის თანამშრომლების დაპატიმრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მიხეილ სააკაშვილის დაკავებით დასრულდება. "მას ციხეში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები დანაშაულებრივ ქმედებებში თავად ამხელენ და მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის დასრულებისთანავე დაპატიმრება ელოდება!" - აცხადებს სანდრო ბრეგაძე:
- ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ახსნა ნამდვილად მიჭირს, ვერ გეტყვით, რას ნიშნავდა მერიის თანამშრომლებისა და მაღალი თანამდებობის პირების დაკავება, გამოშვება და შემდეგ ისევ დაკავება ღამის საათებში. რასაკვირველია, ამგვარი ფაქტები საქართველოს მთავრობის იმიჯს საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში ძალიან ლახავს. მე თუ მკითხავთ, ამ დაპატიმრებებისგან საერთოდ უნდა შეეკავებინათ თავი იმ დღეს, როცა ნატოს გენერალური მდივანი იმყოფებოდა თბილისში. დარწმუნებული ვარ, ორიოდე დღით ამ საქმის გადაწევა არაფერს გააფუჭებდა. რა თქმა უნდა, დასასჯელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ როცა სახეზეა პირის დანაშაული, ის კანონიერად უნდა დააკავონ. სამწუხაროდ, ისიც კი მოვახერხეთ, რომ აშშ-ის კონგრესს ვათქმევინეთ, მერაბიშვილის დაკავება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებულიო, ნაცვლად იმისა, მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის მისი კრიმინალური სახე დაგვენახებინა.
- სერიოზულად გეჩვენებათ ის სამხილები, რაც შესაბამისმა უწყებებმა მერიის თანამშრომლების წინააღმდეგ გაასაჯაროეს?
- ვფიქრობ, მასალების საკმაოდ მცირე ნაწილი ვიზუალური ეფექტისთვის და მეტი დამაჯერებლობისთვის იქნა წარმოდგენილი. ცხადია, ბანკომატებიდან ფულის გამოტანა სამხილად ვერ ჩაითვლება. ძირითადი სამხილები საქმეში იქნება და გამოძიებას სახელმწიფო თანხების გაფლანგვის დასაბუთება არ გაუჭირდება. კარგად ვიცით ყველამ, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერები წლების განმავლობაში ელიტური კორუფციის სქემებში იყვნენ ჩართული. მერიის თანამშრომლებიც ჯერჯერობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. იმის გარკვევა ჯერ არავის დაუწყია, რომ მერიის მაღალჩინოსნები, უგულავას თამადობით, თბილისში არსებული ყველა წარმატებული მომგებიანი ბიზნესის წილებში ისხდნენ. იმედია, ამის დროც მალე დადგება.
- ამბობენ, რომ მერიის თანამშრომლების დაკავებას მალე გიგი უგულავას დაკავებაც მოჰყვება.
- მეტსაც გეტყვით, არც გიგი უგულავას დაკავებით დასრულდება ეს ამბები. ნურავის ჰგონია, რომ ვანო მერაბიშვილი, ახალაიები, უგულავა ან ადეიშვილი კორუფციულ და კრიმინალურ საქმეებში მიხეილ სააკაშვილის უნებართვოდ მონაწილეობდნენ. ამიტომ თამამად ვამბობ, - მალე ეს პროცესი მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით დასრულდება. მას პრეზიდენტობის ვადის გასვლისთანავე დააკავებენ. უნდა შეიქმნას რეჟიმის გასამართლების პრეცედენტი, რათა მომავალმა მთავრობებმა იგივე დანაშაულები არ გაიმეორონ.
- როგორც ვიცი, თქვენი ინფორმაცია, რომ ზურაბ ადეიშვილს უნგრეთმა თავშესაფარი მისცა და ოფიციალურ სტრუქტურაში თანამდებობაც აქვს, სიმართლეს შეესაბამება. რატომ არ ადასტურებს ამას ოფიციალური მხარე, თუნდაც საგარეო უწყება რატომ არ ცდილობს, დააზუსტოს და გაახმაუროს ეს ინფორმაცია?
- როცა სახელმწიფოს ინტერპოლის მიერ ძებნილად ჰყავს გამოცხადებული პერსონა, მას კი პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევენ და უცხო ქვეყანაში თანამდებობაზეც ამუშავებენ, ეს დიპლომატიური სკანდალის საფუძველია. ჩემი აზრით, არა მხოლოდ საგარეო უწყებაში, არამედ სხვა სტრუქტურებშიც არაპროფესიონალურად მუშაობენ. დიახ, უნდა სცადოს მთავრობამ ამ ინფორმაციის დაზუსტება, რომლის ნამდვილობაშიც პირადად მე ეჭვი არ მეპარება, შემდეგ კი მოითხოვოს ადეიშვილის ექსტრადიცია. დარწმუნებული ვარ, ერთი ღამეც რომ გაათენოს ადეიშვილმა საქართველოს საპყრობილეში, ბევრ რამეს დაფქვავს თუნდაც სააკაშვილზე. მან იმდენი რამ იცის, რომ არ გამიკვირდება, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დაკვეთით უნგრეთშივე გადაწყვიტონ მისი ლიკვიდაცია. არ არის გამორიცხული, მოწამლონ ან კიდევ სხვა გზით მოკლან! ასეთი მოწმის არსებობა არავის აწყობს. ამიტომ ყოფილი გენპროკურორისთვის უმჯობესია დროული ექსტრადიცია.
- რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ადეიშვილი საქართველოს ახალ მთავრობასთან ითანამშრომლებს?
- იმიტომ, რომ ვიცნობ ადეიშვილს, ისიც, მერაბიშვილიც, უგულავაც და ახალაიებიც ყველაფერს დაფქვავენ და საბოლოოდ ხელს სააკაშვილს დაადებენ. ესენი არიან პატარა ადამიანები, მახინჯი ბიჭები, რომლებიც თანამდებობისა და სტატუსების გარეშე კურდღლებივით მშიშრები ხდებიან. აბა, რა გგონიათ, ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების, კერძოდ, ფარული ვიდეომასალებისა და კომპრომატების გამოაშკარავება როგორ მოხდა? ხელისუფლების ყოფილმა თანამდებობის პირებმა გასცეს სამალავები. კოსმოსიდან არაფერი აღმოუჩენიათ. საზოგადოება უახლოეს ხანში კიდევ ბევრ რამეს გაიგებს.