"2009 წლის აპრილში დავინიშნე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. აშხაბადში არსებული საელჩოს ფუნქციები ავღანეთშიც ვრცელდებოდა. ამიტომ ავღანეთში ჩასვლაც ხშირად მიწევდა, ყოველ ჯერზე ქაბულში ერთი კვირა მაინც მიწევდა ყოფნა. ჩემი სამსახურებრივი პროტოკოლი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითვალისწინებდა. რამდენჯერმე ავღანეთის პრეზიდენტთან ჰამიდ კარზაისთანაც მომიწია შეხვედრამ, ხშირად ადგილობრივ მინისტრებსაც ვხვდებოდი", - აცხადებს ყოფილი ელჩი სოსო ჩახვაშვილი სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალისთვის" (№ 12 (185) ივლისი, 2013) მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მშვიდობის ელჩი ომის ქვეყანაში".
"ავღანეთის პირველი შთაბეჭდილება, დაახლოებით დაემთხვა ჩემს წარმოდგენას. ქაბულში ორი მაღალი დონის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომლებიც დაცულიც არის და პროტოკოლით მომაგრებული მანქანაც მემსახურებოდა. ვხვდებოდი ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ მეომრებსაც... რაც შეეხება თავად ქვეყანას, შიდა მიგრაციის პრობლემა იქაც ძალიან მწვავედ დგას, გლეხობა ქალაქში მიდის. ზოგი შავ მუშად მუშაობს, ზოგი მშენებლობაზე. დიდი ქალაქების გარშემო ღარიბ-ღატაკთა უბნებია, სადაც ანტისანიტარია და უკიდურესი გაჭირვებაა. ძირითადად, ბარაკებსა და მიწურებში ცხოვრობენ... ქაბული საკმაოდ მოუწესრიგებელი ქალაქია. ვიწრო ქუჩებში უამრავი მანქანა დადის. ყოფილა შემთხვევა, 100 მეტრის გასავლელად ნახევარი საათი დამჭირვებია. ეკონომიკური პრობლემების გარდა, ხალხი იქ თავს უფრო დაცულად გრძნობს... 6 საათის შემდეგ სიცოცხლე კვდება, რადგან თალიბების ეშინიათ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ჩახვაშვილი.
"ავღანეთის პრეზიდენტს ჰამირ კარზაის განათლება ჯერ ინდოეთში, შემდეგ კი ამერიკაში აქვს მიღებული. ის დიდხანს ამერიკაში ცხოვრობდა... თალიბებმა მას თანამშრომლობა შესთავაზეს, მაგრამ არ დათანხმდა, რის გამოც ოჯახის წევრები დაუხოცეს. თალიბების სისასტიკის ამბავი მთელმა მსოფლიომ იცის, ძალიან ავიწროებენ მოსახლეობას. ამიტომაც ავღანელთა 80% ცენტრალურ ხელისუფლებას უჭერს მხარს. მთავრობის ფორმირების დროს, ბევრი ავღანელი, რომელიც ადრე, "თალიბანის" მმართველობის დროს, ქვეყნიდან გასული იყო, სამშობლოში დაბრუნდა და სახელმწიფო სამსახურში, წამყვან თანამდებობაზე დაინიშნა. დღევანდელ ავღანეთში კარგად არის განვითარებული ტელეკომუნიკაციები. ახალგაზრდობას განათლების მიღება უნდა. ავღანელები ჭკვიანი და ნიჭიერი ხალხია, რაც მთავარია, პატრიოტები არიან. თუმცა, მაინც ძალიან ღარიბი ქვეყანაა, თან კორუფციაც მძლავრობს. დღემდე არ არის ათვისებული ბუნებრივი რესურსები. სპილენძისა და რკინის დიდი მარაგი, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების საბადოები აქვთ. ჩრდილოეთ ნაწილში შიდამოხმარებისთვის საკმარისი ბუნებრივი აირია, ეძებენ ნავთობსაც... რაც მთავარია, მოჰყავთ ნარკოტიკული მცენარეები, რომლის ნაცვლადაც მთავრობამ ავღანელ გლეხობას ხორბლის მოყვანა შესთავაზა, რათა ოჯახების რჩენა შეძლონ... ნარკოტიკებს კუსტარულად, სახლში ამზადებენ, პირდაპირ ეზოებში, ქვაბებში იხარშება, შემდეგ პრიმიტიულად ფუთავენ და რამდენიმე მიმართულებით მიაქვთ, - დიდი ნაწილი უზბეკეთში, თურქმენეთსა და ტაჯიკეთში მიედინება... ყველაზე დიდი ნაწილი ირანში შეაქვთ. ჰეროინის 60-70%-ს ავღანეთის სამხრეთში აწარმოებენ და "თალიბანისთვის" შემოსავლის ძირითადი წყაროა. მძიმე კლიმატური პირობების გამო ავღანეთ-ირანის საზღვრის გაკონტროლება ძნელია. საზღვრის დაცვისას ავღანელებთან ბრძოლას ათასობით ირანელი სამხედრო შეეწირა. ირანის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, მიწათხრილები და სანგრები გაეკეთებინა, ყოველ ხუთ კილომეტრში კოშკურა დაედგა, მაგრამ ავღანელი ბოევიკები ირანში მაინც შედიან. ნარკოტიკს ადგილობრივებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ", - ამბობს რესპონდენტი.
"ბოლო 12 წლის განმავლობაში ავღანეთში უსაფრთხოებისთვის ბევრი რამ გაკეთდა: ჩამოყალიბდა ავღანეთის შეიარაღებული ძალები, სადაც მათი დაახლოებით 400 ათასი კაცი მსახურობს. "თალიბანი" მათ დიდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, რადგან სრულყოფილი შეიარაღება არა აქვს. მათ ტერაქტების მოწყობა და პარტიზანული ომი უფრო ეხერხებათ, საზღვრები გადაკეტილია და მძიმე შეიარაღებას ვერ შემოიტანენ. მათი ძირითადი შეიარაღებაა ავტომატი "კალაშნიკოვი", ნაღმსატყორცნები და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, რასაც ახლახან 7 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა... ასევე იყენებენ "შაჰიდის ქამრებსაც". როდესაც კოალიციის ჯარები ქვეყნიდან გავლენ, ავღანეთის ხელისუფლება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კონტროლს სრულად აღადგენს. ყველა პროვინციაში იქნებიან მთავრობის წარმომადგენლები, იქაურობას ავღანეთის შეიარაღებული ძალები და შინაგანი ჯარი გააკონტროლებენ. თუმცა იქ არსებული მყიფე მდგომარეობის გამო მათი მარტო დატოვება მაინც არ შეიძლება, ამიტომ ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთში ორი ამერიკული ბაზა დარჩება", - განაგრძობს სოსო ჩახვაშვილი.
"ადრე სამხედრო ოპერაციებში, ძირითადად, ქვეითი ჯარი მონაწილეობდა და დასავლეთმა რამდენიმე ათასი მეომარი დაკარგა. ამერიკას 2200-ზე მეტი სამხედრო ჰყავს დაღუპული, დიდი დანაკარგი ჰქონდათ ბრიტანეთს, გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს. ეს საერთაშორისო ძალებში კამათს იწვევდა, ცდილობდნენ, სამხედრო ოპერაციების ჩასატარებელი უფრო ეფექტური მეთოდი ეპოვათ, ამიტომ ხშირად ღამის რეიდებს ატარებდნენ. შესაძლოა, ერთი-ორჯერ ამ ოპერაციას უდანაშაულო მსხვერპლიც მოჰყვა, ეს ავღანეთის მთავრობისთვისაც დიდი პრობლემაა. ასეთი ტრაგედიების შემდეგ, მოსახლეობა კოალიციის ძალებს დამპყრობლად აღიქვამს. ასეთი შემთხვევების შემდეგ დაღუპულების ნათესავები `თალიბანის~ რიგებს უერთდებიან, რათა კოალიციის ძალებზე შური იძიონ.… თალიბებთან მიდიან ისინიც, ვისაც უკიდურესად უჭირს. არის კიდევ ერთი პრობლემა: იქ, სადაც ხელისუფლება კონტროლს ვერ ამყარებს, იქაურობას "თალიბანი" მართავს, ხოლო თუ გლეხმა იცის, რომ მას მთავრობა იცავს, "თალიბანის" არ ეშინია. დაახლოებით წელიწად-ნახევარში ადგილობრივი ხელისუფლება ყველა პროვინციაში ჩავა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ სიმშვიდე იქნება, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ტერორისტული აქტები გარდაუვალია. ამ დროისთვის ავღანეთის მთავრობა ამერიკულ მხარეს ბევრ პირობას უყენებს, ერთი-ერთი იყო წერტილოვანი დარტყმების აკრძალვა, რადგან ამას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ახლდა; მეორეა ჩხრეკის უფლების მათთვის გადაცემა, - კოალიციის ჯარები, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, თალიბების მოსაძებნად ავღანელების სახლებში შედიოდნენ, აწიოკებდნენ და აპატიმრებდნენ მათ, რადგან იცოდნენ, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მათთან თანამშრომლობდა. ხელისუფლებამ ამერიკას მოსთხოვა, ამის უფლება მათი სამართალდამცველი ორგანოებისთვის გადაეცა. ამერიკელები უკვე თანამშრომლობენ ავღანელ სამართალდამცველებთან", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ავღანელების დამოკიდებულება როგორია ქართველი სამშვიდობოების მიმართ?" - პასუხობს:
"საოცრად კარგი. უამრავი კარგი მსმენია ავღანეთის ხელმძღვანელობისგან ჩვენს კონტინგენტზე. შარშან დეკემბერში ვიყავი ქაბულში, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ვახლდი, შევხვდით პრეზიდენტ კარზაისა და თავდაცვის მინისტრსაც. ამ ვიზიტის ფარგლებში შევხვდით ისაფ-ის მთავარსარდალს, ამერიკელ გენერალ ჯონ ალენს. როდესაც ის ქართველ სამხედროებზე საუბრობდა, სიამაყის გრძნობა დამეუფლა. თქვა, რომ პრინციპული, პროფესიონალი და თავმდაბალი სამხედროები გვყავს. ამიტომ პრინციპულად ვერ დავეთანხმები იმ არაკებს, თითქოს ისინი ავღანელებს ბატონებივით ექცევიან. ეს იყო მტრული ძალების მიერ შეკვეთილი სტატია ამერიკულ პრესაში".