"წესი ასეთია: ჯერ უნდა დაკითხო და შემდეგ დააკავო. შესაბამისად, დაკავების პროცედურები კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა",-ასე გამოეხმაურა მერიის თანამშრომლების დაკავებას ნოდარ ხადური, თუმცა ფინანსთა მინისტრისაგან განსხვავებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი "ვერსიასთან" საუბრისას აცხადებს, რომ დაკავების სპეცოპერაციის ხელმძღვანელები ფორმალური დარღვევებისთვის კანონის წინაშე უნდა დაისაჯონ:
- მერიის თანამშრომლები საკმაოდ კონკრეტული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს და უცნაურია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, ხელისუფლება საპარლამენტო ოპოზიციის განადგურებას ცდილობსო. ამ განცხადებით, ნაციონალები პრაქტიკულად აღიარებენ, რომ მერიაში ადამიანებს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ასაქმებდნენ და შემდეგ არჩევნებში იყენებდნენ. მიუხედავად ამისა, ვაღიარებ: დაკავების ფორმა აბსოლუტურად უაზრო იყო: ჯერ დასაკითხად აიყვანეს, შემდეგ გაათავისუფლეს და რამდენიმე საათში ისევ დაიჭირეს.
- ეს დაკავება რასმუსენის ვიზიტს დაემთხვა. იზიარებთ ალექსი პეტრიაშვილის მოსაზრებას, რომ საქმე შიდა საბოტაჟთან გვაქვს და აბსოლუტურად შეგნებულად განხორციელებული სპეცოპერაცია იყო?
- მეც არ მესმის, ეს დაკავება მაინცდამაინც რასმუსენის ვიზიტს რომ არ დამთხეოდა, მეორე ან მესამე დღეს ვინმე გაგვექცეოდა? ყველაზე მეტად მაინც ის ფაქტი არ მომეწონა, რომ დანაშაულის მტკიცებულებად ბანკომატიდან ფულის მოხსნის პროცესი ვიხილეთ. ეს იდიოტიზმზე მეტია! ბანკომატიდან მეც ვიღებ ხოლმე ხელფასს, მაგრამ ამის გამო დამნაშავედ უნდა გამომაცხადო? საერთოდ, რას გვიჩვენებ ამ კადრებს, ნაციონალური მოძრაობა ხარ?
- ბატონო დავით, გირჩევთ, ეს კითხვები საკუთარი გუნდის წევრებს, კონკრეტულად, ნოდარ ხადურს დაუსვათ.
- ჩემი კითხვები და პრეტენზიები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისკენაა მიმართული. დაუშვებელია ხელისუფლებისა და საგამოძიებო სამსახურის პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდებოდეს. იმ ტიპის ქვეყანა არ ვართ, რომ თავს უფლება მივცეთ, ნატო-ს დელაგაციის ვიზიტის პარალელურად, მსგავსი სკანდალი ავაგოროთ, მით უმეტეს, სწორედ იმ დროს, როცა რასმუსენი პოლიტიკური კოჰაბიტაციის აუცილებლობასა და პოლიტიკური დაკავების პრევენციაზე საუბრობდა.
- ესე იგი, აღიარებთ, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს?
- არაფერს ვაღიარებ, უბრალოდ ვამბობ, რომ დაკავება აბსოლუტურად უაზრო ფორმით განხორციელდა, რამაც მთავარი საქმე გააფუჭა და მერიის თანამშრომლების მიერ ჩაადენილი დანაშაული გადაფარა. ამ ეტაპზე ჩვენთვის დაჭერაზე მნიშვნელოვანი დაკავების ფორმაა და თუ ვიფიქრებთ, რომ მთავარი ვიღაცის დაკავებაა და კანონის ნორმების დაცვა მეორეხარისხოვანია.
მერწმუნეთ, მალე "ნაციონალური მოძრაობის" გზას დავადგებით, ამიტომ აუცილებელია დაისაჯოს ის, ვინც ეს გააკეთა.
9 წელიწადი სააკაშვილმა ფილმების ყურებას მიმაჩვია, ამიტომ არ მინდა, მმართველმა გუნდმა კრიმინალური სერიალების ჩვენება გააგრძელოს. კარგი, რა! "ნაციონალური მოძრაობისთვის" სათქმელი არ უნდა მიგვეცა!