დათო ოქიტაშვილი ჩვენთან ინტერვიუში ვალერი მელაძესთან დაკავშირებული სკანდალური ინციდენტის დეტალებს პირველად იხსენებს. მკითხველს ალბათ ახსოვს ვალერი მელაძის ბათუმური კონცერტის ამბავი, რომელსაც ორგანიზება დავით ოქიტაშვილმა გაუწია. მაშინ ძველი მეგობრები, კახი კალაძე და ვალერი მელაძე ერთმანეთს კონცერტის წინ შეხვდნენ და გაგანია წინასაარჩევნოდ კალაძემ მეგობარს „ქართული ოცნების“ მაისური გადასცა, შემდეგ კი ფოტო გადაიღო მასთან ერთად. ეს ფოტო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია. ჩვენი რესპონდენტი დღეს იხსენებს ამ ამბის დეტალებს. დათო ოქიტაშვილთან საუბარი რუსი შემსრულებლების ქართული კონცერტებისადმი გამოთქმული კრიტიკით დავიწყეთ...
- რუსი შემსრულებლების კონცერტების მიმართ მუდმივად გვესმის კრიტიკა. ალბათ გახსოვთ, რა ამბავი ატყდა ანჟელიკა ვარუმისა და ლეონიდ აგუტინის კონცერტზე. ახლახან გაიმართა ლაიმა ვაიკულეს კონცერტი, რომელიც ასევე თქვენი ორგანიზებული იყო.
- მადლობა ამ შეკითხვისთვის. ყოველთვის მიკვირს, რომ ჰგონიათ, ყველა რუსი შემსრულებელი დათო ოქიტაშვილს ჩამოჰყავს საქართველოში. საქართველოში ბევრი რუსი მომღერალი ჩამოსულა და მომავალშიც ბევრი ჩამოვა, მაგრამ როცა მე ჩამომყავს ვინმე, მუდმივად ლანძღვისა და გინების ობიექტი ხდება. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებს მათ ფოტოებს, ვინც ჩემ მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე დადიან, მაგრამ თუ არ გაჩერდებიან, ფოტოარქივიდან ფოტოებს აუცილებლად გამოვაქვეყნებ. როდესაც აგუტინი ჩამოდიოდა, სამშობლოს მოღალატეებს ვინც გვეძახდა, ისინი მის კონცერტზე პირველ რიგში ისხდნენ და ცეკვავდნენ. ერთ ცნობილ ფოტოგრაფს ვთხოვე, გადაეღო ეს კადრები და შენახული მაქვს. აგუტინის კონცერტამდე თბილისში ჩამოვიდა ანდრეი მაკარევიჩი, რომელიც, პირდაპირ ვთქვათ, პუტინის ახლო მეგობარია. მის ჩამოსვლაზე ხმა არავის ამოუღია. ვხვდები, რომ ჩვენი ორგანიზაციისა და პირადად ჩემ მიმართ მიზანმიმართული ლანძღვა-გინება ისმის. აგუტინისა და ვარუმის, ასევე ლაიმა ვაიკულეს ბოლოდროინდელმა კონცერტებმა აჩვენა, რომ ხალხს უყვარს ეს შემსრულებლები და დადიან მათ მოსასმენად. მე კვლავაც ჩამოვიყვან მომღერლებს რუსეთიდან და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ადამიანებს სიამოვნება მივანიჭო. როდესაც ასეთი დონის მომღერლები გამოდიან და ქართველ მსმენელს ეფერებიან, რა არის ამაში ცუდი? არასდროს ჩამოვიყვან იმ შემსრულებლებს, რომელთაც საქართველოსთვის ცუდი აქვთ გაკეთებული და ასეთებიც არიან რუსეთში. მაგალითად, გაზმანოვი და სხვანი.
- პირველ რიგში, ვინ იჯდა აგუტინის კონცერტზე, იქნებ ახლა გვითხრათ?
- არ მინდა მათი დასახელება, თავად მიხვდებიან. რომ დავინახე, გული გამისკდა და მაშინვე ფოტოგრაფს დავუძახე. მათნაირი დაბოღმილი ადამიანი არ ვარ. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს. მთელი ცხოვრების განმავლობაში ყელში ჰქონდათ გაჩხერილი დათო ოქიტაშვილი, რატომ აქვს მას კარგი ურთიერთობა და მის დაძახებულზე რატომ ჩამოდიან თბილისშიო. როცა სხვა ორგანიზატორები ურეკავენ, ისინი ეუბნებიან, რომ თბილისში ჰყავთ მეგობარი, დათო, რომელთანაც მუშაობენ და მხოლოდ მასთან ჩამოდიან. რასაკვირველია, ეს სხვა ორგანიზატორებს სწყინთ.
- პირველ რიგს რომ დავუბრუნდეთ, იქ პოლიტიკოსები ისხდნენ თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები?
- პოლიტიკის, პრესის წარმომადგენლები, მათი მეუღლეები... ისინი, ვინც დათო ოქიტაშვილს ლანძღავს. დავიღალე... თუ ადამიანს ლანძღავ და მისი გაკეთებული ღონისძიებაც არ მოგწონს, მაშინ კონცერტზე რატომღა მიდიხარ? გააჩუმე სახლში შენი მეუღლე, რომელიც რუს მომღერლებს ლანძღავს. არა უშავს, ამას უკვე მიჩვეული ვარ. სასაცილოდ არ მყოფნის რუსი შემსრულებლების ლანძღვა. ნუ აყენებენ იმ ადამიანებს შეურაცხყოფას, რომლებიც ამ კონცერტებზე დადიან. არავინ ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და რუსეთზე ვგიჟდებითო. შეიძლება, ჩემზე მეტად რუსეთი არავის სძულს, მაგრამ რუსი სიდედრი მყავს და რა ვქნა, მოვკლა?!.
- რუსმა შემსრულებლებმა შეიტყვეს იმ კრიტიკის შესახებ, რაც მათ კონცერტებს მოჰყვა თბილისში?
- მე თავად ვუთხარი და მოკვდნენ სიცილით, ჩვენ ხომ არ დაგვიბომბავს საქართველოო. როდესაც უწმინდესმა მიიღო ლაიმა ვაიკულე, ამით არ დასრულდა ამ თემაზე ლაპარაკი? საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამშობლოს მოღალატეებს და მკვლელებს რეზიდენციაში არ იღებს!.. რაღაცას რომ ამბობ, ცოტა ხომ უნდა დაფიქრდე. თანაც, ლაიმა რუსი კი არა, ბალტიისპირელია.
- კიდევ ვის ჩამოყვანას აპირებთ?
- ახლა ვმუშაობ თამარ გვერდწითელის ფესტივალზე, რომელიც 8-15 აგვისტოს ბათუმში გაიმართება. კონკრეტულ პროგრამას ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ თამრიკოს უნდა, თავის სამშობლოში ჩამოიყვანოს მსო ფლ ფლიო დონის ვარსკვლავები, რომლებთანაც მეგობრობს და არა მხოლოდ რუსეთიდან. ასე რომ, ვაგრძელებთ მუშაობას.
- „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ გიკრძალავდნენ რამეს, თუნდაც ირიბად, რუსი მომღერლების კონცერტების გამართვასთან დაკავშირებით?
- როგორ არ მიკრძალავდნენ? შვიდი წლის განმავლობაში სამსახურიდან გამომაგდეს, თავი გამიტეხეს, მცემეს. აკრძალვა კი არა, ჩემი თავი აქამდე როგორ მოვიყვანე, მიკვირს. 1-ლი ოქტომბრის არჩევნები რომ არა, ალბათ საქართველოდან წასვლა მომიწევდა. დღემდე ვსვამ შეკითხვას, რატომ? და პასუხი არ მაქვს. გამომაგდეს კულტურის სამინისტროდან და დამაბრალეს ის, რაც არ გამიკეთებია. „რივერდანსი“ მხოლოდ საბაბი იყო, მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ნინო ბურჯანაძესთან ვმეგობრობდი. ჩემი ყველაზე დიდი „დანაშაული“ ის იყო, რომ ერთხელ ვთქვი, არ მჯერა იმ ვერსიის, როგორ დაიღუპა ზურა ჟვანია-მეთქი. ზურა ჩემი მეგობარი იყო...
- ამ დევნას ვინ ახორციელებდა თქვენ მიმართ?
- თქვენ ხომ იცით, რომ გარაჟში თავს დამესხნენ და დღემდე არ გამოუძიებიათ. მე დავადგინე, ვინ იყო ის, მაგრამ ახლა მიდის გამოძიება, თუმცა მათ სინდისზე იყოს ეს ყველაფერი. ისევ ეს ადამიანები არიან გაღიზიანებული. „ვარსკვლავის“ პროექტს რომ წაგართმევენ და წაიღებენ, რაზე უნდა ველაპარაკო? ჩემი დაარსებული იყო და წამართვეს, მაგრამ ახალი ხელისუფლება მოვიდა თუ არა, დამიბრუნეს. ვინ წყვეტდა ყველაფერს? - ერთი ჯგუფის კასტა - ვის უნდა ემღერა, ვის დაეკრა, ვის არ დაეკრა. ახლა რომ გამოხტებიან და შენიშვნას რომ აძლევენ ახალ ხელისუფლებას, გადაავლეთ თვალი, რაზე იხარჯებოდა კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი? შეგიძლიათ გადაამოწმოთ, დათო ოქიტაშვილს თავისი ღონისძიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა არ მოუთხოვია და ეს არც არის სახელმწიფოს ვალდებულება. სახელმწიფო შოუბიზნესს არ უნდა აფინანსებდეს.
- რაზე იხარჯებოდა ბიუჯეტი?
- უაზრო სპექტაკლებზე, ერთი ადამიანის გარშემო ხდებოდა ეს ყველაფერი, ჩამოჰყავდათ ვარსკვლავები, მილიონები იყრებოდა, ხომ ვიცით, ვინ წყვეტდა ყველა საკითხს? მიხეილ სააკაშვილს ვინც უნდოდა და რომელი მომღერლებიც იყვნენ მისი ფავორიტები, ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, ერთი და იგივე ხალხი.
- ამბობენ, რომ მომღერლებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, დღეს ყურადღებას აღარ აქცევენ. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- გადახედეთ 26 მაისის ღონისძიებებს, აბსოლუტურად ყველა მომღერალი მონაწილეობდა, არც ერთი არ გამოუტოვებიათ.
ახლა რასაც გიამბობთ, პირველად ვყვები. კახი კალაძემ ვალერი მელაძეს „ქართული ოცნების“ მაისური რომ ჩააცვა, ხომ გახსოვთ?!. ბათუმში რომ კონცერტი ჰქონდა ვალერის. ირმა ნადირაშვილი მოვარდა და კონცერტს შლიდა. იძულებული ვიყავი, მეთქვა, ეს ლამაზი არ არის-მეთქი. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით კახი კალაძეს ბოდიში მოვუხადო ჩემი მაშინდელი განცხადების გამო. კონცერტის ჩაშლით, ოჯახის განადგურებით მემუქრებოდნენ ირმა ნადირაშვილი და ნაციონალების ხროვა. მეგობარმა მაისური გადააცვა მეგობარს და არ იცით, იქ რა ხდებოდა. პიაცაზე დარბოდნენ და კონცერტს შლიდნენ. ვალერი მიუბრუნდა და ჰკითხა, რას აკეთებთ, გამაგებინეთ, მომეცით თქვენი მაისური და იმასაც ჩავიცვამო. ორი 15 წლის მეგობარი რომ შეხვდა ერთმანეთს, ეს რაიმე დანაშაული იყო?
- ირმა ნადირაშვილი ვისი დავალებით მოქმედებდა?
- მეუბნებოდა, კონცერტი არ უნდა შედგეს, ეს რა გააკეთეო. მერე მიხვდნენ, რომ ამას სკანდალი მოჰყვებოდა და დათანხმდნენ კონცერტის გამართვას. საღამოს პრეზიდენტიც მოვიდა და მერე ბანკეტსაც დაესწრო. იძულებული გავხდი, გამეკეთებინა განცხადება, რადგან კონცერტს შლიდნენ... არჩევნებამდე ვიმალებოდი ოჯახთან ერთად. ყველა ეზიზღებოდათ, ვინც მათ მხარს არ უჭერდა. დაურეკეთ ირმა ნადირაშვილს და ჰკითხეთ, მართლა მოხდა ეს თუ არა? „იმედის“ აპარატურა იდგა და ირმამ უთხრა, აალაგეთ აპარატურაო. მოვიდა და თქვა, ეს უზნეობაა, რატომ ჩაიცვა „ქართული ოცნების“ მაისურიო. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ და ახლა გამოდიან მამა აბრაამის ბატკნის თვალებით, ახლა კითხულობენ, რუსები რატომ ჩამოდიანო, მაგრამ ილაპარაკონ. იმდენად შტერები არიან, რომ ჩემს ღონისძიებებს აკრიტიკებენ და სხვა რუსი მომღერლები რომ ჩამოდიან, იმათზე არაფერს ამბობენ.
რასაკვირველია, კომენტარისთვის სტატიაში ნახსენებ ირმა ნადირაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც ჩვენი რესპონდენტის ბრალდებებზე შემდეგი რამ გვიპასუხა:
- ოქიტაშვილის გამონათქვამებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე არავინ მეკითხებოდა არც კონცერტის ჩაშლას და არც ჩატარებას. არც ის მაინტერესებდა, ვის რა მაისური ეცვა (იღიმის). ისე, ოქიტაშვილს დიდი ხანია ვიცნობ და მასთან ყოველთვის თბილი ურთიერთობა მქონდა. სამწუხაროა, რომ დღეს ასე ლაპარაკობს. მისი გადასაწყვეტია, ახალ მთავრობასთან ურთიერთობის დალაგების როგორ ფორმას აირჩევს. თუ ამისთვის ჩემი სახელის ხსენება სჭირდება, მე არ მეწყინება, მახსენოს (იღიმის).