"ბიძინა ბევრისშემძლეა და როდესაც ის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წავა, იმედია, კი არ შევშინდებით და დავიბნევით, არამედ შევძლებთ სარგებელი ვნახოთ ამ ნაბიჯისგან", - აცხადებს "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი.
- როდესაც პრემიერ-მინისტრმა ესტონურ გაზეთთან განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში თანამდებობას დავტოვებო, აღმოჩნდა, რომ ეს ერთგვარი შოკი იყო საზოგადოებისა და თქვენი გუნდისთვისაც.
- ამის შესახებ ივანიშვილმა მთელი საქართველო ორი წლის წინ ჩააყენა საქმის კურსში. კაცი ამბობდა, ორ-სამ წელიწადში ხელისუფლებიდან წავალო და აღმოჩნდა, რომ არავინ უსმენდა. არა ვარ შოკირებული, რადგან არც მიფიქრია, რომ თვალთმაქცობდა... მჯერა ბიძიIნას სტრატეგიული ხედვის. მან ურთულეს ვითარებაში მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება. ის კი არ მიდის, გადადის უფრო მნიშვნელოვან უბანზე. როგორც მთავრობის წევრისთვის, ჩემთვის უაღრესად კომფორტულია, რომ ბიძინა მთავრობის თავმჯდომარე იყოს, მაგრამ როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, შეუძლებელია არ მესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ყოფნა სამოქალაქო სექტორში.
- შეძლებს ივანიშვილი ოქტომბრამდე ისე დაალაგოს ყველაფერი, რომ მთავრობიდან წასვლის მერე სტაბილური გარემო დატოვოს?
- თუ ამ კაცმა შეძლო შეუძლებელი თავის ბიზნეს და პოლიტიკურ კარიერაში, დანარჩენსაც შეძლებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მისი ხედვით ასე სჭირდება ქვეყანას. მისი აზრი ჩემთვის უაღრესად ავტორიტეტულია. ფუნდამენტი იმ შენობისა, რომელსაც სახელმწიფო ჰქვია, არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ის ამუშავებს მთავრობას, პარლამენტსა და სხვა სტრუქტურებს, იძლევა შეკვეთას, აკონტროლებს ხელისუფლებას და აიძულებს იყოს კვალიფიციური და ავტორიტეტული. დღეს დამკვიდრებულია არასწორიA კლიშე, რომ მთავარი ფიგურები სახელმწიფო მოხელეები არიან, მაშინ როდესაც მთავარი ფიგურა არის ხალხი. ძალზე საინტერესო პრეცედენტია, რომ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა არ არის მიჯაჭვული სკამზე.
- კრიტიკოსების ნაწილი ივანიშვილის გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობისაგან გაქცევას არქმევს.
- ეს სასაცილოა. ვინ ავალებდა ბიძინას ამ პასუხისმგებლობის აღებას? მთელი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში ისედაც მისი მადლიერი იყო... ვინ ავალებდა პოლიტიკაში წასვლას და სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებას? როდესაც მან პასუხისმგებლობა აიღო, გააკეთა ის, რასაც ხალხს დაჰპირდა. ახლაც სწორედ პასუხისმგებლობის გამო ასრულებს დანაპირებს.
- ბრძანეთ, რომ პრემიერის პოსტზე სხვა დასხვა კანდიდატურა განიხილება. ვისზეა საუბარი?
- ამ საკითხს ბიძინა განიხილავს, მაგრამ ვის მოიაზრებს, არ ვიცი. რომც ვიცოდე, ჩემი კომპეტენცია არ არის ბიძინას მაგივრად ლაპარაკი. როდესაც მენეჯმენტში ამდენად გათვითცნობიერებული ადამიანი აპირებს რამის გაკეთებას, მოუფიქრებლად და უცებ არ გააკეთებს არჩევანს.
- რამდენიმე დღის წინ თქვენ და ლევან ვასაძე ერთად იყავით ჯერ სენაკში და მერე საჩხერეში აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში. ეს ფაქტი შეფასდა როგორც მომავალი პრეზიდენტისა და მომავალი პრემიერის ერთობლივი ვოიაჟი.
- ესეც მეტყველებს, რამდენად მძიმედ მოქმედებს ჩვენზე საბჭოთა წარსული და ბოლო 9 წელიწადი. ლევან ვასაძე და მე სენაკში ჩვენი ბავშვობის მეგობართან, სკოლაში ვიყავით სტუმრად. ამ სკოლის განვითარებაში მეუფე შიოს ლევანიც ეხმარებოდა და მეც. აქედან რანაირად უნდა დაასკვნან, რომ პრემიერის თანამდებობაზე ლევანის კანდიდატურა განიხილება? ლევანს ბევრჯერ უთქვამს, რომ პოლიტიკაში არ აპირებს მოსვლას. დაიღალა ერთი და იმავეს ლაპარაკით, მაგრამ ეტყობა "მოდელირებული ქრონიკის" მენტალიტეტი ღრმად ზის ჩვენში. სიმართლის არ გვჯერა და მოდელირებულ სქემებს ვაკეთებთ გონებაში.
- საჩხერეში პრემიერსაც ხომ არ სტუმრობდით?
- არა. პრემიერმა გადმომცა აკაკი წერეთლის ხელჯოხი, რომ საჩხერეში მისი სახლ-მუზეუმისათვის გადამეცა. სენაკიდან მე და ლევანი ცალ-ცალკე ხომ არ წამოვიდოდით, ლევანს ხომ არ ვეტყოდი, ახლა სახლ-მუზეუმს აკაკის ხელჯოხი უნდა გადავცე და დაიმალე, მუზეუმში ნუღარ შემოხვალ-მეთქი. მე და ლევანი ერთად ვართ 10 წლიდან. 30 წლის მეგობრები ჩვენს მესამე მეგობართან ვიყავით.
- მარგველაშვილები საჩხერეშიც ცხოვრობენ, წარმოშობით იქაური ხომ არ ხართ?
- არა, ჩვენი გვარი მოწამეთიდან არის. იქაურობასთან კავშირი არა მაქვს და რომ მქონოდა, კიდევ შეიძლებოდა თეორიების აგება - მოწამეთა-ივანიშვილი-მარგველაშვილი და ამ სქემაში აკაკის ხელჯოხსაც რამენაირად ჩააქსოვდნენ.
- მერიის თანამშრომლების დაკავება და მერე გაშვება ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში სტუმრობის დღეს ვის მოაფიქრდა? თითქოს განგებ დაგეგმა ვიღაცამ...
- თუ სამართალდამცავ სტრუქტურებზე პოლიტიკური ზეგავლენაა, შესაძლოა, განგებ ის ეთქვათ, არ დააკავოთ, რათა უხერხული ნოტები არ იქნეს შეტანილი ამ მაღალი დონის პოლიტიკოსების ვიზიტის დროსო, მაგრამ განგებ როგორ მოხდა, როდესაც ამან გარკვეული უხერხულობა შექმნა?
- სწორედ ამას გეკითხებით, ვიღაცამ განგებ შექმნა უხერხული ვითარება, თუ ყველაფერი პასუხისმგებელი ორგანოების ბედოვლათობისა და დაბალი კვალიფიკაციის ბრალია?
- ანალიზი გასაკეთებელია იმაზე, რა დანაშაულია ჩადენილი და რა ოდენობის თანხაა გაფლანგული და არა იმაზე, ვის სტუმრობას დაემთხვა ეს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თანხა, რომელიც გაიფლანგა - 50 მლნ ლარი. განათლების ბიუჯეტში 50 მლნ რომ მქონოდა, ბევრ რამეს გავაკეთებდი. საკმარისი ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ არსებობს სასამართლო, სადაც წარადგენენ ყველა მტკიცებულებას, რაც აქვს გამოძიებას. ხომ ვერავინ იტყვის, რომ სასამართლოს ვინმე აკონტროლებს?
- ბატონმა რასმუსენმა ბრძანა, ეჭვიც არ უნდა გაჩნდეს, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაკავება პოლიტიკური ნიშნით ხდებაო. პრეზიდენტმა კი განაცხადა, ხუთოსნები ვიყავით და ოროსნები გავხდითო.
- სააკაშვილს ვუპასუხებ, რომ ვინც 5-ოსანი იყო, 41-ოსანი გახდა. გასაგებია ჩვენი ევროპელი პარტნიორების გულისტკივილი და ამ შეშფოთებას აქვს ისტორიული საფუძველი. ასეთი რამ საქართველოში არაერთხელ მომხდარა. ეს ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც. ჩვენ საერთო პრობლემური წარსული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ხელისუფლებაში, საქართველოს ეს ლაქა ადევს. არც ჩვენ გვინდა ვინმეს პოლიტიკური ნიშნით დევნა. თანაგუნდელები ზოგჯერ უკმაყოფილო არიან გამოძიების ტემპით, მაგრამ მაინც სკრუპულოზურად, კანონის დაცვით ხდება გამოძიება, რათა ავირიდოთ პოლიტიკური ანგარიშსწორება.
- საზოგადოება შეძრულია შემზარავი ვიდეოფირებით, სადაც ადამიანების წამებაა ასახული, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობას იცილებენ პრეზიდენტიც და ყოფილი შს მინისტრიც.
- ამაზე "კავკასიელი ტყვე ქალიდან" ერთი ეპიზოდი მახსენდება, როდესაც გიორგი ვიცინი ამბობს, "ჩეი ტუფლია" და მერე წამოიძახებს, "ოი, მაიო"... 9 წლის განმავლობაში ამბობდნენ, სამართალდამცავი სტრუქტურები ქვეყნის ხერხემალია! ნულოვანი ტოლერანტობა! ჩავრეცხავთ! გავაფარჩაკებთ! ხერხემალში გადავტეხთო!.. ამ რიტორიკის პოლიტიკოსებმა, ალბათ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ. ამ ტრაგიკული ფირების არსებობა ჩრდილია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი გამოსყიდვა არა მხოლოდ ამ პროცესის მონაწილეების, არამედ მთელი ქვეყნის საქმეა. ეს სირცხვილი ძალიან დიდხანს გაგვყვება.
-iRI-ს კვლევით, როგორც "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატს, გამოკითხულთა 41% გიჭერთ მხარს. შემდეგ ადგილზე 11%-ით "ნაციონალური მოძრაობაა", მესამეზე სალომე ზურაბიშვილი.
- გამიხარდა, რომ 7 ნომრით არ გავედით, თორემ 7%-იანი მხარდაჭერა მექნებოდა.
- მაგრამ თქვენ არა გაქვთ 50%-ზე მეტი მხარდაჭერა, რაც სჭირდება გამარჯვებას.
- ჯერ არჩევნები არ არის დანიშნული.iRI-ს კვლევების სიღრმეში არასოდეს ჩამიხედავს და ეს 41% რეალობადაც რომ ჩათვალოთ, არ არის ცუდი სტარტისთვის.
- როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდით, ბრძანეთ, ჩემზე თავდასხმები დაიწყოო. იგივე გრძელდება?
- დიახ. ისეც ხდება, რომ ჩემს ფრაზებს კონტექსტიდან ჭრიან და მერე არის ქილიკი და იგება შავი პიარი. თუმცა ამას შავი პიარიც არ ჰქვია, უფრო "პიარუშკაა".
- ასეთ "პიარუშკას" თქვენმა გულახდილობამაც ხომ არ შეუწყო ხელი? თქვით, რომ პლასტილინივით ხართ და ამას მოჰყვა შეფასებები, ე.ი. უხერხემლოა და დამყოლიო.
- პლასტილინის ეპიზოდიც ასევე ამოჭრეს. არადა, ვყვებოდი, რომ კაბინეტში არაფერი გადამიადგილებია, არ ჩამომიკიდებია კედელზე ჯინჯილები და ჩინ-მედლები, ორდენები ბაფთით და უბაფთოდ. ვთქვი, რომ არა მაქვს მიდრეკილება ფუფუნებისა, რომ უპრეტენზიო ვარ. ამ კონტექსტში ვთქვი, რომ პლასტილინივით ვარ, მაგრამ ეს გამოიყენეს, თითქოს დამყოლი ვარ, თან ამას ამბობს ისეთი ხალხი... ნახონ ჩემი ბიოგრაფია, რამდენჯერ შემეძლო ვყოფილიყავი მთავრობაშიც და გამორჩეულ პოსტებზეც, მაგრამ არასოდეს გადამიდგამს ეს ნაბიჯი. მაჩვენონ ერთი მაგალითი, როდესაც დამყოლი ხასიათი გამოვავლინე. კარგად ვხედავ, ვინც არის დამყოლი და ვის აურია თავგზა ძალაუფლებამ. ვინ დაივიწყა ყველაფერი, რომ თანამდებობაზე ყოფილიყო. ვთქვი, სავარძელი არ მადარდებს-მეთქი და თქვეს, უხერხემლოაო. რაზე უნდა ველაპარაკო?
- არ გწყინთ?
- არ მწყინს ასეთი ხალხისგან. ისეთი ხალხი მლანძღავს, რომ მათზე არაფერს ვიტყვი, რადგან წაქცეულებს არ ურტყამენ.